ბორის გროისი: „რუსები არ შეცვლილან - როგორიც იყვნენ, ისეთივე დარჩნენ“

ბორის გროისი

ფილოსოფოსი და კულტუროლოგი ბორის გროისი სსრკ-დან 1980-იანი წლების დასაწყისში ემიგრირდა. საბჭოთა წარმოშობის ყველაზე ცნობილი დასავლელი ინტელექტუალი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და, რომელიც ავტორია ცნობილი წიგნისა Gesamtkunstwerk Stalin (1988), დიდხანს ინარჩუნებდა დიალოგს პოსტსაბჭოთა რუსეთთან. ბორის გროისი 2012 წელს მოსკოვში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეებს უკითხავდა ლექციებს და ღიად უჭერდა მხარს რუს პოლიტპატიმრებს. ფილოსოფოსი უპირობოდ გმობს უკრაინის წინააღმდეგ ომს და განიხილავს მას "ცივილიზაციური უკანდახევის" ფართო ჩარჩოში, როგორც დაბრუნების მცდელობას პირობით 1913 წელში, რომელიც საბჭოთა და ცარისტული პროპაგანდის უნივერსალური ორიენტირია. გროისის თქმით, 1990-იან წლებში რეფორმირებული რუსეთის იდეა, რომელიც არსებითად სტალინური რესტავრაციის გაგრძელება იყო, სწორედაც რომ „დიად წარსულში დაბრუნებას“ ეფუძნებოდა.

- 24 თებერვლის შემდეგ ვერცერთი ჩვენგანი ვერ დაიკავებს კერძო, პირად პოზიციას, რომ პასუხისმგებელია მხოლოდ საკუთარ თავზე: ახლა ჩვენ ყველანი ვართ პასუხისმგებელი - სხვების თვალში - პუტინის რეჟიმის ქმედებებზე. თქვენ, 30-წლიანი სტაჟის მქონე ემიგრანტი, რამდენად გრძნობთ თავს რუსად, პოსტსაბჭოთა ცივილიზაციის თანაზიარად?

ბორის გროისი: რაც შემეხება პირადად მე, საერთოდ არ ვგრძნობ კავშირს რაიმე იდენტობასთან. მე არ ვგრძნობ თავს მამაკაცად, თეთრკანიანად, რუსად. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ სხვები, პირველ რიგში, ასეთად მხედავენ - როგორც რუსს და იძულებული ვარ ეს გამუდმებით გავითვალისწინო. ამგვარ აღქმას, გარდაუვალად, ემატება რუსეთის, როგორც ქვეყნის, ქმედებებისადმი დამოკიდებულება. ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს: ემიგრაციაში 1981 წელს წავედი. მიღებულია აზრი, რომ მაშინ ემიგრანტებს მიესალმებოდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. როცა დასავლეთში ჩავედი, რუსებისადმი დამოკიდებულება უარყოფითი იყო; შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, დამოკიდებულება უფრო პოზიტიური გახდა; ახლა კი კვლავ უკიდურესად უარყოფითისკენ შეიცვალა. ეს ყველაფერი გარდაუვალია და როცა ვურთიერთობ, სიტყვით გამოვდივარ, ვწერ, ყოველთვის ვითვალისწინებ ამ რეაქციას.

მაგრამ 1980-იან წლებში ამ მხრივ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი. ერთხელ ჰოლანდიაში სიტყვით გამოვედი და დავიწყე საუბარი ხელოვნებაზე. ერთმა ჰოლანდიელმა მხატვარმა ქალმა მკითხა: „ამას რუსის პოზიციიდან ლაპარაკობთ?“ დაბნეულმა ვუპასუხე, რომ უნივერსალური, ზოგადსაკაცობრიო პოზიციიდან ვლაპარაკობ-მეთქი. ამაზე იმ ქალბატონმა თქვა: „აჰ, გასაგებია. არის ასეთი ტიპი რუსებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი ყველაფერს უნივერსალური პოზიციიდან უყურებენ. ჯერ კიდევ დოსტოევსკიდან ცნობილია ჩვენთვისო". ეს დიდი გაკვეთილი იყო. საერთოდ, ჩემი თხზულებების ჩამონათვალს თუ გადახედავთ, რუსეთზე ძალიან ცოტა მაქვს დაწერილი. ხელის თითებზე შეიძლება დაითვალოთ. ძირითადად დასავლურ ფილოსოფიურ ტრადიციასა და დასავლურ კულტურაზე ვწერდი. ვისურვებდი მესაუბრა უნივერსალური ევროპელი მოაზროვნის პოზიციიდან - და სხვების მიერაც ასეთად ყოფილიყო აღქმული. მაგრამ, სამწუხაროდ, კარგად ვიცი, რომ ჩემი ნამუშევრები დასავლეთში უპირველეს ყოვლისა აღიქმება, როგორც „ჩვენი კულტურის მზერა გვერდიდან“. როგორც რაღაც ეგზოტიკური ხედვა.

თუმცა, ამან შეიძლება გარკვეული ინტელექტუალური სარგებელიც მოიტანოს. ცნობილია მონტესკიესა და სხვა ავტორების დროიდან: დასავლურ ცივილიზაციას უყვარს როგორც გარე, ასევე უცხო მზერები. საკუთარ სტრატეგიას ამ გარემოებების გათვალისწინებით ვაგებ, თუმცა გარედან შეფასება მიჭირს.

