ბერლინალე - ჟიურის საეჭვო გადაწყვეტილება და შესანიშნავი ქართული ფილმი 

კოვიდის ასკეზა

პანდემია რაც დაიწყო, ეს კითხვა არ მასვენებს - როგორი იქნება კინო, თუ კოვიდს ბოლომდე ვერ გავუმკლავდებით? რას გადაიღებენ, როგორ გადაიღებენ? ოპერა და თეატრი მიაგნებს გამოსავალს და ონლაინ -წარმოდგენებს გამართავს, მწერლები და მუსიკოსები ახალ შედევრებს შექმნიან იზოლაციაში (შეიძლება კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში)... რა ეშველება კინოინდუსტრიას? არა, იმას აღარ განვიცდი ახლა, რომ კინოთეატრები დაიხურა. მგონი, შევეჩვიეთ უკვე კომპიუტერებში კინოს ყურებას. ბოლოს და ბოლოს, ტელევიზორებში შევაერთებთ და მოვიწყობთ პატარა კინოთეატრს სახლში. პრინციპულობაც დავთმეთ ჯიუტმა კინოკრიტიკოსებმა და "ნეტფლიქსის" საიტზე განთავსებული ფილმებით ვმსჯელობთ კინოს ტენდენციებზე.

ჯანდაბას კინოთეატრები. კოვიდი დაემუქრა მთელ კინოხელოვნებას, შეცვალა მისი ენა, მისი გამომსახველობითი საშუალებები. სწორედ ეს გვიჩვენა, პირველ რიგში, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა - 1 მარტს გაიხსნა და 5 მარტს დაიხურა. კონკურსისთვის 15 ფილმი შეირჩა, მეტი არა. მეტი, უბრალოდ, არ იყო. ბერლინის ფესტივალის ისტორიაში პირველად კონკურსში არ ჩართეს არც ერთი ამერიკული ფილმი! სამაგიეროდ, საკონკურსო პროგრამის მესამედი გერმანულ კინოს ერგო.

საკონკურსო ფილმების სიმცირე არსებითად არც არავის გაჰკვირვებია. ასეთ პირობებში ფესტივალის ჩატარება, თუნდაც ვირტუალურად, ონლაინ ჩვენებებით, უკვე გმირობა იყო. თუკი გასულ წელს, სექტემბერში, ვენეციის კინოფესტივალმა ადვილად შეადგინა პროგრამა პანდემიამდე გადაღებული ფილმებით, ბერლინის ფესტივალს არჩევანი დიდი არ უნდა ჰქონოდა - პროდიუსერები ჯერ კიდევ "მალავენ" ფილმებს, რომელთა გადაღება კოვიდის გაჩენამდე თითქმის დასრულდა. აგერ, სტივენ სპილბერგმა უკვე მერამდენედ გადაიტანა "ვესტსაიდის ისტორიის" პრემიერა, ახლა უკვე 2021 წლის დეკემბრამდე. არადა, ფილმი, თითქმის 2 წელია, მზად არის. ცხადია, სპილბერგი კინოთეატრების გახსნას ელოდება. როგორ შეიძლება სანახაობრივ მიუზიკლს კომპიუტერში ვუყუროთ?

