გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი? როდის უნდა აღვნიშნოთ

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავს.

საქართველოში გამარჯვების დღის თარიღის გადატანის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და დღემდე კამათის საგანია.

რატომ 9 და არა 8 მაისი? ცვლის თუ არა რამეს ერთი დღე კალენდარში? რატომ არის კრემლისთვის 9 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი? და ბოლოს, რა არის, რას ემსახურება და რისთვის იყენებს რუსეთი “უკვდავი პოლკის” იდეას?

დავიწყოთ დასასრულით

1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელ, აგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. ომი დამთავრდა.

დოკუმენტი, რომელიც ბერლინის კაპიტულაციას იუწყებოდა ხუთი პუნქტისგან შედგება. მასში წერია, რომ გერმანია მოკავშირეთა ძალებსა და სამხედრო სარდლობას ნებდებოდა. მეორე პუნქტში კი ვკითხულობთ:

“გერმანიის სარდლობა დაუყოვნებლივ მისცემს ბრძანებას ყველა გერმანელ სამხედროს, საზღვაო და საჰაერო მმართველობასა და გერმანიის კონტროლ ქვეშ არსებულ ძალებს, რომ შეწყვიტონ აქტიური ოპერაციები ცენტრალური ევროპის დროით 23:01 საათზე, 8 მაისს და რომ დარჩნენ იმ დროისთვის დაკავებულ პოზიციებზე”.

ეს ერთადერთი კაპიტულაციის აქტი არ არის, რომელიც გაფორმდა. სტალინის მოთხოვნით, იდენტური შინაარსის კაპიტულაციას ხელმეორედ მოეწერა ხელი 8 მაისს ღამით ქალაქ ბერლინში საბჭოელთა შტაბბინაში. ამჯერად ხელშეკრულებას გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა ფელდმარშალი კაიტელი (ფელდმარშალი გენერლის უმაღლესი რანგი იყო), საბჭოთა კავშირის მხრიდან კი - მარშალი ჟუკოვი. სტალინის მოთხოვნით ხელმოწერილი დოკუმენტი ყველა მხარემ სცნო და აღიარა.

გერმანული ძალების სამხედრო აქტივობა 8 მაისს, საღამოს 23:01 წუთზე ოფიციალურად შეწყდა. ამ დროს კი მოსკოვში, ისევე როგორც საბჭოთა რესპუბლიკებში 9 მაისის, 01:01 საათი იდგა.

9 მაისს გამთენიისას რადიომ გადმოსცა თბილისშიც, რომ ომი დამთავრდა.

“ჯერ კიდევ 7 მაისს უცხოეთის რადიო გადაცემიდან გაგებული გვქონდა, რომ გერმანიამ უსიტყვო კაპიტულაციაზე ხელი მოაწერა”, - ესაა ამონარიდი მწერლისა და პუბლიცისტის, სერგო კლდიაშვილის ჩანაწერებიდან, რომელიც ლიტერატურის მუზეუმში ინახება.

“მთელი რვა მაისი მოლოდინში გავატარეთ, რომ საინფორმაციო ბიურო ამ ცნობას გამოაქვეყნებდა. ხმა გავრცელდა ქალაქში, რომ დღის 1 საათზე გამოცხადდებოდა. ნაშუადღევის პირველმა განვლო. არაფერი ისმის. შემდეგ ველოდით დღის 4 საათზე. ნერვები საშინლად დაჭიმულია. არც ოთხ საათზე ისმის რა. ღამით უცხოეთის რადიო ისევ ლაპარაკობს გერმანიის კაპიტულაციაზე. ჩერჩილმა სიტყვა წარმოსთქვა და ხალხს გამარჯვება მოულოცა. ღამის 21/2 საათამდე ვუცადე ცნობას. დაღლილმა ვეღარ გავძელ და დავწექი. ნახევარი საათის შემდეგ შალვა აფხაიძემ ტელეფონით დამირეკა და გამაგებინა, რომ რადიომ ეხლახან გადმოსცა ომის დასრულების ამბავი. მოსვენებისა და ძილის თავი აღარაა”, - წერდა ის.

ვინ და რატომ ითხოვს დღეს საქართველოში ნაციზმზე გამარჯვების თარიღის გადატანას?

ბოლო წლებში, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ისევ გამოდის ინიციატივით, რომ სჯობს საქართველომ ნაციზმზე გამარჯვება აღნიშნოს იმ დროს როცა ამას აღნიშნავს, პარიზი, ლონდონი, ბერლინი, ვილნიუსი ან სხვა ქალაქები.

