„სიკეთის სახეები“ (2024, აშშ, რეჟისორი იორგოს ლანთიმოსი)
„სიკეთის სახეები“ წლევანდელი კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის პირველი ფილმია, რომელსაც საქართველოს კინოთეატრებში უჩვენებენ. იორგოს ლანთიმოსის ნამუშევარმა მოიგო „პალმა“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ჟიურიმ ეს პრიზი ჯესი პლეიმონსს გადასცა. არსებითად კანის კონკურსში ჰოლივუდის მსახიობს კონკურენტი არც ჰყავდა - წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში მხოლოდ ქალები გამოირჩეოდნენ.
ლანთიმოსის წინა ფილმმა, „საბრალოებმა“ ნამდვილი ფურორი მოახდინა კინოს სამყაროში; ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ და „ოსკარები“ იმის მოლოდინს ქმნიდნენ, რომ ახალი ფილმით თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი სანუკვარ „ოქროს პალმასაც“ ეღირსებოდა. მაგრამ „სიკეთის სახეების“ პრემიერაზე უკვე ნათელი გახდა, რომ „საბრალოების“ წარმატებას ლანთიმოსი ვერ გაიმეორებდა. ვფიქრობ, ამის პრეტენზია მას არც ჰქონია. უმოკლეს დროში დასრულებული ფილმი ჰგავს განტვირთვას, სულის მოთქმას ახალი, დიდი პროექტის წინ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავარი როლის შემსრულებლები, სამივე მსახიობი, ემა სტოუნიც, ჯესი პლეიმონსიც და უილიამ დეფოც უბრალოდ კარგ დროს ატარებდნენ გადაღებაზე, ერთობოდნენ, მხიარულობდნენ. აბა, რომელი მსახიობი არ ინატრებდა ერთ ფილმში 3 განსხვავებული სახის შექმნას? თანაც, რეჟისორთან, რომელსაც მართლა უყვარს არტისტები და, რაც მთავარია, იუმორის გრძნობა აქვს.
დიახ, „3“ მაგიური ციფრია „სიკეთის სახეებში“; 3 ნოველა, 3 ზღაპარი მოზრდილებისთვის და 3 მთავარი პერსონაჟი. სიმეტრია მკაცრადაა დაცული და ყოველი სკეტჩი ზუსტად 55 წუთი გრძელდება. თუმცა სამივე ნოველა ერთნაირად საინტერესო არაა. პირველი, ყველაზე რეალისტური, ოფისის თანამშრომელზე, რომელიც ცდილობს როგორმე განთავისუფლდეს თავისი შეფის მანიპულაციებისგან, თითქმის იდეალურია მოქმედების განვითარებით და მახვილგონიერი დიალოგებით. მეორე უფრო სიურრეალისტურია და გვაცნობს პოლიციის ოფიცერს, ჭკუიდან რომ იშლება ცოლის გაუჩინარებისა და დაბრუნების შემდეგ. აქ რიტმი საგრძნობლად ეცემა და მაყურებელი წინასწარ ხვდება სიუჟეტის განვითარებას. მესამე ნოველა, სექტანტური ფანატიზმის პაროდია, გადაწყვეტილი უფრო ფანტასტიკის ჟანრში (სექტის წევრები ეძებენ თავიანთ რჩეულს, რომელიც მკვდრებს გააცოცხლებს), უკვე ობობას ქსელს ჰგავს. წინა ორი ნოველის „სიუჟეტური უღელტეხილებისგან“ ისედაც დაძაბულ მაყურებელს შეიძლება გაუჭირდეს ამ ქსელში მოძრაობა, გაიჭედოს და მიხვდეს, რომ ლანთიმოსი აჭიანურებს მოქმედებას მხოლოდ იმიტომ, რომ აკვიატებული აქვს - ყველა ნოველა 55 წუთი უნდა გრძელდებოდეს. არცერთი წამით მეტი, ან ნაკლები! სიზუსტე მშვენიერია, მაგრამ სიზუსტის დაცვას სჭირდება მასალა, რომელიც ლანთიმოსს არ ჰყოფნის, ამიტომ ძალიან აშკარაა, რომ სინამდვილეში აბლაბუდაში იჭედება თავად ლანთიმოსი. ჩემი აზრით, პირველად არ ემართება ეს - ფინალისკენ თავადაც იღლება.
„სიკეთის სახეებში“ იორგოს ლანთიმოსი უბრუნდება თავისი პირველი ფილმების სტილს, მათთვის დამახასიათებელი სარდონიკული იუმორით და მიზანთროპიით. თუმცა ვერ მალავს, რომ არაფერი აქვს სათქმელი გარდა იმისა, რაც ჯერ კიდევ ბერძნულ ფილმებში გვითხრა. მისი პერსონაჟები ისევ ებრძვიან სოციუმიდან გარიყვის შიშს. ლანთიმოსი კვლავ იკვლევს ძალაუფლების და მანიპულაციის ბუნებას, ადამიანთა აკვიატებულ იდეებს და გაუცხოებას. მაგრამ უბრალოებას და სისადავეს, დამახასიათებელს ადრეული ლანთიმოსისთვის, „სიკეთის სახეებში“ ხელს უშლის უკვე აღიარებული და წარმატებული ავტორის თვითგანცდა („უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს“), მეტისმეტი თავდაჯერებულობა, რაც, პირველ რიგში, ჰოლივუდში დამკვიდრებული ბერძენის ახალი ფილმის მხატვრულ მთლიანობას აზარალებს.
