“ბერლინისი” - ქართულ-გერმანული ლიტერატურული ფესტივალი დაიწყო

“ბერლინისი” (ბერლინი-თბილისი) ხუთდღიანი ახალგაზრდული ლიტერატურული ფესტივალია, რომელიც ბერლინში 29 აგვისტოს გაიხსნა და მასში 8 ახალგაზრდა ქართველი და 8 ახალგაზრდა გერმანელი ავტორი მონაწილეობს. “ბერლინისი” 16 მწერლის (პოეტისა და პროზაიკოსის) დაახლოების მცდელობაა, მათი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება, მათი შემოქმედების თარგმნა და ქართულ-გერმანული ლიტერატურული ურთიერთობის გაღრმავება.

ეს ფესტივალი ერთგვარი “ლიტერატურული შესავალიცაა” ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისა, რომლისთვისაც საქართველო უკვე დიდი ხანია საგანგებოდ ემზადება, რადგან 2018 წელს სწორედ საქართველოა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა.

ქეთი მეფარიძე, მონაწილე

ქართულ-გერმანული ფესტივალის, “ბერლინისის”, ორგანიზატორი გერმანული მხრიდან ორგანიზაცია “ლიტრეტაჟეა”, საქართველოში კი ფესტივალის მხარდამჭერია წიგნის ეროვნული ცენტრი.

ლიტერატურული სახლი “ლიტრეტაჟე” ბერლინში უკვე 12 წელია არსებობს და ცდილობს ალტერნატიული ლიტერატურული სცენა შექმნას. როგორც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ტომ ბრესმანმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, “ლიტრეტაჟე” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს: ის ცდილობს ლიტერატურის პრეზენტირებას არა მხოლოდ კლასიკური კითხვის გზით, არამედ ეძებს განსხვავებულ გზებს. თავის სივრცეს უთმობს მწერლებს და ეხმარება მათ უორქშოფების თუ სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობაში. “ბერლინისის” ჩატარების იდეა კი “ლიტრეტაჟეს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მორიც მალშის, თბილისში ყოფნისას დაიბადა და საქართველოს წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით რეალობადაც იქცა:

ლიტერატურული ფესტივალი

“’ბერლინისი’ ერთგვარი სინთეზია ყველა ჩვენი საქმიანობისა. ამ ფესტივალის დროს გრძელი კითხვის ღამეც იქნება, მწერლებს შეეძლებათ წერონ, ისაუბრონ იმაზე, თუ როგორი ლიტერატურული სცენაა თბილისში და როგორი ბერლინში და რა გზის გავლა უწევთ ავტორებს დამწყები მწერლობიდან ცნობილ მწერლებად გახდომამდე; იქნება ფესტივალის მოულოდნელი ნაწილიც, რომელსაც ჩვენ “კარტ-ბლანში” დავარქვით და ჯერ არ ვიცით, რომელი ავტორი როგორ წარმოადგენს საკუთარ თავს. ასე რომ, ძალიან დიდი ინტერესით ველით მოვლენების განვითარებას”.

“ბერლინისის” ორგანიზატორი ერიკ შუმახერი კი ამბობს, რომ ეს არის ფესტივალი ავტორებისთვის, მათ შორის დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული შეხვედრა:

“ჩვენ გვინდოდა მწერლებს თავად ელაპარაკათ თავიანთ ლიტერატურულ სცენაზე, ყოველდღიურობაზე - როგორ ცხოვრობენ, წერენ, როგორ ირჩენენ თავს, როგორ უნდა გადარჩნენ როგორც ავტორები... და კიდევ, ამ ფესტივალზე აუდიტორიასა და ავტორებს შორის არ არსებობს ფილტრი - მათი კონტაქტი ღია და პირდაპირია”.

ზურა აბაშიძე

საქართველოდან “ბერლინისში” მონაწილეობდნენ ავტორები: ზურა აბაშიძე, თორნიკე ჭელიძე, ნინო ტეფნაძე, თაკო ფოლადაშვილი, გიორგი შონია, ქეთევან მეფარიძე, ნინი ელიაშვილი და ნიკა ლაშხია; გერმანული მხრიდან კი - ჰელენე ბუკოვსკი, ჯულია დორში, დავიდ ფრუჰოფი, მარი ჰამლიშეგი, ტიტუს მაიერი, რუდი ნუსი, ლორენა სიმელი, სასკია ვარშეფი. მათთან ჩაწერილი მოკლე ინტერვიუების წაკითხვა შეგიძლიათ აქ: https://berlinisi.lettretage.de/category/news/

ქართველი ავტორების ნაწილისთის ეს პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ტურნე და პირველი შესაძლებლობაა, გერმანულ ენაზე თარგმნილიყო მათი ტექსტები. პოეტ ნიკა ლაშხიასთვის “ბერლინისი” უცხოეთში ჩატარებული პირველი ფესტივალია, რომელზეც თავის ტექსტებს გერმანელ მსმენელს წაუკითხავს. გიორგი შონიაც ინტერესით ელის გაიგოს, რაზე წერენ მისი თანატოლი მწერლები ბერლინში.

Your browser doesn’t support HTML5

8 მწერალი ბერლინში

“ბერლინისი” 2 სექტემბერს დასრულდება, ფინალი კი იქნება გერმანულენოვანი ანთოლოგია, სადაც ქართველი ავტორების გერმანულად ნათარგმნი ნაწარმოებებიც შევა. როგორ გაგრძელდება რვა ქართველი და რვა გერმანელი ახალგაზრდა მწერლის მეგობრობა - ეს უკვე მომავლის ამბავია.