გაზის შიდა ქსელების შემოწმება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

რამდენად გამართულია თქვენს ბინაში ბუნებრივი აირის სისტემა? ახალი ინიციატივის მიხედვით, შიდა ქსელების შემოწმება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. სამთავრობო სტრუქტურებში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გაზის დანადგარების მონტაჟთან დაკავშირებით ახალ წესებს ადგენს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ თუ ცვლილებები დამტკიცდა, შეიქმნება კერძო სერტიფიცირებული სამსახურები, რომლებიც შიდა ქსელების შემოწმებაზე იქნებიან პასუხისმგებლები. ასევე, სავალდებულო გახდება, სახლში გაზქურა თუ გამათბობელი სერტიფიცირებულმა ხელოსანმა დაამონტაჟოს. ინსპექციას შეეძლება საშიში დანადგარი სისტემიდან ჩახსნას, ხოლო თუ მომხმარებელმა ის ისევ აღადგინა, ჯარიმის გადახდა მოუწევს. ბინა წელიწადში ერთხელ მაინც შემოწმდება.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა სავალდებულო გახდეს სახლებში (ახლად აშენებულშიც და ძველშიც) გაზის დეტექტორების დამონტაჟებაც, თუმცა, გიორგი ფანგანი შენიშნავს, რომ ეს საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის.

სალომე ვარდიაშვილი

„დეტექტორი ყველგან არ არის აუცილებელი, უფრო კორპუსებში. გამოიკვეთება რისკჯგუფები, თუ სად არის უკეთესი მათი დაყენება“, - ამბობს ის.

დეტექტორები სხვადასხვაგვარია - მარტივი, რომელიც ოთახში ბუნებრივი აირის დაგროვების შემთხვევაში საგანგაშო სიგნალს რთავს, და უფრო რთული, რომელსაც შეუძლია თავად გამორთოს გაზის მიწოდება.

საკანონმდებლო ცვლილებებამდე ენერგოომბუდსმენი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას აპირებს. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ, როგორც წესი, ტრაგიკული შემთხვევები სწორედ კერძო პირების დაუდევრობით ხდება.

„დღემდე საშიშ მდგომარეობაში ვართ, რადგან არ ვიცით, ოჯახებში შიგნით რა ხდება... არ არსებობს ინსპექცია, რომელიც სავალდებულოდ შეამოწმებს შიდა ქსელებს. არ ვართ არაფრისგან დაცულები. მოქალაქეები ჩვენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ. როცა მათ ეუბნებიან, რომ კონკრეტული დანადგარი საფრთხეს შეიცავს, ისინი თვითნებობენ და მაინც კუსტარულად ამონტაჟებენ“, - ამბობს ის.

ასევე ნახეთ გაზით სიკვდილი ნაქირავებ სახლებში

ამ ეტაპზე ენერგოომბუდსმენს შემდეგი რეკომენდაციები აქვს:

  • ახალი ბინის შეძენის ან დაქირავების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოითხოვეთ გაზმომარაგების სისტემის შემოწმება. მომსახურება უფასოა!
  • სახლიდან გასვლამდე შეამოწმეთ და გადაკეტეთ გაზზე მომუშავე დანადგარებისა და გაზის მილის ონკანები.
  • აუცილებელია ოთახების ხშირად განიავება, ვინაიდან შესაძლებელია გაზის ნამწვავი მხუთავი აირი CO ოთახში გაიფრქვეს!
  • უნდა ჩაიხსნას ღიაკამერიანი წყალგამაცხელებლები (ე.წ. „კალონკები“) და გაზგამათბობლები.
  • დაუშვებელია კორპუსის სავენტილაციო არხების გამოყენება საკვამლე მილების მისაერთებლად, რადგან საფრთხე ექმნებათ სხვა მობინადრეებს.
  • პერიოდულად უნდა შემოწმდეს და გაიწმინდოს საკვამლე-სავენტილაციო არხების გამართულობა.
  • დროულად ითანამშრომლეთ მომსახურე კომპანიასთან და ზედმიწევნით შეასრულეთ სპეციალისტების მითითებები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

იმ შემთხვევაში, თუ იგრძენით ბუნებრივი აირის სუნი, შეწყვიტეთ საქმიანობა, დატოვეთ შენობა და დარეკეთ შესაბამის სამსახურებში: ტელ: 112, 114 ან 16 114.