გაზის გამათბობელი, როგორც თვითნაკეთი ბომბი

აფეთქება დიდ დიღომში, 17 იანვარი, 2019

თბილისში აფეთქებების რაოდენობა მოძველებული გამათბობლების გამო მატულობს, აცხადებენ ექსპერტები. მთავრობა ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს.

„ის აპარატები, რომლებიც თავის დროზე მოსახლეობამ დააყენა, მოძველდა. გამოცვლით არ ცვლიან და აფეთქებებიც ამიტომ ხდება“, - ამბობს ენერგეტიკის ექსპერტი გიორგი ჭაღიაშვილი.


„გარე მილების თითქმის 90 პროცენტი გაზს აპარებს“

თბილისში შენობები გაზიფიკაციას მორგებული არ არის. ქალაქის დიდი მასივები აშენდა საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც გასათბობად ელექტროენერგია გამოიყენებოდა. დღეს გაზის გარე ქსელების ნაწილი მიწის ზევით არის გაყვანილი.

„ამ მილების თითქმის 90 პროცენტი გაზს აპარებს. ახლოს რომ მიხვიდეთ, იგრძნობა გაზის სუსტი სუნი. ავტოავარიის შემთხვევაშიც შეიძლება დაზიანდეს. გარდა ამისა, შეღებილი რომელიც არ არის, ჟანგდება და დროთა განმავლობაში შეიძლება გაზი გაუშვას. ევროპაში ვინც კი არის ნამყოფი, ასეთი მილები არსად ექნება ნანახი“, - ამბობს გიორგი ჭაღიაშვილი.

გაზის მეურნეობის ექსპერტი სოსო სიმონიშვილიც ამბობს, რომ მაღალსართულიან კორპუსებში გაზის გაყვანა საერთოდ არ არის რეკომენდებული.

შემოწმების ფულს მოქალაქე გადაიხდის

უსაფრთხოების დონის გასაზრდელად ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს.ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გიორგი ფანგანი ამბობს, რომ ცვლილებები რამდენიმე ეტაპად არის დაგეგმილი.

  • გარდამავალ ეტაპზე შიდა ქსელებს ისევ ძველი სტრუქტურები შეამოწმებენ. თუმცა, თუ მოქალაქემ ჩახსნილი კუსტარული დანადგარი თვითნებურად მაინც დაამონტაჟა, ის, დაახლოებით, 200 ლარით დაჯარიმდება.
  • აპარატურის დამონტაჟების უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ ხელოსნებს მიეცემათ.
  • 2023 წლიდან ჩამოყალიბდებიან აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები. ბუნებრივი აირის ქსელებს სწორედ ეს კომპანიები შეამოწმებენ. შემოწმება სავალდებულოა.
  • შემოწმების საფასურს თავად მომხმარებელი იხდის. თუ პირი უარს იტყვის შემოწმებაზე, მას ბუნებრივი აირის მიწოდებას შეუწყვეტენ.

„შეგვიძლია ავტომობილების ტექდათვალიერებასთან გავავლოთ პარალელი. რატომ არის ტექდათვალიერება აუცილებელი? იმიტომ რომ გაუმართაობამ შესაძლოა საფრთხე სხვას შეუქმნას. ის არგუმენტი, რომ ფული არა მაქვს და ვერ შევამოწმებ, არ გამოდგება“, - ამბობს გიორგი ფანგანი.

გაზის ქსელი რუსთავში


აქვს თუ არა თბილისში გაზს სუნი

„დღეს, წამოსვლისას, გაზი მოვუშვი, ცხვირი დავადე და სამი წუთის მერე ძლივს ვიგრძენი სუნი. ძალიან ძვირია ბუნებრივი აირის არომატიზება და ამ თანხას ზოგავენ“, - ამბობს გიორგი ჭაღიაშვილი.

თავის მხრივ, „სემეკში“ აცხადებენ, რომ ბუნებრივ აირს ოდორანტი საკმარისად აქვს დამატებული. გიორგი ფანგანის თქმით, „ამაზე მეტი არ შეიძლება. ერთხელ ცოტა მეტი ოდორანტი დაამატეს და გახსოვთ, ალბათ, ყველგან გაზის სუნი იდგა“.

7 000 გაფუჭებულული დანადგარი

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით,შემოწმების ჯგუფის მიერ კუსტარულად ჩახსნილი დანადგარების რიცხვი 7 000-ს სცილდება.

„ერთ-ერთ რაიონში ხელმეორე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 5000-მდე აბონენტმა ხელმეორედ მოახდინა კუსტარულად დანადგარის დაერთება“, -განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

კომპანიამ ასევე ჩამოთვალა 6 უბანი, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა: სანზონა, სამგორი, გლდანი, ჩუღურეთი, ისანი და ვაზისუბანი.

როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება. ექსპერტ სოსო სიმონიშვილის თქმით, მოსახლეობას შეუძლია უსაფრთხოების ყველაზე იოლ გზას მაინც მიმართოს და ფანჯარა გამოაღოს.

„თუ ოთახი ნიავდება, არც აფეთქება მოხდება და არც არავინ გაიგუდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ფანჯარა, ოდნავ მაინც, ყოველთვის უნდა იყოს გამოღებული“, - ამბობს სოსო სიმონიშვილი.