„მაესტრო“ (2023, აშშ, რეჟისორი ბრედლი კუპერი)
პირველი ფილმი, რომელიც 5 წლის წინ, რუსეთში მიღებულ „ლგბტ-კანონს“ შეეწირა, ე.წ. ბაიოპიკი იყო - „როკეტმენი“, ელტონ ჯონის ბიოგრაფია. რუსეთის ცენზურამ ამოიღო სექსუალური შინაარსის ყველა ეპიზიდი, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობდნენ, რათა მაყურებელს წარმოდგენა არ შექმნოდა მუსიკოსის ორიენტაციაზე. ელტონ ჯონი პირადად გამოხმაურა ფილმის დამახინჯებას. საპროტესტო წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნა, რომ კატეგორიულად უარყოფს ადგილობრივი კანონმდებლობის გავლენით „როკეტმენზე“ განხორციელებულ ცენზურას. ამერიკული ფილმის ორიგინალური ვერსია იმხანად ყოველგვარი პრობლემის გარეშე უჩვენეს საქართველოს კინოთეატრებში. თუმცა ახალი „ლგბტ-კანონი“, რომელიც ამ კვირაში პირველი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, „როკეტმენის“ მსგავს ფილმებს ჩვენკენ გზას გადაუკეტავს.
საეჭვოა, მაგალითად, ვიხილოთ ალი აბასის „შეგირდი“, დონალდ ტრამპის კინობიოგრაფია, რომლის სიუჟეტი ახალგაზრდა ტრამპისა და მისი ჰომოსექსუალი ადვოკატის, როი კონის ურთიერთობაზე იგება. აღარ გამოჩნდება კინოთეატრებში, ალბათ, არც „მაესტრო“, ბრედლი კუპერის ფილმი - მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის და დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის ამბავი. რუსეთის მსგავსად, საქართველოშიც არ აიკრძალება ბერნსტაინის შესანიშნავი მუსიკა, დაწერილი „ვესტსაიდის ისტორიისთვის“, კლასიკური მუსიკის კონცერტებზე შეიძლება შესრულდეს ბერნსტაინის სიმფონიები, მაგრამ ქართველმა მაყურებელმა არაფერი უნდა იცოდეს მუსიკოსის პირად ცხოვრებაზე, რადგანაც ასეთი ბიოგრაფიული ფილმი შეიძლება ვინმემ „პროპაგანდად“ აღიქვას, მისი გამავრცელებელი კი დააჯარიმოს.
არადა, თუ „როკეტმენში“ ელტონ ჯონის სექსუალური ორიენტაცია მნიშვნელოვანი, მაგრამ არა მთავარი თემაა, „მაესტრო“, რომელსაც ჯერ კიდევ ადვილად მოძებნით ინტერნეტში („ნეტფლიქსზე“ პირველ რიგში), თითქმის მთლიანად ბერნსტაინის პირად ცხოვრებაზე აგებული ფილმია. მუსიკალური თვალსაზრისით „მაესტრო“ საერთოდ არაა საინტერესო, მთავარი როლის შემსრულებელი ბრედლი კუპერი კი, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებამდე ხანგრძლივად სწავლობდა დირიჟორის ხელოვნებას, დირიჟორის კარიკატურას უფრო ქმნის, ვიდრე შესანიშნავი მუსიკოსის სახეს. ბრედლი კუპერის პერსონაჟის სიცარიელეს და სწორხაზოვნებას აქ მთლიანად ფარავს კერი მალიგანის მიერ განსახიერებული ფელიცია მონტეალეგრე, ქალის ერთ-ერთი საუკეთესო როლი თანამედროვე ამერიკულ კინოში - მთლიანად აგებული ნიუანსებზე, ცოცხალი და დრამატული.
„მაესტროს“ გარშემო სკანდალი ჯერ კიდევ პრემიერამდე აგორდა. ინტერნეტში ფილმის ტრეილერის განთავსების შემდეგ ბრედლი კუპერს, რომელმაც ბერნსტაინთან მიმსგავსების მიზნით, პროფესიონალი გრიმიორები დაიქირავა და დიდი ცხვირი „მიიმაგრა“, ანტისემიტიზმში დასდეს ბრალი. „მაესტროს“ ავტორს მხარი დაუჭირეს ჯერ მარტინ სკორსეზემ და სტივენ სპილბერგმა (პროექტის პროდიუსერებმა), შემდეგ კი - ლეონარდ ბერნსტაინის შვილებმა, აქტიურად რომ იყვნენ ჩართული სცენარზე მუშაობაში. მათ პრემიერამდე განაცხადეს თანხმობა მუსიკოსის პირადი ცხოვრების ყველა დეტალის გახმაურებაზე. არადა, თავად ბერნსტაინი, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ორმაგი ცხოვრება“ მუსიკალური სამყაროსთვის დამალული არ იყო, არასდროს აფიშირებდა ამას და საჯაროდ არ უღიარებია, რომ ბისექსუალია.
