“მე ხელოვანი ვარ. პოლიტიკაში ვერ ვერკვევი!” - ასეთი განცხადება ღიმილის მომგვრელია. ყოველ შემთხვევაში კინოს სამყაროში მაინც. არადა, ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ, მსოფლიოში ტარდებოდა კინოფესტივალები, რომელთა ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მხოლოდ “მაღალ ხელოვნებას” უჭერდნენ მხარს და პოლიტიკურ კონიუნქტურას ემიჯნებოდნენ.
მაშინ “ა” კლასის კინოფორუმების გაძლიერებული კონკურენციის ფონზე, ფაქტობრივად მხოლოდ ბერლინის ფესტივალმა აღიარა, რომ სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს “ბერლინალეს” სტრატეგიას.
ვერ ვიტყოდი, რომ პრინციპულობამ გაამართლა. ბოლო დროს აქ, “ოქროს” და “ვერცხლის” დათვებით აღნიშნული ფილმები იშვიათად ქმნიდნენ ამინდს მსოფლიო კინოში, “ბერლინალეს” წითელ ხალიჩას კი ვარსკვლავები აკლდებოდა, რაც საბოლოოდ მარცხის აღიარებით დასრულდა - წლევანდელი “ბერლინალე” უკანასკნელია მოქმედი დირექციის ბიოგრაფიაში. მომავალი წლიდან ბერლინის კინოფესტივალს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ამერიკელი, ტრიშა ტატლი, რომელიც აქამდე ლონდონის კინოფორუმს ხელმძღვანელობდა.
ძნელი წარმოსადგენია, ახალმა დირექტორმა რადიკალურად შეცვალოს “ბერლინალეს” სტილი - მსოფლიო კინოსამყაროსთვის ამ კინოფორუმის სახეს მისი ისტორია განსაზღვრავს, მისი შინაარსი - მკაფიო “მემარცხენე პოზიციაა”, შეურიგებლობა ქსენოფობიასთან და ხაზგასმული, დემონსტრაციული უბრალოება.
“ბერლინალეს” პროგრამებში ჩართულ ფილმებს მთელ ქალაქში უჩვენებენ. თუმცა მაინც ვერ ვიტყვი, რომ ბერლინი ფესტივალის დღეებში კინოხელოვნებით ცხოვრობს. მსოფლიოს დღეს კინო ნაკლებად ანაღვლებს.
შესაძლებელია სწორედ ეს იყოს წლევანდელი საკონკურსო პროგრამის სრული ჩავარდნის ერთადერთი გამართლება.
შაბათს შევიტყობთ ბერლინის 74-ე კინოფესტივალის შედეგებს, თუმცა აქაურ კონკურსს ჯერ კიდევ არ ჰყავს ფავორიტი. ამერიკული პროგრამა, როგორც მოსალოდნელი იყო (“ოსკარის” ფინალისტები უკვე ცნობილია), უსაშველოდ სუსტია, ფრანგული კიდევ უფრო უარესი (ფრანგები კარგ ფილმებს კანის ფესტივალისთვის ინახავენ), გერმანელებს (მათ ბერლინში აქვთ კვოტები) ისევ უჭირთ დაეწიონ მსოფლიო კინოპროცესებს, აღმოსავლეთი კი წელს ფაქტობრივად არ ჩანს საკონკურსო პროგრამაში, თუ არ ჩავთვლით ირანულ ფილმს “ჩემი საყვარელი ნამცხვარი”, რომელიც კრიტიკოსთა ფავორიტია.
თუკი გავითვალისწინებთ ბოლო დროის “ბერლინალესთვის” დამახასიათებელ განსაკუთრებულ ინტერესს დოკუმენტური კინოს მიმართ, არაა გამორიცხული, “ოქროს დათვის” მფლობელი გახდეს ფრანგი რეჟისორი მატი დიოპი ფილმისთვის “დაჰომეა”, რომელშიც ბენინის რესპუბლიკაში მოწყობილი კულტურული საგანძურის გამოფენაა აღბეჭდილი. ეს ქანდაკებები, თავის დროზე, ევროპაში გაიტანეს და ისინი აფრიკამ მხოლოდ 2021 წელს დაიბრუნა.
“დაჰომეა” კოლონიალიზმის თემაზე გადაღებული ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია - ერთი კონკრეტული ამბავი იმდენად საინტერესოდაა განზოგადებული, რომ თითქოს თავის თავში მოიცავს ყველაფერს, რაც თანამედროვე ადამიანს აღელვებს. თანაც “ბერლინალეს” პროგრამებში ჩართული ბევრი ფილმისგან განსხვავებით მატი დიოპი არსად ცდილობს მოწყდეს არჩეულ თემატიკას, რათა უყურადღებოდ არ დარჩეს სხვა, პოლიტიკურად მწვავე თემები.
ზუსტად ეს ღირსება აქვს ბერლინის “პანორამის” სექციის გამხსნელ ფილმს, შვედი რეჟისორის ლევან აკინის “გზაჯვარედინს” , რომლის ნაწილი საქართველოშია გადაღებული.
