გადარჩენის თეთრი კვამლი

"წიგნი ფილმის ნახვის შემდეგ წავიკითხე. მართალი გითხრათ, უფრო მეტი ინტერესით. ვოუქიზმი და სწორხაზოვნება, რომელმაც შეიძლება გაგაღიზიანოთ  ბერგერის „კონკლავში“, ნაკლებად იგრძნობა რომანში..."

„კონკლავი“ (2024, აშშ-დიდი ბრიტანეთი, რეჟისორი ედვარდ ბერგერი)

უნდა გამოვტყდე, რომის პაპის არჩევნების თემა სრულიად ამოწურული მეგონა კინოში. ამიტომ „კონკლავის“ ნახვა რამდენჯერმე გადავდე. ახალი რაღა უნდა თქმულიყო ნანი მორეტის ფილმის შემდეგ? 2011 წელს გადაღებული მისი „გვყავს პაპი!“ კინოს მოყვარულებს სწორედ მოულოდნელობის ეფექტით ხიბლავდა - მემარცხენე რეჟისორისგან ვატიკანის პოლიტიკურ მხილებას ელოდნენ, ნანი მორეტიმ კი გადაიღო კვაზიკომედია კათოლიკური ეკლესიის ახლად არჩეულ წინამძღოლზე, რომელსაც გამარჯვების შეეშინდება და „რომაულ არდადეგებს“ მოიწყობს.

მორეტის ფილმის პრემიერიდან 5 წლის შემდეგ გამოიცა ბრიტანელი მწერლის, რობერტ ჰარისის რომანი „კონკლავი“, რომელმაც ბევრს „გვყავს პაპი!“ გაახსენა. იაკოპო ლომელი, კარდინალების კოლეგიის დეკანი, რომელსაც ახალი პაპის არჩევნების ჩატარება ევალება, ცოტათი ჰგავს ნანი მორეტის ფილმის პროტაგონისტს - ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობა აფრთხობს. ბრიტანელი მწერლის წიგნს იტალიურ ფილმთან ისტორიული კონტექსტიც აახლოებს - ნანი მორეტი, სილვიო ბერლუსკონის დაუძინებელი მტერი, ვატიკანზე გადაღებული ფილმის პრემიერას ამთხვევს მწვავე პოლიტიკურ კრიზისს იტალიაში, რობერტ ჰარისი კი თავის წიგნს გამოსცემს 2016 წელს, შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების დროს.

იაკოპო ლომელის მხოლოდ სახელი ეცვლება ჰარისის რომანის ეკრანიზაციაში, გერმანელი რეჟისორის ედვარდ ბერგერის ფილმში „კონკლავი“, რომლის პრემიერა ზუსტად დონალდ ტრამპის მეორე გამარჯვებას დაემთხვა. კოლეგიის დეკანს ფილმში ჰქვია თომას ლოურენსი, რომლის როლს რეიფ ფაინზი ასრულებს. სხვა მხრივ ედვარდ ბერგერი კეთილსინდისიერად მიჰყვება ლიტერატურულ პირველწყაროს, მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს ორიგინალის ენა და პოლიტიკური სიმწვავე.

წიგნი ფილმის ნახვის შემდეგ წავიკითხე. მართალი გითხრათ, უფრო მეტი ინტერესით. ვოუქიზმი და სწორხაზოვნება, რომელმაც შეიძლება გაგაღიზიანოთ ბერგერის „კონკლავში“, ნაკლებად იგრძნობა რომანში. აქ ბევრია ინფორმაცია კონკლავების ისტორიაზე და, რაც მთავარია, საინტერესოდაა დახატული იმ კარდინალების პორტრეტები, რომლებმაც ახალი პაპი უნდა აირჩიონ. მაგრამ, მოგეხსენებათ, ფილმი თითქმის არასდროსაა ლიტერატურულ პირველწყაროზე უკეთესი. განსხვავებულ ისტორიულ კონტექსტზე რომ აღარაფერი ვთქვათ - 2024 წელს მსოფლიო აღარაა ისეთი, როგორიც 2016 წელს იყო. ბერგერის „კონკლავი“ კი ნაკლებადაა ფილმი ვატიკანის ინტრიგებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება აქ არ სცილდება ვატიკანის სივრცეს („კონკლავი“ თავიდან ბოლომდე „ჩინეჩიტას“ დეკორაციებშია გადაღებული), ესაა უფრო 2024 წლის სურათი, ისტორიული დოკუმენტი, ვიდრე ამბავი კათოლიკურ ეკლესიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. კი, კრიზისშია პატრიარქალური სისტემა, რომელსაც ახალი დრო წინააღმდეგობას უწევს. მაგრამ კრიზისს განიცდის ლიბერალური დემოკრატიაც, რომელსაც ვერტიკალური მართვის მიუღებლობა ლიდერებს აკარგვინებს. კი, უპატრონო ეკლესიას შეიძლება ეშმაკები დაეპატრონონ. მაგრამ უძაღლო სამყაროში კატებს აყეფებენ - სწორედ ამას გვახსენებს „კონკლავი“ და გამოსავალს ეძებს.

