საქართველოში სულ 7552 უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელთაგან მეოთხედი თბილისშია თავმოყრილი. ძველი უბნების და ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციისას ხშირად ჩნდება კითხვები, რამდენად სწორად ხდება მათი აღდგენა და შეკეთება, უნარჩუნდება თუ არა იერსახე მნიშვნელოვან შენობებს და ხომ არ ვკარგავთ მშებებლობის პარალელურად ისეთ მნიშვნელოვან რამეს, რასაც ვეღარ დავიბრუნებთ.
რამდენიმე ფაქტი ზოგადი სურათისთვის
თბილისის ისტორიული ზონა მთელი ქალაქის ტერიტორიის მხოლოდ 4%-ს შეადგენს, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1768 ობიექტს აქვს.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას თბილისში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ, თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.
- დაფუძნების დღიდან, ჯამში, თბილისის განვითარების ფონდმა საკუთარი დამფუძნებლისგან 370,278,546 ლარი მიიღო და განკარგა; ფონდის მსხვილ პროექტებს შორის არის აღმაშენებლის გამზირის, კალაუბნის, ღვინის აღმართის, გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების რეაბილიტაცია, ისტორიული სადარბაზოების მოვლა, მუზეუმების აღდგენა.
- ფონდის აპარატისთვის გასული 3 წლის განმავლობაში, 2015-2018 წლებში 10,827,774 ლარი გამოიყო. აქედან 6,880,922 ლარი თანამშრომლების ხელფასებზე დაიხარჯა.
- თბილისის განვითარების ფონდის მთლიანი შესყიდვების 75% გამარტივებული შესყიდვის საშუალებით არის განხორციელებული; შესყიდვების ეს ფორმა კორუფციის მაღალ რისკს შეიცავს.
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ფონდის აუდიტი დაფუძნების დღიდან ამ დრომდე არ ჩაუტარებია.
- ფონდმა მისთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის მხოლოდ 2018 წელს სულ მცირე, 10 000 ლარი დახარჯა.
თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და თბილისის ჰამქარმა შეისწავლეს. მათ მიერ მომზადებულ კვლევაში ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ძირითადი ამოცანა ისტორიულ-კულტურული მემცკდორების შენარჩუნება და აღდგენაა, საკმაოდ გაუმჭვირვალე და არაანგარიშვალდებული ორგანიზაციაა, რომლის პროექტებიც ხშირად არაკომპეტენტურად ხორციელდება.
ძვირადღირებული პროექტები, რომლებიც არ ეხება კულტურულ მემკვიდრეობის დაცვას
2015 წელს ფონდმა თითქმის ორი მილიონი დახარჯა ეკლესიების მშენებლობებსა და სარემონტო სამუშაოებში.
მიმდინარე ძვირადღირებული პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეეხება
თბილისის განვითარების ფონდის ერთ-ერთი მსხვილი პროექტი ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციაა, რომლის ბიუჯეტადაც 65 მილიონი ლარია განსაზღვრული.
მიმდინარე სამუშაოების მიმართ არსებობს შემდეგი შენიშვნები, რომელსაც ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშში ვხვდებით.
- რესტავრაცია-რეაბილიტაციისთვის შერჩეული 24 ობიექტიდან სრულად განადგურდა 8 შენობა; დიდი ნაწილი მონგრეული აქვს 4 ობიექტს;
- ნაწილობრივ ან/და სრულად დანგრეულ შენობათა შორის რამდენიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონეა;
- იმ შენობებზე, რომლებიც ნგრევას გადაურჩა რეაბილიტაციის სამუშაო უხარისხოდ, მნიშვნელოვანი დანაკარგებითა და დარღვევებით მიმდინარეობს;
- რეაბილიტაციაში ჩართული ადამიანების უმეტესობა არ არის არქიტექტორ-რესტავრატორი, არ იზიარებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრინციპებსა და საერთაშორისოდ აღიარებულ სარესტავრაციო მეთოდოლოგიას. შესაბამისად, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ნაწილი მათი მხრიდან აღქმულია, როგორც დიდი სამშენებლო პოლიგონი რკინა-ბეტონის ახალი შენობებისთვის;
Your browser doesn’t support HTML5
- ორბელიანის მოედანზე, როგორც საიასთვის გახდა ცნობილი, გამოვლინდა არქეოლოგიური ფენები, რაც ფრთხილად გახსნას, შესწავლასა და დაფიქსირებას საჭიროებდა. სამუშაოს გაჭიანურების საშიშროების გამო, ფონდმა დამალა ეს ინფორმაცია. შედეგად, თბილისის ამ უძველეს უბანში შეუქცევადად განადგურდა, დაიკარგა ძვირფასი და მნიშვნელოვანი არტეფაქტები და ისტორიული ფენები.
ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ უყურადღებოდ არის მიტოვებული გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე რეაბილიტაციისას ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტებიც, სადაც მიმდინარე სამუშაოებზე არქეოლოგის ზედამხედველობა აღარ ხორციელდება, არავინ ადევნებს თვალყურს მიწის სამუშაოებს.
მოძიებული არტეფაქტები უსისტემოდ, ფოტოფიქსაციისა და აღრიცხვის გარეშეა დასაწყობებული ერთ-ერთ შენობაში. ანგარიშის თანახმად, დღემდე არ არსებობს წერილობითი დასკვნა გუდიაშვილის მოედანზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ფენების შესახებ, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა წარმოედგინა.
რადიო თავისუფლება შეეცადა ანგარიშში დასმულ პრობლემურ საკითხებზე პასუხები მიეღო თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელისგან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის თბილისში არ იმყოფება. თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი კი თვლის, რომ შენიშვნები გამჭვირვალობის ნაკლებობასთან, უხარისხოდ ჩატარებულ სამუშაოებთან და ფულის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
Your browser doesn’t support HTML5