ბუჩაზე ნათქვამი სიმართლის გამო 10-წლიანი პატიმრობა?

ილია იაშინი პოლიციის ავტომობილში

ილია იაშინი - 2014 წელს მოკლული ბორის ნემცოვისა და პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის თანამებრძოლი, იმ იშვიათ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შორისაა, რომელმაც შეგნებულად არ დატოვა რუსეთი 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ და, რომელიც ღიად და მწვავედ აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტს უკრაინაში შეჭრის გამო. ილია იაშინი მეხუთე თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. 5 დეკემბერს განსასჯელის ბოლო სიტყვაში ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი სახელი გაიგივებულია სიკვდილსა და ნგრევასთან. ილია იაშინის განაჩენი 7 დეკემბერს გამოცხადდება. ადვოკატები 9-წლიან პატიმრობას ვარაუდობენ.

ილია იაშინს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. გამოძიება მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დაღუპვის გარემოებების შესახებ არასანდო, რუსეთის ხელისუფლებისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა. როგორც რუსმა პოლიტოლოგმა, აბას გალიამოვმა შენიშნა, საჯარო სივრცეში ალექსეი ნავალნის არარსებობის პირობებში, სწორედ იაშინი იყო რუსეთის ოპოზიციის ყველაზე გამორჩეული და იმდენად პოპულარული ფიგურა, რომ ხელისუფლება საკმაო ხანი იკავებდა თავს მისი დაპატიმრებისგან.

ილია იაშინი სასამართლო პროცესზე

ილია იაშინისთვის 9-წლიანი პატიმრობის გარდა პროკურატურა ასევე მოითხოვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ პოლიტიკოსს ოთხი წლით აეკრძალოს ინტერნეტით სარგებლობა.

5 დეკემბერს ილია იაშინს განსასჯელის „ბოლო სიტყვის“ წარმოთქმის საშუალება მიეცა, თუმცა ამ დროისათვის დარბაზი უკვე თითქმის ცარიელი იყო, რადგან სხდომის დაწყების წინ გაისმა სირენის ხმა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ, პროცესში მონაწილე მხარეებისა და საქმის მოწმეების გარდა, ყველას უნდა დაეტოვებინა დარბაზი და, სურვილის შემთხვევაში, სხდომის მსვლელობისთვის ვიდეოტრანსლაციით მიედევნებინათ თვალი.

„საკმაოდ პირქუშად ჟღერს "ბრალდებულის ბოლო სიტყვა". თითქოს პირი უნდა ამომიკერონ და სამუდამოდ ამიკრძალონ ლაპარაკი. ყველას ესმის, რომ სწორედ ასეთია ამ საქმის მთელი არსი. საზოგადოებისგან იზოლირებული ვარ, რადგან უნდათ, რომ ჩუმად ვიყო. პირობას ვდებ, სანამ ცოცხალი ვარ, ამას არასოდეს შევეგუები. ჩემი მისია სიმართლის თქმაა. სიმართლეს გისოსებს მიღმაც არ დავთმობ. ბოლოს და ბოლოს, კლასიკოსს დავესესხები: "ტყუილი მონების რელიგიაა", - განაცხადა ილია იაშინმა, რომლის „ბოლო სიტყვის“ ძირითადი ადრესატები მოსამართლე ოქსანა გორიუნოვა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყვნენ.

„თქვენო ღირსებავ, ვაფასებ იმას, თუ როგორ ჩატარდა სასამართლო პროცესი, - მიმართა განსასჯელმა მოსამართლეს, - თქვენ ჩაატარეთ საჯარო და ღია სასამართლო პროცესი, ხელი არ შეგიშლიათ აზრების გამოთქმაში არც ჩემთვის და არც ჩემი ადვოკატებისთვის, რაც რუსული მართლმსაჯულების გადამწვარ ველზე უჩვეულოდ მოჩანს“.

ილია იაშინი დაპატიმრებამდე, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე მოსკოვში

ილია იაშინმა ასევე ილაპარაკა იმაზე, რომ დიდი ხანია ცხოვრების პრინციპად აქვს არჩეული, ილაპარაკოს სიმართლე და არ იფიქროს იმაზე, თუ რა მოჰყვება მას:

„დაე, მერე მოხდეს, რაც მოსახდენია. საბრძოლო მოქმედებები რომ დაიწყო, წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რა უნდა მექნა. ფიზიკურად მტკივა იმის გამო, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ამ ომში, რამდენი გაუბედურდა. ვფიცავ, არაფერს ვნანობ. შემეძლო გავქცეულიყავი საზღვარგარეთ, გავჩუმებულიყავი, მაგრამ გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. სჯობია ათი წელი გაატარო გისოსებს მიღმა და დარჩე პატიოსან ადამიანად, ვიდრე ჩუმად იწვოდე სირცხვილისგან იმის გამო, რაც შენი სახელით კეთდება“.

