ჩვენი გმირები რომ ტროას მოალყე აქაველები იყვნენ, მოვუსმენდით მათ საბედისწერო რისხვაზე სიმღერას, მაგრამ ჩვენი გმირები ჩვენებურები არიან და მხოლოდ გაიბუტნენ! გაებუტნენ მედიას და გაებუტნენ იმის გამო, რომ ბევრჯერ და ჩაძიებით დაუსვეს კითხვები, რომლებიც, ვიღაცის აზრით, უხერხული, ვიღაცისთვის კი მნიშვნელოვანი იყო. გაბუტვა კი გამოიხატა იმაში, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები მედიასთან კომენტარს აღარ აკეთებენ. მათი სათქმელი ვებ-საიტზე (NCDC.GE) ქვეყნდება ან მთავრობის წევრებივით ისინიც ცარიელ საკონფერენციო დარბაზში უპასუხებენ მიწოდებულ კითხვებს.

არადა, უხდებოდათ ახალ გმირებს ხალხთან ხშირი ურთიერთობა, რომელიც ხალხისთვისაც ერთობ მნიშვნელოვანი იყო...

ბევრისთვის მართლა გმირები არიან „ბატონი ამირანი“, „ბატონი თენგიზი“, „ბატონი პაატა“, „ქალბატონი მარინა“ და ზოგადად ექიმები, სამედიცინო სფეროს მუშაკები: ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, ფტიზიატრები და ა.შ. რომლებიც, გარდა იმისა რომ მუშაობენ, დაუზარლად ერთვებიან სატელევიზიო გადაცემებში და უცნაური ტერმინებით აიარაღებენ და ამხნევებენ ვერაგი ვირუსის შემოტევისგან დაზაფრულ მოქალაქეებს, ერთვებიან ხან ადგილობრივი კლინიკებიდან, ხანაც მსოფლოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ჰოსპიტალებიდან, კვლევითი ცენტრებიდან და ა.შ.

ცხადია, გრიპი, შავი ჭირი, ქოლერა და სხვა დაავადებები პირველად არ იქცნენ ეპიდემიებად. პანდემიებიც ახსოვს კაცობრიობას. საგანგებო მდგომარეობებიც, კომენდანტის საათებიც და საკარანტინო ზონებიც არაერთხელ შემოუღიათ. ალბათ, უფრო ხშირად ომების დროს, მაგრამ ეპიდემიების დროსაც, რა თქმა უნდა.

არაერთი მიზეზის გამო, ომებზე არანაკლები უბედურებაა ეპიდემიები, რომლებიც, მეცნიერების განვითარებამდე, ბრძოლისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავდა. შესაბამისად, სულ რაღაც საუკუნეზე შორეულ წარსულში ვირუსებთან და სასიკვდილო მიკრობებთან ომს არ ჰყავდა გმირები და არ არსებობდნენ გმირობის გამამხნევებელი მაგალითები, ამიტომაც წერდა თავის საყოველთაოდ ცნობილ „შავ ჭირში“ ალბერ კამიუ, რა დასანანია, რომ მთხრობელს არ შეუძლია ნუგეშად რომელიმე გმირი დახატოს, ანდა საგმირო ამბავი გიამბოთ, იმათი მსგავსი და ცალი, ძველ ქრონიკებში რომ გვხვდებაო; ეს იმიტომ, რომ არაფერია ჟამიანობაზე ნაკლებ ეფექტური სახილველი და სწორედ თავიანთი ხანგრძლივობის წყალობით დიდი-დიდი უბედურებანი მონოტონურნი ხდებიანო...

როცა საფრთხე საყოველთაოა, როცა არც ბრძოლის იარაღი არსებობს და არც გმირობის მაგალითები, რა რჩება ადამიანს?

მხოლოდ შიში, როგორც პასკალი იტყოდა, შიში, რითაც ბუნება კი არა, ჩვენ თვითონ ვივსებთ საკუთარ სულს; შიში, რომელიც ავადმყოფობა თუ არა, ავადმყოფობის მოკავშირე მაინც არის, მაგრამ თანამედროვე ადამიანები მარტო არ არიან შიშებთან და ვირუსებთან ბრძოლაში, მათი მოკავშირეები მეცნიერები, ექიმები არიან!