ბორის გროისი
დაიბადა 1947 წელს აღმოსავლეთ ბერლინში, საბჭოთა მოსამსახურის ოჯახში. სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მათემატიკური ლოგიკის განყოფილება), იყო ლენინგრადისა და მოსკოვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა არაოფიციალური ხელოვნების შესახებ ბინებში მოწყობილ სემინარებში, წერდა ტექსტებს „სამიზდატის “ ჟურნალებისთვის, იბეჭდებოდა დასავლეთში. 1981 წლის დეკემბერში ემიგრირდა გერმანიაში. ფილოსოფიის დოქტორი (1992). ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სლავისტიკის პროფესორი; ფილოსოფიისა და ხელოვნების შესახებ სტატიებისა და წიგნების, მათ შორის ბესტსელერის Gesamtkunstwerk Stalin (1988) ავტორი. რუსეთის პავილიონის კურატორი ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 54-ე ბიენალეზე (2011). ცხოვრობს ნიუ-იორკში.

- ყველა ჩვენგანისთვის, ვინც წერს, ფიქრობს და ლაპარაკობს რუსულად, „სხვა“ - ეს ახლა უკრაინელის, მთლიანად უკრაინის მზერაა. ეს კრიტიკული, ხშირად მწველი მზერა ახლა მთელი ჩვენი ცხოვრების თანმხლები იქნება. ბევრი ოპოზიციურად განწყობილი რუსიც კი არ არის მზად ანგარიში გაუწიოს ამ სხვას, რაც შესამჩნევია სოციალურ ქსელებში გამართულ პოლემიკებში. როგორ უნდა ავაგოთ ჩვენი სტრატეგია ახლა, როგორ დავიჩემოთ საკუთარი სუბიექტურობა, როცა სრულად გვაქვს გააზრებული კოლექტიური პასუხისმგებლობა?

ბორის გროისი: თუ ვსაუბრობთ სხვის მზერაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ამან ახლა განსაკუთრებული სიმკვეთრე შეიძინა; მაგრამ, არსებითად, ის არ განსხვავდება რუსეთის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების - ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის შეხედულებებისგან, რასაც დიდი ხანია ვიცნობ, რადგან ერთ დროს გერმანიის კულტურის ფედერალურ ფონდთან ერთად ვაკეთებდი პროექტს პოსტკომუნისტური ევროპის შესახებ. ეს კრიტიკული ხედვა ამბივალენტურია. ერთი მხრივ, საუბარია რუსეთის ყოფილ კოლონიებზე. და ეს კრიტიკული შეხედულება რუსეთის, რუსების მიმართ, ჯდება პოსტკოლონიალურ დისკურსში. მეორე მხრივ, აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, რუსებისგან განსხვავებით, მიაკუთვნებენ თავს დომინანტურ ევროპულ ცივილიზაციას, რომელიც ეწინააღმდეგება რუსებს, როგორც ბარბაროსებს. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ესაა როგორც მსხვერპლის, ასევე გამარჯვებულის ხედვა.

რასაც ახლა რუსული რეჟიმი აკეთებს, ამაზრზენია. მაგრამ უკრაინის წინააღმდეგ ომმა - ახლა ვიტყვი ალბათ უცნაურ რამეს - ოდნავ ან თითქმის არაფერი შეცვალა La Russie éternelle-ის (მარადიული რუსეთის) მიმართ ზოგად დამოკიდებულებაში. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია არა ევროპაში, არამედ, ვთქვათ, უფრო შორს, ლათინურ ამერიკაში, სადაც ხშირად გამოვდიოდი ხოლმე სიტყვით. რუსეთი იქ აღიქმება როგორც ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო დათრგუნვის, აგრესიის, ტერორის წყარო როგორც საკუთარ მოსახლეობასთან, ასევე სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან მიმართებით. ეს წარმოდგენა საბოლოოდ ჩამოყალიბდა მე-19 საუკუნეში, რადგან წმინდა ალიანსი (რუსეთის, პრუსიისა და ავსტრიის კონსერვატიული ალიანსი, რომელიც შეიქმნა 1815 წელს დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად) იყო ევროპაში ლიბერალური და მემარცხენე მოძრაობების ჩახშობის მთავარი იარაღი. რუსეთი მას შემდეგ აღიქმება როგორც „ოხრანკა“, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. როგორც ყოველივე პროგრესულის და ლიბერალურის მტერი. დღევანდელი ომი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა: რუსები არ შეცვლილან - როგორიც იყვნენ, ისეითივე დარჩნენ.

თქვენ ამბობთ: „ახლა მუდამ ამით მოგვიწევს ცხოვრებაო“. დიახ. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ ყოველთვის ამით ვცხოვრობდით.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია "ოკუპაი-აბაი". მოსკოვი, 2012 წ..

– მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობდით ამის შეცვლას. მახსოვს, 2012 წელს მოსკოვში საპროტესტო აქციების დროს როგორ გამოჩნდა განცხადება „ოკუპაი-აბაი“-ზე: „დღეს გაიმართება ბორის გროისის ლექცია“. იყო მასში რაღაც „ფრანგული“, რაც 1968 წლის რევოლუციას მოგაგონებდათ. რევოლუციამ არ გაიმარჯვა - მაგრამ 68 წლის ბავშვებმა შემდეგ შექმნეს ევროკავშირი. შესაძლოა, არსებობს იმედი, რომ რუსეთში პროტესტი - მაშინაც და ახლაც, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი და უაზრო - ასევე გამოიწვევს ფუნდამენტურ ცვლილებებს მომავალ ათწლეულებში?