განსასჯელის „ბოლო სიტყვის“ ფინალში ილია იაშინმა ვლადიმირ პუტინს მიმართა:

„თვითონაც გესმით, რა შეცდომა დაუშვით 24 თებერვალს. რუსეთის ჯარს ყვავილებით არ ხვდებიან, ჩვენ გვიწოდებენ დამპყრობლებს და დამსჯელებს. თქვენი სახელი გაიგივებულია სიკვდილსა და ნგრევასთან. თქვენ ეომებით არა მარტო უკრაინელებს, არამედ თქვენს თანამემამულეებსაც. ომის ცეცხლში უშვებთ ასიათასობით რუსს. თქვენთვის ეს მხოლოდ რიცხვებია, მაგრამ ბევრი ოჯახისთვის ეს არის აუტანელი ტკივილი ქმრების, მამების, შვილების დაკარგვისა. ასიათასობით ჩვენმა თანამოქალაქემ დატოვა სამშობლო, რადგან არ უნდათ არც სხვისი და არც თავისი სიკვდილი. ხალხი გარბის თქვენგან, ბატონო პრეზიდენტო. საომარ ლიანდაგებზე გადაყვანით, უკან აბრუნებთ ქვეყანას. დაგავიწყდათ, რომ ამგვარმა პოლიტიკამ უკვე მიიყვანა რუსეთი დაშლამდე? მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ეს, გაიყვანოთ უკრაინის ტერიტორიიდან ჯარები და დაიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები“.

ილია იაშინმა ასევე მოუწოდა მხარდამჭერებს, არ გატყდნენ და არ ჩამოყარონ ხელები.

„ნუ ჩავარდებით სასოწარკვეთილებაში. ეს არის ჩვენი და არა მათი ქვეყანა. მისთვის ღირს ბრძოლა. იყავით მამაცები, ნუ დაიხევთ უკან ბოროტების წინაშე, შეეწინააღმდეგეთ მას. მხარში დაუდექით ერთმანეთს. ჩვენ იმაზე ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე გვგონია, ვიდრე ცდილობენ დაგვარწმუნონ. არ ინერვიულოთ ჩემზე. გპირდებით, რომ გავუძლებ ყველა ამ განსაცდელს, არ ვიწუწუნებ და ღირსეულად გავივლი ამ გზას. თქვენ კი დამპირდით, რომ შეინარჩუნებთ ოპტიმიზმს. მერწმუნეთ, რუსეთი იქნება თავისუფალი და ბედნიერი!“

ილია იაშინი რუსეთის უმაღლეს სასამართლოში 2019 წ.

ილია იაშინი, მოსკოვის კრასნოსელსკის ოლქის დეპუტატთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ბორის ნემცოვისა და ალექსეი ნავალნის თანამოაზრე, 2022 წლის ივნისის ბოლოს დააკავეს ადმინისტრაციულ საქმეზე, თუმცა პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ კვლავ დააკავეს უკვე სისხლის სამართლის საქმეზე. 2022 წლის ივლისიდან მოყოლებული ის იმყოფებოდა მოსკოვის ბუტირკის წინასწარი დაკავების იზოლატორში, მოგვიანებით გადაიყვანეს მედვედკოვოს #4 წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ილია იაშინმა სასამართლო პროცესის მსვლელობისას აღნიშნა, რომ არაერთხელ მიანიშნეს რუსეთის დატოვების შესაძლებლობაზე, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, გადაწყვიტა დარჩენილიყო, რადგან „უყვარს თავისი ქვეყანა“.

ილია იაშინის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი გახდა YouTube-ის სტრიმი, რომელშიც პოლიტიკოსი საუბრობდა ბუჩაში მომხდარ მკვლელობებზე და კრიტიკულად აფასებდა რუსული მხარის არგუმენტებს, რომ თითქოსდა მათში რუსი სამხედროები არ მონაწილეობდნენ. ფეიკების საქმეზე იაშინს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება. რუსეთში ამ მუხლით ყველაზე ხანგრძლივი, 7-წლიანი პატიმრობა მისჯილი აქვს იაშინის ყოფილ კოლეგას, კრასნოსელსკის დეპუტატთა საბჭოს წევრს ალექსეი გორინოვს.