თვითონაც ხედავთ, ვინ დაიპყრო საჯარო სივრცე და სოციალური ქსელები ეპიდემიის დროს. ყველა ინტერენტგამოცემაში, ყველა ტელეარხსა თუ რადიოსიხშირეზე ექიმები ლაპარაკობენ ვირუსების ბუნებაზე, ავადმყოფობის ნიშნებზე, დაავადებასთან ბრძოლისა და მკურნალობის მეთოდებზე. ყველგან ექიმები, ექიმები, ექიმები... შეუძლებელია მათი არშემჩნევა და კიდევ უფრო მეტად შეუძლებელია მათი არდაფასება. ყველა ხვდება, რომ ექიმების რჩევების, ცოდნის, შრომისა და თავდადების გარეშე გამარჯვება არ იქნება... შესაბამისად, ლამის მთელი საზოგადოება (განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გადასახლებული), რომელიც სხვის თვალში ბეწვის ძებნასაა ნაჩვევი, ერთსულოვნად შეჰხარის თავის გმირებს და მსუბუქი ქილიკისთვისაც კი ვერ იმეტებს მათ. სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც ტელევარსკვლავებად ქცეულ ექიმებს ან ჩაცმას დაუწუნებდა ან ჩართვის დროს ფონად გამოჩენილ გორკა-დესაუში ჩადგმულ მადონა-სერვიზს ანდა რბილი ლასის და საშინელი კალიგრაფიის გამო დაა-haha-ვებდა!

...მაგრამ ვინ უსაყვედურებს ახლა ექიმებს ლურსმული ნაწერის, კანცელარიზმების, ანგლიზმების (კლასტერი), კუმშვა-კვეცისა და ზმნის პირის ნიშანთა მართლწერის გამო?

არადა, მართლა უნაკლოები ხომ არ არიან? განა, ქართული სტანდარტითაც კი ცუდი პოლიტიკოსებივით არ გაუწყრნენ და გაებუტნენ მედიას?

რომ არა „გმირობის დრო“ და გმირობის შარავანდედის თვალისმომჭრელი სინათლე, ბევრი დახუჭავდა თვალს და არაფერს იტყოდა?

გასაგებია, რომ „სხვა დროა“, მაგრამ ასე შეიძლება ყოველთვის „სხვა დრო“ იყოს. დარწმუნებული იყავით, ხვალ პლანეტაზე არსებული ყველა საკანალიზაციო მილი რომ ერთდროულად გასკდეს და ყველა ჭიდან რომ ერთდროულად ამოხეთქოს ფეკალურმა შადრევნებმა; ყველა ონკანიდან, ნიჟარიდან და სიფონიდან რომ იხუვლოვს იმან, რისგანაც კაცობრიობა ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა, ჰიდროტექნიკოსი გოჩა და მხარზე ტროსგადაკიდებული ალიკა და ჯუმბერაც სულ აკაკიშანიძეებად და არნოლდჩიქობავებად მოგვეჩვენებიან! ისინიც ასევე დაიმსახურებენ ჩვენს აღფრთოვანებას და ისინიც ყველაფერში მართლები იქნებიან, რადგანაც მათი „სხვა დრო“ იქნება და მათზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ბედი!

თქმა არ უნდა, ისინიც გმირები იქნებიან ხალხის თვალში და მათაც ბევრ რამეზე დაუხუჭავენ თვალს. ცხადია, პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი პროფესია ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მთავარია, „გმირებმა“ თვითონ არ დაიჯერონ, რომ მართლა გმირები არიან! არ დაიჯერონ რომ არაფერი ეშლებათ და არც შეიძლება რომ შეეშალოთ. და თუ მაინც გმირობაზე დადებენ თავს, ახსოვდეთ, რომ მედიასთან, მათ შორის კრიტიკულ მედიასთან (და ამ გზით საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან) ურთიერთობაც ამ გმირობის ნაწილია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.