წიგნისგან განსხვავებით „კონკლავის“ კინოვერსია მთლიანად ორიენტირებულია ფაინზის გმირზე, რის გამოც თავიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ კარდინალები აქ ფორმალურად არსებობენ კადრის „გასალამაზებლად“. პერსონაჟების უმრავლესობას წარსული არა აქვს. შესაბამისად, არც ხასიათი. თუკი ლიტერატურულ პირველწყაროში კარდინალების სახეები დეტალურადაა დამუშავებული (განსაკუთრებით გვამახსოვრდებიან მემარჯვენე-კონსერვატორი ტედესკუ და ლიბერალი ბელინი), ფილმში ყველაფერი ტრიალებს ლოურენსის გარშემო. გამოძიებას ლოურენსი აწარმოებს და, შესაბამისად, მაყურებელიც მისი პოზიციიდან იკვლევს საქმის ვითარებას.

დიახ, სწორედ გამოძიებას. „კონკლავი“ პოლიტიკური ტრილერია, რომელშიც არც მკვლელობაა, არც ძალადობა, არც სისხლი. მაგრამ მუდმივად, უკანასკნელ კადრამდე არის სასპენსი. ტახტის მთავარი კანდიდატის არჩევის პროცესში იხსნება ძველი საიდუმლოებები. მათ ახალი საიდუმლოებები ემატება. შეკრებილი კარდინალები ღვთისმოსავები არ აღმოჩნდებიან. მაგრამ მაშინ, როდესაც არჩევნები დასასრულს მიუახლოვდება, გამოჩნდება ახალი სახე, რომელიც ყველაფერს აურევს - აქამდე უცნობი კარდინალი, გარდაცვლილი პაპის მიერ თანამდებობაზე ფარულად დანიშნული.

აბსოლუტურად „მამაკაცური ისტორია“, დღევანდელი პოლიტიკური სამყაროს უხამსობის ეს ალეგორია, დასრულდება „მამაკაცურობის“ მარცხით, ფინალით, რომელიც ერთდროულად ლამაზი უტოპიაა და ბურლესკი, ერთდროულად ბუნებრივი აკორდი („ანგელოზს სქესი არა აქვს!“) და თანაც ცინიკური კბენა - უკვე რომ დაიმსახურა ამერიკელი კონსერვატორების რისხვა „ოსკარით“ დაჯილდოების წინ.

ფილმის ფინალი შოკის მომგვრელია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ორგანული. ტონი, რომელიც აირჩია რეჟისორმა, თავიდანვე ირონიულია, მიუხედავად იმისა, რომ „კონკლავი“ უკიდურესად სერიოზული ფილმია თავისი შინაარსით. პროგრესისტების და ულტრაკონსერვატორების კამათი ვატიკანის მომავალზე („სადღაა ქარიზმატული ლიდერი, რომელიც ქრისტიანებს გააერთიანებს?“) აქ ნელ-ნელა გადადის ფილოსოფიურ დისკუსიაში; რა განსაზღვრავს ჭეშმარიტ რწმენას - სკეპტიციზმი თუ სიცხადე, კითხვა თუ მზა პასუხები, იდუმალება თუ გარკვეულობა? თავის საპროგრამო სიტყვაში (თუ ქადაგებაში?) ლოურენსი ახსენებს ეჭვს, რომლის გარეშე არ არსებობს საიდუმლო. შესაბამისად, საიდუმლოს გარეშე ვერც რწმენა იარსებებს.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს ლამაზი სიტყვა ლოურენსს, როგორც პატიოსან კაცს, ვერ აძლიერებს. არჩევნების დასრულების შემდეგ ის ვატიკანიდან წასვლას აპირებს. აქვს გამარჯვების შანსი, შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს და თავად ჩაუდგეს სათავეში რომის ეკლესიას. მაგრამ ლიდერობას გაურბის. ლიდერობის ეშინია. პასუხისმგებლობას ვერ იღებს. ლიბერალი კარდინალი თითქმის უსუსურია პოპულიზმის, ფარისევლობის, უმეცრების, დემაგოგიის წინაშე. მით უმეტეს, რომ ეთანხმება ფილმის ერთ-ერთ მთავარ გზავნილს: „ვერასდროს მივაგნებთ სრულიად უმანკოს. ჩვენ მოკვდავები ვართ. ვემსახურებით იდეალს, მაგრამ არასდროს ვართ იდეალურნი“.

