„განა აქ არის ღმერთი?“ - რწმენის ფორმისა და შინაარსის შესახებ

ბზობას გილოცავთ ვარლამ შალამოვის მოთხრობით "ჯვარი". მსოფლიო ლიტერატურაში სულ თითებზე იქნება ჩამოსათვლელი მოთხრობები რწმენაზე - აგიოგრაფიულ ლიტერატურას არ ვგულისხმობ, თუმცა ეს მოთხრობები შეიძლება აგიოგრაფიულ ლიტერატურას, წმინდანებსა და მოწამეებზე ლიტერატურის სპეციალურ ჟანრსაც აჭარბებდეს რაღაცასთან მიახლოებით, რაც სიტყვით ძალიან ძნელი გამოსათქმელია. ჩვეულებრივი გაგებით, რწმენის ეს უკიდურესი გამოცდილება შეიძლება ვიღაცას "მკრეხელობადაც" მოეჩვენოს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვანაირად ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. ერთი ასეთი მოთხრობაა ავსტრიელი მწერლის, რობერტ მუზილის, "პორტუგალიელი ქალი" (მუზილის "სამი ქალის" დანარჩენი ორი მოთხრობაც, "გრიჯია" და "ტონკაც", შეგვიძლია აქვე ვახსენოთ და, ასევე, მუზილისავე "შაშვიც"). ასეთი მოხრობაა შალამოვის "ჯვარი" (1959).

ვარლამ შალამოვს ისეთი ცხოვრება ჰქონდა, რომ სიტყვა "მძიმეც" კი მასთან შედარებით მსუბუქი იქნება. შალამოვი 20-იან წლებში წავიდა სასწავლებლად ვოლოგდიდან მოსკოვში, იქ კი სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მოსკოვის უნივერსიტეტის რექტორი მაშინ იყო ვიშინსკი, რომელმაც არა მარტო ის მოახერხა, როგორც პროკურორი და მოსამართლე, ყველა დადგმული პროცესის "ვარსკვლავი“ ყოფილიყო და, პარტიიდან დაწყებული და ბერიათი დამთავრებული, ყველა “ხალხის მტერი” გაესამართლებინა, თვითონ კი ცოცხალი გადარჩენილიყო, არამედ ისიც, რომ დაამკვიდრა იურისპრუდენციის ისტორიაში სრულიად უნიკალური სტილი: ის ბრალს სდებდა არა ჩვენებებისა და მტკიცებულებების მეშვეობით, არამედ შეურაცხყოფით. შეურაცხყოფდა, დასცინოდა და ამცირებდა ბრალდებულებს. "სამართლის" ეს სტილი დღემდეა ცოცხალი არა მარტო ქართულ პროკურატურასა და მართლმსაჯულებაში, არამედ ჩვენს ყოველდღიურობაშიც. საკმარისია მოისმინოთ "დებატები" ტელევიზიასა ან სოციალურ ქსელებში.

მილიონობით ადამიანისგან განსხვავებით, რომლებიც სტალინური დიქტატურის პერიოდში "ტროცკიზმისთვის" გასამართლდნენ, შალამოვი, ალბათ, იმ თითებზე ჩამოსათვლელთა შორის იყო, ვინც მართლა "ტროცკისტი" იყო. პირველად ის დააპატიმრეს 1929 წლის 19 თებერვალს ლენინის ანდერძის გავრცელებისათვის. 1931 წელს გათავისუფლებული შალამოვი ხელმეორედ დაიჭირეს 1937 წელს. გულაგის სისტემაში ის 1951 წლამდე დარჩა. გულაგი - შალამოვის თქმით, აბსოლუტურად ნეგატიური გამოცდილება, რომელიც გამგონისათვისაც კი მძიმედ ტრავმულია - მისი მოთხრობების მთავარი თემაა. "კოლიმის მოთხრობებს" მკითხველი "გულგრილად" ვერაფრით წაიკითხავს - ისე, რომ წიგნი გვერდზე გადადოს და ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელოს.

გულაგზე წერისას შალამოვი ამბობდა, ყველაზე გამძლეები გულაგში მორწმუნეები და ამ მორწმუნეებიდან „სტაროვერები“ იყვნენო. ოღონდ რა იყო შალამოვისთვის რწმენა? რწმენაზე შალამოვს დაწერილი აქვს შესანიშნავი მოთხრობა "ჯვარი". „ჯვარი“ "ავტობიოგრაფიული" მოთხრობაა იმ გაგებით, რომ იქ ის თავისი მამის ისტორიას ჰყვება და რომ ამ მოთხრობის მთავარი ეპიზოდი "მართლა მოხდა", ოღონდ მოხდა არა მაშინ, როდესაც ეს მოთხრობაში ხდება, არამედ როდესაც შალამოვი უკვე პირველ სასჯელს იხდიდა ვიშერას ბანაკში.

