ამერიკელი რეჟისორის, სპაიკ ლის ახალი ფილმი “შავი კუ-კლუქს-კლანი”, რომელიც კანის ფესტივალის საკონკურსო პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია, აღადგენს რეალურ ისტორიას, რომელიც მოხდა კოლორადოს შტატში 1978 წელს; გვიამბობს შავკანიან პოლიციელზე, რომელმაც თავის ორ კოლეგასთან ერთად წარმატებით ჩაატარა საშიში ოპერაცია - მოტყუებით შეიჭრა კუ-კლუქს-კლანის სივრცეში, მოაგროვა ინფორმაცია რასისტებზე და, რაც მთავარია, იხსნა ადამიანების სიცოცხლე ტერაქტში, რომელიც კუ-კლუქს-კლანმა დაგეგმა.

ფილმი თავისთავად შესანიშნავია და არ არის გამორიცხული “ოქროს პალმით” აღინიშნოს. მაგრამ ჩვენთვის, მით უმეტეს ამ დღეებში, სხვა მხრივ არის საინტერესო.

კუ-კლუქს-კლანი წლების მანძილზე ამტკიცებდა, რომ ზანგებისა და ებრაელების სიძულვილი - მათი ნებაა, მათი არჩევანია, თუ გნებავთ, “გემოვნება” და თავისუფალ ამერიკაში ვერავინ შეზღუდავს მათი გამოხატვის თავისუფლებას.

სპაიკ ლი და მისი გმირები დარწმუნებული არიან, რომ რასისტი იმიტომ კი არ არის საშიში, რომ რასისტულ განცხადებებს აკეთებს და არც იმიტომ, რომ თუნდაც მხოლოდ “გულში” სძულს შავკანიანები, ებრაელები, არაბები და, რა ვიცი, ყველა, ვინც მას არ ჰგავს.

რასისტი არის სიძულვილის მატარებელი, როგორც ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ ხოლმე “ნეხვის ბოჩკა”... სიძულვილს კი სწორედ ეს ახასიათებს - ჯერ მხოლოდ გძულს, შემდეგ ამბობ, რომ გძულს და ბოლოს, მოქმედებას იწყებ და... კლავ.

სხვათა შორის, ასეთი ვნებით არიან შეპყრობილნი სპაიკ ლის ფილმში არა მარტო კუ-კლუქს- კლანელი რასისტები, არამედ “რევოლუციონერი შავკანიანებიც” (ანჯელა დევისს რამდენჯერმე ახსენებენ). მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ჯგუფს შორის რეჟისორი ტოლობის ნიშანს არ სვამს, მიმართავს რა ამერიკის ისტორიას, მონობის ისტორიას, სპაიკ ლი გადის ბეწვის ხიდს და მიჰყავს თავისი შავკანიანი გმირები ზღვრამდე, სადაც სიძულვილი და ის, რასაც დაჩაგრული ხალხი “რევოლუციას” უწოდებს, ასევე შეიძლება გადაიზარდოს ტერორიზმში.

რას აკეთებს სპაიკ ლის გმირი?

დაგეგმავს სახიფათო ოპერაციას თავის თეთრკანიან მეგობართან ერთად (ადამ დრაივერი), რომელიც, თავის მხრივ, შეაღწევს კუ-კლუქს-კლანის ბუდეში, გაასაღებს თავს მათ თანამოაზრედ და შეუგროვებს ინფორმაციას პოლიციას. ფილმის ბოლოს ნათელი ხდება, რომ კუ-კლუქს-კლანი არა მარტო “ამბობს”, არამედ “კლავს”, ნათელი ხდება, რომ ეს ხალხი სიტყვის თავისუფლების მონაპოვარს კი არ იცავს (ანდა როგორ დაიცავს ლიბერალების მონაპოვარს?!), არამედ სიტყვის თავისუფლებას იყენებს იმისთვის, რომ როგორმე დაიმკვიდროს თავი და პატარა ძალაუფლება მაინც მოიპოვოს მასზე უფრო დაუცველის დაჩაგვრით, ცემით, წამებით, მოკვლით.