ბორის გროისი: ჩვენი ისტორია არ ჰგავს ფრანგულს - ამიტომ, არა, არ გამოიწვევს. თუ გადახედავთ რუსეთის ისტორიას, ნახავთ, რომ რუსეთში ვერცერთმა განმათავისუფლებელმა მოძრაობამ, დეკაბრისტებიდან და „ნაროდნაია ვოლიადან“ დაწყებული, ვერაფერს მიაღწია. ეს უბრალოდ ისტორიული ფაქტია. თუ რაიმე ცვლილება მომხდარა რუსეთში, მხოლოდ სამხედრო დამარცხებების ან კატასტროფების შედეგად. ყირიმის ომი, ცუშიმა, პირველი მსოფლიო ომი. რუსეთი მილიტარისტული ქვეყანაა. მის ლექსიკონში არ არსებობს არანაირი „სხვა“; მას მიაჩნია, რომ სხვა უბრალოდ სმენაზე უნდა იდგეს. არანაირი სხვა რეაქცია არ არსებობს.

თუმცა, რევოლუციები მთელ მსოფლიოში, უმეტესწილად, ასევე მარცხდებოდნენ. ამ თვალსაზრისით, განსხვავება დასავლეთსა და რუსეთს შორის არცთუ ისე დიდი ჩანს. მაგრამ სინამდვილეში ის უზარმაზარია. გერმანულში არსებობს გამოთქმა, რომელიც ეხება 1968 წლის შემდგომ პერიოდს: „marsch durch Institutionen“ (მსვლელობა ინსტიტუციებში). 1968 წლის რევოლუცია დამარცხდა, მაგრამ ისინი, ვინც მზად იყვნენ სახელისუფლებო ინსტიტუტებში ინტეგრირებისთვის, ინტეგრირდნენ. დროთა განმავლობაში მათ დაიკავეს მინისტრის თანამდებობები, დაიკავეს ცენტრალური პოზიციები კულტურულ იერარქიაში, მედიაში. შეიძლება ითქვას, რომ „მიეყიდნენ კაპიტალს“ – როგორც მათზე ყველა ამბობდა და ეს სიმართლე იყო. მაგრამ მიეყიდნენ რა კაპიტალს, შეცვალეს სისტემა შიგნიდან. მათ არ შეცვალეს ეკონომიკა, მაგრამ შეცვალეს დასავლეთის სოციალური და პოლიტიკური კულტურა. 1990-იან წლებში იგივე პროცესი მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, მაგრამ არასდროს რუსეთში. სსრკ-ს დაშლის შემდეგაც კი, ყველა კულტურული და სოციალური ინსტიტუტი იმავე ხელში დარჩა. რუსეთის ვითარების პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ ერთადერთი პუნქტი, სადაც ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა, ეკონომიკაა. სახელმწიფო ეკონომიკა დაინგრა, კაპიტალისტური ტიპის ახალმა ეკონომიკამ ახალი ხალხი მოიყვანა ხელისუფლებაში. მაგრამ შეხედეთ რუსეთის უნივერსიტეტებს, კულტურის სამინისტროს ან მეცნიერებათა აკადემიას, განათლების სისტემას. მთელი კულტურული სფერო ძველი ფორმაციის ადამიანების ხელშია. კულტურული ოპოზიციის რიგებიდან არავინ გამხდარა ხელმძღვანელი. საბჭოთა ანდეგრაუნდის წარმომადგენლები ან დარჩნენ იმავე გარიყულ მდგომარეობაში (უბრალოდ შეეძლოთ ცხოვრება და მუშაობა თავისუფლად, რეპრესიების შიშის გარეშე), ან წავიდნენ ემიგრაციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასობრივი ემიგრაცია სსრკ-ს დაშლისთანავე დაიწყო. რატომ? იმიტომ რომ ძალაუფლების ინსტიტუტებში ინტეგრაცია არ მომხდარა. ასე იყო ყოველთვის რუსეთში.

პრინციპში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში იგივე ხალხოსნები უნდა ინტეგრირებულიყვნენ ძალაუფლების სტრუქტურებში, მიეღოთ თავადებისა და გრაფების ტიტულები - როგორც ეს მოხდა ინგლისში, სადაც, როცა ადამიანი ბევრს აპროტესტებს, მას ჩვეულებრივ ლორდთა პალატის წევრად ირჩევენ. მაგრამ ასეთი რამ რუსეთში 1991 წლის შემდეგაც არ მომხდარა, რადგან რუსულ ბიუროკრატიას არ სურს არავის ინტეგრირება. რადგან იგი, არსებითად, სამხედრო ბიუროკრატიაა; და თუ ხარ, ვთქვათ, სამოქალაქო პირი, ე.წ. შტაფირკა, რატომ უნდა გახდე გენერალი? ეს უბრალოდ სასაცილოა. რუსეთში ფილოსოფიის პროფესორიც იგივე გენერალია. რუსეთის იმპერიის წოდებების ცხრილი ყველა სამოქალაქო ტიტულს უტოლებს სამხედრო წოდებას. შესაბამისად, თქვენი მდგომარეობა ეკლესიის, უნივერსიტეტის ან ფოსტის იერარქიაში შეესაბამება გარკვეულ სამხედრო წოდებას.

