ბუენოს აირესი 2018 - ახალგაზრდა ქართველი ოლიმპიელების პირველი ოქროს შანსი

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს სპორტული დელეგაცია არგენტინაში მიემგზავრება. 6-18 ოქტომბერს ბუენოს აირესი ზაფხულის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. 12 დღის განმავლობაში, მსოფლიოს 178 ქვეყნის 4 ათასამდე ახალგაზრდა (15-18 წლის), სპორტის 32 სახეობაში მედლების 241 კომპლექტს გაითამაშებს. საქართველოს ოლიმპიადაზე 15 სპორტსმენი წარმოადგენს, სპორტის 10 სახეობაში. 2 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში არგენტინაში მიმავალი ქართული დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა. სპორტსმენებს და მწვრთნელებს წარმატება უსურვეს საქართველოს განათლების, მეცხნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სეოკ-ის ხელმძღვანელებმა. ოლიმპიური ფიცი დადო ტანმოვარჯიშე ქეთევან არბოლიშვილმა. ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოქროს მედალი ჯერ არ მოუპოვებია. 2010 წელს, სინგაპურში გამართულ პირველ ოლიმპიადაზე 5 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და დელეგაცია ერთადერთ ბრინჯაოს დასჯერდა. 2014 წელს კი, ჩინეთის ქალაქ ნანძინში ოლიმპიურ კონკურენციაში 12 ქართველი ჩაება და საქართველომ თამაშები 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ბუენოს აირესი 2018-ზე საქართველოს სახელით გამოვლენ: ქეთევან არბოლიშვილი (მხატვრული ტანვარჯიში), ანა მაქაცარია (ჩოგბურთი), ნინო ხუციბერიძე (ტყვიის სროლა), გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), გიორგი თოხაძე, გიორგი ჩხიკვაძე (ორივე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ილია სულამანიძე (ძიუდო), არჩილ მალაყმაძე (ძალოსნობა), ზურაბ კინწურაშვილი (ტაეკვანდო), გიორგი კეკიშვილი (მძლეოსნობა), გაგა ხიჯაკაძე (თანამედროვე ხუთჭიდი), ლუკა მაზიაშვილი, ლაშა მიქელაძე, ოთარ პერტაია, ზურაბ ჟღენტი (ოთხივე 3X3 კალათბურთი).