ყოყმანი, ეჭვი, წამებად ქცეული წვალება სიმართლის შეცნობის გზაზე, ლოურენსის, როგორც პიროვნების პორტრეტს ხატავს. ამ თვალსაზრისით რეიფ ფაინზის არჩევანი „კონკლავის“ ავტორების ყველაზე ზუსტი და წარმატებული გადაწყვეტილებაა. თანამედროვე ჰოლივუდს ასეთი ჭკვიანი არტისტი ბევრი არა ჰყავს. ფაინზი მუდმივად ნიუანსებზე თამაშობს, ერიდება მძაფრ ემოციებს და თითქმის არცერთ კადრში არ მეორდება. ესმის, რომ ლოურენსის სახის შესაქმნელად მხოლოდ ტექნიკა არ იქნება საკმარისი. აქ საკუთარი თავის გაშიშვლებაც იქნება საჭირო. „კონკლავის“ ავტორები ხომ ყველაფერს აკეთებენ, რათა პაპის არჩევნები, თავისთავად ძალიან „რიტუალური სანახაობა“, როგორმე იხსნან თეატრალურობისგან. ამიტომაც აქ მაქსიმალურადაა მაყურებლის ყურადღება გადატანილი დეტალებზე - დაძაბულობის შესაქმნელად არა მარტო ხელები, არამედ ზოგჯერ პერსონაჟების მიმიკური ნაოჭებიც კი ჩართულია.

ლიტერატურული პირველწყაროს სტილის ზუსტი კოპირების შემთხვევაში (ფილმში თითქმის არაა შეცვლილი დიალოგები, რომლებსაც რომანში წაიკითხავთ) არსებობდა საშიშროება, ყველაფერი „ნეტფლიქსის ესთეტიკას“ დამსგავსებოდა. ამიტომაც დაუთმეს ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება სანახაობრივი ეფექტის შექმნას, შორი წერტილიდან გადაღებულ ხედებს. მართალია, დეტალებზე აქცენტი გაძლიერებულია, მეტიც, კამერა ხშირად მოძრაობს წრიულად, პერსონაჟის გარშემო, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს არცერთი ნიუანსი, მაინც უფრო ხშირად გვხვდება სტატიკური, ხაზობრივი, სიმეტრიული, ჩაკეტილი სურათოვანი შორი ხედები, რომლებმაც კლაუსტროფობიის ეფექტი უნდა შექმნან.

ჩაკეტილ სივრცეში იისფერის, წითლისა და თეთრის თამაში ხანდახან ქორეოგრაფიულ სანახაობას გვაგონებს. თუმცა წითელი საერთო სურათის დომინანტია. წითელი, როგორც ვნება, როგორც გაბრაზება, როგორც სირცხვილი. დაუმატეთ ამას ფოლკერ ბელტელმანის საუნდტრეკი. ფიქსირებულ ხედებზე მუსიკა დაძაბულობას ზრდის, მაგრამ დაძაბულობა მით უფრო მატულობს სიჩუმესა და ბუნებრივ ხმაურებში, რასაც ასევე მოულოდნელად მოჰყვება მუსიკა, ზოგჯერ მხოლოდ ვიოლინოს თუ ვიოლონჩელის ერთი „ხმით“. მუსიკა თითქოს ეჯიბრება დროის დინებას - აჩქარებს, ხანაც ანელებს დროს, მთელ ამ რიტუალიზებულ მიკროსამყაროს - არქაულ, „დაბერებულ“ სამყაროს, წარმოდგენილს ულტრათანამედროვე, კომფორტულ სივრცეში, სადაც ტექნოლოგიური და არქიტექტურული კონტრასტები გაყინული მარმარილოს გაცოცხლების ერთ-ერთი ხერხია.

სიმბოლურია, რომ საქართველოს კინოთეატრებმა 2024 წლის სეზონი „კონკლავის“ პრემიერით დაასრულეს. ფილმის ფინალს თუ გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ახლად გამოჩეკილ ცენზორებს ედვარდ ბერგერის ეს პოლიტიკური პროვოკაცია არ უნახავთ, ან ბოლომდე არ უნახავთ. იმას კი, ვინც „კონკლავის“ ნახვის შემდეგ თავს დაიმშვიდებს და იტყვის, რომ მანიპულაციის, ღალატის, ოპორტუნიზმის, შეთქმულების ეს ისტორია „მხოლოდ კათოლიკეებს ეხება“ და არაფერი აქვს საერთო თუნდაც საპატრიარქოს ბოლო დროინდელ სკანდალებთან, გავახსენებდი სიქსტეს კაპელის ფრაგმენტებს, რომლებიც თითქოს შემთხვევით ჩნდებიან ხოლმე „კონკლავის“ კადრებში. „საშინელი სამსჯავროს“ ეს სახეები დროს და სივრცეს არ ცნობენ.

არჩევნები თითქოს დასრულდა. საკვამურის თავზე თეთრი კვამლი გამოჩნდა. თუმცა კატები ჯერ ისევ ყეფენ.