უი, მესამეც გოგოა? - „გამქრალი გოგოების“ ამბავი

1999 - 2004 წლებში საქართველოში ყოველ დაბადებულ 100 გოგოზე - 115 ბიჭი იბადებოდა - ფოტოილუსტრაცია

იცით, რომ საქართველოში, 1990 წლიდან 2004 წლამდე 31 000 გოგო არ დაიბადა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მშობლებს სურდათ ვაჟი ჰყოლოდათ? რაღა დროს „სელექციური აბორტებიაო“, შეიძლება ესეც თქვათ და ეს ნაწილობრივ, სიმართლეა, რადგან ამ ტენდენციამ 2016 წელს საგრძნობლად იკლო. მაგრამ დღემდე, საქართველო (განსაკუთრებით კი, მისი რამდენიმე რეგიონი) მსოფლიოს იმ 12 ქვეყანას შორის რჩება, სადაც გოგონებზე უარს მათ დაბადებამდე ამბობენ.

ჩვენ მოგიყვებით:

  • რა და როგორ შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე;
  • სად არ იკლებს გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის სტატისტიკა და რატომ;
  • რა არის გოგონებზე უარის თქმის მიზეზი დღეს, 21-ე საუკუნეში და რას ფიქრობენ სინამდვილეში კაცები;
  • რამდენად მძლავრია სტერეოტიპი, რომ ვაჟია მთავარი;
  • როგორ უმკლავდებიან საზოგადოების „დაკვეთასა და მოთხოვნებს“ ის წყვილები, ვისაც სამი და მეტი ქალიშვილი ჰყავს.

„სულ მეფიქრება, რა მოხდებოდა, ეს რომ მექნა“

ნორას დიდხანს ვეძებდი.

ქალების ჯგუფებში, სადაც გენდერის ნიშნით სქესის შერჩევაზე მოლაპარაკე ისეთ რესპონდენტს ვიპოვიდი, ვისაც პირადი ან თავისი მშობლის თუ ახლობლის გამოცდილება შეეძლო ჩემთვის გაეზიარებინა, არავინ გამომეხმაურა.

სოციალურ სივრცეში ძებნის შემდეგ, სხვა გზას დავადექი და სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენის და ასაკის, დაახლოებით ათ ქალს ველაპარაკე საქართველოს რამდენიმე რეგიონში. მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, აჭარასა და კახეთში - ყველა ამბობდა, რომ მსგავსი რამ „ბოლო დროს არ სმენიათ“, რომ „ადრე ეს შეიძლება ხდებოდა“. ის იყო, ხელი ჩავიქნიე, რომ ნორა ვიპოვე.

მის გვარს და საცხოვრებელ ადგილს განგებ არ ვასახელებ, თუმცა ნორა დამთანხმდა მომეყოლა რვა წლის წინ, მის თავს გადამხდარი ამბავი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა.

იმ ოჯახიდან, სადაც მისი მესამე შვილი უნდა დაბადებულიყო, ნორა სწორედ ამ რვა წლის წინ წამოვიდა. მესამე შვილი მარტომ გააჩინა - გოგონა. და რომ არა მისი ჯიუტი გადაწყვეტილება, მისი მესამე ქალიშვილი არ დაიბადებოდა, რადგან ოჯახში ყველა „ნანატს ვაჟს“ ელოდა“.

„პირველად ჩემმა მამამთილმა მითხრა, რომ დრო იყო ბიჭი გამეჩინა. თავიდან ამას სიცილით შევხვდი, ხუმრობად მივიღე, მაგრამ როცა ექოსკოპიაზე წავედით და ექიმმა გვითხრა, გოგოაო, ჩემი ქმარი საშინელ ხასიათზე დადგა. მთელი გზა ხმა აღარ გაუცია“, - იხსენებს ნორა.

მაშინ ის უკვე 35 წლის იყო.

საღამოს, საოჯახო ვახშამზე დიდი ბჭობა გაიმართა.

„ისე ლაპარაკობდნენ ამ დაუბადებელ ბავშვზე, როგორც რაღაცა უსულო არსებაზე. ნივთზე, რომელიც არ მოგწონს და გამოცვლი. მეორე დღეს, ქმარმა მითხრა, კიდევ ერთი გოგო არ გვინდა, ხალხის დაცინვის თავი არ მაქვსო. მახსოვს, ძალიან ვიჩხუბეთ. ძალით ექიმთან ვერავინ წამიყვანდა და რადგან ნებით არ გავაკეთე ის, რაც მათ სურდათ, ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა“.

