ბრძოლა „მუქთახორობასთან“, ოღონდ არა საქართველოში

საბჭოთა კაშირში, ოფიციალურად, უმუშევრობა არ არსებობდა. შრომის უფლება კონსტიტუციით იყო გარანტირებული, მაგრამ სამაგიეროდ არსებოდა მუქთახორობა, რუსულად Тунеядство, შესაბამისად, იყვნენ მუქთახორები, მუქთამჭამელები, პარაზიტები ანუ „ტუნეიადცები“, რომელთა რიგებს, ძირითადად, ხელისუფლებისთვის მიუღებელი ე.წ. შემოქმედებითი პროფესიების მქონე ადამიანები - პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები და ა.შ. ავსებდნენ.

1961 წლიდან მუქთახორობა ჯერ ადმინისტრაციული წესით (იძულებითი შრომით), შემდეგ კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა. ყველაზე ცნობილი „საბჭოთა ტუნეიადეცი“ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, იოსიფ ბროდსკი იყო. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკისგან განსხვავებით, საბჭოთა საქართველოში „მუქთახორები და პარაზიტები“ თითქმის არ იყვნენ.

საბჭოთა კავშირში მოქალაქე ვალდებული იყო ემუშავა, ამასთან, „კანონიერი შემოსავალი“ მხოლოდ პარტიის მიერ დამტკიცებული საქმიანობიდან შეეძლო მიეღო. სტალინის 1936 წლის კონსტიტუციის მე-12 მუხლში პირდაპირ ეწერა, რომ „შრომა საბჭოთა კავშირში წარმოადგენს შრომისუნარიანი ყოველი მოქალაქის ვალდებულებასა და ღირსების საკითხს პრინციპით: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“.

სტალინის კონსტიტუციის მე-12 მუხლი

სტალინის კონსტიტუციამ 1977 წლამდე იმუშავა, შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ შეცვლილა შრომისადმი საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებაც. მართალია, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების შეზღუდული ლიბერალიზაციის ერა, ე.წ. დათბობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა „პარაზიტიზმსა და მუქთახორობაზე“ სახელმწიფო კონტროლის შესუსტება, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა 1961 წლის 4 მაისს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიერ გამოცემული განკარგულებით „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომისათვის თავის არიდების მსურველი პირების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების შესახებ“.

საბჭოთა კავშირის კომუნისტურმა პარტიამ ახალი ენერგიით დაიწყო შეტევა „ტუნეიადცებზე“. სრულწლოვან, შრომისუნარიან მოქალაქეებს, რომლებიც არ ასრულებდნენ შრომასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ ვალდებულებას, ადგილობრივი (რაიონული და საქალაქო) საბჭოების აღმასრულებელი კომიტეტები აიძულებდნენ ჩართულიყვნენ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ამავე რაიონებსა თუ ქალაქებში მდებარე მშენებლობებსა და საწარმოებში. გამონაკლისი იყო მოსკოვი და ლენინგრადი, სადაც გადაწყვეტილება მიიღებოდა საქალაქო სასამართლოს მიერ და „მუქთახორებს“ ასახლებდნენ „სპეციალურად გამოყოფილ ადგილოებში“ ვადით 2-დან 5 წლამდე, ცხადია, შრომაში იძულებითი ჩართვით.

ამირან ძოწენიძე

ეკონომისტ ამირან ძოწენიძის თქმით, საბჭოთა კავშირი, ფაქტობრივად, მონურ შრომაზე დაფუძნებული ქვეყანა იყო და, ამის გამო, გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს აიძულებდნენ ემუშავათ მათთვის არასასურველ სამსახურში, არასასურველი ანაზღაურებითა და არასასურველ დროს.

„დიდი ხნის განმავლობაში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს არ ჰქონდათ პასპორტები, რათა არ დაეტოვენინათ სამუშაო ადგილები. არ არის ეს მონობა? გარდა ამისა, ადამიანებს აიძულებდნენ ემუშავათ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, რადგანაც საბჭოთა კავშირში შრომა იყო სასჯელი. შემთხვევით არ ერქვა საპატიმროებს შრომა-გასწორების კოლონიები. მილიონობით ადამიანს სასჯელად ჰქონდა მისჯილი შრომა, კატორღული შრომა. მუშაობა ნიშნავდა გამოჭერას, დაჭერას. გართმევდნენ და გიგეგმავდნენ დროს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ამირან ძოწენიძემ, რომლის თქმითაც, ყველა, ვინც არ იყო ჩაბმული ამ მონურ ჯაჭვში, თავისი თავისუფლებით წარმოადგენდა საფრთხეს საბჭოთა წყობისთვის.

