გამოკითხვები პროკურატურაში - რას ეკითხებიან დაშავებულებს? 

20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულებს პროკურატურა გამოკითხვაზე იბარებს. გამოძიების მიზანი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების დადგენაა. გამოკითხულები ამბობენ, რომ მათ ასევე ეკითხებიან აქციის ორგანიზატორების, გამომსვლელების, შტურმისკენ მოწოდების შესახებ.

პროკურატურამ გამოკითხა აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები. როგორც OC MEDIA-ს კორესპონდენტი მარი ნიკურაძე ამბობს, მასთან საუბარში პროკურატურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმართავენ სასამართლოს, რათა მის მიერ გადაღებული ფოტო/ვიდეომასალაც გამოითხოვონ. მარი ნიკურაძეს აქციის გადაღებისას ქვა და რეზინის ტყვია მოხვდა.

მარი ნიკურაძე

„[გამომძიებელმა ზაზა შანშიაშვილმა] თავიდან მკითხა, შეეშალათ თუ არა ხელი ჟურნალისტებს მუშაობაში. ვუთხარი, რომ [ტყვია] არ დაუმიზნებიათ, თუმცა მაინც მომხვდა. მერე ეს კაცი თითქოსდა ცდილობდა ეთქმევინებია, რომ სპეცრაზმი მხოლოდ იმათ ესროდა, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა, მაგრამ მე საბოლოდ მაინც დავწერე, რომ ყველას ესროდნენ. მეკითხებოდნენ, თუ მოწოდებები არ იყო, ჩხუბი რატომ მოხდაო და ასე შემდეგ. აინტერესებდათ, ვინმე თუ ვიცანი სპეცრაზმელებსა და პოლიციელებს შორის; ცნობილი პირებიდან, მაგალითად ვაშაძე, უგულავა, ვინმე თუ მოუწოდებდა პარლამენტის შტურმით ასაღებად.“

პროკურატურას ჩვენება მისცეს რადიო თავისუფლების ოპერატორებმაც, რომლებსაცაქციის ღამეს რეზინის ტყვიები მოხვდათ.

გიორგი ჭუმბურიძე

„დამიბარეს, გამოძიება მიდის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების თაობაზეო. გამომძიებელი ალექსანდრე ჯიბლაძე იყო. წვრილმანებში მომაყოლეს, რა მოხდა იმ დღეს, სად ვიყავი, როდის მივედი. გავიგე თუ არა შტურმის შესახებ მოწოდებები ოპოზიციის ლიდერების მხრიდან და ასე შემდეგ“... - ამბობს „ქარენთ თაიმის“ ოპერატორი გიორგი ჭუმბურიძე.

ON.GE-ს რეაქტორი გელა ბოჩიკაშვილი, რომელსაც ასევე რეზინის ტყვია მოხვდა, ამბობს რომ გამოკითხვაზე შაბლონური კითხვები ჰქონდათ და ინფორმაციას აგროვებდნენ როგორც პოლიციელების მხრიდან უფლებაგადამეტების თაობაზე, ასევე ნიკა მელიას საქმეზეც.

„მკითხეს, ვინ გამოდიოდა და რას მოუწოდებდა, მაგრამ ვუთხარი, რომ ჩემი მთავარი მიზანი იყო გამეშუქებინა აქციის სხვა მხარე, ის რაც პირდაპირ ეთერში არ ჩანდა, ამიტომ არ მახსოვდა ვინ გამოდიოდა“, - ამბობს გელა ბოჩიკაშვილი.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურაში იბარებენ აქციის მონაწილეებსაც და მათ ისეთი ინფორმაციის გათქმას თხოვენ, რაც პოტენციურად ა შესაძლებელია მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ედუარდ მარიკაშვილი აქციის ერთ-ერთი მონაწილის ადვოკატი იყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმეზე მუშაობისას დეტალურად გაეცნო დაკითხვის პროცესს.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ცდილობს შეაგროვოს ინფორმაცია სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც. არ არის გამორიცხული, რომ ეს ჩვენებები შემდეგ იმავე მონაწილეების წინააღმდეგ შემობრუნდეს. 225-ე მუხლით დაწყებული გამოძიება გულისხმობს ჯგუფური ძალადობრივი ქმედების ორგანიზებას და მასში მონაწილეობას. თუ ორგანიზატორები გამოიკვეთებიან, დიდი ალბათობით მონაწილეებიც უნდა გამოიკვეთონ. შესაძლებელია გარკვეულ პირებს, რომლებიც აქციაში მონაწილეობდნენ მიენიჭოთ სტატუსი, თითქოს ისინი მონაწილეობდნენ ძალადობაშიც“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხვა არის ნებაყოფილობითი და არავინაა ვალდებული პროკუარტურას ინფორმაცია მისცეს. ასევე შეუძლიათ მოითხოვონ სასამართლოს წინაშე მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაც.

„თუ პროკურატურა სასამართლოში დაიბარებს ვინმეს, ის უკვე ვალდებული იქნება ჩვენება მისცეს. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემთხვევაში უფრო მეტად არის გარანტია, რომ ინფორმაციას მის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ. ასევე, პირს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ“, - ამბობს მარიკაშვილი.

პროკურატურამ მედია ორგანიზაციების ნაწილს გადაუგზავნა სასამართლოს განჩინება, რის საფუძველზეც ითხოვს როგორც დამონტაჟებულ, ასევე დაუმონტაჟებელ ფოტო, ვიდეო და აუდიომასალას. განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ გაეგზავნა „რადიო თავისუფლებას“, „TV პირველმას“, „რუსთავი 2“-ს, „იმედს“, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „მაესტროს“, „პალიტრა TV-ს“, „კავკასიას“.