გამოფხიზლება საბჭოთა კავშირში

2021 წლის 1 იანვრიდან რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც პოლიციას კვლავ აძლევს უფლებას, ქუჩიდან სპეციალურ დაწესებულებაში, ე.წ. გამოსაფხიზლებელში (Вытрезвитель), გადაიყვანოს მთვრალი მოქალაქე. გამოსაფხიზლებლები საქართველოშიც არსებობდა გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლომდე. საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბევრ ადამიანს დღემდე ახსოვს როგორც მილიციის ყვითელი მანქანები, რომლებითაც ნასვამ მოქალაქეებს იჭერდნენ ქუჩებში, ასევე „ვიტრეზვიტელები“ თავიანთი მორიგე მილიციელებით, სანიტარ-ექთნებით, რკინის საწოლებით და დასაბმელი სავარძლებით, თუმცა გამოსაფხიზლებლების პარალელურად ასევე არსებობდა მათზე შეთხზული მართალი და გამოგონილი ისტორიები, მითები „ცივი წყლის ჭავლზე“ და ა.შ. რადიო თავისუფლება შეეცადა გაერკვია, როგორი იყო სინამდვილეში გამოფხიზლება საბჭოთა კავშირსა და საბჭოთა საქართველოში.

ისტორიული საფანელი

საქართველოში გამოსაფხიზლებლების გახსნის „იდეა“ ჩრდილოეთიდან მოვიდა. XX საუკუნის 10-იან წლებში რუსეთის იმპერიის დიდ ქალაქებში უკვე არსებობდა „ალკოჰოლიკთა თავშესაფრები“. დროთა განმავლობაში სამედიცინო გამოსაფხიზლებლებთან ერთად პოლიციის განყოფილებებშიც შემოიღეს საერთო გამოსაფხიზლებელი კამერები. საბჭოთა Вытрезвитель-ი ამ ორის - სამედიცინო და საპოლიციო გამოსაფხიზლებლების - ერთგვარი მიქსია, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე გავრცელდა 1940 წლის 4 მარტიდან, როცა სსრკ-ის მაშინდელმა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა (НКВД) ლავრენტი ბერიამ ხელი მოაწერა ბრძანებას (N00298), რომლის თანახმადაც, სამედიცინო გამოსაფხიზლებლები ჩამოერთვა ჯანდაცვის სახალხო კომისარიატს და დაექვემდებარა НКВД-ს. სიახლე, ცხადია, გავრცელდა საქართველოზეც.

ლავრენტი ბერია

ჯერ კიდევ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ქართველებს ზომიერი სმა ახასიათებდათ. აი, რას წერს საქართველოს ისტორიის ცნობილი მკვლევარი, ფრანგი მეცნიერი მარი ბროსე, რომელიც სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის, კარზე აღდგომის დღესასწაულს დაესწრო:

„არც დარბაზში, არც ბაღში, არსად, არსად მე არ შემინიშნავს ერთი კაციც, რომელსაც ღვინოში დაეხრჩოს თავისი ჭკუა-გონება და ღმერთმა კი იცის, რა ნექტარი რამ არის ოჯალეში“.

მაგრამ დროთა განმავლობაში ერთიათად გაიზარდა როგორც ღვინის, ასევე არყის მოხმარება, განსაკუთრებით გაიზარდა დიდ ქალაქებში, რაზეც შესაბამისი პერიოდის საგაზეთო ქრონიკაც მეტყველებს. 1898 წლის „ივერიის“ 256-ე ნომრიდან მკითხველმა შეიტყო, რომ აზნაური გიორგი კობიაშვილი „ცოტა შეზარხოშებულ მდგომარეობაში“ ასულა „ნოვი სვეტში“ და იქ მყოფ ქალებს იარაღით დამუქრებია, ოთახში ჩაკეტილ ერთ ქალს კი რევოლვერიდან ესროლა კიდეც, მაგრამ „ტყვია კარს ასცდა და მოხვდა კედელს“.