მედიის განვითარების ფონდმა წამოიწყო კამპანია #ევროპასთანერთად. ახალი კამპანიის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს კრემლის მხრიდან მეორე მსოფლიო ომის ისტორიით მანიპულირების მუდმივი მცდელობა შეახსენოს და ნაციზმზე გამარჯვების დღის ევროპის ქვეყნებთან ერთად, 8 მაისს, აღნიშვნისკენ მოუწოდოს.

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი სოფო გელავა რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ კამპანიის ფარგლებში არც ერთი ისტორიული ფაქტი არ დგება ეჭვქვეშ, თუმცა ნაციზმზე გამარჯვების წლისთავის გადატანის მოთხოვნას თავისი არგუმენტი აქვს.

“კაპიტულაციის მეორე აქტი ყველა მხარემ სცნო და აღიარა. ბერლინის დროით მაშინ იყო 8 მაისი და მოსკოვის დროით უკვე 9 მაისი თენდებოდა. ჩვენ ამ კუთხით ლეგიტიმაციაზე არ ვსაუბრობთ. რომელი ქვეყნის დროით აღვნიშნავთ, ესეც ჩვენი არჩევანია. ვისთან ერთად გვინდა აღვნიშნოთ, ამაში ქვეყნის პოლიტიკური ნება ჩანს.

ვისთან ერთად გვინდა აღვნიშნოთ, ეს თარიღი, ამაში ქვეყნის პოლიტიკური ნება ჩანს. 


ჩვენი კამპანიის სლოგანი არის “ევროპასთან ერთად”, ანუ, არა ის, რომ ისტორიულად ეს ასე არ ყოფილა ან არ არის საბჭოთა კავშირის როლი მნიშვნელოვანი ამ გამარჯვებაში, უბრალოდ გვინდა, რომ დასავლეთ ევროპასთან ერთად აღვნიშნოთ ეს დღე. მითუმეტეს როცა რუსეთში 9 მაისის აღნიშვნა დაცლილია იმ შინაარსისგან, რაც უნდა ახლდეს ამ დღეს და პოლიტიკურ ინსტრუმენტად არის ქცეული”,- ამბობს სოფო გელავა.

ისტორიკოსი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი დავით ჯიშკარიანი კი ფიქრობს, რომ თარიღი ისე უნდა დარჩეს როგორც არის, რადგან ის ომის ვეტერანების პირადი ისტორიის ნაწილია.

“ჩვენი თაობისთვის მნიშვნელობა არ აქვს 8-ში იზეიმეს გამარჯვება თუ 9-ში. ჩვენ ეს თარიღი არ გვახსოვს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ შემთხვევაში ჩვენ წინაპრებს, ვინც 9 მაისს აღნიშნავდნენ მთელი ცხოვრება. ეს მათთვის არის მნიშვნელოვანი, მათი ცხოვრების ტრავმა თუ მიღწევაა”, - ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის განმავლობაში ამ თარიღის აღნიშვნა მაინც არ არის გავლენებისგან დაცლილი და რომ თარიღის ცვლილებაზე მეტად ესაა საყურადღებო. “საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი მეხსიერების პოლიტიკის წარმოება და უწევს სანახევროდ ევროპული მეხსიერების პოლიტიკის გაზიარება და მეორე მხრივ რუსეთიდან მომავალი აგრესიული მეხსირების პოლიტიკის გამკლავება. გვჭირდება ჩვენი საკუთარი პოლიტიკა, ანუ შენი ვეტერანები შენვე უნდა დააფასო და ის არ უნდა გახდეს რუსეთის უკვდავი პოლკის ნაციონალური იდეის ნაწილი”, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.

გვჭირდება ჩვენი საკუთარი პოლიტიკა, ანუ შენი ვეტერანები შენვე უნდა დააფასო და ის არ უნდა გახდეს რუსეთის უკვდავი პოლკის ნაციონალური იდეის ნაწილი

რა არის უკვდავი პოლკი?

