ბრძოლა გელათის გადასარჩენად

გელათის ტაძრის ინტერიერი

გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული განძი და „იუნესკოს“ მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

ამიტომაც, 2020 წლის გაზაფხულზე ბევრი ქართველისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კადრების დანახვა - გელათის სახურავის ნაწილი ლურჯი ტენტით იყო დაფარული, ტაძარში წყალი ჟონავდა, ფრესკები კი დაზიანებული იყო. შიშობდნენ, რომ გელათი, ბაგრატის ტაძრის მსგავსად, შეიძლებოდა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდანაც ამოეღოთ.

გელათი დღესაც საფრთხის ქვეშაა. სამონასტრო კომპლექსში შემავალი ორი ეკლესია დროებითი გადახურვის ქვეშაა და ექსპერტები შიშობენ, რომ წვიმამ ინტერიერი შეიძლება კვლავ დააზიანოს.

გელათის მონასტერი

თუმცა, გელათის მონასტრის წინამძღვარმა იოსებ ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. „მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები. არ ვიცით, როდის დასრულდება. ყველაფერი კარგად კეთდება“, - განაცხადა წინამძღვარმა.

იოსებ ბურჯანაძე

გელათის მთავარი შესასვლელი დღემდე დაკეტილია და შიგნით ჟურნალისტებს არ უშვებენ. ჭიშკარს პოლიცია იცავს. შენობების ნაწილი კი ხარაჩოებითაა გარშემორტყმული.

გელათში ღვთისმსახურება წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიმდინარეობს. არავინ იცის, თუ როდის გაიხსნება გელათის მთავარი - ღვთისმშობლის შობის სახელობის - ტაძარი და როდის დასრულდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მარინა ლომთათიძე გელათში უკვე 30 წელია, რაც ყოველ კვირას დადის. „ძალიან შემტკივა გული ამ ადგილზე. გელათი საქართველოს გულია, ჩვენი კულტურის, ისტორიისა და რწმენის სიმბოლო. მინდა გავიგო, თუ რა ბედი ეწევა მას, მაგრამ ვერაფერი გავიგე. არავინ არაფერი იცის“, - უთხრა მარინა ლომთათიძემ რადიო თავისუფლებას.

გელათის მონასტრის ეზო

მთავრობამ 2014 წელს დაიწყო გელათის მთავარი მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ძირითადი ამოცანა ძველი, დაზიანებული სახურავის შეკეთება იყო. სამუშაოების პირველი ეტაპისთვის ფული საქართველოში აშშ-ის საელჩომ გამოყო, მეორე ეტაპი კი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებლის საფლავთან, გელათის სამონასტრო კომპლექსში. 2004 წლის იანვარი.

პროექტის განხორციელება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. სააგენტომ სახურავის შესაკეთებლად კერძო კომპანია დაიქირავა. 2019 წლის დეკემბერში გელათში სააგენტოს ინსპექტორები იყვნენ ჩასულები და სახურავთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაფერი უთქვამთ. თუმცა, საზოგადოების აღშფოთების შემდეგ, რომელიც ფოტოების პუბლიკაციას მოჰყვა, მთავრობამ „იუნესკოს“ 2020 წლის სექტემბერში აცნობა, რომ ახლად გადახურული სახურავი დაზიანებული იყო და შენობაში წვიმის წყალი ჩადიოდა, რამაც დააზიანა ფრესკები, მოზაიკა და ქვის კედლების ნაწილი. მთავრობამ აღუთქვა „იუნესკოს“, რომ გელათს გადაარჩენდა და კონსულტაციისთვის უცხოელ სპეციალისტებს მოიწვევდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფიციალურად ეხებათ გელათის ადმინისტრირება, არაფერი უთქვამთ.

