ბრიტანელი კინოკლასიკოსის ფილმი საქართველოს კინოთეატრებში

უკაცრავად, გამოგვრჩით“ (Sorry We Missed You 2019, რეჟისორი კენ ლოუჩი)

რიკი, საშუალო ასაკის ბრიტანელი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ ოჯახი მშიერი არ დარჩეს. ცოლი სოციალური აგენტია - მოხუცებს უვლის. ჰყავთ ორი შვილი - 15 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა. ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვებმა ნორმალური განათლება მიიღონ, როგორც იტყვიან, „ვირებივით მუშაობენ“. რიკი შინ მიტანის სამსახურში მძღოლად მუშაობს, ოცნებობს, გაისტუმროს ვალები - ბინის, ასევე იმ ფურგონის ფული, რომლითაც ემსახურება კლიენტებს, გადაიხადოს და აღარავიზე იყოს დამოკიდებული, საკუთარი თავის გარდა. ახალი ეკონომიკური რეფორმების ავტორებიც ხომ გამუდმებით იმეორებენ: თუკი კარგად იმუშავებ, აუცილებლად მიაღწევ სანუკვარ თავისუფლებას.

მოკლედ, ტიპური ამბავია ბრიტანული სოციალური კინოს კლასიკოსისთვის, რომელიც კანის კინოფესტივალზე ამ ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერამდე უკვე ორჯერ იყო „ოქროს პალმის“ მფლობელი. კენ ლოუჩს ამჯერადაც უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, მესამე „პალმით“ იგი კანის კინოფორუმის რეკორდს მოხსნიდა, მაგრამ „უკაცრავად, გამოგვრჩით“ ისეთი ემოციური, ისეთი მომნუსხველი ფილმი არ გამოდგა, როგორიც იყო თუნდაც ლოუჩის შედევრი „მე, დენიელ ბლეიკი“. 83 წლის რეჟისორის თაყვანისმცემლების რეაქციაც კი საკმაოდ თავშეკავებული იყო. მართალია, „გარდიანის“ კინომიმომხილველი პიტერ ბრედშოუ კენ ლოუჩის ახალ ნამუშევარს 2019 წლის საუკეთესო ფილმების სამეულში ასახელებს, „გარდიანი“ მაინც „გარდიანია“... შესაძლებელია, მეტისმეტად კარგად უნდა ერკვეოდე თანამედროვე ბრიტანული ეკონომიკის ნიუანსებში, „უკაცრავად, გამოგვრჩით“ რომ ჯეროვნად შეაფასო.

მე პირადად, ბრიტანეთის კი არა, საერთოდ ეკონომიკის ამბებში ვერ ვერკვევი, თუმცა დღეს, როცა კანის ფესტივალის დასრულებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, სულ უფრო კარგად მესმის კენ ლოუჩის ფილმის მნიშვნელობა. ამ 5 თვეში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა; სექტემბერში დიდი ხმაური ატყდა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გამო. კერძოდ, დაიწყო დისკუსია სამუშაო სტანდარტის შემოღების აუცილებლობაზე, იმ სტანდარტისა, რომელიც შეზღუდვებს უწესებს დამსაქმებელს, რათა მან არ მოახდინოს დასაქმებულის ექსპლუატაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რაც, ცხადია, არ მოსწონს დამსაქმებელს. „ვისი რა საქმეა, რამდენს იმუშავებს ადამიანი? თუკი დასაქმებული, ზრდასრული კაცი და ქალი, თავად დათანხმდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რატომ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში სახელმწიფო? თუნდაც 24-საათიან სამუშაოს დათანხმდეს, რატომ უნდა ჩავერიოთ იმ ადამიანის არჩევანში, რომელსაც ფული სჭირდება?“

ამ კითხვაზე პასუხია კენ ლოუჩის ფილმი. რიკის დამსაქმებლისთვის ყოველი სამუშაო წუთი ძვირფასია. თანამშრომლებს ტუალეტში გასვლაც კი ეკრძალებათ - მათ პლასტიკურ ბოთლებს ურიგებენ, რაც შეიძლება სწრაფად რომ მოითავონ ტუალეტი. ბრიტანელი რეჟისორი გაცილებით უკეთ უხსნის მაყურებელს, რა არის შრომითი ექსპლუატაცია, რატომ შეიძლება დამსაქმებელმა მონად აქციოს დასაქმებული, ვიდრე ამას აკეთებდნენ სექტემბერში შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მომხრეები. შეიძლება იმიტომ, რომ მედიამ მათ არ მისცა საშუალება, აეხსნათ საზოგადოებისთვის, რა ჰქონდათ დაგეგმილი (მედიასაც ხომ თავისი „დამსაქმებელი“ ჰყავს), შეიძლება იმიტომ, რომ... რატომ გვავიწყდება, რომ საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი ჰყავს - „დამსაქმებელი“ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, როგორც წესი, „მემარცხენე“ მაშინ ხდება ხოლმე, როცა ეს კონკრეტულ მომენტში ამომრჩევლის გულის მოსაგებად სჭირდება.

