„თიბისი ბანკის“ ბრძოლა გრძელდება: ერთ მხარეს ის დგას, მეორე მხარეს ხელისუფლება, მასზე „მიზანმიმართული შეტევით“ - როგორც ამას ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს.
დანარჩენი ბიზნესი ამ საქმეში ღიად არ ერევა. არც ერთი განცხადება ბიზნესის შევიწროებაზე მინიშნებით ჯერ არ გაკეთებულა. რას ნიშნავს ეს დუმილი და იქნებოდა თუ არა „თიბისის“ მიმართ მათი ღია მხარდაჭერა გარდამტეხი მთელ ამ პროცესში?
„ცეხავიკები“ და „კრონი ბიზნესმენები“
ასე ქართველ ბიზნესმენებს პოლიტიკურმა გაერთიანება „გირჩმა“ უწოდა და მათი დუმილი ღიად გააკრიტიკა.
„თქვენი ფასი როგორც ბიზნესმენების, არი ნული. თქვენ გაქვთ საბჭოთა "ცეხავიკის" ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება...თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც „პოლიტიკაში არ ვერევით“ გზავნილს ამოფარებულები, სინამდვილეში 24/7 ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან“, - წერია „გირჩის“ განცხადებაში.
დუმილის დარღვევით ბიზნესმენები საკუთარ თავსაც უშველიან , - ფიქრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ფადი ასლიც:
„დღეს ეს ხაზარაძეა, გუშინ „ომეგა ჯგუფი“ იყო“ - აცხადებს ის.
ხელისუფლება იმეორებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ სიბრტყეში არ უნდა გადავიტანოთ.
Your browser doesn’t support HTML5
„ბიზნესმა იცის ხმა როდის უნდა ამოიღოს“
ერთადერთი ბიზნესმენი, ვინც ჯერჯერობით, დუმილის მიზეზი ახსნა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი, თემურ ჭყონიაა - პორტალ „ბიზნეს მედია ჯორჯიას“-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ ბიზნესმენებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე აზრის გამოხატვის სურვილი პოლიტიკოსების არასწორმა მესიჯებმა დაუკარგა:
„ბიზნესი ჩუმად არ არის და მან ზუსტად იცის როდის რა თქვას“ - ასე ახსნა თემურ ჭყონიამ დუმილი, რომელიც ბიზნესს ამ დრომდე არ დაურღვევია. და ისიც შენიშნა, რომ ბიზნესმენები არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც „ერთ დაძახებაზე“ ემოციურად ქუჩაში დროშებით გავარდებიან:
„ის ახალგამომცხვარი პოლიტიკოსები, დაბადებულები არ იყვნენ, როდესაც მამუკა ხაზარაძე და ჩვენ, ის თაობა, ვქმნიდით საქართველოს ეკონომიკას. ამიტომ თავი დაანებონ ჩვენს შეფასებებს“, - ამბობს თემურ ჭყონია BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მაგრამ ბიზნესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ხმას არ იღებს.
და სავარაუდოდ, დიდხანს იქნება ჩუმად - ასე ფიქრობს „Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე, რომელიც, როგორც ირკვევა, ავტორია იმ ცნობილი წერილისა, რომელიც წლების წინ ბიზნესმენთა ფედერაციის შეკრებაზე ბადრი პატარკაციშვილმა გაახმოვანა. მაშინ პატარკაციშვილი ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
ბიზნესი მაშინაც დუმდა:
„ბიზნესი ახლაც, ისე,როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მოლოდინის რეჟიმში იქნება. ის არის კონსერვატიულ-კონფორმისტული მიდგომის კასტა და ეს უნდა გავიგოთ. ბიზნესს არ უყვარს რევოლუციები...და არც ხაზარაძეა რევოლუციონერი“, - გვითხრა გიორგი ისაკაძემ, რომლისთვისაც თავად ამბავი, რომელიც „თიბისი ბანკის“ გარშემო ხდება, ცალსახად ბიზნესის შევიწროებად აღიქმება.
Your browser doesn’t support HTML5
არის თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმე ბიზნესზე ზეწოლა, რომლის გამოც ბიზნესმენებმა მამუკა ხაზარაძეს ღია მხარდაჭერა უნდა გამოუცხადონ? ამ შეკითხვის ადრესატი საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციაც იყო. ვცადეთ, თუმცა ასოციაციაში, რომელიც 70-მდე წამყვან კომპანიას (აი, ისინიც) აერთიანებს, გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე „თიბისის“ საქმეზე კომენტარი არ გაკეთდება.
ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციაში (აფბა) ამბობენ, რომ ამ საკითხმა პოლიტიკურ ჭრილში გადაინაცვლა და ამ ეტაპზე შეფასებებისგან ისინიც თავს შეიკავებენ. ჩვენ მათაც დავუსვით შეკითხვა - ხედავენ თუ არა ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე პროცესებში - აფბაც ამჯერად დუმილს ამჯობინებს.
"ხელისუფლება ეკონომიკის დირექტორია"
ფინანსისტებისა და ეკონომისტების ნაწილის აზრით კი, წარმოუდგენელია „თიბისი ბანკის“ საქმე მხოლოდ სამართლებრივ პროცესად შეფასდეს მაშინ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ბიზნესს ხელისუფლება ღიად ავიწროებს. და ეს რომ ზეწოლაა, ჯერჯერობით, მხოლოდ ამის ნიშნებს ხედავს პროცესში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი.
მას არც ბიზნების სიჩუმე უკვირს:
„ნომენკლატურული კაპიტალიზმის ეპოქაში, სადაც ხელისუფლებაა ეკონომიკის დირექტორი, მისგან კეთილდღეობით დავალებული ბიზნესი მას აღიარებს“, - გვითხრა გია ხუხაშვილმა.
მაინც რისი ეშინია ბიზნესს? და თუ არ ეშინია, რატომ იკავებს თავს?
„ეს არის კომპტომატის შიში და კომფორმიზმი ერთად. და ისიც, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ერთ ბიზნესმენს თავისი კონკურენტის წარმატება არ უხარია, შეიძლება ხელებსაც კი იფშვნეტენ, რომ დღეს ხაზარაძეს პრობლემები აქვს. იმდენი ჭკუაც არა აქვთ, რომ ხვალ, შესაძლოა, მათ კარზეც მიუკაკუნონ“.
გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ რამდენიმე დიდი ბიზნესის ღია მხარდაჭერა, შესაძლოა, ამ საქმეში გარდამტეხი გამხდარიყო:
„მათი აზრის ღიად გამოხატვა დღეს, ხაზარაძისთვის კი არა, ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ თუ ყველა დადგება სამართლიანობის სადარაჯოზე, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იმოქმედებს ხელების გადაგრეხვის პრინციპით“.
არსებობდა კი საქართველოში ოდესმე დისტანცია ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის? ამ კითხვაზე პასუხს „ანარეკლების“ ამ გამოშვებაშიც იპოვით, რომელიც მთლიანად ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობას ეძღვნება.
Your browser doesn’t support HTML5