დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ დაკავებული ჟურნალისტები და აქტივისტები - სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს

ენტონი ბლინკენი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართავს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ბოლო პერიოდში დაპატიმრებული ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები.

„მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან ადამიანების უფლებების დაცვისთვის, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება, პატივი სცეს ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც აიღო ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანებისას“, - წერია 11 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე მოთხოვნით აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიმართა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც.

ენტონი ბლინკენს 11 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილი ჰყავს დაპატიმრებული აქტივისტები რუფატ საფაროვი, სევინჯ ვაგიფგიზი, აზერ გასიმლი, ფარიდ მეჰრალიზადა, ბახტიარ ჰაჯიევი და გუბად იბადოღლუ.

მათ გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დამოუკიდებელი მედიაგამოცემის, Meydan TV-ის ჟურნალისტები და „სხვა არაერთი ადამიანი, რომლებიც ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამო არიან დაპატიმრებული“.

Meydan TV-ის ჟურნალისტები, - აინურ გამბაროვა, ნატიგ ჯავადლი, აითაჯ აჰმადოვა, აისელ უმუდოვა, ხაიალა აღაევა და რამინ ჯაბრაილზადა, - 6 დეკემბერს დააკავეს „უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით“. უფლებადამცველების თანახმად, ამ „გამოგონილი ბრალდებით“ ილჰამ ალიევის ხელისუფლებას არაერთხელ დაუკავებია დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზს უსვამს, რომ დაკავებულთაგან ორი შეერთებულმა შტატებმა დააჯილდოვა უფლებადაცვითი საქმიანობისათვის და ერთ-ერთი მათგანი დაკავებიდან სამ დღეში ვაშინგტონში გეგმავდა ჯილდოს მისაღებად გამგზავრებას.

  • კერძოდ, უფლებადამცველი რუფატ საფაროვი შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის „ადამიანის უფლებათა დამცველის“ ჯილდოს მისაღებად.
  • კიდევ ერთი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ასახელებს, არის სევინჯ ვაგიფგიზი, Abzas Media-ს მთავარი რედაქტორი. მან 9 დეკემბერს მიიღო სახელმწიფო მდივნის ჯილდო ანტიკორუფციული საქმიანობისათვის.

დამკვირვებელთა თქმით, 2024 წლის ბოლოს COP29-ის - გაეროს „ბაქოს კლიმატის კონფერენციის“ - შემდეგ პერიოდში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა შემორჩენილი დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის კამპანია.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელმაც ქვეყნის მართვა მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან 2004 წელს გადაიბარა, დასავლეთის კრიტიკას სათვალავში არ იღებს.

ასევე ნახეთ გაეროს კლიმატის კონფერენცია COP29 აზერბაიჯანში გაიმართება. რა უნდა იცოდეთ ამის შესახებ?
ასევე ნახეთ აზერბაიჯანი უარყოფს აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების კრიტიკას კლიმატის კონფერენციის, COP29-ის წინ