პრეტენზიები საქართველოსთან - გამოხატავს თუ არა აზერბაიჯანული გამოცემის პოზიცია ოფიციალური ბაქოს წყენას

აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან აფილირებული მედია ამტკიცებს, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა, სერბეთმა, კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს დახმარებით, სომხეთს სამხედრო ტვირთი მიაწოდა.

რა წერია სარედაქციო წერილში?

ნაღმმტყორცნები თოვუზის დასაბომბად [სომხეთს] სერბეთმა საქართველოს დახმარებით გაუგზავნა - ამ სათაურით სარედაქციო წერილი აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო ვებსაიტმა „Haqqin” 19 ივლისს გამოაქვეყნა.

წერილის თანახმად, გამოცემისთვის ცნობილი გახდა „სენსაციური ფაქტები”, რომ სომხეთი წინასწარ ემზადებოდა თავდასხმისთვის აზერბაიჯანის საზღვარზე.

„სამხედრო წყაროებისგან Haqqin-ისთვის ცნობილი გახდა, რომ [აზერბაიჯანზე] თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე და სამხედრო მოქმედებების მსვლელობისას, სერბეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში ჩავიდა სხვადასხვა კალიბრის ნაღმმტყორცნების მსხვილი პარტია”.

რატომ ამარაგებს სომხურ არმიას სერბეთი? ოფიციალურმა თბილისმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი ტერიტორიის გავლით არ აკრძალა სომხეთისთვის სამხედრო ტვირთების ტრანზიტი? რატომ დაუშვა გამონაკლისი სერბეთის შემთხვევაში? - ისმება კითხვები სარედაქციო წერილში.

Haqqin, ასევე, წერს, რომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს ამავე დღეებში სომხეთში უკვე რუსეთიდან, თუმცა ისევ საქართველოს გავლით, სახმელეთო გზით, ჩავიდნენ „კამაზის” ავტომობილები „გრადის” დანადგარებითა და ნაღმმტყორცნი საბრძოლო მასალებით.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - ბოლო ესკალაცია

მთანი ყარაბაღის გამო მეზობლებს შორის 30-ზე მეტი წლის წინ დაწყებული კონფლიქტი გამუდმებით მწვავდება. უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება 2020 წლის 12 ივლისს მოხდა არა მთიან ყარაბაღში, არამედ რეგიონისგან მოშორებით, საქართველოდან 55 კმ-ში. სროლის შედეგად დაიღუპნენ სამხედროები, მათ შორის, აზერბაიჯანელი გენერალი და მოქალაქეები. მხარეები ვითარების ესკალაციასა და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სანდოა თუ არა მედია „Haqqin”?

აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტები, რომელთაც რადიო თავისუფლება დაუკავშირდა, პირად საუბრებში ამბობენ, რომ Haqqin ძირითადად ხელისუფლების დაკვეთილ სტატიებს აქვეყნებს და ხშირად მოვლენებს აბუქებს ხოლმე.

იმავეს ამბობს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი რეპორტიორი, გამომძიებელი ჟურნალისტი და აქტივისტი ხადიჯა ისმაილოვა, თუმცა, მისი აზრით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც სტატია ხელისუფლების შეკვეთას არ ჰგავს.

„აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად გვეუბნება, რომ ძლიერი მოკავშირეები ჰყავს და მათ შორის საქართველოს და სერბეთს ასახელებს. მართლაც მაინტერესებს, [სტატიაში მოყვანილი ფაქტები] სიმართლეა თუ არა და როგორ ახსნიან ამას საქართველო და სერბეთი”.

ყოფილა თუ არა ხელისუფლებისგან საჯარო განცხადება, რომელიც მიანიშნებდა, რომ Haqqin-ის სარედაქციო წერილის შინაარსს დაადასტურებდა? - რადიო თავისუფლების ამ კითხვაზე, ხადიჯა ისმაილოვა პასუხობს, რომ მას ასეთი რამ არ უნახავს.

