ბორდერიზაციის შედეგები და სახელმწიფოს რეაგირება

გორის საინფორმაციო ცენტრში შიდა ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციების ჰაბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია თემაზე „ბორდერიზაცია“ და მისი გავლენა რეგიონის მოსახლეობაზე და სახელმწიფოს რეაგირება. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება განიხილეს.

სადისკუსიო საკითხები იყო: „ბორდერიზაციის“ შედეგები და სახელმწიფო სტრუქტურების რეაგირება ამ პრობლემებზე, სახელმწიფო უწყებათაშორისი კოორდინაცია, ნდობის გაღრმავებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდამჭერი პროგრამები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების როლი ამ პრობლემებთან გამკლავებაში და კოორდინაცია ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობებს შორის. გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა.

შეხვედრის მოდერატორის, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარის ნინო კალანდარიშვილის აზრით, დისკუსიამ საკმაოდ მწვავედ ჩაიარა. გორის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნათია ნადირაძე აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები სწორედ იმ საინფორმაციო ვაკუუმის ამოვსებას ემსახურება, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებობს.

ოკუპაციის ხაზთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება კვლავ რჩება იმ პრობლემად, რომელსაც სახელმწიფო ამ დრომდე ვერ აგვარებს. ადგილობრივ მოსახლეობას ხშირად არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს ხელისუფლება გამყოფი ხაზის სოფლებში. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებები ხშირად არაკოორდინირებულად მოქმედებენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ფილიალის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები ხშირ შემთხვევაში იმ პროექტების განხორციელებას იწყებენ, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული არ არის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს. მათი აზრით, ადგილებზე საზოგადოებასთან მსგავსი შეხვედრები მომავალი სტრატეგიის დაგეგმვას ხელს უწყობს და მოსახლეობის ინფორმირებას ემსახურება. სამინისტროს წარმომადგენელ გიორგი თუმანიშვილის აზრით, სახელმწიფო არაერთ პროექტს ახორციელებს რეგიონში და ამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმირებული უნდა იყოს.

ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ პრობლემები ექმნებათ მიწის რეგისტრაციის პროცესში, ხშირად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე წვდომაც შეზღუდული აქვთ, პრობლემებია სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საქმეში, დაზიანებულია გზები, ზარდიაანთკარში ჯერ კიდევ არ დაწყებულა ომის დროს დანგრეული სახლების აღდგენა, უსაფრთხოება კი კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

გორში დისკუსია-შეხვედრა გაიმართა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის “ ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ევროკავშირია.