და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. 1990-იან წლებში რუსეთის განმათავისუფლებელი, რევოლუციური, პროგრესული მოძრაობები კომპრომეტირებულ იქნა თვითონ რეფორმატორების მიერ: მაშინ ყველამ დაიწყო ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, რომ რევოლუცია საშინელი ნაგავია, რომ ლიბერალურმა და სოციალისტურმა მოძრაობებმა გაანადგურეს ისტორიული რუსეთი, რომ სიმართლე კონსერვატორებისა და სტოლიპინის ტიპის მმართველების მხარესაა, ან გლობალურ კონტექსტში თუ განვიხილავთ - პინოჩეტის მსგავსი გენერლების, რომლებიც მემარცხენე ინტელექტუალებს თვითმფრინავებიდან ზღვაში ყრიდნენ. 1990-იანი წლების (და შემდეგომი წლების) ინტელექტუალურ წრეებში დომინირებდა აზრი, რომ „რევოლუციები უნდა ჩახშობილიყო“. მას შემდეგ ახშობენ. დღემდე არაფერი შეცვლილა.

- კულტურისა და, უფრო ფართოდ, ინტელიგენციის წარმომადგენლები არ გაერთიანდნენ ძალაუფლების სისტემაში, მაგრამ სამაგიეროდ შეინარჩუნეს სულიერი და შემოქმედებითი დამოუკიდებლობა. ეს ასევე მნიშვნელოვანი სოციალური გამოცდილებაა - თავისუფლების გამოცდილება, რომელიც რუსეთში არცერთ სხვა წრეს არ აქვს.

ბორის გროისი: სინამდვილეში კულტურულმა ოპოზიციამ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან შექმნა რუსული ლიტერატურა, რუსული ავანგარდი, მუსიკა, რომლებიც ძალიან პოპულარულია დასავლეთში. ჩაიკოვსკი ან შოსტაკოვიჩი, ასე თუ ისე, წარმოადგენდნენ პროგრესულ ლიბერალურ ტრადიციას, რომელიც არ ინტეგრირდა ძალაუფლებაში, მაგრამ სამაგიეროდ ჰქონდა თავისი ტრადიცია და მემკვიდრეობითობა. 1970-იან წლებში მოსკოვისა და ლენინგრადის მხატვრული ანდეგრაუნდის ცხოვრება - რომლის მოწმეც მე ვიყავი - არსებითად დიდად არ განსხვავდებოდა იმდროინდელი პარიზის ცხოვრებისგან. იმ წლებში მხატვრები და პოეტები საკმაოდ უნივერსალური ხალხი იყვნენ და ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. უბრალოდ, პარიზისგან განსხვავებით, ისინი დარჩნენ ამ თავის არაოფიციალურ კაფსულაში. მათი წყალობით არსებობს ერთგვარი რუსული კულტურის მეორე ხაზი, რომელიც არ იკვეთება ოფიციალურთან. და სწორედ ამ შესაძლებლობებშია რუსული კულტურა ინტეგრირებული დასავლურ კულტურულ ტრადიციაში. ასე იყო ასი წლის წინაც: საბჭოთა რუსეთის აბსოლუტური პოლიტიკური უარყოფის მომენტში (1920-იან წლებში) პარიზში რუსული ბალეტი ნომერი პირველი იყო. რუსეთში ეს ორი ხაზი სახეზეა დღესაც; შეერთდებიან თუ არა ისინი ოდესმე, არ ვიცი. შესაძლოა კი, შესაძლოა - არა.

- ერთმა ცნობილმა უკრაინელმა ფსიქოლოგმა პოსტსაბჭოთა ადამიანის მთავარ პრობლემას სუბიექტურობის ნაკლებობა უწოდა. საკუთარი თავის ადამიანებად, ინდივიდებად აღქმის შეუძლებლობა. ინგლისურ, გერმანულ ენებში, ჩვეულებრივი ამბავია, თქვა: მე ვარ - I am, Ich bin. ოდესღაც რუსულშიც ასე იყო, მაგრამ მერე გაქრა. ადამიანი რუსეთში, მათ შორის პუტინის რუსეთში, არ გრძნობს, რომ მყოფადობს, რომ არსებობს.

ბორის გროისი: ნუ გავაზვიადებთ ხალხის როლს ამ საქმეში. ნებისმიერი ერი არის ადამიანთა მასა, რომელიც დაკავებულია გადარჩენისათვის ყოველდღიური ბრძოლით, გადარჩენისთვის ბრძოლას კი ჩვეულებრივ დღე-ღამეში 24 საათი სჭირდება. შეხედეთ საფრანგეთს 1940-იან წლებში. იქ იყო ვიშის მთავრობა, იყო დე გოლი და იყო პოლიტიკური მხარდამჭერების მცირე ჯგუფი - როგორც ერთი, ისე მეორე მხარისა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ისე მშვიდად გააგრძელა ცხოვრება დე გოლის მმართველობის პირობებში, როგორც ცხოვრობდა ვიშის რეჟიმის დროს. ასევე იყო ნაცისტების გერმანიაშიც. მოსახლეობა ჩვეულებრივ იღებს იმ რეჟიმს, რომელსაც ისტორია სთავაზობს. ხალხს სურს გადარჩენა და ხელისუფლებისადმი ლოიალობა გადარჩენის სტრატეგიის ნაწილია. შესაბამისად, პრობლემა ხალხსა და მის სუბიექტურობაში (ან არასუბიექტურობაში) არ არის. ცენტრალური პრობლემა ისაა, თუ როგორ ყალიბდება და ფუნქციონირებს ქვეყანაში პოლიტიკური კლასი. საბერძნეთმა და შემდეგ რომმა თავიანთ მოქალაქეებს შესთავაზეს იმ დროისათვის სრულიად ახალი გზა კულტურული და პოლიტიკური ელიტების ჩამოყალიბებისთვის. საუბარია კონკურენციაზე დაფუძნებულ მოდელებზე, რომლებიც სრულიად მიუღებელი იყო აღმოსავლური დესპოტიებისთვის, სადაც არ არსებობდა კონკურენტული მოდელი პოლიტიკური კლასის ფორმირებისთვის. შესაბამისად, არ მომხდარა წარმატებული ადამიანების ძალაუფლების სისტემაში ინტეგრაცია. ნიშანდობლივია, როცა დასავლეთში ვინმე წარმატებას მიაღწევს, მაშინვე უერთდებიან მას, იწყებენ წერას მასზე. მაგალითად, რომელიღაც სპორტსმენმა წარმატებით გაირბინა ასი მეტრი. მაშინვე ყველა ფირმა იწყებს მისი სახელის რეკლამისთვის გამოყენებას. მას იწვევენ CNN-ზე, მის ბიოგრაფიას აქვეყნებს New York Times-ი. მოკლედ, ნებისმიერ წარმატებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ დადებითად. რუსეთში წარმატება მხოლოდ ერთი სახის რეაქციას იწვევს: „როგორც ჩანს, მის უკან ვიღაც დგას. საჭიროა მისი გამოაშკარავება და მისგან თავის შორს დაჭერა“. ამიტომ ხალხზე განსაკუთრებით ლაპარაკი არ არის საჭირო. აზრი აქვს ვისაუბროთ პოლიტიკური კლასის ფორმირების პრინციპებზე. დღევანდელი რუსეთის მმართველი კლასი ამაზრზენი სანახაობაა. ერთადერთი, რაც მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებს, როგორც ვთქვი, ეკონომიკაა.

- საბჭოთა 1930-იან წლებში განმსაზღვრელი ფაქტორი იყო სამყაროსა და ადამიანების გადაკეთებისთვის საჭირო ცხოველმყოფელი ენერგიის არსებობა - წერთ თქვენ. ახლა კი რუსულ საზოგადოებაში დომინირებს აპათია და გულგრილობა. მაგრამ აპათია ასევე ერთგვარი ენერგიაა, მხოლოდ უარყოფითი, რომელიც ბლოკავს პოზიტიურ ენერგიას? და მეორე კითხვა: რუსეთში დღეს არსებული ენერგია უფრო გაგონებთ 1970-იან წლებს თუ 1930-იანებს? რამდენადაც დასმენები და მასობრივი რეპრესიები კვლავ ნორმად იქცა.

ბორის გროისი: უპირველეს ყოფლისა: დღევანდელ ეპოქას სტალინის ეპოქასთან არავითარი კავშირი არ აქვს. სტალინი სოციალიზმის ეპოქა იყო, ყველაფერს სახელმწიფო განკარგავდა. ყოველი ადამიანი სახელმწიფოს საკუთრება იყო. სტალინმა მოახდინა მოსახლეობის მობილიზება იმისთვის, რათა სწრაფად გაევლო ინდუსტრიალიზაციის ეტაპი. რეპრესიები მიზნად ისახავდა გარკვეული კონკრეტული მიზნების მიღწევას. ახლა კი სრული აპათიაა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ადამიანებს კერძო საკუთრება მისცეს. შესაბამისად, მათ მისცეს ინდივიდუალური ზრუნვის საგანი. როდესაც ვკითხულობ თანამედროვე რუსულ პრესას, როგორც წესი, მაოცებს თეზისი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად მხვდება: კერძო საკუთრება ადამიანს პოლიტიკურ სუბიექტად აქცევს. სინამდვილეში ყველაფერი ზუსტად პირიქითაა. ბურჟუაზია ყოველთვის კონსერვატიულია და ყოველთვის ემსახურება რეჟიმს. ბურჟუაზია დაინტერესებულია სტაბილურობით, იმით, რომ არაფერი იცვლებოდეს. რატომ არის პროლეტარიატი რევოლუციური ძალა? რადგან მას დასაკარგი არაფერი აქვს, ბორკილების გარდა. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა კავშირი არსებობის დასასრულს სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო: ხალხს არაფერი ჰქონდა დასაკარგი. შესაბამისად, არც რეჟიმის შენარჩუნებით იყო დაინტერესებული. სწორედ ამ ხალხმა დაუშვა რეჟიმის დაცემა ორ დღეში. დღევანდელი რეჟიმი, ჩემი აზრით, სხვაგვარად გამოიყურება. იმიტომ რომ ხალხს, ბევრ ადამიანს აქვს დასაკარგი. მათ დასაცავიც აქვთ და - საზრუნავიც. შესაბამისად, ისინი შინაგანად სოლიდარულები არიან იმ პირობებთან, რომლებიც მათ სტატუს-კვოს შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.

- თქვენი თეზისი საკმაოდ პარადოქსულად ჟღერს: მრავალი წლის განმავლობაში პუტინის რეჟიმს ძირითადად იმას უსაყვედურებდნენ, რომ რუსეთი საკმარისად ბურჟუაზიული არ გახდა. როგორც პელევინი წერდა, ბურჟუაზიად იქცა ის თხელი ფენა, რომელიც ემსახურებოდა ოლიგარქების ინტერესებს. რუსეთი ფორმალურად კაპიტალიზმში ცხოვრობს, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩაეხშო კაპიტალიზმის სულისკვეთება. უმრავლესობას ძირითადი საკუთრება - საცხოვრებელი ბინები - უსასყიდლოდ ერგო. შესაბამისად, მათ არ გადაუხდიათ თანხა კაპიტალიზმში. მაგრამ, ამავდროულად, თქვენ ამბობთ, რომ სწორედ ბურჟუაზიულობა, ბიურგერობა წარმოადგენს რუსეთის სტაბილურობის შემაკავშირებელ დუღაბს.

ბორის გროისი: ბურჟუაზია, კაპიტალიზმი დასავლეთშიც თავდაპირველად წარმოიშვა ფეოდალური და საეკლესიო მიწების ნაციონალიზაციის შედეგად, ასევე რევოლუციური პროცესების შედეგად და არა ყიდვა-გაყიდვით. ასე რომ, აქ დიდი განსხვავება არაა. კერძო საკუთრება სულაც არ არის ბურჟუაზიული, საიდანაც ადამიანები აუცილებლად იღებენ რაიმე სახის შემოსავალს. მახსოვს, 1970-იან წლებში საბჭოთა ადამიანები აღმერთებდნენ თავიანთ სააგარაკე ნაკვეთებს - არა იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებულ სარგებელს ნახულობდნენ, არამედ იმიტომ, რომ გაუჩნდათ განცდა, რომ რაღაც მათია. კიდევ ერთი მაგალითი: პუტინის რუსეთში ყველაზე მასობრივი საპროტესტო მოძრაობა დაკავშირებულია საყოველთაო აცრების წინააღმდეგ გამოსვლებთან. რატომ? იმიტომ რომ „ჩემი სხეული“ კაპიტალიზმში საკუთრებაა. შესაძლოა დაავადებულია, მახინჯია, მაგრამ ჩემია, სახელმწიფოს კი შპრიცით უნდა მასში შეჭრა. ეს იყო საკუთრების პრინციპისადმი რუსი ხალხის ერთგულების ნათელი გამოვლინება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქმე გვაქვს ამგვარ კვაზი კერძო საკუთრებასთან, რაც, მიუხედავად ყველაფრისა, არსებულ სისტემას სტაბილურს ხდის. რადგან ყველას კარგად ესმის, რომ ეს საკუთრება გარანტირებულია არა კანონით, არამედ არსებული პოლიტიკური სისტემით. და როდესაც ახალი წესრიგი ჩნდება, ადვილად შეიძლება მოვიდნენ და წაგართვან ის, რაც გაქვს. შეიძლება წაართვან თქვენ მიერ ნახსენები ბინები, უკან მოითხოვონ. ვიღაცები მივლენ და ეტყვიან: თქვენ ხომ არ გადაგიხდიათ ბინის საფასური, ასე რომ, დააბრუნეთ უკან. შესაძლებელია ასეთი რამ? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან ამ ხალხის ხელისუფლებაში მოსვლა.

- კიდევ ერთი თქვენი თეზისი: ომი პუტინისთვის ეს არის საშუალება აღმართოს ბერლინის ახალი კედელი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ეს არის სამყაროსგან ღობით იზოლირების მცდელობა. მსოფლიოსაც, თავის მხრივ, ასევე სურს სიმბოლურად გაემიჯნოს დღევანდელ რუსეთს. მაგრამ 21-ე საუკუნეში სამყარო იმდენად გამჭვირვალეა, რომ შეუძლებელია ამ ახალი კედლების წარმოდგენა. ეს უტოპიაა.

