პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, სანდრო გირგვლიანის ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილი „ბინძურ ცილისწამებაში“ დაადანაშაულა. ის მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პირისპირში“ საუბრისას ბიძინა ივანიშვილს მის წინააღმდეგ ორი შესაძლო მიზეზი ამოძრავებდა.
„ეტყობა ბატონ ივანიშვილს იმდენად სჭირდება მისგან კონტროლირებად მოსამართლეთა დადებითად წარმოჩენა საზოგადოების თვალში და მათი შენარჩუნება სასამართლოს სისტემაში, რომ ამისათვის სიცრუესა და ცილისწამებას არ ერიდება“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.
საარჩევნო ბლოკის მიერ მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დასახელებულმა შალვა შავგულიძემ ბიძინა ივანიშვილის მწვავე დაპირისპირების მეორე მიზეზი სწორედ შუალედურ არჩევნებს დაუკავშირა.
„როგორც ჩანს, ბატონი ივანიშვილი ძალიან შეაშფოთა „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ თავისუფალ ბლოკად გაერთიანებამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნები და აღარაფერს ერიდება ჩემი, როგორც ამ ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატის დისკრედიტაციისთვის. ვფიქრობ, რომ წარმატებული არ იქნება, ბატონო ბიძინა, თქვენი ეს მცდელობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პარტია „ქართული ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძე რამდენჯერმე ახსენა. მან თქვა, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ ფაქტმა არჩევნის შესაძლებლობა მოუსპო იმხანად საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ თქვა, რომ ადვოკატ შალვა შავგულიძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების არგასაჩივრება, შესაძლოა, გარკვეული გარიგების ნაწილი იყო.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის ადრე ის ფიქრობდა, რომ შალვა შავგულიძეს ეს გამოუცდელობით მოუვიდა და შეცდომა დაუშვა, მაგრამ „დღევანდელ სიტუაციას თუ შევხედავთ, გადავაფასოთ აქვე, ერთი წლის მომატებას ითხოვს პროკურატურა, ადეიშვილი ითხოვს. აბა ნახეთ როგორი თამაშებია“.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, გირგვლიანის საქმის გარშემო შექმნილმა ვითარებამ ისეთი შთაბეჭდილება შექმნა, რომ „თუ ახსენებენ მურუსიძეს, იმ წუთში მოგდის გირგვლიანი და ასოცირებაც ისეთია, რომ გირგვლიანი მოკლა მურუსიძემ. ამ დროს გირგვლიანის ძირითადი ადვოკატი ვინც გახლდათ, შალვა შავგულიძე, დღეს ასოცირდება როგორც გმირი რომელმაც მოახერხა და სიმართლის დაგვირგვინება მოახდინა სტრასბურგის სასმართლოში“
რატომ არ გასაჩივრდა გირგვლიანის საქმე
შალვა შავგულიძემ 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ არ აპირებდა ბიძინა ივანიშვილის „ბინძურ ცილისწამებაზე“ პასუხის გაცემას. თუმცა მაინც განმარტა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება საფრთხის ქვეშ აყენებდა სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის გარანტირებულ შესაძლებლობას, ხოლო მოსამართლე ლევან მურუსიძე ვალდებულიც კი იყო დაეკმაყოფილებინა საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც საქმის ხელახალი გამოძიების საშუალებას იძლეოდა.
„მაშინდელი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაზარალებულს არ შეეძლო მოეთხოვა არც მსჯავრდებულის ქმედებისათვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება და არც საქმის გამოძიებაში დაბრუნება, დანაშაულში სხვა პირთა მხილების მიზნით. ანუ ჩვენ არ შეგვეძლო სააპელაციო სასამართლოს წინაშე დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რომლებიც საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის და დაზარალებული მხარის ინტერესების დაცვის ინტერესებს შეესაბამებოდა.