იორგოს ლანთიმოსის ფანები ყოველთვის აფასებდნენ მისი ფილმების გამომწვევ ნონკონფორმიზმს. თავისი პერსონაჟებისგან განსხვავებით, ლანთიმოსი არ გაურბოდა უმცირესობაში დარჩენას. მეტიც, ცოტა არ იყოს მოსწონდა კიდეც ეს პოზა. მისი ადრეული ფილმები ვიღაცას აბრაზებდა, ვიღაცას სარკეში ახედებდა (ზოგს ეს სარკე, მით უმეტეს, აბრაზებდა), ბევრსაც ჩააფიქრებდა ხოლმე. მაგრამ თითქმის არასდროს აკმაყოფილებდა მოლოდინს, რომელიც აქვთ ხოლმე „ჰუმანისტური კულტურისგან“, სურვილს - აუცილებლად მოგვეფეროს და დაგვაიმედოს. სამყარო, რომელსაც ავსებენ „სიკეთის სახეები“, სინამდვილეში ბოროტების სამყაროა - ნებაყოფლობითი მონობის, ბრმა რწმენის, სადომაზოხიზმის სამყარო. სექსიც კი აქ მორჩილებად აღიქმება, იმის მტკიცებად, რომ თავისუფლება არ არსებობს, რომ ჩვენ საკუთარი სხეულებიც კი არ გვექვემდებარებიან (მეორე ნოველაში „რეაქტიული“ ხასიათი აქვს ემა სტოუნის ფეხის მოულოდნელად ჩადგმულ კადრს, რომელიც გამოხატავს მისი მეუღლის ეჭვს - ნამდვილად ეს ქალია მისი ცოლი თუ „ორეულით“ ჩაანაცვლეს?). „საბრალოებში“ ლანთიმოსმა თითქოს დასაჯა ბოროტება, ერთგვარ „ალტერ ეგოსაც“ კი მიაგნო უილიამ დეფო - „ექიმი ფრანკენშტაინის“ სახით. აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდისთვის სწორედ ესაა წარმატების ფორმულა - სხვაგვარად უკომპრომისო მიზანთროპები „ოცნებების ფაბრიკაში“ ადგილს ვერ დაიმკვიდრებენ. ახლა თითქოს სრული დამოუკიდებლობა მოენატრა და თავიც დაიზღვია უილიამ დეფოს პერსონაჟით, რომელიც „სიკეთის სახეებში“ ისე მანიპულირებს ადამიანებით, როგორც ლანთიმოსი თავისი პერსონაჟებით და მსახიობებით. თუკი ეს აღსარებაა და სინანული, ძალიან მაგარია. მაგრამ, სამწუხაროდ, „სიკეთის სახეების“ ჩახლართული, ცინიკური, გროტესკული ენა იმდენად მთლიანი არაა, რომ ფილმი „დეკამერონს“ შევადაროთ, იორგოს ლანთიმოსი კი - ლუის ბუნუელს.
ვფიქრობ, ყველაფრის მიზეზი ამ შემთხვევაში სიჩქარეა და კანში გამარჯვების აკვიატებული სურვილი (ლანთიმოსზე ბევრად უფრო ნაკლებად ნიჭიერი მეორე მიზანთროპი რუბენ ოსტლუნდი, აგერ ორჯერ გახდა „ოქროს პალმის“ ლაურეატი). ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ სამივე ეს სკეტჩი მხოლოდ მონახაზია, ესკიზი ერთი დიდი ფილმისთვის. ერთიანი სახვითი გადაწყვეტა (ცარიელი დერეფნები, რომლებსაც თითქოს არსად მივყავართ, მუდმივად აქცენტირებული ფანჯრები, კარების სიმრავლე კადრში), ფორტეპიანოს ატონალური პარტიტურები მთელი ფილმის მანძილზე (აქა-იქ მუსიკალურ ჰიტებთან ერთად), ეს რაღაცნაირი „ვინტაჟური“ ესთეტიკა, არ ხდება საკმარისი სამი ზღაპრის გასაერთიანებლად. პირველ ნოველაში ყველაფერი ითქვა. მეორე და, მით უმეტეს, მესამე უკვე საღეჭი რეზინია, რომელიც გემოს კარგავს.
როგორც ჩანს, ასეთი ადვილი არაა, ერთი ფეხი ჰოლივუდში გქონდეს და მეორე ევროპულ საავტორო კინოში, უკომპრომისო ავტორის იმიჯი გსიამოვნებდეს და სასწრაფოდ ამთავრებდე (აფუჩეჩებდე) ფილმს კანის კონკურსში მოსახვედრად.