არის თუ არა სპაიკ ლის ფილმი და, საერთოდ, ამერიკული ანტირასისტული მოძრაობა გაკვეთილი ჩვენთვის? სწორედ ის მოძრაობა, ასე რომ უჭირს დღეს, მაგრამ უკანდახევას არ აპირებს.

ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას, მაგრამ არის.

ქართული პოლიცია, უშიშროება და ბატონი გახარია, ბოდიშების მოხდის ნაცვლად, და იმის მტკიცების ნაცვლად, რომ “ეს ხალხიც ჩვენი მოქალაქეები არიან”, მართლაც რომ დაინტერესდეს, ვინ არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ ცხოვრებაში, როგორ გეგმავენ აქციებს, საიდან იღებენ ფულს... უბრალოდ, დაინტერესდეს “ქართული სიძულვილის” ამ ანატომიით, დარწმუნებული ვარ, საინტერესო ინფორმაციას მიიღებდა ქართული საზოგადოება. აქვს თუ არა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამის ნება? ცხადია, არა აქვს. აბა როგორ ექნება, როცა ეს ტესტოსტერონმოძალებული ბიჭები, თავიანთი რასისტული თუ ქსენოფობიური განცხადებებით, კრავებს ჰგვანან ბობოლა პარლამენტარების გვერდით, იმ პარლამენტარებისა, რომლებიც უბრალოდ ვეღარ არსებობენ, ვერ სუნთქავენ სიძულვილის სივრცის გარეშე.

და თუ პოლიციას არ შეუძლია გაუსწორდეს სიძულვილს და თავი გამოხატვის თავისუფლებით იმართლოს, მაშინ საქმეში უნდა ჩაერთოს ჩვენი მედია. გვყავს ასეთი ჟურნალისტები? გვყავს ჟურნალისტები, რომლებიც სპაიკ ლის ფილმის გმირების მსგავსად შეაღწევენ სახიფათო სივრცეში, თუნდაც ისე, როგორც “ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე” შესვლა გაბედა ზოგიერთმა? კარგია რეპორტაჟები, ლაივ-ჩართვები, დისკუსიები, მაგრამ საზოგადოებას ინფორმაცია სჭირდება - ვინ არიან ეს ბიჭები “მონაცისტო” ჟესტებით რომ გვაშინებენ? რატომ ქმნის თავად ხელისუფლება საზღვარს ჩვენსა და მათ შორის? ეშინია, რომ არ გვცემონ? არ მოგვკლან? ე.ი. იცის, რომ პოტენციური ბოროტმოქმედები არიან? თუ ბოროტმოქმედები გამოჰყავს მათგან, მხოლოდ იმიტომ, გაგვაჩუმოს?

1978 წლის ამერიკაში, სადაც კუ-კლუქს-კლანი ღიად აწყობდა “ყრილობებს” და “ნათლობებს”, ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ ცოტა ხანში ხალხი შავკანიან პრეზიდენტს აირჩევდა. მაგრამ ობამას ამერიკაში ასევე ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რაც ვირჯინიის შტატში მოხდა შარშან. სწორედ შარლოტსვილის სისხლისღვრის კადრებით ასრულებს სპაიკ ლი თავის ფილმს.

რასიზმი დღეს არაა არც მხოლოდ ამერიკის და - ღმერთო ჩემო, ამის მართლა არ მჯერა - არც საქართველოს პრობლემა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო გვიცავს. უნდა ვიცოდეთ, რომ გვყავს არა გულის ამაჩუყებელი, ნაზი და ბოდიშის მომხდელი პოლიცია, არამედ ძლიერი, კანონმორჩილი პოლიცია, რომელიც იმისთვის არსებობს, რომ ძალადობისგან დაგვიცვას... და არა თავად იძალადოს, ბოდიშების მოხდით და აკანკალებული ხმით.