სწორედ XIX საუკუნიდან იწყება საქართველოში არყის ქარხნული წარმოება. ზაქარია ჭიჭინაძე წერს, არაყს ქართლსა და კახეთში ხშირად იყენებდნენ ღვინოსთან ერთად, მაგრამ იმერეთში მას გასავალი არ ჰქონდა, რის გამოც ყურძნის დაწურვის შემდეგ ჭაჭა გამოუყენებელი რჩებოდაო. სწორედ ამიტომ იაკობ ზუბალაშვილმა ქუთაისის ახლოს გახსნა (1835 წ.) პირველი არყის გამოსახდელი ქარხანა, რომელიც ყიდულობდა გადასაყრელ ჭაჭას და წელიწადში 7 200 ვედრო არაყს ხდიდა. რა გასაკვირია, რომ მალე იმერეთში გლეხობამ თვითონ დაიწყო არყის გამოხდა.

გამოსაფხიზლებელი გარედან

საქართველოში, სადაც ღვინის სმა არა მხოლოდ დროსტარების, არამედ, ხშირ შემთხვევაში, რიტუალის ნაწილია და, შესაბამისად, ლამის ყველა ზრდასრული მამაკაცი სვამს, გამოსაფხიზლებლებს დიდი დატვირთვით უნდა ემუშავათ. ცხოვრების წესს უნდა დავუმატოთ ხელისუფლების მიერ პერიოდულად წამოწყებული ანტიალკოჰოლური და მავნე ტრადიციებთან ბრძოლის კამპანიები, რომლის დროსაც საბჭოთა მილიცია პირდაპირ ნადირობდა ნასვამ მოქალაქეებზე: აკავებდა მათ და გამოსაფხიზლებლებში გადაჰყავდა.

არქიტექტორი ლევან კალანდარიშვილი იხსენებს ამბავს, რომელიც მამამისს გადახდა თბილისში.

ლევან კალანდარიშვილი

„ერთხელ მამაჩემი მხოლოდ იმის გამო წაიყვანეს მილიციაში, რომ ხმამაღლა მღეროდა. უპირებდნენ გამოსაფხიზლებელში გადაყვანას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ბოლომდე არ გაწირეს, მხატვართა საზოგადოება ჩაერია“, - ამბობს ლევან კალანდარიშვილი, რომელიც 1982-1983 წლებში იმ სახელოსნოში მუშაობდა, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურის პროექტს აკეთებდა და, შესაბამისად, ხშირად უხდებოდა იმ უბანში ყოფნა, სადაც თბილისის ცნობილი გამოსაფხიზლებელი მდებარეობდა:

„მახსოვს, დირექტორს ჰქონდა უჩვეულოდ წვრილი ხმა. დილაობით კონტრაბანდული ვარდისფერი შამპანურის სმა უყვარდა, იქვე იყიდებოდა კუთხის სასურსათო მაღაზიაში. გამოსაფხიზლებელი მდებარეობდა ფიროსმანის კუთხეში, ფასადით შენობა ფოცხვერაშვილის ქუჩაზე გამოდიოდა, მაღაზია გოგოლის და ფოცხვერაშვილის კუთხეში იყო, ახლა ნანგრევიც აღარაა შემორჩენილი... ყვირილიც კი ისმოდა... როგორც ამბობდნენ, იყენებდნენ არაადამიანურ მეთოდს ცივი წყლის სახით. მახსოვს ასეთი პლაკატი და ლოზუნგი იყო „ПЬЯНСТВУ БОЙ“. ამ ბრძოლის ნაწილი იყო სამსახურში წერილის გაგზავნა და ამხანაგური სასამართლოს გამართვა“.

,ბრძოლა ლოთობას" - საბჭოთა პლაკატი

80 წლის ეკონომისტი ბაგრატ ვახტანგაძე პირადად დასწრებია ამგვარ ამხანაგურ სასამართლოს, რომელიც გამოსაფხიზლებელში მოხვედრილი თანამშრომლების საკითხს განიხილავდა.

