„ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“ – ასი დღეა, ყველაზე ხანგრძლივი ანტისამთავრობო პროტესტი არყევს ირანის რეჟიმს, თუმცა დიდ ფასად.
500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 69 ბავშვი მოკლეს დემონსტრაციების დროს, მას შემდეგ, რაც მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი დაიღუპა. ორი მომიტინგე უკვე დასაჯეს სიკვდილით, სულ მცირე კიდევ 26-ს იგივე ბედი ემუქრება.
ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციები ადრეც უნახავს ირანს, თუმცა ეს საპროტესტო ტალღა უნიკალურია, რადგან გააერთიანა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი, და იმით, რომ წამყვანი როლი აქვთ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც მკაცრი რელიგიური წესების წინააღმდეგ იბრძვიან.
ირანელები არიან იმიგრანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი საქართველოში, სადაც მათ უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. რადიო თავისუფლება ესაუბრა ქალებს, რომელთაც სხვადასხვა გარემოების გამო აღმოჩნდნენ თბილისში და იმედით უყურებენ რევოლუციურ მოძრაობას სამშობლოში.
სოლმაზი, 37 წლის. მაშჰადიდან.
"ახალგაზრდა, გაბრაზებული, აღშფოთებული - ამ ახალგაზრდა გოგოების და ბიჭების სიმამაცე მაოცებს. არ ვიცი საიდან აქვთ ეს ძალა. ალბათ, ისინი ჩემი თაობის შვილები არიან, რომლებმაც ბევრს გავუძელით, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღეთ.
არქიტექტორი ვიყავი. მშენებლობაზე მუშები არასდროს მემორჩილებოდნენ. რასაც ვეტყოდი, იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. კაც კოლეგას ვაგზავნიდი, რომ დავალება მიეცა მათთვის.
2009 წელს, მეგობრების წნეხით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა მივეცი „უკეთეს კანდიდატს“. არც კი დათვალეს, ისე გამოაცხადეს პრეზიდენტად მეორე ვადით მაჰმუდ აჰმადინეჟადი. მეორე დღეს თეირანში დაიწყო გამოსვლები. ჩემს მშობლიურ ქალაქშიც იგივე გავაკეთეთ. პოლიციელი მომდევდა, მე კი ისე სწრაფად გავრბოდი… თან ჩამესმოდა - გაიქეცი! - „პინკ ფლოდის“ სიმღერა.
არქიტექტორობის მერე ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა საერთაშორისო სკოლაში. ჰელოუინის წვეულება მოვაწყვეთ. ბავშვები ძალიან გაერთნენ. ერთ კვირაში მივიღეთ წერილი: „ვიცით ამ წვეულების შესახებ, ეს არის ბავშვების ტვინის გამორეცხვა, ვესტერნიზაცია...“ - რაღაც ასეთი.
ოთხმა ადამიანმა დამკითხა. ბოლოს მითხრეს, ამჯერად თვალს დავხუჭავთ, მაგრამ შემდეგ ჯერზე ასეთ სიკეთეს აღარ გამოვიჩენთო. დამაშინეს, დამემუქრნენ. რომ გამოვედი ვკანკალებდი. პარანოია დამეწყო. ტაქსის მძღოლი თუ ოდნავ მაინც წააგავდა იმათ, ვფიქრობდი, რაღაცნაირად დაკავშირებულია დაკითხვასთან-მეთქი.
დედამ მითხრა, უნდა წახვიდე და რაც შეიძლება მალეო. მამაშენი საკმარისი იყო, არ მინდა იგივე მოგივიდესო. მამა პოლიტიკური აქტივისტი იყო. ბოლომდე არ ვიცით მისი გარდაცვალების მიზეზი. ერთი მანქანა ორჯერ დაეჯახა. მეორედ ვერ გადარჩა.
ამ დრომდე მაქვს პარანოია ცოტათი. გუშინ ერთი ბიჭი შევამჩნიე. მეგონა, მე მომდევდა. უცებ გავიაზრე, რომ თბილისში ვარ და არა ირანში. უბრალოდ, ჩემ გვერდით მოდიოდა.
ახლანდელი პროტესტის სლოგანი არის „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება!“ და ცხადია, არის სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია, რასაც ხალხი აპროტესტებს. ეკონომიკური სიტუაციაც ძალიან დიდ როლს თამაშობს.
იმედი დაკარგული მქონდა სრულიად. ორი წლის წინ, აქციების დროს, ხელისუფლებამ 1500 ადამიანი მოკლა. გავიაზრე, სისასტიკის მასშტაბი. თუ მოუწევთ, მზად არიან ყველა დახოცონ.
