"პირველად მოხდა ამ ხუთი წლის მანძილზე, რომ ასე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას"

ბიძინა ლებანიძე, GIP-ის უფროსი მკვლევარი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა“ (GIP) ჩაატარა ექსპერტთა გამოკითხვა და მათ სთხოვა შეეფასებინათ საქართველოს მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

გამოკითხვაში მონაწილეობდა20 ქართველი და 20 უცხოელი ექსპერტი.

GIP-ის უფროსი მკვლევარი, იენის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ბიძინა ლებანიძემ რადიო თავისუფლებას გაუზიარა ამ გამოკვლევის შედეგები. მისი თქმით, მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს დადებითად აფასებს გამოკითხულთა 77%, 20% - არც დადებითად, არც უარყოფითად და 40-დან მხოლოდ ერთმა ექსპერტმა შეაფასა უარყოფითად.

რაც შეეხება ცალკეული ინსტიტუტების მოქმედების შეფასებას, პირველ ადგილზეა ჯანდაცვის სისტემა, მეორეზე - მთავრობა. ბიძინა ლებანიძე აგრეთვე აღნიშნავს:

„მეორე ტრენდი, რაც გამოიკვეთა, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად შეფასება. ესეც პირველად მოხდა ამ ხუთი წლის მანძილზე, რაც ჩვენ კვლევებს ვატარებთ, რომ ასე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება ჰქონდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ინსტიტუტების ქმედებების შეფასებაში საქართველოს ეკლესია გავიდა ბოლო ადგილზე. ეს იყო ერთადერთი ინსტიტუტი, რომელსაც ექსპერტების უმრავლესობამ მისცა ყველაზე დაბალი შეფასება - 5-დან 1 ქულა დაუწერა ექსპერტების 70%-მა. ცალკე შეკითხვა იყო: როგორ აფასებთ მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებას, რომ არ შეიცვალოს შეკრებისა და მსახურების წესი COVID-19-ის კრიზისის გაათვალისწინებით? აქაც გამოკითხულთა 92% აფასებს უარყოფითად, 8% - არც უარყოფითად, არც დადებითად და არც ერთი პოზიტიური შეფასება არ გვაქვს“.

რას თვლიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებად?

„ყველაზე სუსტ წერტილად ჩაითვალა მოქალაქეების დაუმორჩილებლობა საკარანტინო და საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ. ეს დასახელდა ექსპერტების 50%-ის მიერ და ამას მოჰყვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაუმორჩილებლობა საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ. 32% თვლის, რომ ეს არის მთავარი გამოწვევა COVID-19-თან ბრძოლაში. გამოწვევებში აგრეთვე დასახელდა მასობრივი ტესტირების არქონა. მთავრობის არაეფექტიანობა ახსენა ორმა ექსპერტმა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გამოკითხულები იყვნენ პოლიტიკის ექსპერტები და ეს არის პროცესების პოლიტიკური შეფასება“.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ დაინტერესდა - რას ფიქრობენ ექსპერტები შეზღუდული მატერიალური და ფინანსური რესურსების პირობებში პრიორიტეტულ საკითხებად:

„ამ კითხვაზე პასუხისას ექსპერტების ნახევარმა ცალკე არ გამოყო ერთი პრიორიტეტი და ჩათვალა, რომ მთავრობის რესურსი უნდა გადანაწილდეს რამდენიმე პრიორიტეტზე ერთდროულად. მეორე ადგილზე 23%-ით გავიდა ე.წ. „აგრესიული ტესტირება“ და მესამე ადგილზე გავიდა დამატებითი სამედიცინო ინფრასტრუქტურის შეძენა/აღჭურვა. 9%-მა დაუჭირა მხარი საველე ჰოსპიტლების აშენებას. საკარანტინო და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმების კიდევ უფრო გაძლიერებაში რესურსების ჩადებას მხარი დაუჭირა 3%-მა“.

GIP-ის მკვლევრებმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები ასე შეაჯამეს:

  • მოქალაქეების მხრიდან კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების მკაცრი მექანიზმების გატარება
  • ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების უზრუნველყოფა
  • ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გეგმის შემუშავება
  • საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობესება (მათ შორის უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში)
  • სოციალური სარგებელი და ფინანსური დახმარება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესებისთვის
  • აგრესიული ტესტირების დაწყება

Your browser doesn’t support HTML5

ბიძინა ლებანიძე ექსპერტების მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შეფასებაზე