ირაკლი კობახიძის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის გამოხატულებად შეაფასა. გუშინ, 20 ივნისს, იგი ამ ნაბიჯის გადადგმას არ აპირებდა. სწორედ ამ გარემოებას ითვალისწინებენ სკეპტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ იგი თავისი ნებით კი არ წავიდა, გაუშვეს. ირაკლი კობახიძე პარლამენტში რიგითი დეპუტატის რანგში გააგრძელებს საქმიანობას, იგი ინარჩუნებს ასევე პარტიის აღმასრულებელი მდივნის სავარძელს.
ირაკლი კობახიძის აღმასვლა
საქართველოს მე -9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს. 38 წლის პოლიტიკოსი იმ დროისათვის მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა და ვიწრო პროფესიულ წრეებში ჰქონდა კვალიფიციური იურისტის, კარგი კონსტიტუციონალისტის რეპუტაცია. ირაკლი კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა.
როგორი თავმჯდომარე იყო ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს პარლამენტის მიერ მიღებული ასობით კანონიდან რვას საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ეს კანონები პრეზიდენტთან ერთად იმსახურებდა ასევე საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მკვეთრ კრიტიკას. კრიტიკოსები მიიჩნევდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უზრუნველყოფდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და მმართველი პარტიის გრძელვადიანი დომინანტური პოლიტიკური როლის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული. განსაკუთრებით მწვავე რეაგირების საგანი იყო:
- საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი
- სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტი
- მოსმენების შესახებ კანონი
- თვითმმართველობის კანონი და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში
- მაუწყებლობის შესახებ კანონი
- საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, კონსტიტუციის ცვლილებების კანონი ერთგვარი კულმინაცია იყო იმისა, თუ როგორი არასწორი პოზიცია ჰქონდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მთელ რიგ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე. ერთ-ერთ მაგალითად ანა ნაცვლიშვილი ასახელებს საარჩევნო სისტემის ცვლილების გადავადებას 2024 წლისთვის. შესაბამისად ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში იგი ვერ შედგა პოლიტიკოსად და გაინადგურა კვალიფიციური იურისტის რეპუტაციაც, რადგან
- გაიტანა რამდენიმე საკანონმდებლო ნონსენსი
- იყო გამტარი და შემსრულებელი ყველა იმ სურვილისა, რომელიც მოდიოდა პარტიიდან
- ხშირად ჩანდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან ემსახურებოდა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, რომელიც ერთპიროვნულად იმართება ბიძინა ივანიშვილის მიერ
- ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავდა სამართალსა და პოლიტიკას მაშინ, როდესაც სამართალი ყველაზე კარგი პოლიტიკაა.
ანა ნაცვლიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობის დროს პარლამენტმა პროგრესული კანონებიც მიიღო, მაგალითად, შრომის უსაფრთხოების კანონი.
ირაკლი კობახიძე და სამოქალაქო სექტორი
კიდევ ერთი თვისება, რითაც ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას დაამახსოვრა თავი, არასამთავრობო სექტორის მიმართ გამოხატული აგრესიული რიტორიკა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს მან ფაშიზმის თანამონაწილეები უწოდა. როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა სოფო ვერძეულმა გვითხრა, ირაკლი კობახიძე წინამორბედ თავმჯდომარეებთან შედარებით გამოირჩეოდა სამოქალაქო სექტორთან არაკორექტული და დაძაბული ურთიერთობით. „მაშინ, როცა ამ სექტორთან პარლამენტის თავმჯდომარე ძალიან ინტენსიურად უნდა თანამშრომლობდეს“, - გვითხრა სოფო ვერძეულმა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე 20 ივნისს რომ გადამდგარიყო, შესაძლოა საზოგადოებას თავიდან აერიდებინა ის ძალისმიერი პროცესები, რაც პარლამენტის შენობის წინ განვითარდა.
მოსალოდნელი იყო თუ არა თავმჯდომარის კარიერის ასეთი დასასრული
ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი წინა წლებშიც რამდენჯერმე გახდა აქტუალური. კობახიძის მიმართ უკმაყოფილება მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ პროცესებს, მათ შორის გუნდის შიგნით. ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნა კიდევ უფრო გამწვავდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესისა და კრიტერიუმების შემუშავების თემაზე, რასაც გუნდიდან ეკა ბესელიასა და რამდენიმე წევრის გასვლა მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობის შენარჩუნებაც შეძლო, პოზიციების გამყარებაც და „ქართული ოცნებისადმი“ ლოიალური „სასამართლო კლანის“ ინტერესების დაცვაც. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ყველა რყევას გაუძლო, ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ უნარებში ეჭვი ეპარება პოლიტოლოგ ზვიად აბაშიძეს. მისი შეფასებით:
- პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ხედვების შემუშავებაში იგი სავარაუდოდ არ მონაწილეობდა
- ჰქონდა მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა პარტიასა და პარლამენტში
- როგორც კარგი იურისტი, კარგად აგვარებდა ტექნიკურ საკითხებს
- არ იყო იდეების გენერატორი
ზვიად აბაშიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე სუსტი თავმჯდომარე იყო და გუნდი მას იოლად შეელეოდა. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ 20 ივნისს შექმნილი კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობიდან გაშვება პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა და არა თავად ირაკლი კობახიძემ.
თვალში ნაცრის შეყრას უწოდებს, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის არჩილ თალაკვაძით შეცვლას ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, თუ სისტემური ცვლილებები არ მოჰყვა ქვეყანაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ ვითარებას, ცვლილება მორიგი ბუტაფორია იქნება. ირაკლი კობახიძის თანამდებობის შესაძლო ცვლილებაზე კი მედია მის გადადგომამდეც საუბრობდა. კერძოდ ამ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლების შესახებ.
ირაკლი კობახიძემ წერილობითი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ უკვე დაწერა.პარლამენტმა ახალი თავმჯდომარე 14 დღის ვადაში უნდა აირჩიოს.