ბულგარეთის ულტრამემარჯვენე პარტია "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებას ითხოვს, არადა უცხოურ გრანტებს თავადაც იღებდნენ

„აღორძინების“ ლიდერი, კოსტადინ კოსტადინოვი

ულტრამემარჯვენე “აღორძინების” პარტია კვლავ მოითხოვს, რომ ბულგარეთმა მიიღოს რუსული „უცხოეთის აგენტების“ მსგავსი კანონი, რომლის მიხედვითაც დაისჯება ნებისმიერი, ვისაც უცხოური დაფინანსება აქვს მიღებული. ოპონენტების აზრით, ასეთი კანონები კრიტიკული აზრის ჩასახშობად გამოიყენება ხოლმე.

თუმცა, როგორც ჩანს, „აღორძინების“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, პარტიის ლიდერის, კოსტადინ კოსტადინოვის მეუღლესთან ერთად, თავადაც სარგებლობდნენ უცხოეთის დაფინანსებული პროგრამებით, რომლებსაც ახლა აკრიტიკებენ.

დამკვირვებლების თქმით, რუსეთის „უცხოეთის აგენტის“ კანონი, რომელიც 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ რამდენჯერმე გაამკაცრეს, იქცა შაბლონად სხვა მთავრობებისათვის, რომლებიც კრიტიკოსთა გაჩუმებას ცდილობენ. წლის დასაწყისში ამ კანონის თავისი ვერსია საქართველოს პარლამენტმაც დაამტკიცა, მიუხედავად რამდენიმეკვირიანი ხალხმრავალი ქუჩის პროტესტებისა.

2023 წლის დეკემბერში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ,“ რომელსაც ოპონენტები რუსეთის კანონს ადარებენ. მისი ინიციატორი უნგრეთის ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახლდათ.

„აღორძინების“ ინიციატივა მოჰყვა ამ პარტიის წარმატებას არჩევნებში, რამაც შოკში ჩააგდო ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელიც ხშირად იმეორებს კრემლის ნარატივებს და ითხოვს ბულგარეთს ნატოდან გასვლას, სცადა მიეღო კანონი სკოლებში „გეი პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ, მიუხედავად ქუჩის პროტესტისა და დასავლეთის კრიტიკისა.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც „აღორძინებამ“ მსგავსი კანონის მიღება სცადა. 2022 წელს პარტიამ კანონის უფრო რბილი ვერსია წარადგინა, რომელიც შეეხებოდა მხოლოდ ჟურნალისტებს, რომლებიც რაიმე სახის უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ. ამ მცდელობას კრიტის ტალღა მოჰყვა, მათ შორის საერთაშორისო მედიაორგანიზაციების მხრიდან. პარლამენტმა მაშინ კანონპროექტი ჩააგდო.

„აღორძინებამ“ ამ კანონპროექტის მიღება შემდეგ წელსაც სცადა, კვლავაც წარუმატებლად.

ახლა, როგორც ჩანს, პარტია წაახალისა პარლამენტში ანტილგბტქ კანონის მიღებამ,. რაც მათ რამდენიმე პროევროპული პარტიის დახმარებით მოახერხეს და მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ ეცადათ ბედი.

უახლესი შემოთავაზებული კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ მოსთხოვს ორგანიზაციებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებს ან ბლოგერებს, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები.“ მათ აეკრძალებათ მუშაობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში, პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტირება ან მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა.

კანონპროექტი პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენიათ, თუმცა ის უკვე განიხილეს ორ საპარლამენტო კომიტეტში.

"ბინძური ფული"

ბულგარელი პოლიტოლოგი ოგნიან მინჩევი ფეისბუკზე წერს, რომ "აღორძინება" ცდილობს უცხოური გრანტები წარმოაჩინოს, როგორც „ბინძური ფული“.

შემოთავაზებული კანონპროექტის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია კოსტა სტოიანოვი, „აღორძინების“ დეპუტატი და პარლამენტის ბავშვთა, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე - ეს ერთ-ერთია იმ ორი კომიტეტიდან, რომლებმაც განიხილეს შემოთავაზებული კანონმდებლობა.

თუმცა, თავად სტოიანოვს არაერთხელ უსარგებლია უცხოელი დონორების გულუხვობით.

კოსტა სტოიანოვი

მისი ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც განთავსებულია პარტიის ვებსაიტზე, სტოიანოვი იყო 2018 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრამდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. ამ ხნის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო ევროკავშირის გრანტი სათემო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.

სტოიანოვი 2018 წლამდე ევროკავშირის ფონდების მართვის მუნიციპალიტეტების ასოციაციის წევრი იყო. ის კვლავაც აქტიურადაა ჩართული ბულგარული პროექტების შეფასებაში ევროკავშირის პროგრამებისთვის.

„აღორძინების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა, ანხელ იანჩევმა, თავისი კარიერის განმავლობაში ასევე არაერთხელ ისარგებლა უცხოური დაფინანსებული პროგრამებით.

იანჩევი თავს ესხმოდა ბულგარეთის ორ საგანმანათლებლო ფონდს, რომლებიც აშშ-ის დაფინანსებას იღებენ და აცხადებდა, რომ ისინი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას და მის „ღირებულებებს“ აბინძურებენ. იანჩევი ანტილგბტქ კანონის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მომხრე იყო.

იანჩევი თავად ყოფილი პედაგოგია. ის ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი ცენტრალური ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოს საშუალო სკოლის დირექტორად დაინიშნა. დირექტორობის პერიოდში მან ორჯერ ისარგებლა პროგრამით, რომელსაც აფინანსებდა ფონდი „ამერიკა ბულგარეთს“. ეს ფონდი, როგორც ვებსაიტზე წერენ, „დამოუკიდებელი, არაპარტიული და არაპოლიტიკური ამერიკული გრანტის მიმღები ფონდია, რომელიც მუშაობს ბულგარელებთან პარტნიორობით ქვეყნის კერძო სექტორისა და მასთან დაკავშირებული დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად“.

2015 წელს იანჩევმა მონაწილეობა მიიღო ტრენინგში სკოლის ლიდერობისა და სწავლების მეთოდების შესახებ აშშ-ის წამყვან ექსპერტებთან ერთად.

ველინა კოსტადინოვა, „აღორძინების“ ლიდერის მეუღლე, ვარნაში საგანმანათლებლო არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭოს წევრია, რომელსაც არაერთი გრანტი მიუღია უცხოელი დამფინანსებლებისგან.