საფრთხის სერიოზულობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ სულ მალე მუქთახორობა ანუ „ტუნეიადსტვო“ სისხლის სამართლის კოდექსით (209.1 მუხლი) დასჯადი ქმედება გახდა. მუქთახორად ითვლებოდა ადამიანი, რომელიც წლის განმავლობაში 4 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ მუშაობდა. ამასთან, მუშაობად არ ითვლებოდა არც თავისუფალი ვაჭრობა-მეწარმოება და არც სხვა სახის არალეგალური საქმიანობა, რომელიც არ აისახებოდა შრომის წიგნაკში.

საბჭოთა პროპაგანტისტული პლაკატი, რომელიც კიცხას მუქთახორობას

მთლიანობაში, 1961 წლიდან 1965 წლამდე პერიოდში, საბჭოთა კავშირში 209-ე მუხლით 37 ათასი ადამიანი გაასამართლეს, მათ შორის გაასამართლეს პოეტი იოსიფ ბროდსკიც - ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი.

„მშრომელად ითვლებოდა ის, ვისაც ჰქონდა ხელფასი, - უთხრა რადიო თავისუფლებას ყოფილმა საბჭოთა პოლიტპატიმარმა და დისიდენტმა, ლევან ბერძენიშვილმა, - ხელფასს კი მხოლოდ სახელმწიფო გასცემდა. შესაბამისად, თუ სახელმწიფო სამსახურში არ იყო ადამიანი, თუნდაც სახელგანთქმული მწერალი ყოფილიყო, ეწერა პოემები და მიეღო ნობელის პრემია, მაინც ტუნეიადეცად ითვლებოდა - ამ მუხლით გასამართლებულია უდიდესი პოეტი იოსიფ ბროდსკი. მე კარგად ვიცნობდი მოსამართლე ქალბატონს, რომელიც ფიქრობდა, რომ სწორად გაასამართლა“.

იოსიფ ბროდსკი

მოსამართლე საველიევასა და განსასჯელ იოსიფ ბროდსკის საუბრის სტენოგრამიდან მართლაც კარგად ჩანს, თუ როგორი გაუკუღმართებული წარმოდგენა ჰქონდა საბჭოთა მართლმსაჯულებას შრომაზე.

მოსამართლე: რას საქმიანობთ?
იოსიფ ბროდსკი: ვწერ ლექსებს, ვთარგმნი...
მოსამართლე: გაქვთ მუდმივი სამსახური?
ი. ბ.: მეგონა, ეს მუდმივი სამსახური იყო. ვწერდი ლექსებს იმ იმედით, რომ დამიბეჭდავდნენ.
მოსამართლე: რატომ არ მუშაობდით?
ი. ბ.: ვმუშაობდი, ლექსებს ვწერდი.
მოსამართლე: ვინ მიგაკუთვნათ პოეტებს?
ი. ბ.: არავინ. და ვინ მიმაკუთვნა ადამიანის მოდგმას?
მოსამართლე: 1953 წლიდან 13-ჯერ შეიცვალეთ სამსახური. რატომ არ მუშაობდით სამსახურებს შორის და ეწეოდით პარაზიტულ ცხოვრებას?
ი. ბ.: ვმუშაობდი, ვწერდი ლექსებს.
მოსამართლე: რა სარგებელი მოუტანეთ სამშობლოს? რა მონაწილეობას იღებდით კომუნიზმისკენ ჩვენს დიად სვლაში?
ი.ბ.: კომუნიზმის მშენებლობა მხოლოდ დაზგასთან დგომა და მიწის მოხნა არ არის, ეს ინტელიგენტური შრომაც არის...

მოსამართლე საველიევამ იოსიფ ბროდსკის 5 წლით გადასახლება მიუსაჯა. ყველაფერი კი დაიწყო 1963 წლის ბოლოს, როცა გაზეთმა „საღამოს ლენინგრადმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორმა იაკოვ ლერნერმა იოსიფ ბროდსკი გააკრიტიკა უსაქმურობისა და ანტისაბჭოთა ლექსების გამო. მალევე (1964 წლის 8 იანვარს) ამავე გაზეთში გამოქვეყნდა მკითხველთა წერილები, რომელთა ავტორები, „რიგითი საბჭოთა მოქალაქეები“ მოითხოვდნენ მუქთახორა ბროდსკის დასჯას.

