"ბიზნესმა უნდა განსაზღვროს რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აგროსექტორის კადრი"

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოში ბევრს მსჯელობენ იმაზე, რა შეუწყობდა ხელს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას და უმთავრეს გამოწვევად ამ სფეროში განათლება სახელდება.

უმუშევრობის უმწვავესი პრობლემის პარალელურად არსებობს კვალიფიციური მუშახელის დეიფიციტი, რაც სოფლის მეურნეობის სექტორზეც ვრცელდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების „მომავლის ფერმერის“-ა და "აგრო დუო"-ს ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს:

„რაც უნდა მუდმივი სუბსიდირების და „სისხლის გადასხმის“ რეჟიმში ვამყოფოთ სოფლის მეურნეობა, ყველაფერი უაზრობა იქნება ცოდნის გარეშე. ვერ გავალთ იმ შედეგებზე, რაზეც უნდა გავიდეთ.

წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობაში განათლების მხრივ გაყინული იყო მდგომარეობა. ეს არის დაბერებული დარგი.

ახალგაზრდების მხრიდან ბოლო პერიოდში კი არის დადებითი სიგნალები, თუმცა ცოდნა, რაზეც უნდა დაშენდეს ეს ყველაფერი, აღარ არის და თავიდან არის გასაკეთებელი ყველაფერი. გვჭირდება სწრაფი „ინექციები“ ამ სფეროში.

ბიზნესი მუდმივად წუხს ამ პრობლემის გამო. მერძეულ სექტორში იქნება თუ მემცენარეობის სხვადასხვა დარგში ყველაზე დიდი გარღვევა აქვთ კადრებში. წლების განმავლობაში ამ სფეროში გადამზადება, სწავლება, უმაღლესი იქნებოდა თუ პროფესიული განათლება არ არსებობდა, გაჩერებული იყო და რაც იყო, იმის მიმართაც ინტერესი იყო ძალიან დაბალი. ვერ მოვახერხეთ ამ დარგების პოპულარიზაცია და ვერ შესთავაზა საგანმანათლებლო სისტემამ ბაზარს ისეთი მოქნილი ან ადაპტირებული კურსები, რომლებიც შრომის ბაზარზე არსებული ბიზნესებისთვის იქნებოდა მიმზიდველი.

ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად დაიწყო ამ ყველაფრის გადახედვა. სახელმწიფო დაჯდა სოფლის მეურნეობის სფეროს კერძო სექტორთან ერთად. სწორედ ბიზნესმა უნდა განსაზღვროს - რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კადრი და თავად გახდეს საგანმანათლებლო მოდულების შემმუშავებელი. ეს გზა არის ყველაზე გამართლებული. ეს გზა გაიარა შვეიცარიამ და დღეს 68% სწორედ პროფესიულ განათლებაში მიდის. სოფლის მეურნეობის სექტორში კიდევ უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი. გერმანიაში იგივე მიდგომებია.

თუ გვინდა, რომ აგროსექტორში გადავწყვიტოთ კვალიფიციური კადრების პრობლემა, გვჭირდება საკითხის სწრაფად გადაჭრა, სადაც უნარების, თეორიული განათლებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სინთეზი იქნება შეთავაზებული და დღეს ამაზე მიდის მუშაობა. მე პირადად ჩართული ვარ ამ პროცესში და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს დაიწყო“.

რუსუდან გიგაშვილის თქმით, ამ დროისთვის მზად არის „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ მოდულები და სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად მუშაობს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებზე. აგრარულ-დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული) განათლების ხელშეწყობისთვის ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის დაფინანსებით შეიქმნა ორგანიზაცია „აგრო დუო“ (აიპ), რომელიც კერძო სექტორში არსებულ ასოციაციებს აერთიანებს და სადაც გაანალიზდება ყველა ის საჭიროება, რომელიც შრომის ბაზარზეა.

ამ ეტაპზე მომზადებულია 9 სასწავლო მოდული, რომელიც ელოდება აკრედიტაციას და ამუშავდება პროფესიულ კოლეჯებში. რუსუდან გიგაშვილის თქმით, ამ ეტაპზე სწავლება დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კერძო სექტორი უზრუნველყოფს სამუშაოს ნაწილსა და დასაქმებული სტუდენტების ანაზღაურებას, დაზღვევასა და კვებას. „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ გრძელვადიან პროგრამებზე მიღება 10 აგვისტომდეა.

რუსუდან გიგაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში შეეხო სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ ზოგიერთ მწვავე პრობლემას, მათ შორის მეცხოველეობის სფეროს საკვებით უზრუნველყოფის საკითხს. ერთი მხრივ მეცხოველეობისთვის საჭირო საკვები გაძვირდა, რაც გამოიწვევს როგორც რძის პროდუქტის, ასევე ხორცის გაძვირებას და მეორე მხრივ, პირუტყვის საკვების მოსაყვანად არ არის საკმარისი მიწა:

„საძოვრები არ გვაქვს. საკვები რომ მოვიყვანოთ, გვიჯდება ძვირი, რადგან მიწა არ გვაქვს. ამასწინათ ფერმერები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ მიმართეს სახელმწიფოს აუთვისებელ მიწების გრძელვადიანი იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით, რომ მოხერხდეს საკვები ბაზის წარმოება, მაგრამ ვერა და ვერ შედგა ერთი მუშა კომისია, რომელშიც იქნება ჩართული ყველა საჭირო რგოლი - სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელიც ამ ყველაფერს დაარეგულირებს.

ერთი მხრივ გვყავს მშიერი პირუტყვი და მეორე მხრივ გვაქვს აუთვისებელი სახელმწიფო მიწები. სახელმწიფომ ვერ დადო მიწის როგორც კაპიტალის ხედვა. რატომ არ უნდა გავყიდოთ და რატომ უნდა გავყიდოთ? არგუმენტი არ არის. მიწას ფასი არ ადევს. ხედვა არ არის. იქნებ მართლა არ უნდა გავყიდოთ ან უნდა გავყიდოთ, ამაზე არგუმენტირებული პასუხი არ არის“.