სანამ სპილბერგი და მისი თაობის რეჟისორები კოვიდის დამარცხებას ელოდებიან, სხვები გამოსავალს ეძებენ. 2021 წლის პირველი “ა” კლასის კინოფორუმის, “ბერლინალეს”, პოსტერს ასეთი წარწერა მოუხდებოდა: “კინო გამოსავლის ძიებაში”... საკონკურსო და კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართული ფილმების უმრავლესობა ზაფხულშია გადაღებული, როცა ვირუსი თითქმის მთელ მსოფლიოში შესუსტდა, თუმცა ხალხმრავალ კადრებს (“მასოვკას” რომ ეძახდნენ საბჭოთა ეპოქაში) ფილმებში იშვიათად ვნახავდით. ზოგიერთმა რეჟისორმა განგებ აირჩია აბსოლუტურად მინიმალისტური ესთეტიკა, რათა ასე მაინც დაეცვა უსაფრთხოება გადაღების დროს. ბევრს აშკარად გაუჭირდა. მაგალითად, თუნდაც ფრანგ ფემინისტს, სელიმ სიამას. მისი წინა ნამუშევრის პრემიერას კანში ტრიუმფალური წარმატება ჰქონდა; “ქალიშვილის პორტრეტი ცეცხლში”, კრიტიკოსების აზრით, წლის სენსაცია იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ “ბერლინალეს” კონკურსში ჩართულ სიამას სურათს “პატარა დედა” ფესტივალის ფავორიტად ასახელებდნენ. მაგრამ ვნახეთ სულ სხვა - კამერული დრამა, სატელევიზიო ფილმის სტილში, უსაშველოდ ბანალური და გადაღეჭილი თემით: როგორ იღვიძებს დედობა 8 წლის გოგონაში. უფრო სწორად, როგორ ხედავს ბავშვი დედაში საკუთარ თავს. რეჟისორი, რომელმაც 2 წლის წინ რადიკალიზმით, გაბედულობით მიიქცია ყურადღება, ვერაფერს უხერხებს ამ ახალ რეალობას. უბრალოდ, არ იცის, როგორ გადაიღოს კინო იმ მინიმალური საშუალებებით, რომლებიც დარჩა კინოს კოვიდის ეპოქაში.

ამ სიტუაციაში პანდემია, შეიძლება ითქვას, მადლი აღმოჩნდა იმისთვის, ვისთვისაც ლაკონიზმი და განტვირთულობა შემოქმედებითი პრინციპია, ვისთვისაც მინიმალური ბიუჯეტი სრულიად საკმარისია სამყაროს თავისებური ხედვის წარმოსაჩენად. ბერლინის ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ჩართული ორი ასეთი ფილმი გამარჯვებულებს შორის დაასახელეს.

აღმოსავლეთი

ორივე სურათის ავტორს, კარგა ხანია, ფრანგ კინორეჟისორს, ერიკ რომერს, ადარებენ. სან-სუ ჰონი, საკონკურსო ფილმ “შესავლის” რეჟისორი, კორეელია, რიუსუკე ჰამაგუტი, რომლის “ბედის და ფანტაზიის ბორბალი” ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზით, “ვერცხლის დათვით”, აღინიშნა, - იაპონელი.

სან-სუ ჰონისთვის ისევ მნიშვნელოვანია ჩარჩო-საზღვრიდან გამოსვლის თემა. “შესავალი” განსხვავებული სიუჟეტების ერთობლიობაა. ერთი ამბავი, თავისი პერსონაჟებით, რბილად გადადის მეორეში და ავტორი, ისევე როგორც თავის სხვა ფილმებში, ცდილობს შექმნას მთლიანი სამყაროს სახე. აქ, “შესავალში”, სურათის გმირი - ახალგაზრდა კაცი - ბერლინში ჩააკითხავს შეყვარებულს, რომელიც ევროპაში მოდის ისტორიას სწავლობს. მერე ისევ კორეას უბრუნდება, თუმცა გარემო დიდად არ იცვლება. სან-სუ ჰონისთვის გარემოს მაინცდამაინც არც აქვს მნიშვნელობა. აქცენტი კეთდება ადამიანებზე, მათ რეაქციებზე, მათ ჟესტზე, მიმიკაზე. ეგაა რომ “შესავალში” ეს ყველაფერი იმდენად ვირტუოზულად არაა აწყობილი, როგორც კორეელი რეჟისორის სხვა ფილმებში. მეორეხარისხოვანი პრიზი საუკეთესო სცენარისთვის უფრო ვალის მოხდა იყო “კორეელი რომერის” წინაშე, რადგან სწორედ სცენარი, კლასიკური გაგებით, ამ ფილმს არა აქვს. თავად რეჟისორი ამბობს, რომ თითქმის ყველა მიზანსცენა იმპროვიზაციაზე აიგო. ამიტომ უფრო ბუნებრივი იქნებოდა, ალბათ, კორეელი კლასიკოსის ახალი ნამუშევარი აღენიშნათ პრიზით მსახიობთა საუკეთესო ანსამბლისთვის.

სამაგიეროდ, ჟიურიმ “იაპონელი რომერი” უფრო დააფასა. “ბედის და ფანტაზიის ბორბალშიც” სამი ამბავია გაერთიანებული ერთი პერსონაჟი ქალით. თავად რეჟისორი აღიარებს, რომ მინიმალისტური მიზანსცენები (სამივე ნოველაში, უფრო სწორად, სამ სასიყვარულო ისტორიაში მხოლოდ 2-3 პერსონაჟს იხილავთ) ფილმში პანდემიის შეზღუდვებმა განაპირობა. ჰამაგუტის ახალი სურათიც არაა მისი საუკეთესო ნამუშევარი. მე პირადად მისი “ასაკო 1 და 2”, 2018 წელს გადაღებული ფილმი, ბოლო დროის იაპონური კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სურათი მგონია. იქ ჰამაგუტი გვიამბობს ახალგაზრდა გოგოზე, რომელსაც “გაორებული ყმაწვილი” უყვარს - ანუ რეალური და მოგონილი, წარმოსახვითი. ასაკო იზრდება, ემშვიდობება ახალგაზრდობას. მასთან ერთად იცვლება გარემოც - სინამდვილე სულ უფრო ნაკლებად ემსგავსება წარმოსახვით რეალობას. რომელ ხელოვნებას შეუძლია ყველაზე უკეთ გამოხატოს გაზრდის (“დაქალების”) ეს პროცესი, თუ არა კინემატოგრაფს? ეგ არის, რომ ამ პროცესის საჩვენებლად რეალობამ უნდა მოგცეს კამერაში აღბეჭდვის უფლება. პანდემიის ეპოქაში კი ეს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ “ბედის და ფანტაზიის ბორბალი” უკვე მოკლებულია იმ უსაზღვროებას, გამჭვირვალობას, რომელიც იყო ჰამაგუტის წინა ფილმში - სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, სრულიად დაუფასებელში... სამაგიეროდ, ბერლინში დააფასეს იაპონელი რეჟისორის ახალი, ბევრად უფრო სუსტი ნამუშევარი, ასევე ნაკლებად შეკრული და, ცოტა არ იყოს, ეპიგონური. ფილმის ყურების პროცესში სულ მქონდა გრძნობა, რომ ეს ამბები ზეპირად ვიცი და სადღაც მინახავს. სადღაც რომერთან ან იმავე სან-სუ ჰონთან.

დიახ, „ბერლინალემ“ ავტორიტეტები ვერ გაწირა და დააფასა მათი ენთუზიაზმი კინოსათვის მძიმე დროში. თუმცა ჟიურის კრიტიკოსთა რისხვა არ ასცდებოდა, ახალგაზრდები საერთოდ რომ არ შეემჩნია და პრიზების გარეშე დაეტოვებინა მართლა კარგი ფილმები. აღმოსავლეთმა “ახალგაზრდულ ტერიტორიაზეც” დაჯაბნა დასავლეთი.

30 წლის ვიეტნამელი რეჟისორის, ბაო ლოს, ფილმი “გემო”, რომელიც “ბერლინალეს” მეორე, არაძირითად, კონკურსში უჩვენეს, ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა. ვფიქრობ, კანში ან ტორონტოში ამ ულამაზეს სანახაობას უფრო დააფასებდნენ. ბოლოს და ბოლოს, სწორედ კანში გაბედეს თავის დროზე და აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმი “ძია ბუნმი” ფესტივალის მთავარი “პალმით” აღნიშნეს. ბაო ლოს ბევრი რამ აკავშირებს ტაილანდელ რეჟისორთან. პირველ რიგში, საოცარი უნარი შექმნას სანახაობა არაფრისგან, სიცარიელისგან... უფრო მეტიც, ეს სიცარიელე წარმოგვიდგინოს როგორც თავისებური ზესიმართლე, როგორც ყველაზე დაუვიწყარი ხილვა ადამიანის ცხოვრებაში. შეხედეთ ვიეტნამური ფილმის ტრეილერს და უმალვე ფანტასტიკურ რეალობაში აღმოჩნდებით

ფილმის გმირი ნიგერიელი ფეხბურთელია, რომელიც ვიეტნამის გუნდში მოხვდა, მაგრამ, როგორც თვითონ ჰყვება, ფეხი მოიტეხა და სამუშაო მალევე დაკარგა - დარჩა სახლ-კარის და საარსებო საშუალების გარეშე. იგი შეიფარა ოთხმა ასაკოვანმა ქალმა და მათთან ერთად დაიწყო ცხოვრება სარდაფისმაგვარ სივრცეში, ყველასა და ყველაფრისგან იზოლირებულად. არსებითად მან მხოლოდ წარმოიდგინა ასეთი ცხოვრება, მხოლოდ ხილვა ჰქონდა, რადგან ის, რაც აღწერა ვიეტნამელმა რეჟისორმა, უფრო სამოთხეს ჰგავს, ვიდრე რეალობას. ქალები ნიგერიელ აპოლონს თავს ევლებიან, ეალერსებიან, უმღერიან. ეს ყოფილი ფეხბურთელიც სიყვარულით უპასუხებს, მასაჟებს უკეთებს, ართობს. თუმცა სიტყვა “სიყვარული” ცოტა უცნაურად უნდა ჟღერდეს იმ სანახაობისთვის, რომელსაც გვთავაზობს ბაო ლო. რეალურად აქ მხოლოდ ის რიტუალები თამაშდება, რომლებიც ჩვენ ცხოველთა სამყაროსთან გვაერთიანებს - აქ ჭამენ, სექსით ერთობიან, სძინავთ და ყველას დასანახად მოსაქმებასაც არ თაკილობენ. ეს ხალხი ბედნიერად გრძნობს თავს და უზარმაზარი საჰაერო ბუშტით გაფრენასაც კი ცდილობს. ადამიანი თავს სამოთხეში ხედავს, როცა ბუნებას ემსგავსება, როცა ცხოველს ემსგავსება (ცხოველებიც ხშირად ჩნდებიან ფილმის კადრში)… პრობლემები მაშინ ჩნდება, როცა ამ სამოთხეში შემოაღწევს ის, რასაც ჩვენ “კულტურას” ვუწოდებთ. სწორედ კულტურა დაგვანახვებს განსხვავებას კანის ფერში, კულტურა შეგვიქმნის ენობრივ ბარიერებს, კულტურა “აგვიხსნის”, რომ ასაკოვანი ქალი, დანაოჭებული სხეულით და ჭაღარა თმით, არ უნდა გააშიშვლო, რომ ეს არაა ლამაზი! ამ დროს ხვდები, რომ “გემო” - ეს არის ფილმი არა იმდენად მოგონილ სამოთხეზე, არამედ სწორედაც რომ სიცოცხლის გემოზე, ყველაფერ ცოცხალზე, რასაც კულტურამ რეპრეზენტაციის უფლება წაართვა.

მაგრამ კულტურა არამარტო ყველაფერი ცოცხალისა და ბუნებრივის შენიღბვას ცდილობს. მას შეუძლია დაანგრიოს ადამიანი, დაუკარგოს ცხოვრების საზრისი, არსებობის მოტივაციაც კი. კულტურას შეუძლია იძალადოს. სწორედ ასეთი სახით გამოიხატება კულტურა “ბერლინალეს” კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართულ ფილმში “უმანკოების დასასრული”, რომელშიც ლიბანური წარმოშობის არგენტინელი რეჟისორი, ჯორჯ ბარბარი, თავისი სიყმაწვილის ერთ ეპიზოდზე გვიამბობს, პირველ სექსუალურ გამოცდილებაზე, ძმაკაცებთან ერთად სექსმუშაკთან შეხვედრაზე და ფსიქოლოგიურ ტრავმაზე, რომელიც ბორდელში ვიზიტის დროს მიიღო.

არაერთი კარგი ფილმი გვინახავს ქალებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე, მაგრამ კარგ ფილმს, რომელშიც ვნახავდით როგორ ძალადობს კულტურა ბიჭებზე, მე ვერ ვიხსენებ. აქ, ლიბანურ სურათში, თანაბარი დრო ეთმობა როგორც სექსუალურ აქტს, რომელშიც გამოუცდელმა ბიჭმა “ვაჟკაცობა” უნდა გამოავლინოს (პატრიარქალურ რეალობაში ეს პროცესი ერთგვარი გამოცდაა კაცისთვის), ასევე პაემნისთვის მზადების პროცესს. სურათის მთავარი გმირი, ეტიენი, და მისი სამი მეგობარი გადაწყვეტენ შეაგროვონ ფული და ეწვიონ ბორდელს სწორედაც რომ “მამაკაცობის გამოსაცდელად”. ბიჭები ნერვიულობენ, ხმამაღლა ლაპარაკობენ, აფორიაქებულები არიან. ვხედავთ, რომ მარცხის ეშინიათ, თუმცა არ იმჩნევენ.

ჩვენ, ქართველებმა, წლებია უკვე, გავიაზრეთ ველურობა რიტუალისა “მამამ ბოზებში წამიყვანა”. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ადამიანის პირად სივრცეში მამების ასეთ ჩართვაზე ლიბანშიც უარს ამბობენ. მაგრამ რა შეიცვალა ამით? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საზოგადოება ნაკლებად პატრიარქალური გახდა? როდესაც კულტურა სექსუალურ ვნებებზე თამაშობს, ბუნებრივი სურვილების ექსპლუატაციას იწყებს, ახალგაზრდებს აიძულებს, როგორც ფილმში ამბობენ, “დაკარგოს უმანკოება” მხოლოდ იმიტომ, რომ “ასეა საჭირო”(“ამ ასაკში აუცილებელია”), თავად კულტურა გვევლინება უკვე მოძალადის როლში. ამიტომაც ამ საზოგადოებაში სექსუალური ძალადობის უკვე აღარავის უნდა უკვირდეს.

და არამარტო სექსუალური ძალადობის. პატრიარქალური კულტურა ძალადობს ყველგან, სადაც ამის საშუალება ეძლევა. ძალადობს იქ, სადაც სიღარიბეა, სადაც არიან სუსტები და ძლიერები. და ვინაა ყველაზე სუსტი, ყველაზე გამოუცდელი, თუ არა ბავშვები - განკიცხულნი, სიყვარულს მოკლებულნი, სახიჩარნი ძალადობრივ სივრცეში. ასევე კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართული თურქული ფილმის, “სასკოლო გაპარსვის” , მოქმედება აღმოსავლეთ ანატოლიის მაღალმთიანი სოფლის სკოლაში ხდება. ბავშვებს აქ თავისებურად სჯიან - გადაპარსავენ ხოლმე თანაკლასელების თვალწინ. თანაც არამარტო ცელქობის გამო. საშინელი სასჯელი ელის იმას, ვინც თანაკლასელის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს, ვინც თანაუგრძნობს მეგობარს.

ფერიტ კარახანი ამ “სასკოლო იგავში”, რომელიც კინოს მოყვარულებს ჟან ვიგოსა და ფრანსუა ტრიუფოს შედევრებს გაახსენებს, წარმოგვიდგენს ერთგვარ მოდელს ავტორიტარული სამყაროსი, თუმცა ჩაკეტილი სივრციდან თავის დაღწევის ვერანაირ საშუალებას ვერ ხედავს. იგავს ბოროტებაზე არა აქვს ბედნიერი დასასრული. და რაც უფრო სევდიანია აღმოსავლური იგავი და ზღაპარი, მით უფრო მეტად სცილდება იგავ-არაკის საზღვრებს, მით უფრო მეტად იხსნება რეალური ცხოვრებისთვის.

ამას ადასტურებს თუნდაც თანამედროვე ირანული კინო, რომელმაც, ამოწურა რა იგავური ფორმების ყველა რესურსი, დაიწყო რა უკვე მიღწეულის ტირაჟირება, კარგა ხანი ვერ მოახერხა მიეგნო აქაური ცენზურისგან თავის დაღწევის ახალი ფორმებისთვის. ბოლოს და ბოლოს, ირანელი რეჟისორები მიხვდნენ, რომ გადაკრულ ნათქვამს, კინოს, რომელმაც არა მარტო დრო დაკარგა, არამედ სივრცეც, კინოს, რომელიც გადაიქცა, უბრალოდ, ლამაზი სურათების ერთობლიობად, ისევ ნახევრად სიმართლე სჯობია. ასე შემოვიდა აქ რეალობა, შეიძლება ითქვას, სანახევროდ შემოვიდა - ჯერჯერობით ძალიან ფრთხილად, როგორც ირანულ საკონკურსო ფილმში “ბალადა წმინდა ძროხაზე”. სურათის გმირი ახალგაზრდა ქვრივია, რომლის ქმარი ცოტა ხნის წინ სიკვდილით დასაჯეს. ფილმის მსვლელობის დროს აღმოჩნდება, რომ თავის დროზე მოსამართლემ შეცდომა დაუშვა და უდანაშაულო ადამიანი არასწორად გაასამართლეს. ახლა ის მოსანანიებლად მიდის ფილმის გმირთან, თუმცა შეცდომის აღიარებას კარგა ხანი ვერ ბედავს.

მიაქციეთ ყურადღება? სურათის ავტორები ვერ ბედავენ გამოხატონ პოზიცია სიკვდილით დასჯის მიმართ. ისინი აპროტესტებენ მხოლოდ არასწორად გამოტანილ განაჩენს. თუმცა, ამავე დროს, მაყურებელს აძლევენ შანსს დაფიქრდეს, რამხელა რისკს მოიცავს სიკვდილით დასჯის გამართლება. სიკვდილით დასჯა ხომ გამოუსწორებელია - თუკი სასამართლო შეცდომა მოხდა, მისი გამოსწორება უკვე შეუძლებელი იქნება. ესაა და ეს. თუკი სანახევროდ თქმულ სიმართლეს წარმოვიდგენთ ემოციებით გადაჭარბებულ ფილმში (ავტორებისთვის რატომღაც აუცილებელი გახდა იმის ჩვენება, რომ სურათის გმირი ყრუ-მუნჯ გოგონას ზრდის) მივიღებთ, უბრალოდ, “საპნის ოპერას”, რომელსაც კატასტროფულად არ ჰყოფნის სოციალური და მით უმეტეს, პოლიტიკური სიმძაფრე. ეს უკვე არ ვიცი, რას უნდა დავაბრალოთ - ზედაპირულობას, ცენზურის შიშს, თუ ისევ და ისევ პანდემიას, რომელმაც განსაკუთრებით დააზარალა ევროპელი რეჟისორების ფესტივალზე წარმოდგენილი ფილმები.

დასავლეთი

ნორმანდიის პატარა ქალაქის პოლიციელი, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს თავის ფეხმძიმე ცოლთან და მცირეწლოვან გოგონასთან ერთად, თვითმკვლელობის ცდის მოწმე ხდება. ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ რეგიონში - მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ახალი რეგულაციები დაუწესა ადგილობრივ ფერმერებს, გაღატაკების პირას აღმოჩნდა არაერთი ადამიანი. პოლიციელი, რომლის როლს ასრულებს ფრანგული და ბელგიური კინოს ვარსკვლავი, ძმები დარდენების მუზა, ჟერემი რენიე, ცდილობს ხელი შეუშალოს ახალგაზრდა ფერმერს, მაგრამ პირიქით ხდება, შემოაკვდება. ტრაგიკული შემთხვევა მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას, მის ურთიერთობას საყვარელ ადამიანებთან. იგი ახლა თავად იწყებს თვითმკვლელობაზე ფიქრს.

ესაა ფილმი “ალბატროსი”, ფრანგული კინოს ახლა უკვე ცოცხალი კლასიკოსის, ქსავიე ბოვუას, ახალი ნამუშევარი, გადაღებული ნორმანდიის სანაპიროზე 2020 წლის ზაფხულში. თითქოს ყველაფერია ამ სურათში, რაც სჭირდება კარგ კინოს - დასამახსოვრებელი დიალოგები, ბოლომდე დაჭერილი რიტმი, აზრის განვითარება, შესანიშნავი მსახიობები, სოციალური, პოლიტიკური ფონი, აპათიის შეგრძნება, რომელიც ლამის კოვიდის ეპოქის ატრიბუტი გახდა, მაგრამ მაინც აკლია მასშტაბი, აკლია ზემოქმედების ძალა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად ავტორია ღრმა დეპრესიაში, არ ენდობა მაყურებელს, არაა დარწმუნებული, რომ გავუგებთ მისი ფილმების გმირებს და ემოციური გამძაფრების პრიმიტიულ ხერხებს მიმართავს. არ მოვყვები, როგორ განვითარდება ამბავი ფინალისკენ - “ალბატროსს”, ალბათ, სულ მალე იხილავს ჩვენი მაყურებელი, რასაც დარწმუნებით ვერ ვიტყვი გერმანულ ფილმებზე, რომლებიც ბევრი, ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრი იყო “ბერლინალეს” პროგრამებში. ბერლინის ფესტივალზე ეს უკვე ტრადიციაა - დააგროვებენ ხოლმე გერმანულ ფილმებს “ბერლინალესთვის” (თითქოს წინასწარ იციან, რომ ამ სურათებს შანსი არა აქვთ სხვა კინოფორუმებზე), საზეიმოდ აწყობენ მათ პრემიერას თებერვალში, აჯილდოებენ კიდეც “დათვებით”, მერე კი, როგორც წესი, გერმანული ფილმები კინემატოგრაფიული სივრციდან ქრებიან, მათ უმრავლესობას ყველა ივიწყებს - განსაკუთრებით, გერმანიის საზღვრებს გარეთ.