შალამოვს კიდევ ერთი "ფსევდოდოკუმენტური" მოთხრობა აქვს: "შერი-ბრენდი", რომელიც ოსიპ მანდელშტამის, შალამოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოეტისა და ადამიანის, შიმშილით სიკვდილზეა. თავის თეორიულ ესეში "პროზის შესახებ“ შალამოვი წერს, რომ ავტორმა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გადმოსცა, რა შეიძლებოდა ეგრძნო ან ეფიქრა მანდელშტამს სიკვდილის წინ, გამოეხატა ის დიდებული თანასწორობა დიდ პოეზიასა და პურის ნაჭერს შორის, ის დიდებული სიმშვიდე და გულგრილობა, რომელსაც ადამიანს ანიჭებს შიმშილისგან სიკვდილი და რომელიც მას განასხვავებს "ინფექციური" და "ქირურგიული" სიკვდილისაგან.

"ჯვარიც" ისეთივე მოთხრობაა, როგორიც "შერი- ბრენდი". მას ავტორის განსაკუთრებული გამოცდილება ("შერი-ბრენდის" შემთხვევაში ეს სიკვდილია, "ჯვარის" შემთხვევაში კი - რწმენის შენარჩუნება იმ პირობებში, როდესაც სრულიად შეუძლებელია რწმენის შენარჩუნება) გადააქვს სხვა პერსონაჟებზე: ეს შალამოვის ავტობიოგრაფიული პროზის სპეციფიკური მახასიათებელია და სწორედ ამიტომაცაა განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი. თუ პოეზიის ფიგურა შალამოვისათვის ოსიპ მანდელშტამია, რწმენის ფიგურა მისთვის მამამისი, ვოლოგდელი მღვდელი ტიხონ შალამოვია.

მოთხრობის ამბავი საბჭოთა ათეიზმის წარმატებული კამპანიის შემდეგ ხდება. შალამოვი მწარედ წერს, 1928 წლამდე მღვდელს ყველა „მამაოს“ ეძახდა და 1928 წლის მერე აღარო. მღვდელი ბებერია და ბრმა, ის ცხოვრობს ავადმყოფ ცოლთან ერთად და მისი ერთადერთი მარჩენალი სამი თხაა - სამივეს სახელი ვიცით: მაშკა, ელა და ტონია.

თხების სახელები ვიცით, შვილებისა კი არა. ოთხი შვილიდან შუათანის - საყვარელი და თითქოს ერთადერთი შვილის - დაღუპვის შემდეგ მღვდელი დაბრმავდება. ის აჭმევს თხებს, წველის და ალაგებს მათ პატარა გომურს, ესაა, როგორც შალამოვი წერს, "თავგანწირული და არასაჭირო" სამუშაო, რომელიც მღვდელს ეხმარება თავი დაიმკვიდროს ახალ ცხოვრებაში - მას არ უნდა არავისზე იყოს დამოკიდებული, მათ შორის არც თავის შვილებსა და საზოგადოებაზე.

მღვდლის შრომა, ერთი შეხედვით, "უაზრო” იმის გამოცაა, რომ თხების შენახვა მას უფრო მეტი უჯდება, ვიდრე გაყიდული რძისგან მიღებული შემოსავალია. თხებისთვის საჭირო საჭმელს ექსპროპრიირებული მღვდელი ყიდულობს გაყიდული თხის რძით - ის და მისი ცოლი დღეში ორ ჭიქა რძეს სვამენ და ფაფით ირჩენენ თავს. შალამოვის მოთხრობაში წერია, რომ ადამიანებს ცხოველებზე ბევრად ნაკლები საჭმელი სჭირდებათ. ეს უარყოფითი, წამგებიანი საქმიანობა იმით დამთავრდება, რომ მღვდელს ცხოველების საკვები ფული დაუმთავრდება.

აი, აქ იწყება მოთხრობის ყველაზე დრამატული ეპიზოდი. მღვდელი გამოიღებს ოქროს ჯვარს, ერთადერთ ძვირფას ნივთს, რომელიც ექსპროპრიაციას გადაურჩა. ეს ნივთი ძვირფასი, პირველ რიგში, მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამოა და მხოლოდ ამის შემდეგ იმის გამო, რომ ოქროსია. ჯვარი მღვდელს გასაყიდად უნდა, ოღონდ ჯვრის "საგნობრიობის" ხაზის გასასმელად უბრალოდ გაყიდვა საკმარისი არაა. გაყიდვამდე ბრმა მღვდელი ჯვარს ცულით დაამტვრევს. ცოლი ეხვეწება, ჰგონია, რომ ქმარი გაგიჟდა. მღველი კი არ იშლის. „მოიტანე“, ეუბნება მღვდელი და ამბობს მღვდლისათვის გასაოცარ რაღაცას:

"განა ამაშია ღმერთი?"