„70-იან წლებში შემოიღეს: თუ ფეხი ერეოდა ქუჩაში მიმავალ კაცს, სტაცებდნენ ხელს და წაიყვანდნენ გამოსაფხიზლებელში. მთელი ღამე ამყოფებდნენ, გამოაფხიზლებდნენ, მაგრამ მერე სამსახურს შეატყობინებდნენ წერილობით, რომ ამ დაწესებულებაში მოხვდა. სამსახურში იკრიბებოდა ე.წ. ამხანაგური სასამართლო, რომელიც მსჯელობდა დისციპლინურ სასჯელზე. ამხანაგური სასამართლო შედგებოდა ადმინისტრაციისა და სხვა მოწინავე თანამშომლებისგან. თუ რამდენჯერმე მოხვდებოდი გამოსაფხიზლებელში, სამსახურიდან გაგადებდნენ. დაახლოებით ამ პერიოდში ჩემი რამდენიმე თანამშრომელი მოხვდა გამოსაფხიზლებელში, საიდანაც მივიღეთ წერილი, რომელიც განიხილა ამხანაგურმა სასამართლომ. მაშინ საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ალჟირელი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის და ეკონომიკური დახმარების სახით საბჭოთა მთავრობას არლჟირიდან შემოტანილი ჰქონდა დიდი რაოდენობით ალჟირული ღვინო ეტიკეტით „ალჟირი“. სასამართლოს კითხვაზე, რა მოხდა, ერთმა თანამშრომელმა უპასუხა: „ალჟირი“ დავლიეთ და როგორი არეულობაც ალჟირშია, ისე ავირიეთ ჩვენცო“.

გამოსაფხიზლებელი მოსკოვში

საბჭოთა გამოსაფხიზლებელში ნამყოფია მწერალი ბესო სოლომანაშვილი:

„მილიციისა და სასწრაფოს მისაღების ერთგვარი მიქსი იყო. ერთხელ ჩემი მეგობარი გამოვიყვანე კიევში, ერთხელ მე დამიხსნეს ლენინგრადში. მორიგის კეთილგანწყობით ხდებოდა მოვლა მიყვანილების, ზოგი სპეციალურად „ბუინობდა“ ან შუა ქუჩაში წვებოდა, გამოსაფხიზლებელში რომ გაეთენებინა. საბჭოთა კაფელით მოპირკეთებული ოთახები იყო, ჩვეულებრივი საბჭოთა საავადმყოფოს სანიტარული ოთახები, რამდენიმე ტაპჩანით. მეტისმეტად აგრესიულებს ცივი წყლის ჭავლით აფხიზლებდნენ“.

სმასთან ბრძოლის ავანგარდში

საბჭოთა მილიციისა და გამოსაფხიზლებლების „ჰარმონიული“ მუშაობა კარგად ახსოვს არქიტექტორ ალექსანდრე სარალიძესაც, რომლის თქმით, ეს დაწესებულებები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდნენ ე. წ. ანტიალკოჰოლური კამპანიების დროს - 1971 წელს, ბრეჟნევის ხანაში, და 1985 წელს, გორბაჩოვის დროს.

1985 წელს, ანტიალკოჰოლური კამპანიის ფარგლებში, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მიიღო დადგენილება „ლოთობასთან ბრძოლის გაძლიერების თაობაზე“, რომლითაც განისაზღვრა გამოსაფხიზლებლების მუშაობის სამართლებრივი საფუძველი. ალკოჰოლურ თრობაში ეჭვმიტანილები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს უნდა გადაეყვანათ გამოსაფხიზლებლებში და ფერშალს უნდა გაესინჯა. საშუალო თრობის დადგენის შემთხვევაში, პირი იძულებული იყო გამოფხიზლებამდე დარჩენილიყო გამოსაფხიზლებელში, ხოლო ისინი, ვინც მძიმე ალკოჰოლური თრობის ან ალკოჰოლური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სამედიცინო დაწესებულებაში (საავადმყოფოში) უნდა გადაეყვანათ.

ალექსანდრე სარალიძე

ალექსანდრე სარალიძე და მისი ძმა გამოსაფხიზლებელში 1989 წელს მოხვდნენ, როცა ღამის 2 საათზე ქორწილიდან წამოსულები ტაქსის გაჩერებას ცდილობდნენ.

„ორთაჭალაში, ჩვენი ჭკუით, ტაქსის ვიჭერდით. ჩემმა ძმამ ადვოკატი მოითხოვა, რის გამოც ლოგინზე დააბეს. მე სტუდენტი ვიყავი, ძმა - "ახალგაზრდა სპეციალისტი". ცივი წყლის აბაზანები და შლანგიდან წყლის მიშვება არ ყოფილა. წერილი დაგვაწიეს: მე დეკანატში, ჩემ ძმას - სამსახურში“.

