გამოცდები 6 ივლისიდან: და ვისაც სიცხე ექნება?!

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტ საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. განათლების სამინისტროს ცნობით, ყველაფერი სრულ მზადყოფნაში იქნება 6 ივლისისთვის, როდესაც აბიტურიენტებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველი გამოცდა უნდა ჩააბარონ.

პანდემიის საფრთხეების გათვალისწინებით, საგამოცდო სივრცეები ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საგანგებო რეკომენდაციებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, „გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით“.

  • გამოსაცდელ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე, გამოცდაზე შესვლის წინ მიიღონ ერთჯერადი პირბადეები;
  • მათ ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი;
  • თუკი სხეულის ტემპერატურა გამოუვლინდა (37°C-დან 37.5°C-მდე), გამოსაცდელ პირებს მოეთხოვებათ PCR-ტესტირების უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა, თუმცა ეს სავალდებულო არ არის;
  • PCR-ტესტირება სავალდებულოა 37.5°C-ზე მაღალი ტემპერატურის მქონე პირებისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ დაიშვებიან გამოცდებზე;
  • სხეულის მომატებული ტემპერატურის მქონე პირები, რომლებიც გამოცდებზე დაიშვებიან, სპეციალურად მათთვის მომზადებულ სივრცეებში განთავსდებიან.

გამოცდებში მონაწილე პირებს შესაძლებლობა აქვთ, უფასოდ ჩაიტარონ PCR-ტესტირება. ტესტირება უნდა ჩატარდეს გამოცდამდე 2-3 დღით ადრე.

საქართველოს მასშტაბით გამოცდები ჩატარდება 24 საგამოცდო ცენტრში - ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 25 ივლისს დასრულდება და საგრანტო კონკურსიც 25 ივლისს გაიმართება. ამის შემდეგ, საგამოცდო ცენტრები დაეთმობა: სამაგისტრო გამოცდებს - 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებს - 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის რეგისტრაცია გაიარა: 39 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 3 600-ზე მეტმა სტუდენტმა, მაგისტრობის 12 600-ზე მეტმა კანდიდატმა და მასწავლებლობის 12 000-მდე მსურველმა.