წლევანდელი ონლაინ-ჩვენებები “ბერლინალეს” დირექციამ სწორედ გერმანული ფილმით დაიწყო. მარია შრადერის “ შენი კაცი ვარ” გვიამბობს პერგამონის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელზე, მარტოხელა ქალზე, რომელსაც კოლეგები სთავაზობენ მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში - 3 კვირა რობოტთან ერთად იცხოვროს. მანქანა-ანდროიდი მისი გემოვნებისა და მოთხოვნილებების მიხედვითაა აწყობილი, იდეალური მამაკაცია, რომელმაც ფილმის გმირი უნდა გააბედნიეროს. მაგრამ ბედნიერება კომფორტს არ მოაქვს. ხელოვნური, “ავტომატიზებული” სიყვარული საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი.

სულ მქონდა უხერხულობის განცდა, როცა ამას ვუყურებდი. ხელოვნურობა და სიყალბე მოდიოდა ფილმის ყველა კადრიდან. ავტორს თითქოს სურს დაგვანახვოს, როგორ მოექცა თანამედროვე დასავლელი ადამიანი კომფორტისა და კეთილდღეობის ტყვეობაში, მაგრამ სატირის ჟანრისთვის გაქანება არ ჰყოფნის. სატირა, მით უმეტეს ფანტასტიკის ელემენტებით, ურთულესი ჟანრია კინოსთვის. ოდნავ ზედმეტი უტრირება და ყველაფერი ინგრევა ეკრანზე. როცა ხედვის კუთხე შეზღუდულია, უბრალოდ, იძულებული ხარ მიმართო პირობითობას, რომელიც, თავის მხრივ, კინოს ბუნებას ეწინააღმდეგება. საბოლოო ჯამში, ვიღებთ სატირას, მაგრამ აღარ გვაქვს კინო.

ეს უკვე ტენდენცია ხდება ევროპულ კინოში. გვაქვს პოლიტიკური მანიფესტები, გვაქვს “იდეოლოგია”, მაგრამ აღარ გვაქვს ხელოვნება; გვაქვს სატირა, შეზავებული ზიზღით, მაგრამ აღარ გვაქვს თანაგრძნობა. შემზარავია ეს სურათი და თუკი პანდემია კიდევ დიდხანს გაგრძელდა, სრული კატასტროფით შეიძლება დასრულდეს კინოხელოვნებისთვის. მით უფრო სამწუხაროა, რომ წლევანდელ “ბერლინალეზე” ჟიურიმ არათუ არ გაიაზრა ეს საშიშროება, არამედ გარკვეული თვალსაზრისით მხარიც დაუჭირა პროცესს, აღნიშნა რა ფესტივალის მთავარი პრიზით კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სურათი, რუმინელი რეჟისორის, რადუ ჟუდეს, “წარუმატებელი სექსი, ანუ გაგიჟებული პორნო” , ბერლინის 2021 წლის კინოფესტივალის ერთადერთი საკონკურსო ფილმი, რომლის ავტორი არ ნიღბავს პანდემიის ეპოქას... უფრო პირიქით, ხაზს უსვამს იმას, რომ სურათი სწორედ დღევანდელ რუმინეთშია გადაღებული; შენიღბულები (პირბადეებით) აქ მხოლოდ ფილმის პერსონაჟები არიან.

ფესტივალის ჟიურის წევრებისგან არ მიკვირს, ეს “ანტიკინო” საუკეთესოდ რომ აღიარეს. არც ერთ ამ რეