რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, რა იყო ბოლო წვეთი? თქვენმა რომელმა განცხადებამ უბიძგა „ქართული ოცნების“ სამდივნოს თქვენი პარტიიდან გარიცხვა?
დავით ჭიჭინაძე: ალბათ, პასუხის პასუხი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას თმენის ვალდებულება აქვს და ამიტომ არ უწოდებს ჩემს გამონათქვამს ტყუილს. ჩემი პასუხი კი იყო, რომ თმენის ვალდებულება ჩვენ გვაქვს, პარლამენტის ასეთ თავმჯდომარეს რომ ვითმენთ.
რადიო თავისუფლება: „გირჩი“ იზიარებს ირაკლი კობახიძის მიმართ თქვენ მიერ საჯაროდ გამოთქმულ კრიტიკას და მის რიგებში გაწევრიანებას გთავაზობთ?
დავით ჭიჭინაძე: დიდი მადლობა შეთავაზებისთვის, მაგრამ გავიხსენებ მარიხუანასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ პირველ ფრაზას, როდესაც ვთქვი, რომ მაშინ დავუჭერ ცვლილებებს მხარს, როდესაც ამ ქვეყანაში ზიარება მარიხუანით იქნება-მეთქი. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური ხედვები მაგ თვალსაზრისით განსხვავებულია და ამიტომ შეთავაზებას ვერ მივიღებ.
რადიო თავისუფლება: რა იცვლება თქვენთვის პარტიიდან გარიცხვით?
დავით ჭიჭინაძე: ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ახლა ჩემს ოლქში იმყოფებით და რომ გახვალთ, ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას ვაკეთებ. როგორც აქამდე ვემსახურებოდი ხალხს, ისევე გავაგრძელებ მათ მსახურებას.
რადიო თავისუფლება: რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ გეგმებს? რაიმე კორექტივების შეტანას ხომ არ აპირებთ?
დავით ჭიჭინაძე: მე ზოგადად ვიძახი, რომ ეს პარლამენტი არ გამოირჩევა თავისი ავტორიტეტით და თუ მთავრობა მკვეთრად ვერ შეცვლის ეკონომიკურ ვითარებას ქვეყანაში უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, კრიზისი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით უნდა განიმუხტოს. შემიძლია პირადი მაგალითი მივცე ზოგიერთს.
რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ პირად მაგალითში?
დავით ჭიჭინაძე: თუნდაც იმას, რომ ვთქვა უარი მანდატზე და ხელახლა ვიყარო კენჭი ამ რაიონში, რომ მოვთხოვო ამ ადამიანებს გამომიხატონ ნდობა თავიდან.
Your browser doesn’t support HTML5
რადიო თავისუფლება: „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება კვლავ გრძელდება? თქვენი გადაყენება არის თუ არა იმის გამოხატულება, რომ პარტიაში უთანხმოებაა?
დავით ჭიჭინაძე: ვერ გეტყვით. ჩემთან მიმართებაში ეს არის პატარა ბავშვების საქციელი. რას ნიშნავს ეთიკა დაარღვია, მორალი დაარღვია? ზაქარია ქუცნაშვილს რაც მოსწონს მორალურად და ეთიკურად არა მგონია, საქართველოს 99 პროცენტს მოსწონდეს. ჩემთვის ძალიან გასაოცარია, რომ ქალბატონ თამარ ჩუგოშვილსა და ზაქარია ქუცნაშვილს ერთნაირი შეხედულებები ჰქონიათ მორალსა და ეთიკაზე.
რადიო თავისუფლება: პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვები არ გიჩნდებათ?
დავით ჭიჭინაძე: არა. ლოგიკიდან გამომდინარე. მას არც ჩემ დეპუტატად დასახელებაში მიუღია მონაწილეობა და ჩემი არსებობის შესახებ საერთოდ, ალბათ, გაიგო აპრილში, როდესაც ეს დაპირისპირება მოხდა.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ის პარტიის თავმჯდომარეა და პარტიიდან ირიცხება წევრი, რომელიც ამავდროულად დეპუტატია?
დავით ჭიჭინაძე: იცით, „ქართულ ოცნებაში" რამდენი წევრია? ზოგი გადის პარტიიდან, ზოგი შედის. მე, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ბევრი წევრი მწერს ისეთი, რომელსაც ვერ გაუგია, რატომ გარიცხეს.
რადიო თავისუფლება: ბევრია გარიცხული?
დავით ჭიჭინაძე: ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრი. ეს ახალი მეთოდია, ბოლშევიკური. ადამიანებს ატოვებინებენ პარტიის რიგებს. ზოგს ივიწყებენ საერთოდ. ცოტა ხალხი იცით, ვინც 2012 წელს "ქართულ ოცნებაში" იყო და აღარ არის? თუნდაც აგერ ჩვენი პრეზიდენტი აიღეთ - გიორგი მარგველაშვილი.
რადიო თავისუფლება: თქვენ რომ ყოფილიყავით მათ ადგილას, როგორ მოექცეოდით განსხვავებული აზრის მქონე დავით ჭიჭინაძეს?
დავით ჭიჭინაძე: ასე გიპასუხებთ - დავბრუნდეთ მაშინ საბჭოთა კავშირში. იქ ადამიანები პოლიტიკურად იყვნენ შეზღუდულები, თორემ უმუშევრობა არ იყო, საჭმელს აჭმევდნენ, კომუნალურები იაფი იყო. ამათ საბჭოური დისციპლინა უნდათ. მაშინ მესამე ქვეყნების ეკონომიკას დაამატონ საბჭოური დისციპლინა. ეს, მე მგონი, არავისთვის მისაღები არ არის.