ჩემი თაობა მიჩვეულია დათრგუნვას, შეზღუდვას. არასდროს გვიბრძოლია საბაზისო უფლებებისთვის. ახლა ამას ცვლის ახალი თაობა".
დარია საბუნიჰა, 31 წლის. ყაზვინიდან.
"ყოველ დღე ვიღვიძებ ფიქრით - ნეტავ არავინ მოეკლათ წუხელ! მერე ინსტაგრამს ამოწმებ და ნახულობ ახალ ამბებს მორიგ სისასტიკეზე. თითქმის ორი თვეა, ვერაფერს ვაკეთებ ნორმალურად. სავარჯიშო დარბაზში ვერ დავდივარ, მუსიკას ვერ ვუსმენ. დამნაშავედ ვგრძნობ თავს, რომ იქ არ ვარ. ჩემი ხალხი კვდება, მე კი რას ვაკეთებ აქ, მუსიკას ვუსმენ?!
პატარაობაში ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში. დედაჩემი იყო ათლეტი, პროფესიონალი კალათბურთელი. მის გამო მიყვარს სპორტი. მამამ აღარ მისცა კარიერის გაგრძელების უფლება. დაახლოებით 15 წლამდე ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ ფეხბურთი მეთამაშა. გუნდურობა მიზიდავდა. მაგრამ მივხვდი, რომ ირანში ფეხბურთის თამაშით მომავალი ვერ მექნებოდა.
მსახიობობაც მინდოდა. ინდუსტრიაში მაღალი თანამდებობები ყოველთვის კაცებს უჭირავთ. პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ ჩემი გაუპატიურება უნდათ და მხოლოდ ამის შემდეგ მომცემდნენ როლს.
მერე კინოსტუდიაში ვმუშაობდი და ძალიან კარგი ატმოსფერო მქონდა, მაგრამ სანამ სახლიდან სამსახურამდე მივიდოდი, ის ერთი საათის გზა მთელ დღეს მიწამლავდა. მოხუცი ქალების თვალები ავტობუსში გაშტერდებიან. ხანდახან გეტყვიან კიდეც - გაისწორე ჰიჯაბი, ნუ იქცევი ასე.
თუ მანიკიური მესვა და ნათესავებთან მივდიოდი, ხელთათმანებს ვიცვამდი ხოლმე. თუ შენთან მოდიან სტუმრად, შენ უნდა დაიფარო ჰიჯაბი, რადგან მათ არ უნდათ შენი ნახვა გაშლილი თმით.
ვხვდებოდი, რომ ბრაზმა და დეპრესიამ მომიცვა. არადა, არასდროს ვყოფილვარ ასეთი. ყოველთვის ენერგიით და ვნებით ვიყავი სავსე, დიდი ოცნებები მქონდა. ყველა ირანელ გოგოს აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან იძულებული ვართ, დავმალოთ საკუთარი თავები. სუნთქვა აღარ შემეძლო. ყველაფერი მივატოვე.
ახლა ბიძაჩემები დედაჩემს ეუბნებიან, არ გაიკეთოს შარფი. ის ბიძები, რომლებიც პომადის წასმის უფლებას არ მაძლევდნენ. ვხედავ როგორ იცვლებიან ადამიანები.
საერთაშორისო საზოგადოებაც სხვანაირად გვიყურებს. ისე აღარ განგვსჯის. ახლა იციან განსხვავება - რომ ხალხი არ არის ისლამური რესპუბლიკა".
ნუშა საიდი, 47 წლის. თეირანიდან.
"მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რატომ არ იღებს ხალხი ხმას? რატომაა შეგუებული ამ პირობებს? ყოფილა საპროტესტო აქციები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ასეთი მასშტაბური არაფერი მინახავს.
ძალიან რთულია იყო ქალი, ძალიან რთულია იყო ირანელი. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია იყო ირანელი ქალი.
ჩვენს ოჯახს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბაბუაჩემი და მისი მამა ხელისუფლებასთან მუშაობდნენ, ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე. აფასებდნენ განათლებას, კულტურას. პროგრესულები იყვნენ. დედაჩემი რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა 90 წლისა. ჩემზე მეტად აქტიურიც კი იყო. ბოლოს 5 წლის წინ გავიდა აქციაზე ბანერით: არ ვეთანხმებით სავალდებულო ჰიჯაბს! ხმები მოგვდიოდა, სჯობს გაჩერდეთო, მაგრამ ძალიან მამაცი იყო. მე კი მაინც იძულებული ვიყავი დამეფარებინა ჰიჯაბი და დავმორჩილებოდი ქმრის მითითებებს.
