ამჟამად მაგომედ ბაგაევი დე ფაქტო გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებს. ეს ბიბილოვის მიერ დე ფაქტო პარლამენტისთვის მეორე კანდიდატურის წარდგენაა. 12 აპრილს ე. წ. დეპუტატებმა კრასნოდარის მხარის პროკურატურის თანამშრომელ ვიტალი სავჩეკოს კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩააგდეს. ახალ კანდიდატს ცხინვალში უფრო მეტად იცნობენ.
მაგომედ ბაგაევი 43 წლისაა. იგი დაიბადა ჯავის რაიონში, 2001 წელს დაამთავრა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი. 2003 წელს დასაქმდა პროკურატურაში, დაიწყო სტაჟიორობით და თხუთმეტი წლის განმავლობაში ე. წ. გენერალური პროკურორის მოადგილედ დაწინაურდა, მაგრამ გახდება თუ არა ამ უწყების ხელმძღვანელი, ამას დე ფაქტო პარლამენტი გადაწყვეტს. წინასწარი ინფორმაციით, ბიბილოვის მომხრე ორი პარტია მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ოპოზიციური პარტიები და დამოუკიდებელი ე. წ. დეპუტატები კი თავს შეიკავებენ.
ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი მიიჩნევს, რომ ბაგაევს კარგი შანსი აქვს, რომ პარლამენტმა დაამტკიცოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინა კანდიდატის, სავჩენკოს მიმართ დეპუტატების მთავარი პრეტენზია ის იყო, რომ იგი ადგილობრივი კადრი არ იყო, მაგომედ ბაგაევმა კი მთელი ცხოვრება ცხინვალში გაატარა.
„ის ადგილობრივია და არ მგონია, ცუდად მოექცნენ. როგორც იტყვიან ხოლმე, ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ არც ბოროტმოქმედებაშია შემჩნეული. ის აღმასრულებელია, მაგრამ, სისტემაში არსებული მანკიერებების მიუხედავად, მან სახე შეინარჩუნა. მე იმ ადამიანებსაც ვკითხე, ვინც მასთან მუშაობდა და დადებითად ახასიათებენ. კონფლიქტის დროსაც აქ ცხოვრობდა და არსად გაქცეულა. ადგილობრივებისთვის ეს ბევრს ნიშნავს“, - უთხრა თემურ ცხურბათმა „ეხო კავკაზას“.
ასევე ნახეთ ცხინვალელმა ე.წ. დეპუტატებმა სოჭელი პროკურორი სახლში გაუშვესმაგომედ ბაგაევის წინააღმდეგ პრეტენზიებიც მრავლად ისმის. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი იყო. ადგილობრივი დამკვირვებლების აზრით, ეს იყო ყველაზე ბინძური და უსამართლო არჩევნები სამხრეთ ოსეთის ისტორიაში და ბაგაევიც მონაწილეობდა ამომრჩეველთა უფლებების დარღვევასა და სხვადასხვა უკანონობის მხარდაჭერაში.
მის მიმართ მეორე პრეტენზია ის არის, რომ დე ფაქტო პრეზიდენტისა და ყოფილი ე. წ. გენპროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის, გარემოცვიდანაა. ადგილობრივ აქტივისტებს ბაგაევის ე. წ. გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაც არ მოეწონათ, რადგან ეს პოსტი, კანონის მიხედვით, პირველ მოადგილეს, სერგეი ბიტიევს, ეკუთვნოდა, მაგრამ ბაგაევისთვის გზა გასათავისუფლებლად ბიტიევის წინააღმდეგ სამსახურებრივი მოკვლევა დაიწყეს. გადადგომამდე ჯაგაევმა ბიტიევი სამსახურიდან გაუშვა და ამის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად უკვე ბაგაევი დაინიშნა. სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ბიბილოვსა და ჯაგაევს ეს წინასწარ ჰქონდათ განზრახული, რათა პროკურატურა მათთვის ბოლომდე ერთგული კადრის ხელში დარჩენილიყო.
რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან მიიჩნევს, რომ ბიბილოვ-ჯაგაევის კლანი პროკურატურაში ყველაზე ერთგულ კაცად სწორედ ბაგაევს მიიჩნევს.
„ბაგაევი ბიბილოვის ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი იქნება. როცა ბიბილოვი ძალოვანი უწყებების რეფორმაზე საუბრობდა, ეს მაშინვე იყო ბლეფი და ამ კანდიდატურის წამოწევითაც ჩანს, რომ არანაირი ცვლილება არ იქნება. ბიბილოვის პოლიტიკაა, რომ მხოლოდ ერთგულების ნიშნით აწინაურებს ხალხს. მას პროფესიონალები არ აინტერესებს. ერთგულები კი უმეტეს შემთხვევაში არაპროფესიონალები არიან და სისტემური კრიზისებიც ამის შედეგია. კრიზისი კი ჩვენთან კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ახლა თუ ვითარება ჩაწყნარდა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები მოგვარდა“.
ასევე ნახეთ ე.წ. გენერალური პროკურორი რუსეთიდან - ცხინვალელი აქტივისტები აღშფოთებული არიანყოფილი ე. წ. დეპუტატი, როლანდ ქელეხსაევი, მიიჩნევს, რომ ბაგაევი წინ ვერ წავიდოდა, ვერტიკალის ერთგული რომ არ ყოფილიყო, ამიტომ, მისი აზრით, ახალი არაფერი ხდება.
„არ ღირს იდეალური ადამიანების ძებნა სამართალდამცავ სისტემაში, განსაკუთრებით ხელმძღვანელ რგოლში. ყველამ გაიარა შერჩევა და ისინი მზად არიან შეასრულონ ბრძანებები კანონისა და ზნეობრივი ნორმების გათვალისწინების გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ასე წარმატებული არ იქნებოდნენ, მათ დიდი ხნის წინ გააგდებდნენ სამსახურიდან. უბრალოდ, ზოგიერთმა მათგანმა მაინც დაიტოვა რაღაც ადამიანური, რაღაც სიკეთე, თანაგრძნობა,ზოგიერთმა კი ეს ყველაფერი საერთოდ დაკარგა“.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის კანონის მიხედვით, ე. წ. პარლამენტმა ათი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს დე ფაქტო გენერალური პროკურორის კანდიდატურის დე ფაქტო პრეზიდენტის წარდგინება. ჯერ კომიტეტები წარადგენენ დასკვნებს, შემდეგ კი მაგომედ ბაგაევის კანდიდატურა განსახილველად ე.წ. პარლამენტის სესიაზე გავა.