გამქრალი სოფლები - ქურთა, ძარწემი და სხვები

სოფელ ქურთიდან სოფელ ძარწემამდე 15 წუთის გზაა.

ქურთა დიდი ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე გაშენებული სოფელი იყო, ძარწემი - მარცხენაზე. სავსე სახნავ-სათესი მიწებით, ხილის ბაღებით, ვენახებით. ცოცხალი და აქტიური, აყვავებული დამდიდარი, - ქურთის სასწრაფო დახმარების ექიმი, ნუნუ ჭოველიძე სწორედ ასე იხსენებს, - თითქოს მიწაც დალოცვილი იყო, ყველაფერი ხარობდა, რასაც იქაურები დასთესდნენო, - გვითხრა. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მიმოიხედეთ, სადაც ლამაზ ეზო-კარს შენიშნავთ, სულ ჩვენი ხეობის სოფლების ხალხის მოვლილ-გაკეთებულიაო.

ნუნუ ჭოველიძე

თავისი სახლიდან, ძარწემიდან, სამსახურში - ქურთამდე მისვლას ნუნუ ჭოველიძე სწორედ 15 წუთს ანდომებდა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ზუსტად ომის დაწყების წინ, მან და მისმა მეუღლემ ახალი, წლების განმავლობაში ნანატრი, მხოლოდ მათი საკუთარი სახლის მშენებლობა დაასრულეს. დღეს ამ სახლის ნანგრევებიც კი აღარ არსებობს. გამქრალია ნუნუს სახლი ძარწემში და ნუნუს საავადმყოფო ქურთაში.

2008 წლის ომის დროს დამწვარი და დანგრეული სახლების ადგილას მოსუფთავებული მიწაა, ცარიელი, უარაფრო ტერიტორია. აღარც ხილის ბაღები, აღარც სახნავ-სათესი, აღარც სახლები. არაფერი. მხოლოდ სოფელ ძარწემში შენიშნავთ ერთ ადგილას შენობას - ეს რუსეთის სამხედრო ძალების ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზაა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.

წეროვნის დევნილთა დასახლება

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიდი ლიახვის ხეობაში რუსულმა ტანკებმა გადაუარეს ზემო და ქვემო აჩაბეთს, თამარაშენს, კეხვს, სვერს, ქემერტს, ქურთას, ძარწემს, ხეითს. პატარა ლიახვის ხეობაში არ დაინდეს ერედვი, ბერულა, არგვიცი, დისევი, ფრისი.

ეს ამბავი Google Earth-ის სატელიტურმა რუკამაც დაიმახსოვრა.

2007 წელს - სოფლები ყვავის. 2009-ში ყველაფერი დანგრეულია -გადამწვარი სოფლები ბოლავს. 2017-ში - ყველაფერი ცარიელია, მოსუფთავებული: „ალბათ, რომ ვეღარ დავბრუნებულიყავით“, - ამბობს ნუნუ ჭოველიძე.