ყველაზე დიდი სირთულე განქორწინებას ახლდა, რადგან კანონით, შვილი მამასთან რჩება. ჩემი ყოფილი ქმარი არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობას გამიწევდა, მაგრამ იმიტომ, რომ ირანელია და იცის, რომ კანონი მის მხარესაა, მაინც გარკვეულად შეაფერხა განქორწინების პროცესი.
ქვეყნიდან წასვლა, დიდწილად, ჩემი ქალიშვილის გამო გადავწყვიტე. რატომ უნდა დავრჩეთ ქვეყანაში, სადაც ვერ ვირჩევთ რა ჩავიცვათ, სადაც მუდმივად ზღუდავენ ინტერნეტს, სადაც მუდმივად სანქციების ქვეშ ვართ. მანამდე ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი ჩემს ხალხთან და მეცადა, მემსახურა ქვეყნისთვის, მაგრამ რატომ?! ჩემი ქალიშვილი რომ გაიზრდება, მკითხავს, ხომ შეგეძლო, რატომ არ წამიყვანე აქედან?!
უამრავი ადამიანი იყო, რომელიც ამავე ხელისუფლების პირობებში ცდილობდა ცვლილებების მოტანას. ახლა ყველა დარწმუნებულია, რომ აუცილებელია ამ ხელისუფლების ჩამოშორება.
ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ყველაფერს გავაკეთებდი თანამემამულეებისთვის. მაგრამ პირველ რიგში ჩემი ოჯახი დგას. ამიტომ მე ვერ ჩავერთვები პროტესტში, მაგრამ აქედან ვაკეთებ, რაც შემიძლია. ვწერ და ვაქვეყნებ პოემებს ამ თემაზე. როგორც რეჟისორი, შემიძლია მოკლე ფილმების გადაღება.
მე 3 წლის ვიყავი, როცა ისლამური რევოლუცია მოხდა. ჩვენ დაშინებული თაობა ვართ. ჩვენ შევქმენით პრეცედენტები, მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით დიდი ცვლილებების მოტანა, პირველ რიგში, მენტალურად გვქონდა ბარიერები ჩანერგილი.
როგორც შუა ხნის ქალი, ძალიან ამაყი ვარ, რომ ასეთი ახალგაზრდა გოგოები და ბიჭები გვყავს. მათ განათლება ჩვენს საკლასო ოთახებში მიიღეს. ჩვენ ვასწავლეთ მათ როგორია თავისუფლების გემო, ამაზე ვლაპარაკობდით სახლებში ჩვენს თინეიჯერებთან. ახლა ისინი მოქმედებენ. არ მგონია, რომ განსხვავებაა თაობებს შორის. ჩვენ ერთად ვიბრძვით".
მარიამ ჯაფარიანი, 23 წლის. კერმანშაჰიდან.
"10-იდან 9 ქულით მეზიზღება ჰიჯაბი. სავალდებულო ჰიჯაბი. 10, ალბათ, იქნებოდა ატომური ბომბი, ან ჰიტლერი.
6 თვის წინ ზაფხულში დამაკავეს. მანქანიდან ვესწრებოდი ონლაინ ლექციას. პოლიციელმა მანქანის კარი გააღო: ჰიჯაბი გადაწეული გაქვსო, ვის ელაპარაკებიო. ვუყვირე: „ჯანდაბა! გადი, ჩემი მანქანაა!“ პოლიციაში წამიყვანეს. მომცეს ფურცელი, რომელზეც ხელი უნდა მომეწერა და დამედასტურებინა, რომ დავარღვიე ჰიჯაბის ტარების წესები და აღარ გავიმეორებ. პირდაპირ ვუთხარი, რომ არ მოვაწერდი ხელს და კი, გავაკეთებ იმავეს. დედაჩემი მოვიდა, ბევრი უყვირა და გაგვიშვეს.
დედამ გამზარდა. მარტოხელა, დამოუკიდებელი, ძლიერი ქალია. არასდროს მიფიქრია, რომ ქალს რამის გაკეთება არ შეუძლია, რადგან დედაჩემი ყველაფერს აკეთებდა. სამსახურიც ჰქონდა, ჩვენც გვზრდიდა, ქალაქგარეთაც გავყავდით მანქანით.