სხვათა შორის, კენ ლოუჩამდე და სხვა ბრიტანელ რეჟისორებამდე, რომლებმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს გამოუცხადეს ომი თეტჩერის ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა ჩაერიოს საზოგადოება შრომით რეგულაციებში, იტალიურ ნეორეალისტურ ფილმებშიც მივიღეთ. პიეტრო ჯერმის „მემანქანე“ გახსოვთ? რა ხდება, როცა მატარებლის მემანქანე ზეგანაკვეთურ შრომაზე დათანხმდება? როცა სწორედ იმიტომ, რომ ოჯახის სარჩენად ფული არ ჰყოფნის, დღეს და ღამეს ასწორებს სამუშაოზე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, საპასუხისმგებლო სამუშაოზე... და თუკი დაიღალა და ჩათვლიმა? თუკი ჩაეძინა? ვინ იქნება პასუხისმგებელი მსხვერპლზე? ანდა თუკი მონურმა სამუშაომ მონსტრად აქცია ოჯახში? რა აზრი აქვს ოჯახის წევრებზე ზრუნვას, თუკი სახლში დაბრუნების შემდეგ, გამოფიტული და დაქანცული, სწორედ ოჯახის წევრებზე იყრი ჯავრს?

ასეა აქ, კენ ლოუჩის ფილმში. რიკი დაღლილი მოდის სამუშაოდან და მთელი გაბრაზება შვილზე გადააქვს, თავის 15 წლის ბიჭზე. ოჯახის, როგორც ინსტიტუტის კრიზისს, დეჰუმანიზაციას თაობების ურთიერთობაში, ავტორიტარიზმის გაძლიერებას კენ ლოუჩი არა კონსერვატორული ტრადიციებით, არა მამათა და შვილთა „ბუნებრივი ბრძოლით“, იდენტობებით, არამედ სწორედაც რომ ეკონომიკური სისტემისა და ცხოვრების ტემპის არაადამიანურობით ხსნის. ოჯახურ ძალადობას აქ ბევრი არაფერი უკლია, თუმცა კენ ლოუჩის გმირზე, მოძალადეაო, ნამდვილად ვერ იტყვი. ლოუჩის მთავარი გმირები არასდროს ძალადობენ. ლოუჩის მთავარი გმირები ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი ხალხია. და, აბა, ვინ იღებს დღეს კინოს ჩვეულებრივ, მაგრამ კარგ ხალხზე?

„მე, დენიელ ბლეიკისგან“ განსხვავებით, ლოუჩი სცდება ერთ სიუჟეტურ ხაზს და რამდენიმე დრამატულ სიტუაციას ერთმანეთზე აწყობს. როგორც ჩანს, დიდია ავტორის სურვილი, დაგვანახოს მონობის ახალი ფორმები, რომელსაც ნეოლიბერალური ეკონომიკა ქმნის, იმდენად დიდი, რომ ლოუჩი რაღაც მომენტში, უბრალოდ, მოითხოვს ჩვენგან, ვუთანაგრძნოთ მის გმირებს. მაგრამ სცენარი მეტისმეტად სქემატურია იმისთვის, რომ რიკისა და მის ცოლს ისე ვუთანაგრძნოთ, როგორც თუნდაც დენიელ ბლეიკს. მსახიობებს კი იმდენი ოსტატობა არ ჰყოფნით, რომ მაყურებელმა ისინი შეიყვაროს - შეიძლება იმიტომაც, რომ ლოუჩი და მთავარი როლის შემსრულებლები თავიდანვე გვეუბნებიან, რომ ფილმის მთავარი გმირები „კარგი ადამიანები“ არიან, კაპიტალისტები კი, მათი დამსაქმებლები, ცუდები. ასეთი სწორხაზოვნება კენ ლოუჩს, არსებითად, არ ახასიათებს, მაგრამ ამჯერად, სოციალური დრამა, რომელიც ბრიტანელი კლასიკოსის საყვარელი ჟანრია, ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც კენ ლოუჩის თაყვანისმცემლები ველოდით. „უკაცრავად, გამოგვრჩით“ უფრო „გარდიანში“ დაბეჭდილ პუბლიცისტურ სტატიას ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს. ეგაა, რომ საქართველოში, როცა დამსაქმებლის ინტერესებზეა საუბარი, როცა შრომის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, მშრომელი ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ასეთი სტატიებიც კი არ იწერება. არ გვაქვს ჩვენ „გარდიანი“ და არც კენ ლოუჩი გვყავს, სამწუხაროდ.