რაოდენ მნიშვნელოვანია მაინც მსახიობი კინოში! კერი მალიგანი არა მარტო დიდი არტისტია, არამედ ძლიერი ქალის სახეს ქმნის „მაესტროში“. სიძლიერე კი აქ წონასწორობას არღვევს. მთავარი გმირის შემოქმედება გაუაზრებელია, მუსიკალური ფრაგმენტები სტიქიურად ჩართული (მათი გადაადგილება თუ ქრონიმეტრაჟის შეცვლა არაფერს შეცვლის ფილმის დრამატურგიაში). ბერნსტაინი, ეს ექსცენტრიკული, ვითომ ლაღი მუსიკოსი, დიდი ცხვირით და ცარიელი თვალებით, ფაქტობრივად არ ვითარდება ფინალამდე. სამაგიეროდ ძალაუფლებას ნელ-ნელა იტაცებს ფელიცია და რეალურად სწორედ ქალი გადაიქცევა „მაესტროდ“. რაც თავისთავად საინტერესო იქნებოდა, ავტორი იმას მაინც გვეტყოდა, რომ დიდი ხელოვანი ყოველთვის არაა თავისი ნაწარმოებების სრულუფლებიანი ავტორი, რომ ხელოვნების ისტორია შეიძლება თავიდან დასაწერი გახდეს, როცა გაირკვევა ქალების როლი ისტორიაში, მათი დაჩაგვრის, დამალვის ამბავი. მაგრამ „მაესტროს“ ავტორებს ეს სიღრმეები არ აინტერესებთ. სიყვითლე და „ნეტფლიქსური“ კლიშეები ხელს უშლის აზრის განვითარებას, რაც უმძიმესი შედეგით სრულდება - მაყურებელმა შესაძლებელია ასე აღიქვას ფილმი - „მაესტრო“ არის კინო ჰომოსექსუალზე, რომელსაც ყველაზე უკეთ მისი... ცოლი უგებდა!
„მაესტრო“ ისე მთავრდება, რომ მაყურებელი თითქმის ვერაფერს შეიტყობს დიდებულ მუსიკოსზე, გარდა მისი ორიენტაციისა. გავიგებთ, რომ ლეონარდ ბერნსტაინს უყვარდა ბიჭები და გოგოები, ნიჭიერი და ჭკვიანი ფელიცია დათანხმდა ასეთი კაცის ცოლობაზე (როგორც ჩანს, შეიყვარა არა ბერნსტაინი, არამედ „მისი ნიჭი“), შემდეგ ინანა და დაშორდა.
აი, მართლა სულ ესაა.
სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად ასეა თითქმის ყველა ბიოგრაფიულ ფილმში, რომლებსაც ბოლო დროს გატაცებით ქმნიან „ოცნებების ფაბრიკაში“. სექტემბერში „კალასის“ და „დანტეს“ პრემიერას გვპირდებიან, ლუკა გუადანინო კი უილიამ ბეროუზის ავტობიოგრაფიის ეკრანიზაციას აპირებს. სამივე ფილმში, სავარაუდოდ, სექსუალური უმცირესობები გამოჩნდებიან და სამივეს, ალბათ, „ოსკარის“ კანდიდატებს შორის ვიხილავთ. ისევე, როგორც ვიხილეთ უკვე ბრედლი კუპერის „მაესტრო“.
ჰოლივუდი ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნილებას და აგრძელებს გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების გაყვითლებას. ბუნებრივია, ამ ტენდენციას ვერ გაემიჯნება ქართული კინოგაქირავებაც. „როკეტმენის“ მსგავსად ახალი „ბაიოპიკები“, შესაძლებელია, ჩვენი კინოთეატრების ეკრანებზეც გამოჩნდეს. ოღონდ ახლა ისე, როგორც რუსეთში - ამოჭრილი სცენებით.