ბიბილოვის „ოფიციალური ვიზიტი“ სირიაში

ანატოლი ბიბილოვი

ავტორი: ჟანა ტარხანოვა, ცხინვალი

23 ივლისს დამასკში მოლაპარაკებები გამართეს სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკისა და სირიის პრეზიდენტებმა. ანატოლი ბიბილოვმა და ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს სახელმწიფოთაშორის შეთანხმებისა და თანამშრობლობის დოკუმენტს.

სირიამ ცხინვალის დამოუკიდებლობა მიმდინარე წლის 29 მაისს აღიარა, ორი თვის თავზე კი, 23 ივლისს, ანატოლი ბიბილოვი სირიაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ერთი დღით ადრე, 22 ივლისს, სახმრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და მისმა სირიელმა კოლეგამ ვალიდ მუალემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.

დმიტრი მედოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას ამბობს:

დმიტრი მედოევი

„სირიელ ხალხს მშვიდობა სურს. სირიის კანონიერი ხელისუფლება სულ უფრო აფართოებს თავისი გავლენის სფეროს. ადამიანები უკვე აცნობიერებენ, რომ იყო საფრთხე, სირიელი ხალხი დარჩენილიყო სამშობლოს, საკუთარი სახელმწიფოსა და სუვერენიტეტის გარეშე. ყველა პატრიოტული ძალა ერთიანი ფრონტით ეწინააღმდეგება იმ ბოროტებას, რომელიც თავს დაატყდა სირიას. სირიამ რუსეთის დახმარებით გაუძლო ამ განსაცდელს, ეს აქ ყველამ იცის“.

იური ვაზაგოვი, ექსპერტი სამხრეთ ოსეთიდან, „ეხო კავკაზას“ ეუბნება, რომ სირიასთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად უნდა იქცეს, იმისათვის რომ სულ უფრო გაფართოვდეს სამხრეთ ოსეთის აღიარების არეალი:

„ეს არის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში. გარდა ისტორიული ასპექტისა, არსებობს პოლიტიკური ასპექტიც. მიუხედავად ომისა, მიუხედავად სანქციებისა, სირია ძველებურად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს რეგიონში. აქვს მჭიდრო კავშირები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებთან და, შესაძლოა, ის სამხრეთ ოსეთისთვის დასაყრდენ წერტილად იქცეს“.

„კავკასიის პრობლემებისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის“ უფროსი მეცნიერი ნიკოლაი სილაევი, „ეხო კავკაზასთან“ საუბრისას შენიშნავს, რომ თუკი ძალისხმევა იქნება, ორმხრივი ურთიერთობაც დამყარდება:

ნიკოლაი სილაევი

„სირია - ეს არის სამოქალაქო ომისგან ძლიერ დაზარალებული ქვეყანა. სირია - ეს არის ქვეყანა, სადაც სამოქალაქო ომი დასასრულს უახლოვდება და სადაც მალე დაიწყება აღდგენის პერიოდი. თუკი სამხრეთ ოსეთიდან წარმოებული კამპანია იქნება საკმარისად ენერგიული, სამხრეთ ოსეთს ექნება შესაძლებლობა ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა. გასაგებია, რომ დიდ შეკვეთებზე გათვლები არ იქნება, მაგრამ აქ ლაპარაკი შეიძლება იყოს ისეთ ურთიერთობაზე, რომელიც რესპუბლიკის ეკონომიკას დაეხმარება“.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 25 ივლისამდე გასტანს, პრეზიდენტი ბიბილოვი და მისი თანმხლები პირები - თავდაცვის, საგარეო საქმეთა, საგანგებო სიტუაციებისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრები - შეხვდებიან სირიის პრემიერ-მინისტრს იმად ჰამისს, სირიის პარლამენტის სპიკერს ჰამუდ ას-საბაგსა და სირიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს.

ტექსტი შეიცავს ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.