ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პოეტზე, კრიტიკოსზე, ესეისტსა და მთარგმნელზე, დეკადანსისა და სიმბოლიზმის ესთეტიკის ფუძემდებელზე, რომელმაც მთელ შემდეგდროინდელ ევროპულ პოეზიაზე მოახდინა გავლენა, ფრანგული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსზე, გენიალურ შარლ პიერ ბოდლერსა და მის მთავარ შედევრზე, ლექსების კრებულზე „ბოროტების ყვავილები“, რომელიც 1857 წელს გამოქვეყნდა. შარლ ბოდლერი 1821 წელს დაიბადა პარიზში. მამამისი, ფრანსუა ბოდლერი, გლეხის ოჯახიდან იყო, თუმცა საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდეგ, ნაპოლეონის ეპოქაში, სენატორი გახდა. შვილის დაბადების დროს მამა 62 წლის იყო, ხოლო დედა – მხოლოდ ოცდაშვიდისა. მამას ბავშვი მუზეუმებსა და გალერეებში დაჰყავდა, ხშირად მიჰყავდა მეგობარ მხატვრებთან და საკუთარ სახელოსნოში. მომავალ პოეტს მამა ადრე გარდაეცვალა, დედა ვინმე პოლკოვნიკ (შემდგომში გენერალ) ოპიკს გაჰყვა ცოლად. ბოდლერს მამინაცვალთან ნორმალური ურთიერთობა ვერ ჩამოუყალიბდა. როგორ გაანიავა პოეტმა მამისეული მემკვიდრეობა, როგორ ჩამოართვა დედამ ქონების განკარგვის უფლება, რატომ უჩივლეს პოეტს „ბოროტების ყვავილების“ გამო სასამართლოში, რატომ დააჯარიმეს ავტორი, ვინ იყო ბალერინა ჟანა დიუვალი, რა დაავადებით იტანჯებოდა ბოდლერი, რა კავშირი ჰქონდა ჰაშიშსა და კოკაინთან, როგორ გააცნო ფრანგმა პოეტმა მთელ მსოფლიოს დიდი ამერიკელი ედგარ ალან პო, ვინ არიან „დაწყევლილი პოეტები“ და რა კავშირში არიან ისინი ბოდლერთან, რა უნდოდა პოეტს ბარიკადებზე, რატომ არ არის აღნიშნული საფლავის ქვაზე მისი პოეტობა, – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.