მღვდელი ოქროს გასაყიდად "ტორგსინში" მიდის - ორგანიზაციაში, რომლის მეშვეობითაც საბჭოთა ხელისუფლებამ მოსახლეობას ასეულობით მილიონი ადამიანს წაართვა: იაფად იყიდა და ძვირად გაყიდა.

„ტორგსინი“ რა სახსენებელია, მაგრამ შალამოვის მოთხრობა თითქმის ბიბლიურ ძალას იძენს. ყველაზე მეტად შალამოვის მოთხრობა ჰგავს ისაკის მსხვერპლშეწირვის შემობრუნებულ ამბავს. ამ ამბით (ოდისევსის ჭრილობის სცენასთან ერთად) ებრაული წარმოშობის გერმანელი ფილოლოგი ერიხ აუერბახი იწყებს ევროპული რეალისტური ლიტერატურის ტრადიციას თავის შესანიშნავ წიგნში "მიმეზისი".

შალამოვის მოთხრობაში ყველაფერი შემობრუნებულია: მღვდელი სწირავს მსხვერპლად ჯვარს, ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოს, მისი მღვდლობის სიმბოლოს, თხებს. თხების გადასარჩენად, თხების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ის ჯვარს ამტვრევს. მღვდლის სიბრმავე - ევროპული ლიტერატურისა და ბიბლიისთვისაც, ტრადიციულად - მისი ცოდნის მანიშნებელია. ეს ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ჩვენ თვალით ვხედავთ. ჩვენ შეიძლება თვალით რაღაცას ვხედავდეთ, მაგრამ ვერ ვხედავდეთ რაღაც დაფარულ სიმართლეს, რომელსაც ხედავს ბრმა მღვდელი.

რას ხედავს ბრმა მღვდელი? შალამოვის მოთხრობას ხშირად კითხულობენ, როგორც მოთხრობას რწმენის დაკარგვის შესახებ. სინამდვილეში ესაა მოთხრობა რწმენის შესახებ. მღვდელი არ მბობს, რომ ღმერთი არ არსებობს, ან მოკვდა, ან თვითონ კლავს ღმერთს. ის ამბობს, რომ ღმერთი ჯვარში არ არის. ესე იგი სხვაგანაა. ის ხედავს, რომ ჯვარი არის საგანი, რომ "მასში ღმერთი არაა". ჯვარი, ქრისტიანული რიტუალის თითქოს ყველაზე საკრალური საგანი, უბრალო ფეტიშია, ანუ საგანი, რომელსაც მიენიჭება თვისებები, რომელიც მას, როგორც საგანს, არ გააჩნია. მაგრამ ის, რომ მღვდელი ჯვარს ფეტიშად მიიჩნევს, უბრალო ოქროდ, ანუ ფეტიშისა და ურწმუნობის ყველაზე “დაბალ” სიმბოლოდ, ბიბლიური თვალსაზრისითაც (გავიხსენოთ „ოქროს ხბოს“ ამბავი) არ ნიშნავს იმას, რომ მღვდელმა რწმენა დაკარგა. პირიქით, ბრმა მღვდელი ბევრად უფრო ახლოსაა რწმენასთან, ვიდრე ყველა, ვინც რწმენას გარეგნულ ფორმებში ხედავს. მღვდლისთვის ღმერთი, რომელიც არაა ჯვარში, ისეთ ადგილასაა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის ძნელად წარმოსადგენია. კაცმა რომ თქვას, ძნელი წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ქრისტიანობის ისტორია და ქრისტიანული წელთაღრიცხვაც სწორედ იქ იწყება: გომურში. 3 ცოცხალი თხა, მათი სიცოცხლე, რომელიც, მღვდელს, კაცმა რომ თქვას, საკუთარი სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კი არ სჭირდება, არამედ სიმბოლოა მისი გაქცეული და დაბნეული სამწყსოსი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მკვდარი საგანი.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი სიცოცხლე, გინდაც ეს იყოს თხისა, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი მკვდარი საგანი, გინდაც ის იყოს ქრისტიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო.

ქრისტიანული რწმენა რომ ესაა, იცის შალამოვის ბრმა მღვდელმა და არ იცის დღევანდელმა ქართულმა სამღვდელოებამ.