იაშინი კადიროვისა და პრიგოჟინის წინააღმდეგ

ილია იაშინმა რუსეთის მართლმსაჯულების მამხილებელი განცხადება გააკეთა 2022 წლის 7 ნოემბერს, როცა მორიგ სასამართლო სხდომაზე ილაპარაკა მმართველი პარტიის წევრების, რამზან კადიროვისა და ევგენი პრიგოჟინის ქმედებებსა და გამონათქვამებზე, რომლებიც რუსეთის არმიის დისკრედიტაციის მუხლით ბრალდების წაყენების საფუძველს იძლევა, თუმცა რუსეთის მართლმსაჯულება ამას "რატომღაც" არ აკეთებს.

„რუსეთის მმართველი პარტია სახელმწიფო სათათბიროში ხმამაღლა ადანაშაულებს თავდაცვის სამინისტროს სიცრუესა და კორუფციაში. შეიარაღებული პატიმრებით გარშემორტყმული პრიგოჟინი ამცირებს რუსეთის ჯარს და დასცინის მის სარდლობას. კადიროვი გენერლებს უუნაროებს უწოდებს და თავხედურად ასწავლის მათ, როგორ იბრძოლონ. ტელეპროპაგანდისტები მინიშნებით ამბობენ, რომ გენერალურ შტაბში მოღალატეები არიან მოკალათებული. მესმის, რა თქმა უნდა, რომ ამ ყველაფრის მიზანი პუტინის დაცვაა, საზოგადოების დარწმუნება, რომ უზენაესი მთავარსარდალი არ არის დამნაშავე წარუმატებლობებში, რომ მას უბრალოდ არაკომპეტენტურმა ხელქვეითებმა დააღალატეს. ნაცნობი ვითარებაა: ბოიარები ცუდები არიან, მეფე კი, რომელმაც ფაქტობრივად ეს ომი გააჩაღა, კარგია“, - განაცხადა ილია იაშინმა 7 ნოემბერს, მოსკოვის ბასმანის რაიონულ სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას.

ილია იაშინის თქმით, ქვეყანაში, სადაც საზოგადოებრივი აზრი და საზოგადოებრივი პოლიტიკა განადგურებულია, ხელისუფლებასა და მართლმსაჯულებას სიტყვების არ ეშინია, მაგრამ ეშინია „კადიროვის ავაზაკებისა და პრიგოჟინის ბანდიტებისა“:

„რა თქმა უნდა, თქვენთვის უფრო ადვილია სტუდენტების, მუნიციპალური დეპუტატების, ჟურნალისტებისა და ომის მშვიდობიანი მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა. ეს ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დაპირისპირება კერძო ჯარების მფლობელებთან, რომლებიც რეალურად საფრთხეს უქმნიან რუსეთის მომავალს. როგორ ფიქრობთ, ეს სიმხდალე და სულმოკლეობა არსებითად განა რამით განსხვავდება სახელმწიფო ღალატისგან?“

ვლადიმირ პუტინი და რამზან კადიროვი

2022 წლის 22 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ილია იაშინი ასევე შეიყვანა უცხოელი აგენტების ფიზიკურ პირთა რეესტრში. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, იაშინი დაფინანსებას უკრაინიდან იღებდა. 2 დეკემბერს ილია იაშინმა უცხოელი აგენტის სტატუსის გაუქმება მოითხოვა.

რუსეთში უცხოელ აგენტად აღიარებული პირების 18% (თითქმის ყოველი მეხუთე) სისხლისსამართლებრივი დევნის ქვეშაა, ხოლოდ თითქმის ყოველი მეშვიდე „უცხოელი აგენტი“ ან ძებნაშია, ან იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ან შეფარდებული აქვს აღკვეთის სხვა ღონისძიება. დევნის ყველაზე „პოპულარული მუხლია“ ყალბი ინფორმაციის („ფეიკის“) ანუ რუსული არმიის ქმედებების შესახებ განზრახ ცრუ ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება „ფეიკად“ განიხილავს ნებისმიერ განცხადებას, რომელიც განსხვავდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებებისგან. რუსეთის შსს-ს ბაზისა და სხვა ღია წყაროების შესწავლით დადგინდა, რომ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ 2020 წლიდან უცხოური აგენტების რეესტრში შეყვანილი 209 პირიდან, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 38-ზე. ორი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, 28 კი ძებნაშია.

ილია იაშინი 27 ივნისს დააკავეს მოსკოვში, ხამოვნიკის პარკში, სადაც ის ჟურნალისტ ირინა ბაბლოიანთან ერთად სეირნობდა. პოლიციის მტკიცებით, პოლიტიკოსი გააჩერეს დოკუმენტების შესამოწმებლად, რასაც „კატეგორიული ფორმით გამოხატული უხეში უარი“ მოჰყვა. პოლიციის მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ილია იაშინი პოლიციას ეჯაჯგურებოდა და ფორმაზე ქაჩავდა.

ილია იაშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 15-დღიანი პატიმრობის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე.