ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.
„სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, - ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი... რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა კობახიძემ კითხვაზე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრობდა.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: „...ჩვენ აქ არ დავუშვებთ მეორე ფრონტს“„თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ძლიერ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი“, - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს:
„ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, - და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, არ გამოიყენება საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივსდევთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“.
ასევე ნახეთ ერთია, რომ ამბობ, სანქციებს ვასრულებო, და მეორეა შესრულება - ინტერვიუ ტომ კიტინგთანევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელს სურს, საქართველოსა და უკრაინას საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ:
„ჩვენ გვინდა, რომ უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ. სხვა ნებისმიერი რამით, ერთადერთი, ვინც სარგებელს იღებს, რუსეთია. ცხადია, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადავცე ეს მესიჯი უკრაინულ მხარეს, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო ინტერესები [მისადმი]“.
ბორელმა ასევე განაცხადა, რომ „მეორე ფრონტზე“ საუბარი „გრძელი ამბავია“ და „ამას არავინ სერიოზულად არ განიხილავს“ და მე ვერ ვხედავ, რომ ასეთი მოწოდება ყოფილიყო უკრაინიდან, ან ვინმე სხვისგან“, - განაცხადა ბორელმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ სამშაბათს, 20 თებერვალს მონაწილეობა მიიღო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა.
სხდომის შემდეგ პრემიერმა კობახიძემ, ჟოზეპ ბორელმა და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საერთო პრესკონფერენცია გამართეს. სწორედ იქ გააკეთეს ლიდერებმა ეს კომენტარები.
ასევე ნახეთ საგარეო პოლიტიკაში თანხვედრის გაზრდა, ანტიდასავლურ რიტორიკასთან ბრძოლა - ბორელმა კობახიძესთან პრიორიტეტები დაასახელა„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ გარკვეულ ძალებს - „გლობალური ომის პარტიას“ - უკრაინასა და დასავლეთში სურთ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძემ კვლავ არ დააკონკრეტა, ვინ იგულისხმება „გლობალურ ომის პარტიაში"განცხადებებს, რომ დასავლეთი მოუწოდებს საქართველოს ომისკენ, კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის 2022 წლის მარტში გაკეთებული განცხადება არაერთხელ გამხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკის საგანი.