"გადავწყვიტეთ, ონლაინვახშმები მოვაწყოთ" - ქართველები ევროპიდან

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ევროპის ქვეყნები საგანგებო ზომებს მიმართავენ. მათ შორის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა იტალიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, უნგრეთში, უკრაინაში, ბულგარეთში, ლატვიაში, უნგრეთსა და ესპანეთში.

ევროპის სხვა ქვეყნები კი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული საჭიროების გარეშე არ დატოვონ სახლები, დამსაქმებლებს აძლევენ რეკომენდაციებს, რომ თანამშრომლები გადაიყვანონ დისტანციურ მუშაობაზე. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის, სკოლები, საბავშვო ბაღები, უნივერსიტეტები, სპორტული დარბაზები, ტაძრებში შეჩერებულია წირვები, გადადებულია ათეულობით ღონისძიება.

16 მარტის მონაცემებით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა იტალიაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1809 ადამიანი. იტალიის შემდეგ დაავადებულთა და გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა ესპანეთს ჰყავს. მას მოსდევს გერმანია და საფრანგეთი.

"გერმანიაში გვითხრეს, რომ ეს რიგითი ვირუსი იყო და საშიში იყო მხოლოდ მოხუცებისთვის"

ირმა შიოლაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი და პედაგოგი, 20 წელია გერმანიაში, ქალაქ ბონში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. პარასკევის ჩათვლით მისი შვილები ჩვეულებრივად ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, რის გამოც ირმა განსაკუთრებით ღელავდა. ამბობს, რომ გერმანიამ კორონავირუსთან ბრძოლის გამოცხადება დააგვიანა და სწორედ ამის გამო დგას დღეს განსაკუთრებული საფრთხის წინაშე:

„იანვრის ბოლოს უკვე ცნობილი იყო, რომ გერმანიაში დაფიქსირდა ვირუსი და მიუხედავად ამისა, რაინის მხარეში, თებერვლის შუა რიცხვებში, კარნავალი მაინც გაიმართა. პირველი ინფიცირებული ბონში, რომელიც მარტის დასაწყისში გამოვლინდა, სწორედ კარნავალის მონაწილე იყო. ის არის ბონის ერთ-ერთი სკოლის გახანგრძლივებული განყოფილების პედაგოგი. მას ბავშვებთან ჰქონდა ურთიერთობა. ის სკოლა კი დაიხურა, მაგრამ სახელმწიფომ მაშინ სხვა არანაირი ზომა არ მიიღო და სკოლებში ჩვეულებრივად გაგრძელდა სწავლა. ხალხი დადიოდა ტრანსპორტით, სადაც არანაირი დეზინფექცია არ ჩატარებულა. ხალხს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ეს არის რიგითი ვირუსი, რომელიც მხოლოდ მოხუცებისთვის არის საშიში“.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, ხელისუფლებამ გასცა რეკომენდაცია, რომ გარეთ გასვლის შემთხვევაში, მოქალაქეებმა ერთმანეთს შორის დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია.

„ამ ეტაპზე, ქალაქში თავისუფლად გავდივართ. დღეს დილით მაღაზიაში ვიყავი გასული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მოგვიწოდებს, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ხალხი მაინც იმარაგებს პროდუქტს. მაღაზიის მენეჯერებმა მიიღეს გადაწყვეტილებაც, რომ, მაგალითად, ერთ შეკვრაზე მეტი ტუალეტის ქაღალდი არ გაატანონ მოქალაქეებს. ხალხი მაინც ღელავს. გარკვეული პროდუქტის დახლები ცარიელია“.


წესების დარღვევისთვის ესპანეთში ჯარიმის რაოდენობა 60 ათას ევროს აღწევს

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა. ნონა სუვარიანი ქმარ-შვილთან ერთად ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ საბადელში ცხოვრობს. ნონა და მისი ქმარი დეკრეტში არიან, რადგან ცოტა ხნის წინ ბავშვი შეეძინათ. თუმცა, კორონავირუსის მზარდი მონაცემების მიუხედავად, მისი უფროსი გოგო, გასული ხუთშაბათის ჩათვლით, ჩვეულებრივ რეჟიმში დადიოდა კოლეჯში. ხელისუფლებამ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ 12 მარტს მიიღო.