ბორის გროისი: ეს ილუზია - რომ სამყარო გამჭვირვალე და ერთიანი გახდა - გაჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა გეოგრაფიულმა პასპორტებმა დაკარგეს თავიანთი როლი და შესაძლებელი გახდა მსოფლიოს გარშემო თავისუფლად გადაადგილება. მაშინ ითვლებოდა, რომ სამყაროს ახალი დაყოფა შეუძლებელი იყო. პირველმა მსოფლიო ომმა ბოლო მოუღო ამ ილუზიებს. არ დაგავიწყდეთ: მე ვცხოვრობ ამერიკაში, ვკითხულობ ამერიკულ გაზეთებს და ვუყურებ ამერიკულ ტელეარხებს. შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი საკითხი, რომელსაც დღეს ყველა ეკონომისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი განიხილავს, ეს არის საკითხი, როგორ გამოაცალკეოს ოპტიმალური სახით ამერიკის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკისგან, შემდეგ კი, შესაძლებლობის მიხედვით, ყველა დანარჩენი ეკონომიკისგან. იგივე ხდება ინტერნეტთან დაკავშირებით. ყველა ეს წარმოდგენა სოციალური ქსელებისა და სერვისების ინტერნაციონალურობისა და გლობალურობის შესახებ - სხვა არაფერია, თუ არა ილუზია. ხალხი მიჩვეულია აზრს, რომ „გუგლი“ ან „ფეისბუკი“ - ეს რაღაც „გლობალურია“. არ არის გლობალური, ეს ამერიკული კორპორაციებია. ვისაც აქვს ბინადრობის ნებართვა, იხდის გადასახადებს და ემორჩილება ამერიკულ კანონებს. იგივე ეხება ჩინეთსაც. Tiktok-ი ასევე არ არის გლობალური კორპორაცია. ჩინურია. მსოფლიოში კვლავინდებურად არაფერია გლობალური. უდავოა, რომ ახალ პოლიტიკურ კონფლიქტებში გადამწყვეტ როლს ითამაშებს სწორედაც რომ ვითომ გლობალური კორპორაციების „წარმომავლობა“.

ვლადიმირ პუტინი, 2022 წლის 22 ივნისი

– პუტინის რეჟიმის იდეოლოგიური კომპონენტი ცარიელია; არსებითად, ეს სისტემა პოლიტიკური არაფერია, წერს ფილოსოფოსი ელენა პეტროვსკაია. სწორედ ამით განსხვავდება დღევანდელი სისტემა საბჭოთა რეჟიმისგან. თუ ასეა, საიდან იღებს ამჟამინდელი რეჟიმი თავის ენერგიას? თუ, შესაძლოა, სწორედ ეს „ცარიელობა“ არის 21-ე საუკუნის ახალი ტიპის ძალაუფლების არსი?

ბორის გროისი: არ მგონია, რომ დღევანდელი რეჟიმი არაფერია. ის, რაც რუსეთში ხდება, უნდა შევადაროთ იმას, რაც მოხდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ყველგან, გამონაკლისის გარეშე, საბჭოთა რეჟიმის დასასრული აღიქმებოდა დაბრუნებად იმ წერტილში, საიდანაც „არასწორი მიმართულებით გადაუხვიეს“. საბჭოთა ათწლეულები განიხილებოდა, როგორც ისტორიიდან წასაშლელი პერიოდი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს იყო რუსეთის მიერ ოკუპაციის პერიოდი, როდესაც ეროვნული ისტორიის ნორმალური მიმდინარეობა ძალადობრივი გზით შეწყდა. ასეთივე საწყის წერტილში დაბრუნება ხდებოდა თავად რუსეთშიც 1991 წლის შემდეგ. გაჩნდა ამოცანა, დავიბრუნოთ „რუსეთი, რომელიც დავკარგეთ“. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირი თავის მიღწევებს ადარებდა 1913 წელს - ცარისტული იმპერიის კეთილდღეობის მწვერვალს. ასე პარადოქსულად, თავად საბჭოთა პროპაგანდა მიუთითებდა ახალ ორიენტირს - 1913 წელში დაბრუნებას. კარგი, ოკეი. საბოლოო ჯამში პუტინის რუსეთი დაბრუნდა 1913 წელში. თუმცა ამაშიც ახალი არაფერია, რადგან თავის დროზე ეს დაიწყო სტალინმა. 1940-იან წლებში, ჯერ კიდევ ომის დროს, მან დაიწყო იმპერიული სამხრეების, მუნდირების და ა.შ. აღდგენა. სტალინის ჯარი უფრო თეთრ არმიას ჰგავდა, ვიდრე - წითელს. ეს ყველაფერი კი დაგვირგვინდა 1945 წელს წარმოთქმული ფრაზით, „მადლობა რუს ხალხსო“. ამრიგად, პუტინის დღევანდელი რეჟიმი ესაა: ა) 1913 წლის მემკვიდრე, ბ) სტალინური რესტავრაციის პროცესის გაგრძელება. ამჟამინდელი რეჟიმის იდეა მგომარეობს იმაში, რომ „სტალინმა არ აღადგინა ყველაფერი, ჩვენ კი ახლა ყველაფერს აღვადგენთ. ჩვენ დავიბრუნებთ რუსეთის იმპერიას“.

და ფაქტობრივად ეს გაკეთდა კიდეც: რუსეთი კვლავ მილიტარისტული ქვეყანაა. ფორმალურად კაპიტალისტურია, მაგრამ უზარმაზარი საჯარო სექტორი ჰყავს. 100 წლის წინ დასავლეთში გაჰქონდა ბეწვეული, ახლა ნავთობი გააქვს. პრაქტიკულად მმართველობის თვთმპყრობელური ფორმა აქვს. მართავს ბიუროკრატია. კვლავ ჩეხენ ალუბლის ბაღს, რომელშიც ინტელიგენცია ცხოვრობდა. ამავდროულად, შენარჩუნებულია იგივე ტექნოლოგიური და კულტურული დამოკიდებულება დასავლეთზე. მაშინ მოდურ ქუდებს იწერდნენ პარიზიდან, ახლა - აიფონებს, თუმცა ქუდებსაც იწერენ კვლავინდებურად.

