ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში 2017 წელს დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ნატოელი მოკავშირეების, შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობას მძიმე დარტყმა მიადგა რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში - იქნება ეს კლიმატის ცვლილება, თავისუფალი ვაჭრობა თუ ირანთან შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორ აისახება ტრამპის ადმინისტრაციის კურსი ნატოში თანამშრომლობაზე? ცნობილია ტრამპის გამონათქვამი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე: ნატო მოძველებული არისო. მართლაც ხომ არ მოძველდა ნატო? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს კვლევით ცენტრ "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი, ბრუნო ლეტე.
Your browser doesn’t support HTML5
ბრუნო ლეტე: ვფიქრობ, რომ უთანხმოების არსებობა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ძალიან ნორმალური რამაა, თუ ისტორიას გადავხედავთ. ამის მიუხედავად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, თუ რის შესახებ თანხმდებიან ევროპელები და ამერიკელები. და გაცილებით მეტია ის, რაზეც ტრანსატლანტიკური პარტნიორები თანხმდებიან, ვიდრე - ვერა. განსაკუთრებით, თუ შევხედავთ ურთიერთობას უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით. ან თუ ავიღებთ ნატოს - ვხედავთ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოების მიმართ კვლავაც ძალიან ძლიერია. ნატო ერთიანია. ვხედავთ, რომ მოკავშირეები თანხმდებიან მრავალ საკითხში და თუ ადგილზე დავაკვირდებით ვითარებას, აშკარად დავინახავთ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას აშშ კვლავაც ასრულებს ან, შესაძლოა, უფრო აქტიურადაც კი ასრულებდეს ევროპული უსაფრთხოების მხრივ ნაკისრ ვალდებულებას. ასე რომ, ყველანაირი ტვიტისა თუ რიტორიკის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი კვლავაც ძალიან კარგად თანამშრომლობენ - განსაკუთრებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი! იგი არის კლუბი ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ერთნაირ ფასეულობებს, იზიარებენ დემოკრატიის, ლიბერალიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობის იდეალებს...ბრუნო ლეტე
კობა ლიკლიკაძე: დასავლური და დემოკრატიული ფასეულობები, საერთო უსაფრთხოების გარდა, ნატოს ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. მაგრამ ალიანსში არიან ქვეყნები, თურქეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პოლონეთი და უნგრეთი, რომლებსაც ადანაშაულებენ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვაში. რა სახის პრობლემას უქმნის ეს ნატოს იმიჯს, როგორ ფიქრობთ?
ბრუნო ლეტე: თქვენ სავსებით მართალი ხართ. ნატო არ არის მხოლოდ სამხედრო ალიანსი! იგი არის კლუბი ქვეყნებისა, რომლებიც იზიარებენ ერთნაირ ფასეულობებს, იზიარებენ დემოკრატიის, ლიბერალიზმის, სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობის იდეალებს. ცხადია, აქ, ბრიუსელში, შეიმჩნევა გარკვეული შეშფოთება ზოგი პოლიტიკური ტენდენციით - იქნება ეს ბუდაპეშტში, ვარშავასა თუ ანკარაში. რასაკვირველია, ნატო ფიქრობს ამაზე, მაგრამ მის მანდატს არ წარმოადგენს მოკავშირეების გაკრიტიკება ამ კუთხით. დღევანდელი ვითარებით,ქვეყნები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, ჯერ კიდევ ითვლებიან დემოკრატიულად და ვინაიდან ეს სიტუაცია მდგრადია, ისინი ნატოს მტკიცე მოკავშირეებად მომავალშიც დარჩებიან. დღეს ასეთი ვითარება გვაქვს და ამ მხრივ დიდ ცვლილებებს არ მოველი.
ნატო ასევე აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც იმის დასტურად, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეს ნაწილი დაცულია...ბრუნო ლეტე
კობა ლიკლიკაძე: და ახლა უკრაინაზე გკითხავთ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების, არამედ რუსეთიდან მომდინარე პირდაპირი საფრთხეების გამო. თქვენ კიევში, 2015 წლის უსაფრთხოების ფორუმზე, ყირიმის ანექსიას უწოდეთ საფრთხე ევროპული უსაფრთხოებისა და ნატოსთვის, რასაც, თქვენი სიტყვებია, ძლიერი პასუხი სჭირდება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ნატოს მხრიდანაც. რამდენად რელევანტურია (ადეკვატური ხომ არ ჯობია?) ნატოს პასუხი ამ საფრთხეებზე, როგორ ფიქრობთ?
ბრუნო ლეტე: როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაზე ან ისეთ ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყნები გარკვეული ხნის შემდეგ ალიანსის წევრები გახდებიან. თარიღი, ცხადია, არ უხსენებიათ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნატო საქართველოსა და უკრაინას განიხილავს, როგორც მნიშვნელოვან ქვეყნებს, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილს. ამ თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ალიანსი დახმარებას უწევს ამ ქვეყნებს მათი არმიების მოდერნიზების მხრივ - წვრთნის, ავარჯიშებს და აძლევს მათ განათლებას. ნატო ასევე აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც იმის დასტურად, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეს ნაწილი დაცულია.