ნორამ აბორტი არ გაიკეთა. თუმცა არც იმ ოჯახში დარჩა. გაუმართლა, რადგან ძმა დაუდგა გვერდით. მარტო რომ ვყოფილიყავი, მეც სხვა ქალების ბედს გავიზიარებდიო.

„მერე ვფიქრობდი, ეს (აბორტი) რომ მექნა მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო იბადებოდა და შემდეგი შვილი ბიჭი მყოლოდა, რა მოხდებოდა, საერთოდ მეყვარებოდა ის? არ ვიცი“.

ქმრის ოჯახზეც ვკითხე. მცირე პაუზის შემდეგ მოკლედ მიპასუხა:

„ჩემი წამოსვლიდან ორ წელში ცოლი შეირთო. ერთი ბიჭი ჰყავთ“.

საქართველოს „გამქრალი გოგონები“

„გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა - გენდერული დისკრიმინაციის ერთ-ერთი ყველაზე საზიანო გამოვლინებაა“, - გვეუბნება გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის ოფიცერი მარიკა ქურდაძე:

„ეს ნიშნავს, რომ შვილის ყოლას მისი სქესის მიხედვით წყვეტ“.

საქართველოში კი დღემდე ბევრია ისეთი ოჯახი, რომლისთვისაც ვაჟის ყოლა აუცილებლობაა - ეს დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ფესვგადგმულ სოციალურ ნორმად, რაც აჩვენა კიდეც ამ თემაზე გაეროს მოსახლეობის ფონდის ბოლო, 2019 წლის საზოგადოებრივმა გამოკვლევამ, რომლის მიხედვით:

საქართველოს მოსახლეობის 31% მიიჩნევს, რომ თუ ოჯახში უნდა დაიბადოს ერთი შვილი, ეს უნდა იყოს ბიჭი.

მხოლოდ 11% თვლის, რომ უნდა იყოს გოგო.

დანარჩენისთვის მნიშვნელობა არა აქვს, გოგო იქნება თუ ბიჭი

და ზუსტად ეს „დანარჩენია“ იმედი, რომ ერთ დღეს იმ ადამიანების რიცხვი მოიმატებს, ვისთვისაც გადამწყვეტი არ იქნება, ქალი შეეძინებათ თუ ვაჟი.

მაინც ვინ არის ეს 31%, ვისაც ვაჟის ყოლა სურს? როგორც წესი, ისინი არიან კაცები.

ამ 31%-ში, უფრო მეტი კაცი მიიჩნევს, რომ ბიჭი შვილის ყოლა უფრო მნიშვნელოვანია.

ვინ იღებს გადაწყვეტილებას ე.წ. სელექციურ აბორტზე? გადაწყვეტილების მიმღებიც კაცია.

თუმცა, არცთუ იშვიათად, ქალებიც ვალდებულად თვლიან თავს, გააჩინონ, უფრო სწორად, „გაუჩინონ“ ქმრებს ვაჟები.

„ქალებს რაც უფრო ნაკლები ავტონომიურობა გააჩნიათ, ეს მით უფრო მოქმედებს ამ პრაქტიკის წახალისებაზე. ბევრ ქალს არ შეუძლია თავად გადაწყვიტოს, როდის და რა ინტერვალით იყოლიოს შვილი“, - ამბობს მარიკა ქურდაძე.

როგორც წესი, ქმრის ან პარტნიორის მხრიდან წამოსულ ზეწოლას აძლიერებს ოჯახის სხვა წევრების, ნათესავებისა და გარშემო საზოგადოების აზრიც, რომ „ვაჟიშვილი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

რით აიხსნება ეს?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - გვარის გაგრძელების ტრადიციაა, რომელიც კაცის ხაზით გრძელდება.

მეორე: მშობლების ხანდაზმულობის ჟამს სწორედ ბიჭი განიხილება მის მთავარ მხარდამჭერად, „პატრონად“ და მომვლელად, რადგან გოგო, რომელიც ოჯახს შექმნის, უკვე სხვა ოჯახის წევრად მიიჩნევა. დაწესებული ნორმებით, ფინანსური პასუხისმგებლობაც ვაჟს ეკისრება.

