გავრილოვიდან იმამოღლუმდე

როდესაც გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენ-ლაის ჰკითხეს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოზე, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი იყო. ჯოუ ენ-ლაის ამ პასუხს ხშირად ოხუნჯობად მიიჩნევენ. თუმცა ამ ხუმრობის უკან ღრმა აზრი იმალებოდა - ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი ხაზს უსვამდა, რომ 170 წელი შეიძლება საკმარისი არ იყო ისტორიული მოვლენის მნიშვნელობის შესაფასებლად. მოკლედ ჯოუ ენ-ლაი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ დროის გაგებას დრო, დიდი დრო, სჭირდებოდა.

მართლაც, თუ მოვლენა კომეტის სიჩქარით მოძრაობს (და ხშირად კომეტასავით წამებში უჩინარდება), ისტორიული მოვლენა კუს ნაბიჯით გადაადგილდება. ხოლო მოვლენის იმწუთიერ გამოძახილსა და მის ისტორიულ მნიშვნელობას ერთმანეთისგან უფსკრული აშორებს.

დღეს ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ამერიკის აღმოჩენამ 1492 წელს შეუმჩნევლად ჩაიარა. მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნის შუაში დაიწყებს ევროპის პოლიტიკური ელიტა გააზრებას, თუ რა პლანეტარული მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენას.

ფლემინგის მიერ პენიცილინის ან პინკუსის მიერ კონტრაცეპტიული აბების აღმოჩენამ ხომ ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა იქონია კაცობრიობაზე, ხომ ბევრად უფრო რადიკალურად შეცვალა მსოფლიო, ვიდრე ნებისმიერმა ბრძოლამ?! არადა ვერდენის ან სტალინგრადის ბრძოლისგან განსხვავებით, გამოძახილი ამ ორ აღმოჩენაზე ხომ უმნიშვნელო იყო?!

1917 წელს თუ რამემ განაცვიფრა ევროპა - ეს თებერვლის რევოლუცია იყო და არა ოქტომბერში ბოლშევიკების მიერ ზამთრის სასახლის აღება... ვინ წარმოიდგენდა 1917 წელს ან ევროპაში, ან რუსეთში, რომ ბოლშევიკების დღეები დათვლილი არ იყო?! არავინ! თვით ლენინიც კი სიხარულისგან ტაშ-ფანდურს (პირდაპირი გაგებით!) შემოკრავს, როცა ბოლშევიკების ძალაუფლებაში ყოფნის ჟამი პარიზის კომუნის ხანგრძლივობის სიმბოლურ 72 დღეს გადააჭარბებს...

თანამედროვე ე.წ. განუწყვეტელი ახალი ამბების რეჟიმში ფუნქციონირებამ კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. დღეს მასმედია და სოციალური ქსელები „ქარისთვის გასატან“ ნებისმიერ მოვლენას პლანეტარული მნიშვნელობის ტექტონურ ძვრად წარმოგვიდგენს. „პლანეტარული მნიშვნელობის ახალი ამბების“ (რომლებიც ყოველდღე იცვლება) ლაბირინთში გამომწყვდეული ადამიანი კი ვეღარ ახერხებს დედამიწის ზედაპირზე ამოსვლას... არადა ლაბირინთში არიადნეს ძაფის ჩაშვებას ათწლეულები, თუ არა ასწლეულები, სჭირდება...

2001 წლის 11 სექტემბერს მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა ნიუ-იორკის ვაჭრობის ცენტრის ტყუპ კოშკებზე თვითმფრინავების შეჯახებას... „მსოფლიო ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ - აი უკვე 18 წელია, რაც გვესმის ეს ემოციური სიტყვები და მიუხედავად ამისა დღესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, თუ რა ცვლილება მოიტანა 11-მა სექტემბერმა. ან რა დარჩება 11 სექტემბრიდან 100 წელიწადში? ხსოვნა ეფემერული მოვლენისა თუ პირველი აკორდი მორიგი პლანეტარული გეოპოლიტიკური რევოლუციისა? დღეს ჩვენ ამ კითხვას მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეგვიძლია გავცეთ: ისე, როგორც 11 სექტემბრის მოვლენა არ იყო განპირობებული არანაირი დეტერმინიზმით, ამ მოვლენის გრძელვადიანი ეფექტიც იქნება განსაზღვრული მხოლოდ ადამიანების ნებით.

და რა უფრო დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ისტორიაზე - 20 ივნისს გავრილოვის ვიზიტი პარლამენტში თუ 23 ივნისს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება სტამბოლის მერის არჩევნებში? ერთი შეხედვით პირველი, თუმცა არც მეორე ვარიანტის გამორიცხვა შეიძლება, რადგან ექრემ იმამოღლუს გამარჯვება შეიძლება ერდოანისა და მისი ისლამისტური პარტიის დასასრულის დასაწყისს მოასწავებდეს... ამან კი, გრძელვადიან პერიოდში, შეიძლება უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე გავრილოვის ვიზიტის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა. საკამათოა? ყოველ შემთხვევაში დღეს ნაცრის ქექვა იქნებოდა მკითხველთან კამათი ამის თაობაზე. მხოლოდ დრო დაგვანახვებს, სად მიგვიყვანს გავრილოვის ან იმამოღლუს კვალი...

კამათის მაგივრად კი მკითხველს ვთავაზობ საქართველოს უახლესი ისტორიის ათი თარიღიდან (რომლებსაც1999-2009 წლებში ჰქონდა ადგილი) აირჩიოს ერთი, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე დიდ კვალს დატოვებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე.

გამოკითხვა