თბილისში სხვადასხვა დროს ორი გამოსაფხიზლებელი მუშაობდა: სადგურთან, ფიროსმანის ქუჩაზე და ორთაჭალაში, ციხესთან (ე.წ. „რესბალნიცის“ მახლობლად). ჟურნალისტ უშანგ რუხაძეს ირიბი შეხება ჰქონდა ორივე გამოსაფხიზლებელთან:

„ერთხელ ბიძაჩემი აიყვანეს. თითქმის მისული იყო სახლთან, წინამძღვრიშვილის 89-ში ცხოვრობდა. ეს არის ზუსტად "კლარა ცეტკინის" და შეროზიას - ახლა ზურაბ ჭავჭავაძის - ქუჩის კვეთაზე არკიანი ეზო, და ზუსტად გზაჯვარედინზე გაუჩერეს. ბიძაჩემმა, აგერ მოვედი უკვეო. ბოდიში, ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვსო და წაიყვანეს ფიროსმანზე, თასმები და ქამარი მოხსნეს და მოუწია ღამის გათენება ვაგზლის ბომჟებთან ერთად. ეს ხდებოდა სადღაც 1994-95 წლებში. მეორე ისტორია: მამაჩემი 1997 წელს აიყვანეს სადგურში თავის ძმაკაცთან ერთად, რომელიც აფხაზეთში ნაბრძოლი იყო. წაიყვანეს ორთაჭალაში - ეტყობა, ფიროსმანზე უკვე დაკეტილი იყო - და იქ მოუწიათ ყოფნა. მერე ძმაკაცმა ომის მონაწილის „ქსივა“ გააძრო და ორივე გამოუშვეს. რომ გამოვიდნენ, ირაკლი მეძმარიაშვილთან ავიდნენ გამგეობაში, რომელიც იმ დროს კრწანისის რაიონის გამგებელი იყო, ადრე ერთად მუშაობდნენ "კავგიპროტრანსში". უთხრეს, ეს რა ხდება, ირაკლიო, რატომ არ გვაცლით დალევასო და, მე რა ვქნაო, უპასუხა ირაკლიმ, უძლური ვარო, ბიძაჩემიც ჰყავდათ გამოსაფხიზლებელშიო, უპასუხა“.

ალეკო ცქიტიშვილი

90-იანი წლების მეორე ნახევარში ორთაჭალაში მდებარე გამოსაფხიზლებლის შესახებ გაზეთ „რეზონანსისთვის“ რეპორტაჟი აქვს დაწერილი მწერალ ალეკო ცქიტიშვილს.

„ციხეებთან მდებარეობდა და იმიჯითაც ციხეებთან და დასჯასთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე სარეაბილიტაციო დაწესებულებასთან. მკაფიოდ მახსოვს „პახმელიაზე“ მყოფი მოქალაქეების სახეები. 3-4 ადამიანი დამხვდა, ძირითადად მაწანწალები. შენობაც უბადრუკად გამოიყურებოდა. სიცივე იყო, არ თბებოდა, დენი არ იყო... კარი, ფანჯრები - ყველაფერი უბადრუკ და ნახევრად დანგრეულის შთაბეჭდილებას ტოვებდა“.

ცივი შხაპი - მითი თუ სინამდვილე?

ექიმი დავით ღოღობერიძე შიგნიდან იცნობს საბჭოთა გამოსაფხიზლებლების სისტემას. როგორც ამბობს, ინსტიტუტში სწავლის დროს, რამდენიმე თანაკურსელთან ერთად, დასჯის მიზნით (არ ხართ საზოგადოებრივად დატვირთულიო) განაწესეს ერთ-ერთ გამოსაფხიზლებელში.

