გალში დღეს „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ რიგით 57-ე შეხვედრა ვერ შედგა. ის პროტესტის ნიშნად დაწყებიდან მალევე დატოვეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის წარმომადგენლებმა. ოკუპირებული რეგიონიდან დაბრუნების შემდეგ თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თავიდანვე დააყენეს ულტიმატუმი, რომ არ უნდა განხილულიყო გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი.
Your browser doesn’t support HTML5
„საქართველოს მთავრობის მიერ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებებისთვის გამოიყენეს. კერძოდ, ფორმატისთვის შეუფერებელი შანტაჟისა და ულტიმატუმის ფორმით, მათ მოითხოვეს გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით სამართლის აღსრულება წარმოადგენს უმაღლეს პრიორიტეტს. აღნიშნული პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დე ფაქტო აფხაზეთისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს არის არა აფხაზური მხარის პოზიცია, არამედ ეს არის რუსეთის პოზიცია, თუმცა ჩვენ მაინც დროთა განმავლობაში ჟენევის ფორმატის გააქტიურებით უნდა მივაღწიოთ იმ შედეგებს, რასაც ეს ფორმატი ისახავს მიზნად...სოზარ სუბარი
რადიო თავისუფლების შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა გალის შეხვედრისა და ჟენევის დისკუსიის შეწყვეტა, სუსის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მოვლენათა განვითარებას უნდა დაელოდონ.
გალის შეხვედრას წინ უძღოდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 ივნისის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. დე ფაქტო სამინისტრომ საქართველოს მთავრობა და პირადად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაადანაშაულა დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებაში, რომელსაც შეუძლია მთლიანად დაანგრიოს ჟენევის დისკუსიის მუშაობა. აფხაზური მხარე ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო დანგრევაზე პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს. ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს აგრესიულ პოლიტიკას აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულ ზიანს აყენებს მოლაპარაკების არსებულ პროცესს.
„ფაქტობრივად, ქართულმა მხარემ რაიმე ობიექტური საფუძვლის გარეშე ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს და ისინი შეიტანა „შავ სიაში“, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო დონეზე პერსონალური სანქციების დაწესებას“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლებს პასუხი ზუგდიდიდან გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც შეხვედრები გამართა მოქალაქეებთან და მათ რამდენიმე სიახლის შესახებ ამცნო: აღნიშნა, რომ განახლდება ქალაქის ცენტრალური ნაწილი, აშენდება უმაღლესი დონის პროფესიული სასწავლებელი და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომლითაც სარგებლობა შეეძლებათ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის მცხოვრებლებს.
მისი სიტყვებით, როცა საუბარია შერიგებაზე, იგულისხმება ისეთი გარემოს შექმნა, სადაც იქნება მხოლოდ მშვიდობიანი შეთავაზებები აფხაზი ძმებისთვის, იმისთვის რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო.
მანვე დღეს, სტუდენტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეფასებაზეც. მისი თქმით, სიაში შესულ 33-ივე ადამიანს საქართველოს მოქალაქეების მიმართ ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებებში:
„მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით და, ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებას დღეს ასევე ზუგდიდიდან გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. მისი თქმით, ეს არის შეგნებული ნაბიჯი და ისინი ეძებენ საბაბს იმისათვის, რომ გამოვიდნენ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრიდან.
„ამ შემთხვევაში ვიცით, რომ ეს არის არა აფხაზური მხარის პოზიცია, არამედ ეს არის რუსეთის პოზიცია, თუმცა ჩვენ მაინც დროთა განმავლობაში ჟენევის ფორმატის გააქტიურებით უნდა მივაღწიოთ იმ შედეგებს, რასაც ეს ფორმატი ისახავს მიზნად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. მისივე სიტყვებით,პერიოდულად საოკუპაციო ძალების მიერ ხშირად ხდება ჟენევის შეხვედრების ხან ჩაშლა, ხანაც პროტესტის ნიშნად დატოვება, თუმცა ის მაინც გაგრძელდება.