ვლადიმირ ვოინოვიჩი და სერგეი დოვლატოვი

209-ე მუხლით გასამართლებას უპირებდნენ მწერალთა კავშირიდან გარიცხულ (1974 წ.) ვლადიმირ ვოინოვიჩს, თუმცა, საბოლოო ჯამში, საბჭოთა ხელისუფლებამ საქვეყნოდ აღიარებული მწერლის ქვეყნიდან გაძევება (1981 წ.) და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ამჯობინა.

ცნობილი საბჭოთა დისიდენტი, ვლადიმირ ბუკოვსკიც ამტკიცებდა, რომ საბჭოთა რეჟიმი „მუქთახორობის მუხლს“ სწორედაც რომ „არასასურველი, ანტისაბჭოთა ელემენტების“ დევნისთვის იყენებდა:

„წარმოიდგინეთ, ადამიანი გათავისუფლდა ბანაკიდან. მყისიერად უნდა მოეწყოს სამსახურში, სულერთია რომელში, რათა ამ მუხლით არ დაიჭირონ. ხელისუფლების ხელშია მისი ბედი, რადგან ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მიიღებენ სამსახურში თუ გააგდებენ სამსახურიდან. მაშინდელი სისტემით კადრების განყოფილებას КГБ აკონტროლებდა, ამიტომ იოლი იყო ადამიანის სამსახურიდან გაგდება, არსად მიღება და შემდეგ ამის გამო პასუხისგებაში მიცემა. მოკლედ, ზეწოლის დამატებითი საშუალება იყო“.

ვლადიმირ ბუკოვსკი

ლევან ბერძენიშვილის თქმით, „მუქთახორობის მუხლი“ ძირითადად ინტელექტუალების წინააღმდეგ გამოიყენებოდა, რის გამოც განსხვავებულად მოაზროვნე პროფესორები და აკადემიკოსებიც კი დარაჯებად და მეეზოვეებად ეწყობოდნენ:

„ჩემი მეგობარი, სამგზის დოქტორი გადასარევი მეეზოვე იყო პეტერბურგში. როდესაც მე და ჩემმა ძმამ ზონაში გამოხვეტვაზე უარი ვთქვით, ჩვენს ღირსებას არ შეესატყვისეობაო, რუსებმა დაგვცინეს, რას ამბობთ, ეს ჩვენი ცხოვრების მთავარი პროფესიააო. თუ თვალს გადაავლებთ ვენიჩკა ეროფეევის ბიოგრაფიას, იქ ნახავთ უამრავ სამსახურს, სადაც ალბათ არ უმუშავია, მაგრამ გაფორმებული იყო, რათა 209 მუხლით არ დაეჭირათ“.

ლევან ბერძენიშვილის დაკვირვებით, ეს მუხლი თითქმის არ მუშაობდა საქართველოში, რადგან, მისი თქმით, საქართველოში დაუსაქმებელი ხალხი თითქმის არ იყო.

„ამ მუხლს სჭირდება ისეთი განწყობის ადამიანი, რომელსაც ეზარება შრომა იმიტომ, რომ ტვინმა უკარნახა, საბჭოთა კავშირი ცუდი ქვეყანაა. ასეთი ქართველი მე არ მინახავს. ჩვენები ძირითადად ეძებდნენ სამუშაოს, ისეთ სამუშაოს, სადაც მეტი სარფი იქნებოდა, სადაც მოპარვა შეიძლებოდა და ა.შ. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის ღია იყო პოლიცია, როგორც თავშესაფარი და ბოლო სამსახური. მახსოვს ასეთი ფრაზა, ბოლოს და ბოლოს მილიციაში წავალ სამუშაოდო“, - უთხრა ლევან ბერძენიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ლევან ბერძენიშვილი

საბჭოთა ხელისუფლებამ „Тунеядство“-სა და „მუქთახორობაზე“ ბოლო მძლავრი იერიში გასული საუკუნის 80-იანი წლების პირველ ნახევარში, იური ანდროპოვის გენმდივნობის დროს მიიტანა, თუმცა მალევე, ანდროპოვის გარდაცვალების შემდეგ ეს იერიში მინელდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი რუსეთმა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებმა საბოლოოდ თქვეს უარი უმუშევრების დევნაზე, რისთვისაც სრულად ამოიღეს შესაბამისი მუხლი სისხლის სამართლის კოდექსიდან. 1991 წლიდან უმუშევრობა ლეგალური გახდა. 2015 წელს ალექსანდრ ლუკაშენკამ სცადა ბელარუსში უმუშევრობაზე გადასახადის შემოღება, თუმცა მალევე გადაიფიქრა საზოგადოების მძაფრი რეაქციის გამო.