„თუმცა საინტერესოა, რეალურად ვისზე ნაწილდება ხოლმე საბოლოოდ ეს ზრუნვა - თუ დავაკვირდებით, ძალიან ხშირად ეს მზრუნველი ისევ ქალია, ქალიშვილი ან რძალი“, - ამბობს მარიკა ქურდაძე.

და კიდევ ერთი და მთავარი ფაქტორი - ვაჟი მემკვიდრეა. ოჯახის ქონება, როგორც წესი, მის საკუთრებაში გადადის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ორივე შვილს, განურჩევლად მათი სქესისა, ქონებაზე თანაბარი უფლება აქვს, კულტურული პრაქტიკა საქართველოში სულ სხვანაირია.

ასევე ნახეთ გოგოების დაკარგული მემკვიდრეობა ანუ მეც შვილი ვარ! 

ადრეც ასე იყო? ვნახოთ დინამიკა

დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობა ის მაჩვენებელია, რომლითაც მკვლევრები აკვირდებიან გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის დინამიკას.

დაწესებული ბიოლოგიური ნორმის მიხედვით, ყოველ დაბადებულ 100 გოგოზე 104-106 ბიჭი იბადება.

როგორც კი ეს მაჩვენებელი იცვლება და ყოველ ას გოგოზე დაბადებული ბიჭების მაჩვენებელი ხდება 114-120, მაშინ ჩნდება კითხვა, რა ხდება ქვეყანაში?

ამ დინამიკას საქართველოში უკვე წლებია, აკვირდებიან.

ის მკვეთრად იწყებს ზრდას 1999 წლიდან და პიკს 2004 წელს აღწევს - ამ წლებში ყოველ დაბადებულ 100 გოგოზე - 115 ბიჭი იბადებოდა, რაც მკვეთრი გადახრაა.

2004 წლიდან ეს ტენდენცია ნელ-ნელა შემცირდა და 2016 წლისთვის დაბალანსდა.

მაგრამ არა ყველგან.

საქართველოში დღემდე არის რეგიონები, სადაც ბევრად მეტი ბიჭი იბადება, ვიდრე გოგო. საქართველოში სამი რეგიონია, რომელიც ჯერ პროგრესის ტალღას ვერ ეწევა.

  • კახეთი;
  • სამცხე-ჯავახეთი;
  • ქვემო ქართლი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი რეგიონი ეთნიკური უმცირესობებით არის დასახლებული, მარიკა ქურდაძე განმარტავს, რომ ეს პრობლემა „ეთნიკურობასთან კავშირში არ არის“. მიზეზი უნდა ვეძებოთ ენობრივ ბარიერში, იმაში, რომ მოსახლეობის ამ ნაწილამდე ინფორმაცია გაცილებით რთულად აღწევს, ვიდრე დანარჩენი საქართველოს ქართულენოვან მოსახლეობაში და ნორმების შეცვლაც უფრო რთულია.

სტატისტიკური მონაცემების მიღმა, არსებობს ადამიანების მონათხრობებიც და ეს ინფორმაცია დადასტურებულია სამედიცინო პროფესიონალების, გასაკუთრებით კი ულტრასონოგრაფიის სპეციალისტების მიერ, რომლებიც სქესის გამხელის ნაწილში ძალიან დიდ როლს თამაშობენ.

გაეროს მოსახლეობის ფონდმა ასე დათვალა, რომ 1990-იანი წლების ბოლოდან 2004 წლის შუამდე, დაახლოებით 31 000 გოგო არ დაიბადა სწორედ ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების გამო.

საქართველოსთვის ეს არც ისე ცოტაა.

„ეს გოგოები დღევანდელი საზოგადოების ნაწილი - რეპროდუქციული ასაკის ქალები. თუ ამას გრძელვადიან ჭრილში შევხედავთ, დემოგრაფიული კუთხით, ამდენი ქალის არდაბადება არის სწორედ შობადობის შემცირების მიზეზებს შორის უმთავრესი მიზეზი“, - ამბობს მარიკა ქურდაძე.

Your browser doesn’t support HTML5

მარიკა ქურდაძე საქართველოში გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის პრობლემაზე

„და კიდევ, ამ ამბავში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწვდი ინფორმაციას წყვილს. უი, მესამეც გოგოა თუ - მესამეც გოგოა!“, - მეუბნება მარიკა ქურდაძე.

და ეს ფრაზა არ არის მარიკას მოგონილი. ასე უთხრეს თეკლა გვანცელაძეს, სამი ქალიშვილის დედას, როცა ის მაკინეს აჩენდა.

უი, მესამეც გოგოა?

თეკლა გვანცელაძე თავადაც სამ დას შორის უფროსა. ისინი ქუთაისში გაიზარდნენ - მათ ოჯახში არასოდეს არავის გამოუთქვამს საყვედური ან წუხილი ვაჟის არყოლის გამო. თუ არ ჩავთვლით ოჯახში სტუმრად მისულ „კეთილისმსურველებს“, რომლებსაც ხუმრობით, სხვათაშორის უთქვამთ თეკლას მშობლებისთვის, ერთი ბიჭი როგორ დაგამშვენებდათო.

ასეთი და უფრო უხერხული ხუმრობები უცხო არც თეკლასა და მისი მეუღლის, შოთა ბერულაშვილისთვისაა - მათაც სამი ქალიშვილი ჰყავთ. უმცროსი, მაკინე, პანდემიის დროს დაიბადა. ეს ფრაზა კი: უი, ისევ გოგოა? სწორედ მაშინ მოისმინა ნაცნობი, ახლობელი ადამიანებისგან.

არ ესიამოვნა, რადგან მისთვის, როგორც დედისთვის, მთავარი შვილის ჯანმრთელობა იყო და არა მისი სქესი. თეკლა, რომელიც ამ დროს 32 წლისა იყო, პირველად დაფიქრდა სერიოზულად, რომ შესაძლოა, დედამისსაც ამას ეუბნებოდნენ. შესაძლოა, ისიც გრძნობდა საზოგადოებისგან წამოსული მოთხოვნით გამოწვეულ უხერხულობას.

„თითქოს გავალდებულებენ, მეოთხეც გააჩინო, რადგან მეოთხე ბიჭი იქნება“.

შოთა კი მეუბნება, რომ ვერ წარმოუდგენია, რას გრძნობენ ის მამები, ვისაც გოგო შვილების სიყვარული არ გამოუცდიათ. და არც ის ესმის ბოლომდე, როგორ შეიძლება შვილის ყოლა იმის მიხედვით აირჩიო, ის გოგოა თუ ბიჭი.

„რისთვის გჭირდება ეს შვილი? იმისთვის, რომ სიცოცხლე აჩუქო და ბედნიერი იყოს თუ ორმოც აქლემში გაცვალო? არ ვიცი, არ მესმის“.

ამ ვიდეოში თეკლა და შოთა სწორედ ამაზე ლაპარაკობენ - სამი ქალიშვილის ყოლაზე, საზოგადოების შეფარულ ზეწოლასა და უკბილო ხუმრობებზე და გამოსავალზეც.

რა ხდება რეალურად, ეს ყველაზე კარგად ექიმებმა იციან.

პირველი, ვისგანაც მშობელი შვილის სქესს იგებს, ექიმია. ექიმი ხდება პირველი შემსწრეც, თუ ქალი აბორტს გადაწყვეტს.

მათ ისიც კარგად იციან, სად არის ე.წ. სელექციური აბორტები ყველაზე ხშირი.

ექიმმა-გინეკოლოგმა თინა გაგუამ, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მიზეზებს შორის შობადობის დაბალი მაჩვენებელიც დაასახელა. მისი თქმით, მრავალშვილიან ოჯახებში ეს საკითხი თითქმის არ დგას. მაგრამ სადაც ერთი და ორი შვილია, იქ ვაჟი აუცილებლად უნდათ.

„საქართველოს უმეტეს ოჯახებში კი სწორედ ორი ან ერთი ბავშვია“.

თინა გაგუასაც ვკითხეთ, როგორ შეიძლება გენდერული ნიშნით აბორტის თავიდან აცილება, რაზეც მისი პასუხი იყო, რომ ეს შესაძლოა მოხერხდეს, თუ მშობელს, ორსულობის 12 კვირამდე ბავშვის სქესი არ ეცოდინება.

ეს კანონით ვერ დარეგულირდება. ყველას აქვს უფლება გაიგოს შვილის სქესი, თუმცა, საქართველოში არსებობს რეკომენდაცია ექიმებისადმი, რომ 16 კვირამდე სქესი არ გაამხილონ.

16 კვირის შემდეგ საქართველოში აბორტი არალეგალურად ითვლება და კანონით აკრძალულია.

როცა ნაყოფი 12 კვირისაა, სასქესო ორგანოების ჩამოყალიბება მხოლოდ იწყება, შესაბამისად, ძირითად შემთხვევებში, შეუძლებელია, დანამდვილებით ითქვას, ნაყოფი გოგოა თუ ბიჭი. 16 კვირის თავზე, როცა ორგანოები სრულიად ჩამოყალიბებულია, სქესის განსაზღვრა თითქმის აბსოლუტური სიზუსტით შეიძლება. თუმცა ამ დროსაც დასაშვებია, რომ ნაყოფის მდებარეობის გამო, მშობლებს შვილის სქესის გასაგებად კიდევ მოუხდეთ დაცდა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.

როგორც წესი, ამბობს თინა გაგუა, საქართველოში, ეს პრობლემა ჩნდება მესამე გოგოს დაბადებისას. სქესის ნიშნით აბორტის გადაწყვეტილებას სწორედ ამ დროს იღებენ ხოლმე: „ეს არის პრობლემა, თუმცა, საბედნიეროდ, არა მასობრივი ხასიათის“.

რა ხდება მეზობლად? - სომხეთის მაგალითი

გენდერის ნიშნით სქესის შერჩევის მხრივ სომხეთში არსებულ ვითარებაზე Ampop Media-ს ჟურნალისტმა ლილით ჰარუთუნიანმა იმუშავა პროექტ „სიღრმისეული ონლაინ ჟურნალისტიკის“ ფარგლებში - როდესაც ჩვენი დაკვირვებები ერთმანეთს გავუზიარეთ, აღმოჩნდა, რომ სომხეთსა და საქართველოს ამ მხრივ ბევრი საერთო აქვთ.

სომხეთშიც ე.წ. სელექციური აბორტების ზრდა 90-იანი წლების დასაწყისში შეამჩნიეს.

ბიჭისთვის უპირატესობის მინიჭების მიზეზი იქაც იყო საზოგადოების პატრიარქალური სტრუქტურა, მამობრივი ხაზის (მემკვიდრეობის) გაგრძელების სურვილი, საზოგადოებაში მამაკაცთა დომინანტური როლი და ქალებისა და მამაკაცების არათანაბარი სტატუსი და ფინანსური შესაძლებლობები.

2000 წელს, ყოველ 100 გოგოზე სომხეთში 120 ბიჭი იბადებოდა, ზოგიერთ რეგიონში - 124 ბიჭი, რაც ნორმიდან მკვეთრი გადახრა იყო. ყველაზე დაბალ მაჩვენებელს სომხეთმა 2019-2021 წლებში მიაღწია, როდესაც 100 გოგონაზე - 110 ბიჭი იბადებოდა.

2022 წელს რიცხვი ისევ გაიზარდა - ყოველ 100 გოგოზე 112 ბიჭი. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რასაც გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხეთის ოფისის 2022 წლის კვლევაც ადასტურებს, რომ ომმა მთიან ყარაბაღში, კოვიდ-19-ის პანდემიამ და სხვადასხვა კრიზისულმა სიტუაციამ, სომხეთში კვლავ გააძლიერა სტერეოტიპები.

„ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემიდან გამომდინარე, ხალხი ამბობს, რომ ბიჭები უნდა გვყავდეს, რათა უკეთ მოვაგვაროთ ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის სომხეთის ოფისის წარმომადგენელი ლუსინე სარგსიანი.

სომხეთის სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ვაიოც ძორის რეგიონში, სადაც ყველაზე მძიმე ვითარებაა - 100 გოგოზე 124 ბიჭი დაიბადა, შირაქში, ტავუშსა და არმავირში - 119 ბიჭი, ხოლო გეღარქუნიქის რაიონში - 116 ბიჭი. ინდექსი დასაშვებ საზღვრებშია მხოლოდ სომხეთის ყველაზე სამხრეთ რეგიონში, სიუნიქში - ყოველ 100 გოგონაზე იქ 104 ბიჭი დაიბადა.