იცით, ინტერესით წავიკითხე დენიკინის მემუარები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ომი თეთრებსა და წითლებს შორის. ეს აღწერილობები წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს თანამედროვე მკითხველზე. დენიკინთან ომი მიმდინარეობს იმავე დასახლებებისთვის, რომლებისთვისაც ახლა იბრძვიან, იმეორებს იმავე სადემარკაციო ხაზს, რომელიც ახლაა გავლებული. დენიკინთან წითელი არმია იქაა, სადაც ახლა უკრაინელი დგას. თეთრი არმია კი იქ მოქმედებს, სადაც ახლა რუსულია. ანუ, მიმდინარე ომი უბრალოდ დენიკინის ახალი კამპანიაა.

რატომ ტოვებს პუტინის იდეოლოგია უცნაურ შთაბეჭდილებას ფილოსოფოსებსა და პოლიტოლოგებზე? იმიტომ, რომ პუტინი ამბობს: „მე კონსერვატორი ვარ“. მაგრამ პუტინი ისეთი კონსერვატორია, რომელსაც არაფერი აქვს დასაკონსერვირებელი, შესანარჩუნებელი. ეს არის კონსერვატიზმი, რომელიც მისდევს უიმედოდ დაკარგულ წარსულს და აქცევს მას მომავლის ხატად. არაფერი რეალური და პრაქტიკული ამის უკან არ დგას, მაგრამ თავად იდეას მოსახლეობა აღიქვამს როგორც რეალურ დაბრუნებას იმპერიულ რუსეთში, „რუსეთში, რომელიც ჩვენ დავკარგეთ“. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იდეოლოგიური მირაჟია, ყოველგვარი ეჭვის გარეშე - ამაში ელენა პეტროვსკაია მართალია.

- „რუსეთის ისტორიის ამ პერიოდს მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა დასრულდება, ხოლო დასრულდება რამდენიმე წელიწადში. ის დიდხანს არ გაგრძელდება“, - ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში. მაგრამ კრემლს, როგორც ჩანს, სურს პერმანენტული, გაუთავებელი ომი. რის საფუძველზე ამბობთ, რომ არსებული მდგომარეობა დიდხანს ვერ გაგრძელდება?

ბორის გროისი: დიახ, პუტინს პერმანენტული ომი სურს. მარადიული. აი, ასეთია ახალი ჰერაკლიტე. მაგრამ, პირველ რიგში, არსებობს ზოგადი ფილოსოფიური მოსაზრება, რომ ყველაფერი, რაც ოდესღაც დაიწყო, მთავრდება. ეს წესი 21-ე საუკუნეშიც მუშაობს. ვითარება, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა ამ ომის დროს, ფაქტობრივად შეუძლებელი ვითარებაა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში. როდესაც ვამბობ „მალე“, ვგულისხმობ ისტორიულ პერსპექტივას. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა, ვიმეორებ, შეუძლებელია. ასეთი სიტუაციები დიდხანს ვერ გაგრძელდება. რაც უნდა ვთქვათ, ცხოვრება თავის საფასურს იღებს. ვითარება შეუძლებელია ეკონომიკური მიზეზების გამოც. იმის გამო, რომ რუსეთის როლი მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურაში უცვლელი დარჩა: ნედლეულის გაყიდვა მზა დასავლური საქონლის სანაცვლოდ. ჩინეთის ბაზარს არ შეუძლია ამ ხარვეზის ამოვსება.

ასევე ნახეთ რუსული ზეტ-პროპაგანდა - პატრიოტული კვერცხები, 40 ათასი ჯარიმა და სხვა 

რუსეთში ხალხი უცნაურად აღიქვამს დასავლეთს, როგორც არა წარმოების, არამედ მოხმარების ადგილად. აღიქვამენ ადგილად, საიდანაც ისინი იღებენ თავიანთ საქონელს. ამასთან, დიდად არ ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ მზადდება ეს საქონელი. საერთოდაც, თანამედროვე რუსეთის მდგომარეობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთში მოდერნიზაცია მოხდა მოხმარების და არა წარმოების დონეზე. შესაბამისად, დასავლეთი აღიქმება როგორც მოხმარების, დასვენების ადგილი, ადგილი, სადაც შეგიძლია მოდუნდე და შემდეგ დაბრუნდე უკან, რუსეთში. თუმცა ეს „მოდუნება“ იქცა პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარების სისტემის აუცილებელ ნაწილად. ახლა რუსეთი ისევ ხაფანგშია – როგორც 1980-იან წლებში, როგორც სსრკ დაშლის წინ. კვლავ არანაირი ეკონომიკური და უბრალო ცხოვრებისეული პერსპექტივა. ადამიანებს პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. უცნაური სახით, ახლანდელი სამხედრო ავანტიურა პროპაგანდაში აღინიშნება ლათინური Z-ით. მეტიც: ეს ლათინური „ზეტი“ ახლა ლოიალურობის მაჩვენებელია - ის ცვლის ჩვეულებრივ რუსულ ასო „3“-ს. რუსული დამწერლობის ეს ლათინიზაცია კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი აგრძელებს, თუნდაც მისი ნების საწინააღმდეგოდ, დასავლეთზე დამოკიდებულებას და ორიენტაციას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყველაფერი ჩიხში შედის. თანაც სწრაფად. ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.