მართალია, ჰამლეტს ყველა შეშლილად მიიჩნევს შექსპირის პიესაში, მაგრამ ავტორი არაორაზროვნად მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა სწორედ სამყაროა შეშლილი და არა ჰამლეტი, რომელსაც ეს სამყარო მიიჩნევს შეშლილად...
ვინ "დაკარგა გონი" - სამყარომ თუ ადამიანმა? ჰამლეტმა თუ დანიის სამეფომ?
ძალაუფლება აგიჟებს ადამიანს თუ სწორედ შეშლილები მიიწევენ ძალაუფლებისკენ?
ვინ-ვინ და შექსპირი საქმის ცოდნით აღწერს "პოლიტიკის ფსიქოპათებს" - პატივმოყვარეობით გონშერყეულ პრაგმატულ დიქტატორებს, იღბლიანად და ხალისით რომ იწყებენ თავიანთ შემზარავ მოღვაწეობას და ბოლოს თავადვე რომ ყვებიან დასახიჩრებული სამეფოს ნანგრევების ქვეშ...
შესაძლოა, მტკიცე ყოფილიყო მათი "ძალაუფლების ნება", მაგრამ ფსიქიკა არცთუ ძლიერი - როგორც ეს კალიგულას ან ნერონის შემთხვევაში მოხდა, რომლებიც თავიდან სავსებით "ნორმალურები" ჩანდნენ და ბოლოს კი ისე გაამაყდნენ, რომ ცხენები შეჰყავდათ სენატში და საკუთარ დედებს კლავდნენ ეჭვიანობისა თუ კვდომის ცქერით ტკბობის სურვილით...
აბსოლუტური ძალაუფლება აგიჟებს, თუმცა ზოგი ხილულად ავლენს სიშლეგეს, ზოგიც - უფრო აქეთ, მეოცე საუკუნისკენ - ისეთი ნებისყოფით და გამძლეობით გამოირჩევა, რომ დიდხანს, ან საერთოდ მთელი ცხოვრება წარმატებით თამაშობს "რაციონალური" მმართველის როლს, როგორც ეს პარანოიით შეპყრობილმა სტალინმა მოახერხა, რომელმაც მილიონები გაანადგურა აბსტრაქტულ-ცინიკური "წინსვლის" მომიზეზებით, სინამვილეში საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების, რეალურად კი არაადამიანური სისასტიკის გამო.
დიქტატორის პარანოიდალური აზროვნება შთამბეჭდავად ლოგიკურია, უბრალოდ ამ აზროვნების "ძირია" დამპალი. დიქტატორი (შესაბამისად, პარანოიდალური სისტემა) ლოგიკურად აწყობს ეჭვით ნასაზრდოებ ფაქტებს, მაგრამ ის, რაც უშუალოდ ეჭვს უდევს საფუძვლად - ცრუ, არანორმალური და არარსებულია.
სტალინის ქალიშვილი სვეტლანა იხსენებს, რომ თუკი მამამისი ეჭვს მიიტანდა ვინმეზე (ეს "ვინმე" კი შესაძლოა არათუ გარეშე პირი, არამედ ოჯახის წევრიც კი ყოფილიყო), სრულიად შეუძლებელი ხდებოდა მისი გადარწმუნება და ერთადერთი, რაც გარკვეულ კმაყოფილებას ანიჭებდა ამ სადისტურად ჯიუტ კაცს, ისღა იყო, რომ ეჭვმიტანილს რაც შეიძლება "დამაჯერებლად" ეღიარებინა გამოგონილი დანაშაული.
Your browser doesn’t support HTML5
"არჩადენილ დანაშაულში" დარწმუნებულობით კმაყოფილება ახასიათებდა სტალინის ერთმნიშვნელოვან ფავორიტ ივანე-მრისხანეს და სრულიად არაერთგვაროვან პეტრე პირველს, რომელთაც "პრაგმატულ ეჭვს" შესწირეს ღვიძლი შვილები - ძალაუფლებაზე ეჭვიანობით შეშლილმა მამებმა საკუთარი ხელებით დახოცეს ტახტის მემკვიდრეები...