“უკვდავი პოლკის” მარშის იდეა, სადაც ადამიანები მეორე მსოფლიო ომში მონაწილე წინაპრების ფოტოებით გამოდიან, სამ რუს მეგობარს ეკუთვნის. პირველი მარში 2012 წელს გაიმართა და იდეამ სწრაფად მოიცვა მთელი რუსეთი, რის შემდეგაც 2014 წელს მარშს კრემლი დაეპატრონა, იდეის ავტორები განდევნა და უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადა. შემთხვევითი არაა, რომ “უკვდავი პოლკის” მარშის სიმბოლოდ წმინდა გიორგის ლენტი შეირჩა, რომელიც 2005 წლიდან საყოველთაოდ გამოიყენება რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამარჯვების აღლუმებზე და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში კრემლის ექსპანსიისა და ჩარევის სიმბოლოდ მიიჩნევა. მოგვიანებით წმ. გიორგის ლენტი გახდა სიმბოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და “ნოვოროსიას” ანუ “ახალი რუსეთის” კონცეფციის.

“უკვდავი პოლკი” მსვლელობებს საქართველოში 2017 წლიდან მართავს. შარშან იუსტიციის სამინისტროს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა „პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოს უკვდავი პოლკი".

მედიის განვითარების ფონდმა მოამზადა ფილმი, სადაც საუბარია, თუ როგორ იყენებს “უკვდავი პოლკს” და მის მსვლელობებს კრემლი საკუთარი ისტორიული პოლიტიკის საწარმოებლად.

რა გეგმები აქვს “უკვდავ პოლკს წელს”?

მსვლელობა არ იქნება. კორონავირუსის გამო “უკვდავი პოლკის” გეგმებმა საქართველოში ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ფეისბუკის გვერდზე ორგანიზაცია წერს, რომ ონლაინ აქცია 9 მაისს თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება, ამისთვის კი მონაწილეებს წინასწარ შეეძლებათ თავისი წინაპრების ფოტოების გაგზავნა.

“უკვდავი პოლკი” წმ. გიორგის დროშის აფრიალებასაც აპირებს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით საქართველოში მოძრაობა "უკვდავი პოლკის" წარმომადგენელი ირაკლი ყიფიანი აპირებს, რომ დროშა თბილისის თავზე დრონების საშუალებით გადააფრინოს.

ის არ უარყოფს, რომ რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და ამაში პრობლემას ვერ ხედავს: "ჩვენ გვაფინანსებს ფონდი "რუსკი მირი", ჩვენ ამას არ ვმალავთ. ასევე ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც მოღვაწეობენ რუსეთში. ფულს სუნი არ აქვს, ასეთი იდეოლოგია მაქვს. მთავარია, რომ საქმე გაკეთდეს," - აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა "კურიერთან" საუბრისას.

პუტინს უყვარს ისტორია

კარნეგი ცენტრის რუსეთის შიდა პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი ანდრეი კალესნიკოვი თავის სამეცნიერო სტატიაში საუბრობს იმაზე, რომ რუსეთის პოლიტიკურ ელიტას ისტორია მოსახლეობის მობილიზაციის ბოლო ინსტრუმენტად აქვს შემორჩენილი. მისი თქმით კრემლს უკვე დიდი ხანია საკუთარი“ისტორიული პოლიტიკა” აქვს და ის პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ეხმარება ხალხის კონსოლიდაციაში, რადგან რუსეთის მოსახლეობა ყველაზე მეტად სწორედ ისტორიით ამაყობს.

ლევადა ცენტრის ერთ-ერთი ბოლო კვლევების თანახმად კითხვაზე, რა ასოცირდება ყველაზე მეტად სიტყვა “სამშობლოსთან”, 53% პასუხობს რომ ისტორია და წარსული. კალესნიკოვის თქმით პუტინის რიტორიკა ხშირად ისე ჟღერს თითქოს მას პირადად აეღოს რაიხსტაგი.

რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურთან ინტერვიუში კალესნიკოვი ნახევრად ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება 9 მაისთან იმდენად ამბიციურია, თითქოს მათ თავად აიღეს რაიხსტაგი 75 წლის წინ.

რუსეთი ისტორიას რომ საკუთარი ინტერესების შესაბამისად იყენებს, ამაზე საუბარია 2019 წლის სექტემბერში ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაშიც, რომელიც რუსეთს საბჭოთა კავშირის დანაშაულებების “გათეთრებაში” ადანაშაულებს და წევრ სახელმწიფოებს სკოლის სახელმძღვანელოებში ტოტალიტარული რეჟიმების შედეგების ანალიზზე ყურადღების გამახვილებას სთხოვს.

რეზოლუცია ამბობს, რომ ევროპის ტრაგიკული წარსული მორალური და პოლიტიკური ინსპირატორი უნდა გახდეს ქვეყნებისთვის, რათა დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევებს უკეთ გაუმკლავდნენ. ისტორიაც გაკვეთილია.