დავით ღოღობერიძე

„მიუხედავად კომიკური სიტუაციებისა, იყო ანტიადამიანური დაწესებულება, - ამბობს დავით ღოღობერიძე, - უაზის მარკის ძველი სასწრაფოები ჰყავდათ. გვერდებზე სკამები ეკავათ თანამშრომლებს, მთვრალებს ყრიდნენ პირდაპირ ავტომობილის იატაკზე, რკინაზე. განყოფილებაში გადაჰყავდათ, ვისაც გადაადგილება აღარ შეეძლო ან დაარღვევდა წესრიგს. მორიგე პერსონალთან ერთად უნდა ყოფილიყო ექიმი, რომელიც მოყვანილის შემოწმებისას ადასტურებდა მის ჯანმრთელობას. ტრავმის ან ჭრილობის შემთხვევაში, უნდა გამოეძახათ სასწრაფო. შემდეგ ხდიდნენ, ძირითადად ძალით. ტანსაცმელი იჩხრიკებოდა და დგებოდა აქტი ამოღებული ნივთების ან თანხის აღწერით. ჩხრეკას მოწმის სტატუსით ადასტურებდა იგივე ექიმი, რაც კანონსაწინააღმდეგო იყო - ქუჩიდან უნდა შემოეყვანათ უცხო პირები. ითვისებდნენ თანხებს და ნივთებს. გამოფხიზლებული ვერაფერს ვერ ამტკიცებდა დილით. იყო ცივი შხაპიც და რკინის საწოლებიც. დაუმორჩილებლებს, ნაცემს და ზეწრებით შეკრულს, პირდაპირ ცივ იატაკზე აგდებდნენ. ცუდად ვინც იქცეოდა, ტუალეტში არ გაჰყავდათ და იწვა დილამდე თავის მოსაქმებულში. ჩვენ ხელი არ მოვუწერეთ არც ერთ ჩხრეკაზე, ნაცემებს სასწრაფო გამოვუძახეთ, ვიღაცას სიგარეტი მოვაწევინეთ. ორი მორიგეობის შემდეგ მისწერეს რაიკომს, ეს ექიმები ხელს გვიშლიანო“.

როგორც ჩანს, განსაკუთრებული სისასტიკე იყო საბჭოთა რუსეთის გამოსაფხიზლებლებში.

ავტობუსის გაჩერება სანქტ-პეტერბურგში

გიორგი ნანობაშვილი 1978 წელს პირველად და უკანასკნელად ესტუმრა ვოლგოგრადს, სადაც ცურვის საკავშირო ტურნირში საქართველოს გუნდი მონაწილეობდა. სწორედ ვოლგოგრადში დარწმუნდა იმაში, რომ გამოსაფხიზლებელი ბევრი საბჭოთა მოქალაქისათვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო.

მოსკოვი. 2008 წ.

„საღამოს ვახშმის მერე ერთად მივდიოდით ხოლმე სასტუმროში. ქუჩაში მიმოფანტული ამდენი მთვრალი ადამიანი იქამდე არც ერთ სხვა დიდ რუსულ ქალაქში არ მინახავს (მოსკოვი, მაშინდელი ლენინგრადი, ნოვგოროდი), - იხსენებს გიორგი ნანობაშვილი, - ცოტა მოგვიანებით ჩამოივლიდა მილიციის მანქანა, უაზისკის რომ იყო ფანჯრების გარეშე, და როგორც შტაბელებს, ისე ყრიდნენ ამ მთვრალებს მანქანაში. ერთხელ მომიხდა და ასეთ ღია მანქანაში შევიხედე. ეს მთვრალები, როგორც თევზები ისე ეყარნენ ერთმანეთზე. სასტუმროში რომ მივედი და მორიგეს მოვუყევი ნახევრად ხუმრობით ამის შესახებ, მიპასუხა: "ახლა კი თბილა, მაგრამ ზამთარში აქ მაგარი სიცივეები იცის და ეს კანარეიკა ერთადერთი ხსნაა ამ საცოდავებისთვისო“.

დამაწყნარებელი სავარძელი - კი, შხაპი - არა!

75 წლის თადარიგის მაიორი ჯუზა დევდარიანი 1980-1984 წლებში რუსთავის გამოსაფხიზლებლის უფროსად მუშაობდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ის კატეგორიულად უარყოფს გამოსაფხიზლებლებში ცივი შხაპის გამოყენების ფაქტს.

„არავითარ შემთხვევაში! ეს არის მითი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან. ნასვამი ადამიანისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცივი შხაპის მიღება, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევათა 80 %-ში შეიძლება სიკვდილი დადგეს. ეს ყველამ იცის და ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. ეს არის მითი, ვითომ ასე ხდებოდა, სინამდვილეში ასე არ ყოფილა“.

ჯუზა დევდარიანი

ჯუზა დევდარიანის თქმით, გამოსაფხიზლებელს, რომელიც მდებარეობდა მილიციის განყოფილების შენობის მახლობლად, მკაცრად განსაზღვრული საშტატო განაწესი ჰქონდა: გამოსაფხიზლებლის უფროსი, პროფილაქტიკის ინსპექტორი, მორიგე ოფიცრები, მედდები, სანიტრები და მილიციელები, რომლებიც „აწარმოებდნენ შემოვლას“ ქალაქში ნასვამი მოქალაქეების გამოსავლენად.