უფროსი თაობა არის პასუხისმგებელი სავალდებულო ჰიჯაბის შემოღებაზე, ამ რეჟიმის მოყვანაზე, მაგრამ ისინი, ასევე, არიან ყველაზე მეტად რეპრესირებულები.
12 წლისა, ინსტაგრამზე დავრეგისტრირდი პირველად. რამდენიმე ფოტოც დავპოსტე ჰიჯაბის გარეშე, გაუაზრებლად. ბიძებმა დაურეკეს დედას და უთხრეს, შენი ქალიშვილი ბოზობს, ინსტაგრამზე შიშველ ფოტოებს აქვეყნებსო. რელიგიურები არც კი არიან, რეჟიმსაც კი ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ერთ სანტიმეტრ კანსაც თუ აჩვენებ, მათთვის ეს სიშიშვლეა. ასეთია ამ ქვეყნის წესებიო, მეუბნებოდნენ. და სანამ აქ ხარ, უნდა დაემორჩილო.
საქართველოში რომ გადმოვედი, პროფილის ფოტოები შეცვალე და ჩემი ფოტოები დავაყენე - მე, ჰიჯაბის გარეშე. სამი წელია, ნათესავები აღარ გველაპარაკებიან. ჩემს პატარა ქალაქში მორალის პოლიციაც კი არ არის საჭირო. ბიძაჩემები არიან მორალის პოლიციელები.
[მაჰსა ამინის სიკვდილი] ძალიან ტრაგიკული იყო და ველოდი, რომ დემონსტრაციები მოჰყვებოდა. რასაც არ ველოდი, იყო როგორ გავრცელდა ერთი ქალისადმი სოლიდარობა ყველა ქალზე.
შეიძლება ირანში არ ვარ და ვერ ვმონაწილეობ აქციებში, მაგრამ აქ, საქართველოში გაძლევთ ინტერვიუს და ვავრცელებ ჩვენს ხმას. დღეს ჰეშტეგით ტვიტერზე დაწერა იგივეა, რაც ქუჩაში გასვლა და ქვის სროლა.
ვხედავ ჩემს თავს ირანში დაბრუნებულს, ძალიან მოხუცს და როცა ყველაფერი შეცვლილია.
არ მჯერა ცვლილების, სანამ ეს ხელისუფლება არ წავა!
დედაჩემი ყოველთვის ამბობდა, ერთი წელიც მოიცადე და ეს რეჟიმი შეიცვლება. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ახდება".
კიანა, 23 წლის. იაზდიდან
"ყოველთვის მინდოდა მებრძოლა, მაგრამ მეგონა უმცირესობაში ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ჩემნაირად ფიქრობს.
ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქალაქიდან ვარ. ბავშვობიდან მეუბნებოდნენ - დაიფარე ჰიჯაბი, თორემ ჯოჯოხეთში მოხვდები! 12 წლიდან დავიწყე კითხვების დასმა - რატომ არ ვუყვარვარ ღმერთს, მან ხომ თმით შემქმნა?!
13 წლიდან ვაგროვებდი ფულს, რომ ქვეყნიდან წავსულიყავი. ველოდებოდი, როდის გავხდებოდი 18 წლის. დედას ვეხმარებოდი ხელნაკეთი სანათების დამზადებაში. აქედან აღებულ ფულს მაძლევდა. 16 წლიდან რესტორანშიც ვმუშაობდი, ხან მიმტანად, ხანაც ჭურჭლის მრეცხავად.
არ მინდოდა ვყოფილიყავი მხოლოდ ცოლი, რომელიც საჭმელს უკეთებს მეუღლეს. მამას უნდოდა დავქორწინებულიყავი ბიჭზე, რომელიც არ მიყვარდა. ძალიან ბევრი წელი ვითვალისწინებდი მათ ბრძანებებს. გაუსაძლისი იყო. ყველა წესი დავარღვიე: სახლი დავტოვე, არ დავქორწინდი, მამას არ დავუჯერე, ჰიჯაბი მოვიხსენი, ვცეკვავ. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ესაა წესები.
100 დღე გავიდა პროტესტის დაწყებიდან და თითქმის არ მძინავს. მასევდიანებს, რომ ამდენი ადამიანი კვდება. თუმცა კარგი ამბებიც არის - მსოფლიომ გაიგო, რამდენი ადამიანი ეწინააღმდეგება ისლამურ რესპუბლიკას, სანქციები გაძლიერდა.
ჰიჯაბი არ არის ერთადერთი, მაგრამ არის ერთ-ერთი მთავარი. თუ ამას გატეხ, უფრო დიდ რაღაცებსაც მიწვდები".