"ბრმა ბუ": იდუმალება, როგორც ბედისწერა

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

„ბრმა ბუ“: იდუმალება, როგორც ბედისწერა

„ცხოვრებაში არის ჭრილობები, რომლებიც კეთრივით ღრღნის და ხრავს მარტოკაცის სულს“ – ასე იწყება წიგნი, რომელსაც უწოდებენ „პირველ ირანულ მოდერნისტულ რომანს“. წიგნს „ბრმა ბუ“ ჰქვია და ის 1936 წელს ინდოეთში დაწერა ირანელმა მწერალმა, სადეყ ჰედაიათმა.

ამ წიგნს იდუმალება დაებედა. დადის ხმები, რომ მისი ეშინიათ კიდეც, რადგან განსაკუთრებით მგრძნობიარე მკითხველს მან შესაძლოა შფოთვა მოჰგვაროს. მკითხველს, შესაძლოა, მოელანდოს წიგნის რომელიმე დაუვიწყარი სახე - მოხუცი კაცი, რომელიც შემზარავად ქირქილებს; ოთხი შავი, ჯაგლაგი ცხენი, ხრინწიანი ხველებით; მოწამლული ღვინის გადმალული მათარა; ან ყასაბი, კმაყოფილი ღიმილით სახეზე. იდუმალებას მწერლის ტრაგიკული ბიოგრაფიაც ამძაფრებს - სადეყ ჰედაიათმა 1951 წელს, 48 წლის ასაკში, პარიზში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ასათიანის კუთხე

Your browser doesn’t support HTML5

ასათიანის კუთხე

სალომე ასათიანის პოდკასტში, "ასათიანის კუთხეში", ბინადრობს ბევრი მოსაზრება, წიგნი, ფილმი, მუსიკა, იდეა, პოზიცია, ემოცია და ბევრი ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერზე გვიყვება. გადაცემის ავტორთან დაკავშირება შეიძლება ელექტონული ფოსტით, მისამართზე asatianis@rferl.org და ფეისბუკით, ამ პოდკასტის გვერდზე.

წიგნს უჩვეულო სტრუქტურა აქვს - ის შედგება ორი ნაწილისგან, თუ ორი, პარალელური მოთხრობისგან. ერთში მოქმედება თანამედროვე დროში ხდება, მეორეში - ოდესღაც, წარსულში, სავარაუდოდ შუა საუკუნეებში. ყველაზე ზედაპირული შეჯამებით, „ბრმა ბუ“ გადმოსცემს ქალის სიკვდილის ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ამბავს, თუ ვერსიას - ისე, რომ ვერ იგებ, რომელია რეალობა და რომელი ზმანება თუ ფანტაზია. პირველ ნაწილში მთხრობელი საკალმეების მხატვარია და თავისი მუზის, სრულყოფილი ქალის სიკვდილის ამბავს გვიყვება. მეორეში - ავადმყოფი და ეჭვიანი ქმარი, რომელსაც, როგორც თვითონ უწოდებს, "ბოზი ცოლი" ჰყავს და მას თავად მოკლავს.

„ბრმა ბუ“ მოდერნისტული, სიურრეალისტური ლიტერატურის შედევრია, თუმცა ის იმდენადვეა დასავლური, რამდენადაც აღმოსავლური ტრადიციების გამგრძელებელი. მკაცრი მნიშვნელობით კი ის ალბათ არც ერთ ტრადიციას არ ეკუთვნის. ეს წიგნი მკითხველს დასავლეთშიც იზიდავს და აღმოსავლეთშიც - ისე, რომ ბოლომდე გასაგები არავისთვის ხდება. როგორც თავად სადეყ ჰედაიათი - ირანელი ნაციონალისტი კაცი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი უცხოს სტატუსით გაატარა ევროპის ქალაქებში.

პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ვესაუბრებით მზია ბურჯანაძეს, რომელსაც ეკუთვნის „ბრმა ბუს“ ახალი, დიდი ოსტატობით შესრულებული ქართული თარგმანი და ჰომა ქათუზიანს, ჰედაიათის შემოქმედების მკვლევარს. და, რა თქმა უნდა, ვკითხულობთ ნაწყვეტებს ამ იდუმალი, მშვენიერი და შემზარავი რომანიდან.