დღეს ესპანეთის მკვიდრთ, ქუჩებში თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვთ. მოქალაქეთა გადაადგილებას აკონტროლებს პოლიცია. გარეთ გასვლა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მიდიხარ პროდუქტის საყიდლად, აფთიაქში, გაქვს გადაუდებელი საჭიროება და ასევე უნდა გაასეირნო ძაღლი.

საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისათვის ესპანეთში სოლიდური ჯარიმებია დაწესებული:

  • პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის 3 თვიდან 1 წლამდე პატიმრობა;
  • პოლიციის ლენტის დაზიანება, რომლითაც შემოღობილია პარკები, საბავშვო მოედნები და ა.შ. - 100-დან 600 ევრომდე ჯარიმა;
  • პოლიციისათვის ფალსიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება - ჯარიმა 600-დან 30 ათას ევრომდე;
  • სხვისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნა, მაგალითად, კარანტინის დარღვევა - ჯარიმა 60 ათასი ევრო.

ნონა სუვარიანის თქმით, ამჟამად, ხელისუფლება მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარჩნენ სახლში, ექიმებთან გაიარონ ონლაინკონსულტაციები:

„ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს, თუკი გამოვლინდა დაავადება და ის მსუბუქი ფორმით მიდის, როგორ ვიქცევითო. რეკომენდაციაა, რომ სახლში უნდა ვიმკურნალოთ. თუკი დაავადება მიდის მსუბუქი ფორმით, პაციენტები ჰოსპიტალში არ გადაჰყავთ“.

ნონა ამბობს, რომ უკვე რამდენიმე დღეა ისინი აღარ მიდიან ხანდაზმული ახლობლების მოსანახულებლად. ასევე თავს იკავებენ ონლაინვაჭრობისგანაც:

„აღარ მივდივართ ჩემს დედამთილ-მამამთილთან, რადგან უნებურად არ დავაინფიციროთ ისინი. ცოტა ხნის წინ, პროდუქტის ონლაინ ყიდვა მინდოდა, მაგრამ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ონლაინვაჭრობა გადავიფიქრე. პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ ხარ ასაკში, არ ხარ ფეხმძიმე ან არ იმყოფები კარანტინში, არ უნდა მოითხოვო ონლაინმომსახურება, რადგან ისედაც ძალიან ბევრი მოთხოვნაა და ორიენტირებულნი არიან სწორედ რისკჯგუფებზე“.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში დაკეტილია ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ობიექტი, მაღაზიებსა და აფთიაქებთან ერთად, ღიაა საპარიკმახეროები, სამრეცხაოები, თამბაქოს ჯიხურები და ჟურნალ-გაზეთების ჯიხურები:

„ამან ხალხის გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ხსნის, რომ ბევრი ხანდაზმული სახლში ვერ უვლის თავს და ისინი საპარიკმახეროებში დადიან თავის დასაბანად. ასევე ტანსაცმელს რეცხავენ სამრეცხაოებში, რადგან მინიმუმ 60 გრადუსზე მაინც უნდა იყოს ტანსაცმელი გარეცხილი. თუმცა, ახლა ამ წესის გადახედვაც იგეგმება“.

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, ონლაინვახშმები მოვაწყოთ ხოლმე

ჰოლანდიაში, 16 მარტის მონაცემებით, 1135 ინფიცირებულია დარეგისტრირებული. გარდაცვალების 20 შემთხვევა დაფიქსირდა. ჰოლანდიაში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, თუმცა, ხელისუფლება იძლევა რეკომენდაციას, რომ მოქალაქეები გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გავიდნენ გარეთ და სამსახურები გადავიდნენ ონლაინმუშაობაზე.