ამბავი აჭარის ერთი სოფლის ყოფილ მასწავლებელზე, ახლა კი პენსიონერ ლიაზე (მზია არაბულის შესრულებით), რომელიც სტამბოლში მიემგზავრება თავისი დისშვილის საპოვნელად. ეს დრამატული “როუდ-მუვი” კიდევ უფრო ემოციური, მხატვრული თვალსაზრისით უფრო შეკრულია, ვიდრე აკინის “და ჩვენ ვიცეკვებთ”.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ლუკა კანკავა, არაპროფესიონალი მსახიობი, რომელსაც ჩემი აზრით დიდი მომავალი აქვს კინოში.
“გზაჯვარედინი” ბერლინის წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ტოპ-ფილმია. ბილეთები ლევან აკინის ახალ სურათზე რამდენიმე საათში გაიყიდა. სხვათა შორის, ისევე, როგორც ლანა ღოღობერიძის ფილმზე “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი”.
ასევე ნახეთ ბედისწერა და 2 ქალის ერთი პორტრეტიქალბატონ ლანას “ბერლინალემ” ნამდვილი ზეიმი მოუწყო. მისი ფილმის ყველა სეანსის შემდეგ იმართებოდა დისკუსიები. რეზო კიკნაძემ კი, რომელმაც ფილმის მუსიკაზე იმუშავა, საგანგებო კონცერტიც გამართა “რეფლექსიები ლანა ღოღობერიძის ფილმზე”.
Your browser doesn’t support HTML5
ორივე ეს ფილმი ბერლინში წარადგინა ახლახან დაარსებულმა საქართველოს კინოინსტიტუტმა, რომელიც აერთიანებს ეროვნულ კინოცენტრთან ბოიკოტში მყოფ ხუთასამდე კინემატოგრაფისტს. ქართული მუსიკა ისმოდა კინობაზრობის მიერ სპეციალურად კინოს ინსტიტუტისთვის გამართულ მიღებაზეც. აქ მუსიკალურ ნაწილს პიანისტი გიორგი გიგაშვილი უძღვებოდა.
Your browser doesn’t support HTML5
სტენდს, რომელიც საქართველოს კინოს ინსტიტუტს ჰქონდა ბერლინის კინოფესტივალის ბაზრობაზე, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა “დახლი” დაარქვა.
როგორც ბოიკოტში მყოფი კინემატოგრაფისტები აცხადებენ, ეს ორი სტენდი “ბერლინალეზე”, ერთი, ეროვნული კინოცენტრის და მეორე, კინოს ინსტიტუტის, ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს გვაქვს ქართულ კინოში. ეროვნულ კინოცენტრს ბერლინში ახალი ფილმები არ წარუდგენია - კინოცენტრის სტენდზე ქართული კინოს ისტორიის ამსახველი სურათები იყო გამოფენილი, რაც იგივეა, იტალიელებს ბერლინში ფელინის და ვისკონტის ფილმებით რომ ეამაყათ და ფრანგებს გოდარის შედევრების სურათები გამოეფინათ...
Your browser doesn’t support HTML5
მე ბერლინის ფესტივალზე სტუმრის სტატუსი მაქვს. ვცდილობ, არ გამომრჩეს ახალი ფილმები და განსაკუთრებით - საკონკურსო პროგრამა. ამიტომ კინობაზრობის მუშაობის დეტალებში ნაკლებად ვერკვევი. მაგრამ ამ დღეებში, პირად საუბრებში არაერთმა კოლეგამ გაიკვირვა გვერდიგვერდ გახსნილი ორი ქართული სტენდი.
ბერლინის ფესტივალზე კარგად იციან, როგორ ვითარდება კინო ცენზურის პირობებში და რას წარმოადგენს კინოპროცესების “ვერტიკალური მართვა”. თუმცა ხუთასამდე კინემატოგრაფისტის ბოიკოტის სხვა მაგალითს მე ვერავინ მისახელებს.
დღეს ორივე მხარე ამბობს, რომ ბერლინში ჰქონდათ საინტერესო შეხვედრები კინოფონდების ხელმძღვანელებთან, ფესტივალების დირექტორებთან, პროდიუსერებთან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ფული კინოს განვითარებისთვის ეკუთვნის ეროვნულ კინოცენტრს და არა კინოს ინსტიტუტს, ბოიკოტში მყოფ კინემატოგრაფისტებს პირველ რიგში “ხარისხის” იმედი აქვთ.
ფაქტია, რომ ბერლინში სწორედ ამ ხალხმა წარადგინა კინო, და ნაკლებად - საკუთარი თავი... ან თუნდაც ქვეყანა (ეროვნული კინოცენტრი უცხოელ კინემატოგრაფისტებს საქართველოს ტერიტორიაზე ფილმების გადასაღებად ეპატიჟებოდა), ფაქტია, რომ ბოიკოტში მყოფ ლანა ღოღობერიძეს ბერლინში შეხვდნენ, როგორც ქართული კინოს დედოფალს; ფაქტია, რომ “ბერლინალეზე” თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ დიახაც, კინოში ყველაფერი პოლიტიკაა.