,,ამერია'' კომპანიების ჯგუფის პარტნიორისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ტიგრან ჯრბაშიანის თქმით, ბიჭების რაოდენობა ძირითადად ომებისა და ემიგრაციის შედეგად მცირდება.

ის ამბობს, რომ „ბიჭების არჩევით“, მომავალში, დემოგრაფიული ბალანსის დარღვევის პოტენციური საფრთხე იქმნება. ასეთი აბორტების შედეგებს სომხეთის საზოგადოება, სულ მცირე, 50-100 წელიწადში იგრძნობს.

ამ მასალაზე მუშაობისას ლილით ჰარუთიუნიანი ერევნის ერთ-ერთ სამშობიაროში შეხვდა სომხეთის გეღარქუნიქის რეგიონის მცხოვრებ 31 წლის გოჰარს, რომელმაც რამდენიმე ასეული კილომეტრი იმიტომ გაიარა, რომ დედაქალაქის სწორედ ამ საავადმყოფოში გაეკეთებინა ექოსკოპიური გამოკვლევა. ქალების გრძელ რიგში გოჰარი ჯიუტად ელოდა თავის რიგს, რადგან იმ დღეს მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა.

„ამხელა გზა გამოვიარე, რომ ზუსტად გავიგო, ბიჭია თუ გოგო. ამბობენ, რომ აქ ზუსტად ხედავენ. ორგან ვიყავი და მითხრეს, ბიჭიაო“.

ლილითი გვიამბობს, რომ გოჰარს ორი ქალიშვილი ჰყავს, 10 და 8 წლის. ახლა ის მესამე შვილზეა ორსულად და სურს დარწმუნებული იყოს, რომ მესამე შვილი ნამდვილად ბიჭია. გოგოს შემთხვევაში უნდა მოასწრონ ორსულობის შეწყვეტა. მისი თქმით, ძალიან უნდათ ბიჭის ყოლა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ბევრ შვილს ვერ გაზრდიან.

„ჩემი ქმარი მშენებლობაზე მუშაობს, მე არ ვმუშაობ, ძლივს ვახერხებთ ცხოვრებას. ერთ-ერთი გოგო ბიჭი რომ დაბადებულიყო, მესამე აღარ გვეყოლებოდა“.

სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქალის მოთხოვნით აბორტი შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ორსულობის მე-12 კვირამდე. შემდგომ პერიოდში სელექციური აბორტის ჩატარება ლეგალურად შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ან სოციალური ჩვენებით, კომისიის გადაწყვეტილებით, მაგრამ არა უგვიანეს ორსულობის 22 კვირისა.

ეს მხოლოდ საქართველოსა და სომხეთის პრობლემაა?

ცხადია, არა.

მსოფლიოში არის რამდენიმე რეგიონი, სადაც გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა დღემდე პრობლემაა.

გამოყოფენ მსოფლიოს თორმეტ ქვეყანას, სადაც შეინიშნება სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გადახრა ბუნებრივი დონიდან.

ამ ქვეყნებს შორისაა:

  • ალბანეთი
  • სომხეთი
  • აზერბაიჯანი
  • ჩინეთი
  • ჰონკონგი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა)
  • ინდოეთი
  • კორეის რესპუბლიკა
  • მონტენეგრო
  • ტაივანი (ჩინეთის პროვინცია)
  • ტუნისი
  • ვიეტნამი
  • და საქართველო.

აი, მაგალითად, ინდოეთში, სპეციალისტების დათვლით, შერჩევითი აბორტების გამო, 2030 წლისთვის, შესაძლოა, თითქმის 7 მილიონით ნაკლები გოგონა დაიბადოს.

ეს დათვლა უკვე ჩატარებულ გამოკვლევებს ეყრდნობა, რომლის მიხედვით, 1970-იანი წლებიდან დღემდე, მას მერე, რაც სქესის წინასწარ განსაზღვრა შესაძლებელი გახდა, ამ ქვეყანაში 63 მილიონი ქალით ნაკლები დაიბადა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის მონაცემებით (2020), მთელ მსოფლიოში, სქესის მიკერძოებული შერჩევის და ვაჟისთვის უპირატესობის მინიჭების შედეგად, 142 მილიონი გოგონა არ გაჩნდა.

