55 წლის ზაზა ბიღიაშვილმა 7 მარტს აქციაზე წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სამსახურიდან სახლში მისულმა ტელევიზორში ხალხით გადავსებული რუსთაველის გამზირი დაინახა. თბილსერვისის დასუფთავების მანქანის მძღოლმა იფიქრა, რომ არ იქნებოდა სწორი არ დამდგარიყო მათ გვერდით, ვინც "რუსული კანონის" წინააღმდეგ იბრძოდა.
იმ ღამეს ჩიტაძის ქუჩაზე ზაზას თავში სპეცრაზმელის ნასროლი, სავარაუდოდ, მხუთავი აირის ბალონი მოხვდა და სახლის ნაცვლად კლინიკაში წავიდა სასწრაფოს მანქანით - ექიმებმა უთხრეს, რომ სრულად დაშლილ თვალში მხედველობას ვერ შეუნარჩუნებდნენ. ზაზა ამ დრომდე ამაოდ ელოდება, რომ სახელმწიფო დაინახავს მის ტრავმას და შესთავაზებს დახმარებას, კომპენსაციას ან ბოდიშს მაინც მოიხდის მშვიდობიან დემონსტრანტთან ძალის გადამეტების გამო.