„ხელისუფლება Haqqin-ს ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს ხოლმე, თუმცა მთიანი ყარაბაღის თემა მეტ-ნაკლებად სარედაქციო დამოუკიდებლობით სარგებლობს, რადგან ამ საკითხზე [რედაქციასა და ხელისუფლებას შორის] ინტერესთა კონფლიქტი არ არის”.

„ინფორმაცია არ მაქვს”

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში 20 ივლისს სერბეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გამოიძახეს. უწყების ინფორმაციით, დანიცა ვეინოვიჩმა განაცხადა, რომ სომხეთში სამხედრო ტვირთის გაგზავნაზე ინფორმაციას არ ფლობს და აზერბაიჯანის კითხვებს ბელგრადს გადასცემს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი კი აცხადებს, რომ სომხეთში იარაღის გაგზავნა ყოველთვის დელიკატური საკითხი იყო, მათ შორის, სერბულ-აზერბაიჯანულ ორმხრივ ურთიერთობებშიც.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტებას ითხოვს ბელგრადისგან.

„საქართველო ვალდებულია, დაიცვას ბალანსი”

ერთადერთი ვალდებულება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აკისრია, არის ის, რომ არ დაუშვას დისბალანსი რეგიონში - არც ერთი სახელმწიფოს გაძლიერებაში არ მივიღოთ მონაწილეობა, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.

„თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ მართალია, რასაც წერს [Haqqin], ეს არაფერს არ ნიშნავს, თუკი პირობა ბალანსის შესახებ არის დაცული”, - ამბობს ის.

ხიდაშელის თქმით, საქართველო ტრანზიტული ქვეყანაა, სამხედრო ტრანზიტის წესები კი განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სამართლით, ასევე თავად მეზობელ სახელმწიფოებთან აღებული ვალდებულებებით.

„ყველაფრის თქმა არ შემიძლია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ თავდაცვის მინისტრი არის ის პირი ქვეყანაში, რომელიც ხელს აწერს ნებართვას, თუ რომელიმე სამხედრო თვითმფრინავმა ჩვენი საჰაერო სივრცით უნდა ისარგებლოს იარაღის გადატანისთვის”.

თინა ხიდაშელის განმარტებით, აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს არაფერში ზღუდავს და ამ შემთხვევაში ქვეყანას გაცილებით მაღალი ვალდებულებები აკისრია, ვიდრე ორმხრივი ურთიერთობებია.

2008 წლის ომის შემდეგ, რუსული შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის საქართველოს ცა და ხმელეთი დაკეტილია. ამასთან, თინა ხიდაშელი განმარტავს, რომ რუსეთიდან მხოლოდ სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი იარაღი შეიძლება ჩავიდეს სომხეთში საქართველოს გავლით:

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება სომხეთთან, რომ ნებისმიერი სამხედრო ტვირთი, რომელიც საქართველოს გავლით ჩადის სომხეთის რომელიმე აეროპორტში, იქ ჩვენს სამხედრო ატაშეს აქვს უფლება, შეამოწმოს და, მათ შორის, შეამოწმოს დანიშნულებაც. ანუ გაჰყვეს ამ ტვირთს, რეალურად სომხეთის შეიარაღებული ძალებისთვის არის თუ რუსეთის სამხედრო ბაზა მარაგდება”, - ამბობს თინა ხიდაშელი.

ოფიციალური თბილისის პასუხი

დეზინფორმაციას უწოდებს Haqqin-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების მტკიცებით, საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ქვეყნები მშვიდობიან როლს ასრულებენ რეგიონში.

„ერთ-ერთი აზერბაიჯანული მედიასაშუალების მიერ გავრცელდა დეზინფორმაციული ხასიათის პუბლიკაცია, რომელიც შეიცავს უამრავ უზუსტობებს. სამწუხაროა, რომ აზერბაიჯანული, თითქოს, სერიოზული ინტერნეტგამოცემა არაობიექტურად აღწერს ფაქტებს, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრობას… აღნიშნული სტატია ატარებს ტენდენციურ ხასიათს და მიმართულია ორ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პრობლემის ხელოვნურად შექმნისკენ”, - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.