ბორჯომელი დეპუტატების დავა მორიგებით დასრულდა

ბორჯომის საკრებულო

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბორჯომელი დეპუტატების დავა დღეს მორიგებით დაასრულა. საკრებულოში “ქართული ოცნების” სახელით მოხვედრილმა ექვსმა დეპუტატმა სასამართლოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანა. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სასამართლოს გზით სთხოვდნენ გაბათილებულიყო 18 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნების" სიით არჩეულ დეპუტატებს ფრაქციების – "კონსერვატორებისა" და "მრეწველების" - შექმნაზე უარი ეთქვათ. ვანო შალუტაშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარისგან ფრაქციების დარეგისტრირებაზე თანხმობას ითხოვდა.

Your browser doesn’t support HTML5

ბორჯომელი დეპუტატების დავა მორიგებით დასრულდა

,,დღევანდელი სასამართლოს სხდომაც თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება თანამშრომლობა. დღეს შედგა სასამართლოს სხდომა, სადაც განიხილებოდა საკითხი „ქართული ოცნება – მრეწველების“ და „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ ფრაქციის დაფუძნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური მოტივებითა და პირადი ანგარიშსწორების მიზნით საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კანონდარღვევით არ გვირეგისტრირებდა. საკრებულოს მხრიდან მოხდა შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა - მათ ცნეს ჩვენ მიერ შეტანილი სარჩელი და ყველა მოთხოვნა და დღეს სასამართლომ დაგვიკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნები და ფრაქციები დარეგისტრირდა იმ რიცხვიდან, რა რიცხვიდანაც ჩვენ ვითხოვდით“.

მთავარი იყო ხელფასები და ფრაქციები, თორემ სხვა კი არაფერი. რამდენიმე მილიონი ლარი დაიზოგებოდა. ინაშვილსა და თარხან-მოურავს უბრძანეს კიდევ ერთხელ, დაანგრიეთო და დაანგრიეს კიდეც. ბორჯომია თვითონ ოპოზიციური ქალაქი და ერთი წუთით არ ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებდი ამომრჩევლისთვის მიცემული პირობის გამო...
ზაზა ჩაჩანიძე

მთავარი ხელფასებისა და ფრაქციების საკითხი იყო „ქართული ოცნებისთვის“ და ეს გამოჩნდა კიდეც, – აცხადებს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა ჩაჩანიძე. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე შექმნილ ვითარებაში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებსაც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმით ის და მისი თანამოაზრე დეპუტატები ბიუჯეტის თანხის დაზოგვას ცდილობდნენ.

,,მთავარი იყო ხელფასები და ფრაქციები, თორემ სხვა კი არაფერი. რამდენიმე მილიონი ლარი დაიზოგებოდა. ინაშვილსა და თარხან-მოურავს უბრძანეს კიდევ ერთხელ, დაანგრიეთო და დაანგრიეს კიდეც. ბორჯომია თვითონ ოპოზიციური ქალაქი და ერთი წუთით არ ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებდი ამომრჩევლისთვის მიცემული პირობის გამო“.

სასამართლოს არ განუხილავს საკითხის კანონიერება, – განმარტავს საკრებულოს ლეიბორისტი დეპუტატი და ამბობს, რომ ახალმა თავმჯდომარემ მას მინდობილობა გაუუქმა, ახალი მინდობილობა კი საკრებულოს აპარატის უფროსს გადასცა. აპარატის უფროსის გადაწყვეტილების გამო ბიუჯეტი 270 ათასი ლარით იზარალებს, – აცხადებს გიორგი გიუაშვილი. თავის დროზე საკრებულოში უარის თქმის მიზეზად გიორგი გიუაშვილმა ის ფაქტი დაასახელა, რომ მმართველი პარტიის სახელით არჩეულ დეპუტატებს უფლება არ ჰქონდათ სხვა პარტიაში გადასულიყვნენ და ფრაქცია შეექმნათ:

ბორჯომი

,,სარჩელი ცნეს, რასაც ვეწინააღმდეგებოდით ამდენი ხნის განმავლობაში და ის პიროვნებები ხელს აწერდნენ – მოადგილე, სხვადასხვა ბიუროს წევრები და კომისიის თავმჯდომარეები. მათ დღეს პირიქით გააკეთეს და პოზიცია შეიცვალეს, მხარი დაუჭირეს და სარჩელი ცნო აპარატის მხარემ. ჯერ ეს ერთი, მე მქონდა მინდობილობა გაფორმებული, მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარის ცვლილების გამო საკრებულომ და სასამართლომ მინდობილობა შეცვალეს აპარატის უფროსზე. აპარატის უფროსმა სარჩელი ცნო და აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი ორი ფრაქცია – „მრეწველები“ და „კონსერვატორები“ მიიღებენ ხელფასს ოთხი წლის მანძილზე და ეს კი ბიუჯეტს დამატებით 270 ათასი ლარი დაუჯდება, დაახლოებით. სასამართლოს არსებით საკითხებზე არ უმსჯელია, არ განუხილავს საკითხის კანონიერება, მოხდა ჩვეულებრივი მორიგება. ხშირ-ხშირად იმეორონ, ოპოზიციური საკრებულო ვართო, – ვიღას სჯერა ეგ?“

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ის დეპუტატები დავობდნენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის - „ქართული ოცნება – კონსერვატორებისა“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ - შექმნაზე ოპოზიციურმა საკრებულომ უარი უთხრა.