მარიკა ქურდაძე გვიამბობს, რომ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, ვინც წარმატებით შეძლო ამ ტენდენციის შეცვლა, სამხრეთი კორეაა, სადაც სპეციალურად ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმართული პროგრამები აამუშავეს.

წინსვლა, როგორც ზემოთაც ვახსენეთ, საქართველოსაც აქვს, ოღონდ აქ ე.წ. ქოლგა მიდგომამ იმუშავა, რაშიც იგულისხმება, ზოგადად, თანასწორობის გაძლიერება.

სამხრეთ აღმოსავლეთის ქვეყნებში, პრობლემა მხოლოდ დაბადებამდე სქესის ნიშნით შერჩევა არ არის - იქ უკვე დაბადებული გოგონების სიკვდილობაც მაღალია, რადგან მათ ცუდად კვებავენ, ძალიან დაბალია მათი ვაქცინაციის სტატისტიკა და ა.შ., რის შედეგადაც, ისინი ჩვილობაშივე არიან სასიკვდილოდ განწირული.

ჩინეთი, სადაც ამ პრობლემის გამოვლენა 70-იანი წლებიდან დაიწყო, დღეს იმკის შედეგებს, რადგან მოსახლეობაში კაცები ჭარბობენ და მათ უჭირთ პარტნიორის პოვნა. ამიტომ ჩინეთში განსაკუთრებით მაღალია მიგრაცია სწორედ დაქორწინების მიზნით.

რა არის გამოსავალი და რამ იმუშავა?

როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები, გენდერის სპეციალისტები, ვინც ე.წ. სელექციური აბორტების პრობლემას სწავლობენ, თანხმდებიან, რომ გამოსავალი დისკრიმინაციასთან, როგორც პრობლემასთან ბრძოლაა.

მხოლოდ უწყვეტ განათლებას ექნება შედეგი, მეუბნება ეკატერინე სხილაძე, გენდერის ექსპერტი:
„ყველა სხვა ღონისძიებას ექნება მხოლოდ მოკლევადიანი, შემაკავებელი ეფექტი, მაგრამ ამ საზიანო პრაქტიკას ვერ შეცვლის“.

რას იგულისხმება „განათლებაში“?

„მაგალითად იმას, რომ დღეს, საქართველოში, განათლების სისტემა არ მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების სიღრმისეულ სწავლებას“.

ეს ყველაფერი სკოლიდან უნდა იწყებოდეს.

როცა გამოსავალსა და ცვლილებებზე ვლაპარაკობთ, სკოლის პედაგოგების გარდა, დიდია ექიმების, როგორც საზოგადოებამდე ინფორმაციის მიმტანებიც როლიც.

მაგრამ ხშირად, ექიმებიც არიან მოქმედი სტერეოტიპების თუ წინასწარგანწყობების მქონენი და მათთან მუშაობაც ამ პრობლემის დაძლევის ნაწილია, - გვეუბნება ეკა სხილაძე.

არის კიდევ ერთი ფაქტორი - მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.

წლების განმავლობაში დაკვირვებამ აჩვენა ისიც, რომ საქართველოში, სქესის შერჩევით აბორტების კლებაზე, იმოქმედა ეკონომიკური პირობების ცვლილებამაც - გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, როგორც კი ქვეყანაში გაიზარდა განკარგვადი შემოსავალი, ოჯახებს შვილების გაჩენის უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცათ. ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა უფრო გავრცელებულია ღარიბ ოჯახებში.

როდესაც მარიკა ქურდაძეს ვკითხეთ, რა უნდა მოხდეს ქვეყანაში ისეთი, რაც ამ ტენდენციას შეცვლის (და რამაც, შესაძლოა, ნაწილობრივ შეცვალა კიდევ სურათი 2016 წელს), მან რამდენიმე ფაქტორი დაასახელა:

  • ქალების ეკონომიკური გაძლიერება,
  • ზოგადი დამოკიდებულებების ცვლილება გენდერული თანწორობის მიმართ
  • და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ქვეყანაში.

მან ასევე გვითხრა, რომ მართალია, დღეს, ე.წ. სელექციური აბორტების შემცირების კუთხით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა და რამდენიმე წელია ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ დღემდე მთავარი გამოწვევა მაინც ის არის, რომ ისევ უკან არ დავიხიოთ.