სიშლეგე დიდად არც დაუმალავს - ერიჰ ფრომის განსაზღვრებით - "ფანატიკოს-ნეკროფილ" ჰიტლერს, რადგან იქ და იმ დროს, როცა ჰიტლერი გერმანიის კანცლერად მოევლინა ევროპას, სწორედ შეშლილის სიმტკიცე იზიდავდა უმრავლესობას.
ჰოდა, როგორ მოხდა, რომ მილიონობით "რაციონალურმა" ადამიანმა სწორედ ჰიტლერი შეარჩია აწმყოსა და მომავალზე პასუხისმგებელ ნიჭიერ ლიდერად?
ან თუნდაც როგორ მოხდა (ან ხდება), რომ უამრავ ადამიანს დღემდე მართებულად და ბუნებრივად მიაჩნია სტალინის სიყვარული? მილიონობით მოკლულს რომ არ აღიარებენ და ვინც აღიარებს, სწორედ იმათზე რომ ცხარობენ...
ანკი რა არგუმენტი შეიძლება არსებობდეს, რომ დღევანდელ რაციონალურ შეშლილებს ენდობოდეს ვინმე?
საინტერესოა, რატომ ვერ უნდა გრძნობდე, რომ თუკი ვინმეს ნდობა არ შეიძლება ახლა, სწორედ ესენია, ჩვენი დროის თავზეხელაღებული იმპერატორები: რაციონალური პუტინი, ირაციონალური ტრამპი, რომელიმე რაციონალ-ირაციონალური სულთანი, ევროპის დაშლის ვნებით შეპყრობილი ნაციონალისტ-არარაციონალური პოპულისტები და კიდევ მრავალი და მრავალი... ეს ჩამონათვალი საქართველომდეც მოვა.
რატომ მოგვწონს ძალაუფლების ხილული თუ შეფარული ფსიქოპატ-მანიაკები? რატომ ვეტრფით ქაოსის პოლიტიკოსებს? ბანალურ ბოროტმოქმედებს, რომლებიც სწორედ იქ ძლიერდებიან, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგ ომშია ჩართული...
თანამედროვეობის შეშლილთა თამაშების კიდევ ერთი უცნაურობა: იმარჯვებს ის, ვინც ოსტატურად მანიპულირებს "ომით", ხოლო ის, ვინც რეალურ ომში ერთვება ან პროვოცირებს კიდეც ამ ომს, არასდროს რჩება გამარჯვებული, რადგან დღეს შეუძლებელია დაუმარცხებლად მოგება, ანუ ნაწილობრივი არდამარცხება - გინდა იმპერია იყო და გინდა კვაზიიმპერია, რაკი ეს ომები არავის სჭირდება პრაგმატულ-სასტიკი იმპერატორების გარდა, რომელთაც ისღა აღელვებთ, რომ ისტორიას კიდევ რამდენიმე წლით (ან თვით მაინც) გამოსტაცონ ძალაუფლებისთვის ნაქურდალი წუთები...
ნუთუ კაცობრიობის დიდ ნაწილს არასდროს ჰქონია და არც ახლა აქვს კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი?
თუ - რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა - დიახაც, იციან, რა არის ცუდი, მაგრამ სწორედ იმიტომაც მოსწონთ, რომ ცუდია...
ნუთუ ისევ და ისევ ჩვენი კრიტერიუმების პრობლემაა და არა თავდაჯერებულ-დაუჯერებლად თავხედი ავტოკრატების, რომლებიც ამორალური კრიტერიუმების შედეგად იქცნენ პლანეტის თუ ქვეყნის მმართველებად?
ყოველ შემთხვევაში, შეშლილ "მეფეთა" უმეტესობა, ვისაც დიდი თუ მცირე ერების და ზოგადად კაცობრიობის ბედის გადაწყვეტა ერგო წილად, იმ უსახური და უმეტესად უტვინო ბრბოს წიაღიდან არის აღმოცენებული, რომელსაც უბრალოდ უყვარს ბოროტება და არ უყვარს ადამიანი.
ბრბო ადამიანის ჯინაზე, მისი სიძულვილით იყვარებს დიქტატორს. ამიტომაც სძულს დიქტატორს ადამიანი და შეშლილ ბრბოს განაწყობს მის წინააღმდეგ.
ჰოდა, ახლა ბრბოს მართვის დროა.
ადამიანი განდევნილია პოლიტიკიდან...