გელათის მონასტრის ინტერიერი

მიუხედავად მიყენებული ზიანისა, გელათის დამცველებს იმედი აქვთ, რომ მონასტრის გადარჩენა მოხერხდება. თორნიკე ბარათაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ დამფუძნებელმა, რომელიც 2020 წლის დასაწყისიდან ყოველდღე აკითხავს გელათს და „ფეისბუკზე“ დებს სარეკონსტრუქციო სამუშაოების აღმწერ ფოტოებსა და ვიდეოებს, რადიო თავისუფლებას უთხრა: „საბოლოო შედეგი ჯერ შორია. თუმცა, გასული წლინახევრის განმავლობაში ჩვენმა აქტიურობამ საზოგადოება და სპეციალისტები ჩართო გელათის ამბებში. მუდმივმა მონიტორინგმა კი მთავრობა აიძულა, ეღიარებინა სახურავის შეკეთების პროცესის ჩავარდნა“.

გელათის მონასტრის დაზიანების ამსახველი ფოტო

ზაფხულში გელათში იტალიელი ექსპერტები ჩავიდნენ, რომლებმაც რეკომენდაციები შეიმუშავეს სახურავის შეკეთებასა და ფრესკების გადარჩენასთან დაკავშირებით. პროექტის მენეჯმენტი კულტურის სამინისტრომ გადაიბარა და სექტემბერში გამოაცხადა, რომ ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმას ამზადებდა.

თორნიკე ბარათაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი

ხელოვნების ისტორიკოსი მზია ჯანჯალია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას ითხოვდა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კულტურის სამინისტრო იმავე შეცდომას უშვებდა ფრესკებთან დაკავშირებით, რაც, თავის დროზე, სახურავთან დაკავშირებით დაუშვეს. ჯანჯალიას თქმით, სახეზეა სისტემური ჩავარდნა და ამის ძირითადი მიზეზი გამჭვირვალობის ნაკლებობაა.

„სახელმწიფო ახლაც დახურულ კარს მიღმა ოპერირებს და პროცესი ახლაც გაუმჭვირვალეა. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად პროცესს სააგენტოს ნაცვლად სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მართავს და გადაწყვეტილებები სამინისტროს ნებაზე და მინისტრის გემოვნებაზეა დამოკიდებული. კულტურის მინისტრს და მის გუნდს კი იურიდიული განათლება აქვთ მიღებული და ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნიათ“, - განაცხადა ჯანჯალიამ.

კულტურის სამინისტრომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ უპასუხა რადიო თავისუფლების შეკითხვებს გელათის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით.

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან 2017 წელს ამოიღეს.

პარლამენტარი, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ასევე უშედეგოდ ცდილობს სამინისტროსგან პასუხების მიღებას. „რა ხდება გელათში? მთავარი პრობლემა აქ სისტემის ჩაკეტილობა და ინფორმაციის გაუმჭვირვალობაა. მონასტერი სრულად ჩაიკეტა და დღეს ის მინიმალური მონიტორინგიც შეუძლებელი გახდა, რასაც აქამდე აქტივისტები და ორგანიზაციები ახორციელებდნენ. გელათში სამჯერ ჩავედი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ კედლები სველი იყო და ფრესკები - დაზიანებული“, - უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

როგორც ჩანს, კამპანიამ შედეგი გამოიღო. 3 დეკემბერს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სახურავი სავარაუდოდ მოსახსნელი იქნება.

გელათის მონასტერს უამინდობა აქამდეც გადაუტანია. მერაბ კეზევაძის წიგნში „გელათის მონასტერი ეგზარქოსობის დროს“ აღწერილია 1846 წლის ამბები, როდესაც სახურავის შესაკეთებლად სპეციალისტის ჩამოყვანა უცხოეთიდან გახდა საჭირო, რადგან ქუთაისში თუნუქის ოსტატი ვერ მოიძებნა.

გელათის მონასტერი, 2017 წ.

მონასტერი 1846 წელს გადაურჩა. გულშემატკივრებს იმედი აქვთ, რომ ის ამჯერადაც გაძლებს.

ავტორი: ნინო ბაქრაძე

ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტის“ დამფუძნებელია. ის კორუფციის, გამჭვირვალობისა და კანონდარღვევების შესახებ წერს.