განადგურებული ქარსაფარი ზოლები და გაუდაბნოების პროცესი დედოფლისწყაროში

ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში გაშენებული ქარსაფარი ზოლების დიდი ნაწილი განადგურებულია. მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ცეცხლს მიწის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქარსაფრების განადგურება გაუდაბნოების პროცესს ამწვავებს. როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა და რას აკეთებს ამისთვის ადგილობრივი ხელისუფლება და სამინისტრო?

Your browser doesn’t support HTML5

განადგურებული ქარსაფარი ზოლები და გაუდაბნოების პროცესი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრების გამო ქარსაფარი ზოლების თითქმის 90 % განადგურებულია. ხანძრები ზოგ შემთხვევაში გვალვის დროს ჩნდება, თუმცა უმეტესწილად ამის მიზეზი ადგილობრივი ფერმერები არიან, რომლებიც ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შემდეგ მიწის ნაკვეთებს ნარჩენებისგან გასუფთავების მიზნით წვავენ, შემდეგ კი მასშტაბურ ცეცხლს ვეღარ აკონტროლებენ. შედეგად ნადგურდება ბოლო წლებში გაშენებული ქარსაფარი ზოლები. დედოფლისწყაროში ქარსაფარ ზოლებს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება აშენებს. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი ამირან კოდიაშვილი ამბობს, რომ ფერმერების დაუდევრობამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაუდაბნოების პროცესი კიდევ უფრო გაამწვავა:

„მოსახლეობა და ფერმერები, სამწუხაროდ, არამარტო ნიადაგს წვავენ, ამ ქმედებით ქარსაფარ ზოლსაც ანადგურებენ, რადგან ყანაში გაჩენილ ცეცხლს ვერ აკავებენ და გადადის ქარსაფარ ზონაში. ქარსაფრების თითქმის 90 % დაიწვა 2015 წელს. საბჭოთა პერიოდში დედოფლისწყაროში ქარსაფრების მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1800 კილომეტრს შეადგენდა, ხოლო 2015-ში დარჩენილი იყო მხოლოდ 75 კილომეტრი“.

გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენელი და ექსპერტი ამირან კოდიაშვილი შირაქში, მიწის ნაკვეთებში, გასუფთავების მიზნით გაჩენილი ხანძრების კიდევ ერთ უარყოფით და გამანადგურებელ შედეგზე ლაპარაკობს. მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში მიწა მოუსავლიანი ხდება და საბოლოოდ დაზარალებული თავად ფერმერი დარჩება. ამირან კოდიაშვილს იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ამ პროცესს საკანონმდებლო დონეზე დაარეგულირებს.

„სამწუხაროდ, საყანეების გადაწვას კვლავ აგრძელებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. თუ ადრე 36 ათასი გადაიწვა, შეიძლება ახლა 29 ათასია, მაგრამ ეს მაინც ძალიან დიდი მასშტაბი და პრობლემაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობა კანონს მიიღებს, რომელიც თუ არ აკრძალავს, ყოველ შემთხვევაში, მართვადს მაინც გახდის პროცესს, რომელიც ამჟამად, ფაქტიურად, უმართავად მიმდინარეობს“.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია ის კონტინგენტი, რასაც ჰქვია მომავალი თაობა და ის თაობა, რომელმაც უნდა გაითავისოს, როგორ უნდა მოუაროს გარემოს და როგორ უნდა მართოს ის მდგრადი განვითარების მიზნებით...
ამირან პავლიაშვილი

ქარსაფარი ზოლების განადგურებასა და გაუდაბნოების პროცესზე გვესაუბრა დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი. მერის თქმით, ფერმერებისთვის მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კამპანია იმის თაობაზე, თუ რა ზიანის მომტანია მიწის გასასუფთავებლად ხელოვნურად გაჩენილი ხანძრები. ჯანიაშვილი ამბობს, რომ ამ კამპანიის შედეგად როგორც მიწის გადაწვის, ასევე ქარსაფარი ზოლების განადგურების შემთხვევები შემცირებულია:

„ბანერები განთავსდა მინდვრებში. დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა. დაიბეჭდა გაზეთები და ფლაერები. შედეგად მივიღეთ ის, რომ, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მნიშვნელოვანწილად შემცირდა 60 % შემთხვევაში მიწების გადაწვა, ხოლო 75 %-ით ქარსაფრების დაზიანება“.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუდაბნოების პროცესის შემცირებისა და ქარსაფარი ზოლების განადგურების თავიდან აცილების საშუალებას ხედავს მოსახლეობის ინფორმირებაში. მინისტრის მოადგილე ამირან პავლიაშვილის თქმით, თუკი საზოგადოება პრობლემის მიმართ გულგრილი დარჩა, მისი მოგვარება გაძნელდება.

„ჩვენი მიზანია საზოგადოება გავაცნობიეროთ, რა უნდა გაკეთდეს გაუდაბნოებასთან ბრძოლის წინააღმდეგ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართულია ის კონტინგენტი, რასაც ჰქვია მომავალი თაობა და ის თაობა, რომელმაც უნდა გაითავისოს, როგორ უნდა მოუაროს გარემოს და როგორ უნდა მართოს ის მდგრადი განვითარების მიზნებით“.

ბოლო წლების განმავლობაში დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე, დაიწვა როგორც ძველი ქარსაფრები, ასევე ახლად გაშენებული ნარგავები, რამაც, სპეციალისტების თქმით, გარემოს უკვე მიაყენა სერიოზული ზიანი. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად მოსახლეობის დაუდევრობისა, ქარსაფარი ზოლების გაშენება არ შეჩერდება, პარალელურად გაგრძელდება საინფორმაციო კამპანია,ცნობიერების ასამაღლებლად.