ჩვენ შეგვეძლო მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის, მათი ქმედების არსებული კვალიფიკაციის ფარგლებში, ცოტა უფრო მძიმე სასჯელის დაკისრება მოგვეთხოვა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არსებობდა საშიშროება, რომ თუ სასამართლო ჩვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, გირგვლიანის საქმის წარმოება სააპელაციო ინსტანციაში დასრულდებოდა და ჩვენ აღარ გვექნებოდა არც საკასაციო ინსტანციისათვის და არც ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ასევე ნახეთ ივანიშვილი: მურუსიძეს არ ჰქონდა გირგვლიანის საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნების ბერკეტიადვოკატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი არ გაასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს სააპელაციო ინსტანციაში, არსებობდა მოქმედების ორი შესაძლო ვარიანტი:
„პირველი - თუ სააპელაციო საჩივარს შეიტანდა ან პროკურორი, ან რომელიმე მსჯავრდებული, მაინც ჩვენ, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენელი, სუბსიდიური ბრალმდებელი, სრულფასოვნად მივიღებდით მონაწილეობას საქმის სააპელაციო განხილვაში და გვექნებოდა შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო ინსტანციაში გაგვესაჩივრებინა. მოვლენები სწორედ ასე განვითარდა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ არც პროკურორი და არც ერთი მსჯავრდებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებდა სააპელაციო ინსტანციაში, საქმე ადგილობრივ სამართალწარმოებაში დასრულდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც გვრჩებოდა შესაძლებლობა, რომ ევროპული კონვენციის 13-ე, მე-6 და მე-2 მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით მიგვემართა ევროპული სასამართლოსთვის.
შექმნილ ვითარებაში მიზანშეწონილად მივიჩნიეთ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაგვესაჩივრებინა სააპელაციო ინსტანციაში, რათა გარანტირებულად შეგვენარჩუნებინა ევროპულ სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობა მაინც“, - განაცხადა შავგულიძემ.
სანდრო გირგვლიანის საქმის ადვოკატი ამბობს, რომ მისი მოქმედებების მართებულობა მოგვიანებით გაიზიარა და დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც საქმე არსებითად განიხილა და ადეკვატური გადაწყვეტილებაც მიიღო.
თუმცა, გირგვლიანის საქმის გასაჩივრების დეტალების გახსენებასთან ერთად შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მასზე თავდასხმა პოლიტიკური დისკრედიტაციის ნაწილი უფროა. რადგან ის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებში წარდგენილი კანდიდატია. შალვა შავგულიძე კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ თავისუფალ ბლოკის კანდიდატია.
როგორ გაიყო "ქართული ოცნებისა" და შალვა შავგულიძის გზები
ადვოკატი შალვა შავგულიძე, „თავისუფალი დემოკრატებისა“ კოალიცია
“ქართული ოცნების” თანამშრომლობის საფუძველზე გამოჩნდა პოლიტიკაში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით, ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და მმართველი გუნდის წევრი იყო 2014 წლამდე და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2014წლის ნოემბერში „თავისუფალმა დემოკრატებმა“ „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს. პარტიის გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაშინდელი მაღალჩინოსნების დაკავებას.
21 მარტს „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა “ მთაწმინდის შუალედური არჩევნებისთვის ერთ ბლოკად ჩამოყალიბების შესახებ გააკეთეს განცხადება და საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე დაასახელეს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების უკან ჩანს შიში, რომელიც„ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთიანობითაა გამოწვეული, მეორე მხრივ მას აშინებს შალვა შავგულიძის პიროვნება.
„ძალიან ცხადია, რომ ის შალვა შავგულიძეში მეტოქეს ხედავს, იმიტომ რომ შავგულიძე არის ის, ვინც დაამარცხა მურუსიძე სტრასბურგში, თავის დროზე და ბოლომდე მიიყვანა გირგვლიანის უსამართლო საქმე და ასევე დაამარცხებს მთაწმინდაზე თბილისში და მერე მთლიანად საქართველოში ივანიშვილს“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შალვა შავგულიძეს მთაწმინდის ოლქში გასამართ შუალედურ არჩევნებში მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის 21 მარტის განცხადებით, ის მიესალმება ყველა ოპოზიციურ გაერთიანებას და "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, არ ეყოლება კანდიდატი იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია კონკურენტუნარიან კანდიდატს წარადგენს.
მმართველ გუნდში იზიარებენ, ბიძინა ივანიშვილის სულისკვეთებას სასამართლოსა და ყოფილ თანაგუნდელებთან მიმართებით.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, „ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ემსახურებოდა ხალხისთვის მოცემულობის შესახებ ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდებას. ეს იყო ვითარების აღწერა და იმ პერსპექტივიდან დანახვა, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ამას აქვს მნიშვნელობა. ჩვენ რომ ერთ აზრზე არ ვიქნებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის“.