„შევეცადეთ ინტერპრეტაცია ნაკლები და მეტი ფაქტი ყოფილიყო"

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამართა ისტორიულ-კულტურული ნარკვევის - "ტაო-კლარჯეთის" წარდგენა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა. სამეცნიერო ნარკვევი სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და თურქულად გამოიცა.

ნარკვევის თანარედაქტორი, ისტორიკოსი, ბუბა კუდავა „დილის საუბრებში“ ამბობს:

„ტაო-კლარჯეთი არის ისტორიული მესხეთის ძირითადი ნაწილი. ჩვენს ფართო საზოგადოებას წარმოუდგენია, რომ მესხეთი არის საქართველოს შემადგენლობაში. მესხეთის მხოლოდ მცირე, ჩრდილოეთი ნაწილია საქართველოს შემადგენლობაში. უმეტესი ნაწილი, დაახლოებით, 70-80% თურქეთის ფარგლებშია მოქცეული“.

რაც შეეხება ტერმინს - "ტაო-კლარჯეთი", ისტორიკოსი განმარტავს:

„ტერმინი ტაო-კლარჯეთი პირობითი ტერმინია, ვინაიდან აქ არ არის მხოლოდ ტაო და კლარჯეთი, არამედ ისტორიული მესხეთის კიდევ ბევრი პროვინცია, როგორიცაა: შავშეთი, კოლა, არტაანი, ერუშეთი, ჩრდილი, ბასიანი და ა.შ.. ეს ძირითადად ორი აუზით არის წარმოდგენილი - ჭოროხისა და მტკვრის აუზით. ამ მხარეს აქვს უდიდესი როლი შესრულებული ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, ქართული კულტურის ისტორიაში. ეს განსაკუთრებით ეხება მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეებს, როცა ფაქტობრივად კულტურული ცენტრი იყო ეს რეგიონი. აქ შენდება ქართული ხუროთმოძღვრების შედევრები - ოშკი, იშხანი, ბანა, ხახული, პარხალი, ოთხთა ეკლესია და ა.შ.. გარდა ამისა, აქ იწერება უნიკალური ხელნაწერები. უცხოეთში დაარსებული ათონის მთის, პეტრიწონის, ჯვრის მონასტრის და სხვა ცენტრები ფაქტობრივად აქედან მარაგდებიან კულტურული და სასულიერო თვალსაზრისით. ბაგრატიონთა დინასტიაც აქედან გახლავთ წარმოშობით და აქ პოლიტიკური ერთეული ჰქონდათ ბაგრატიონებს ცალკე. ამ ტერიტორიაზე შემორჩენილია ათასობით კულტურული ძეგლი, მათ შორის ასეულობით ეკლესია, ასეულობით ციხე-სიმაგრე და ეს რეგიონი ძირითადად შეუსწავლელი იყო.“

პროექტის განხორციელება 2015 წელს დაიწყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და მისი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის აეხსნათ პოპულარული ენით რატომ არის მნიშვნელოვანი ტაო-კლარჯეთი, რა ისტორიული გზა გაიარა.

ბუბა კუდავა აღნიშნავს, რომ იგრძნობა თურქი კოლეგების დაინტერესება ტაო-კლარჯეთში არსებული ძეგლების მიმართ, თუმცა, მწირი ცოდნაა ამ რეგიონის ისტორიის:

„შევეცადეთ ინტერპრეტაცია ნაკლები და მეტი ფაქტი ყოფილიყო".

მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც "ტაო-კლარჯეთზე" მუშაობდა, სულ მალე აპირებს გამოსცეს გზამკვლევი ტაო-კლარჯეთით დაინტერესებული ტურისტებისთვის.

Your browser doesn’t support HTML5

ბუბა კუდავა ისტორიულ-კულტურულ ნარკვევზე - "ტაო-კლარჯეთი"