თამარ ფარადაშვილი ეინდჰოვენში ცხოვრობს. ამბობს, რომ მიუხედავად მომატებული რისკისა, ჰოლანდიაში საზოგადოება თითქოს უფრო მსუბუქად უყურებს შექმნილ სიტუაციას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები დაგვიანებით დაიწყო:

„სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მხოლოდ გუშინ მიიღეს. დაკეტილია უნივერსიტეტები, რესტორნები, სპორტული დარბაზები, თავშეყრის ადგილები. მოწოდებაა, რომ დავრჩეთ სახლებში, ვიმუშაოთ სახლიდან. მაღაზიები ღიაა, გვეუბნებიან, რომ არ არის დეფიციტის საშიშროება. პირიქით, მოუწოდებენ ხალხს, გადაჭარბებით ნუ ყიდულობთ პროდუქტსო. ტრანსპორტი ჩვეულებრივად მუშაობს. სავარაუდოდ, გრაფიკში შევა ცვლილება. გასაგებიც არის, რადგან ქალაქში ცოტა ადამიანი დადის. დღეს ქალაქში გადაადგილება თავისუფალია. ჯერჯერობით არავინ გვაკონტროლებს“.

თამარსა და მის მეგობრებს თვითიზოლაციის მოწყენილობისგან თავის დასაღწევად ერთი იდეაც გაუჩნდათ:

„ძალიან მარტოსულად რომ არ ვიგრძნოთ თავი, გადავწყვიტეთ, ონლაინვახშამი გავმართოთ და ვაპირებთ, რომ ეს იდეა ამ კვირაში განვახორციელოთ. ასევე სამსახურშიც, რაკი ახლა სახლებიდან ვმუშაობთ, შევთანხმდით, რომ დილაობით, ათის ნახევარზე ყავა ონლაინ დავლიოთ ხოლმე. ასევე ლანჩზეც შევეხმიანოთ ერთმანეთს. ეს მგონი ყველას გვჭირდება, რათა გავუზიაროთ ერთმანეთს რას ვგრძნობთ, როგორ ვართ. არ არის ადვილი ასეთ რეალობასთან შეგუება“.

„კარაბინიერები აჩერებენ ხალხს და სპეციალური ბლანკის წარდგენას სთხოვენ“

ნონა გედენიძე, რომელიც იტალიაში, ქალაქ რეჯიო-ემილიაში ცხოვრობს, ამ დილით სტომატოლოგთან იყო. კაბინეტში შესვლამდე სპეციალური კითხვარი შეავსო:

„ვიყავი თუ არა კონტაქტში იმ ადამიანებთან, ვინც ვირუსის სარისკო ქვეყნებიდან დაბრუნდა იტალიაში; ვიმყოფებოდი თუ არა სამუშაო, სასწავლო ან დასვენების მიზნით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნებში; მაქვს თუ არა სიმპტომები: ხველა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის პრობლემა“.

იტალია ის ევროპული ქვეყანაა, სადაც დღეს კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანია დაავადებული და გარდაცვლილი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 11 მარტს გამოსცა დეკრეტი, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში დაკეტილია ყველა დაწესებულება, გარდა სუპერმარკეტების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, აფთიაქების, პურის საცხობების, საკონდიტროების, სამრეცხაოების (ტანსაცმლის, მანქანის), თამბაქოს ჯიხურების, გაზეთების ჯიხურების, ბენზინგასამართი სადგურების, ფოსტის, ზოომაღაზიებისა.

ნონა გედენიძე ამბობს, რომ იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, შეიქმნა სპეციალური ბლანკი, რომლის შევსებაც და თან ტარებაც იტალიაში მყოფ ყველა პირს ევალება.

„ბლანკში მითითებული ჩვენი მონაცემები, გადაადგილების მარშრუტები. მოთხოვნის შემთხვევაში, ეს ბლანკი უნდა წარვუდგინოთ კარაბინიერებს. მითითებული გვაქვს, რომ პოლიციას აქვს უფლება, გაგაჩეროს და გკითხოს სად მიდიხარ, მოგთხოვოს ბლანკი. თუკი ბლანკს არ წარადგენ, იტალიის სისხლის სამართლის 650-ე მუხლის თანახმად, გეკისრება ჯარიმა ან სამთვიანი პატიმრობა“.

ნონა გედენიძის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ის პირები, რომლებიც ამ პერიოდში მუშაობენ და რომელთა ხელფასიც წელიწადში არ აღემატება 40 ათას ევროს, აპრილის თვეში 100 ევროთი მეტ ხელფასს მიიღებენ.