მილიციის მაიორი ჯუზა დევდარიანი, XX ს 80-იანი წლები

„გვქონდა რამდენიმე პალატა. თითო პალატაში თავსდებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 3 პირი, რომელთა მდგომარეობას ამოწმებდა მედდა, რომ ცუდად არ გამხდარიყვნენ ან ლეტალური შემთხვევა არ დამდგარიყო. გამოფხიზლების შემდეგ ჯარიმდებოდა მილიციის უფროსისგან 3-დან 10 მანეთამდე თანხით იმისათვის, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე გამოჩნდა ნასვამი. კანონით ამ დარღვევაზე ჯარიმა იყო გათვალისწინებული. დაჯარიმების შემდეგ ვუშვებდით სახლში. ეს ხდებოდა პალატებში მოთავსებიდან 6-8 საათში, მაგრამ იყვნენ ნასვამები, რომლებიც ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და მათი დაწყნარება სიტყვებით, საუბრით ვერ ხერხდებოდა... მინახავს სიგიჟის მსგავსი ქცევა. ასეთებიც იყვნენ ხოლმე. მათთვის გვქონდა კანონით გათვალისწინებული დამაწყნარებელი სავარძელი, რომელიც აღჭურვილი იყო უკან მკლავების ჩასადები და ფეხების დასამაგრებელი ადგილებით, რომ რამე არ დაეზიანებინათ. ხდებოდა მათი დაბმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - ამბობს ჯუზა დევდარიანი, რომლის თქმითაც, ასევე სავალდებულო იყო გამოსაფხიზლებელში მოთავსების ფაქტის შეტყობინება იმ დაწესებულებისთვის, სადაც სწავლობდა ან მუშაობდა ალკოჰოლისგან ძლეული პირი.

საკავშირო გამოსაფხიზლებლის განუხორციელებელი პროექტი. იყო სხვა პროექტებიც

ჯუზა დევდარიანი ამბობს, რომ კარგად ესმის საბჭოთა გამოსაფხიზლებლების შეუთავსებლობისა ადამიანის უფლებებთან, თუმცა იმასაც ამბობს, რომ, ხშირ შემთხვევაში, გამოსაფხიზლებლები ახდენდნენ ძალადობისა და დანაშაულის მნიშვნელოვან პრევენციას.

რუსუდან გოცირიძე

საბჭოთა ტიპის გამოსაფხიზლებლების საშინელებების („ცივი შხაპი“ და ა.შ.) შესახებ სმენია რუსუდან გოცირიძესაც, თუმცა საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს მიაჩნია, რომ საჭიროა არსებობდეს რამე სამსახური, რომელიც მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მქონე ადამიანებს დაეხმარებოდა.

ბოთლის ფორმის მქონე საკავშირო გამოსაფხიზლებლის პროექტი

„არ ვიცი, რამდენად სამაგალითო დაწესებულება იყო გამოსაფხიზლებელი, მაგრამ მე რამდენიმე თვის წინ შევესწარი სიტუაციას, როცა ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შემთხვევა იყო და ადამიანს ვერ ამშვიდებდა ვერც ოჯახი, ვერც უბანი, ბოლოს ვერც გამოძახებული პოლიცია (რომელიც მის წასაყვანად ნამდვილად არ იყო მოწადინებული თავიდან). უბრალოდ, ვერ წყნარდებოდა. საპატრულოს, რა თქმა უნდა, მოჰყვა სასწრაფოც, მაგრამ ისინი უბრალოდ დამკვირვებლები იყვნენ. არავის ჰქონდა არანაირი სტრატეგია, რომ ეს ახალგაზრდა კაცი რამენაირად დაემშვიდებინათ. ერთადერთი გამოსავალი ის ნახეს, რომ ჩასვეს მანქანაში და ერთი ღამით გადაიყვანეს განყოფილებაში და მერე დიდი ჯარიმა გამოუწერეს“, - ამბობს რუსუდან გოცირიძე.

საბჭოთა კავშირის მესვეურებიც ერთი ხანობა დიდ იმედებს ამყარებდნენ გამოსაფხიზლებლების ქსელის გამართულ მუშაობაზე, რაზეც მეტყველებს კიდეც არაერთი გრანდიოზული პროექტი საკავშირო, ცენტრალური გამოსაფხიზლებლის შენობისა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდა... განხორციელდა კი არა, რაც იყო, ისიც დაიშალა საბჭოთა კავშირის კვალად.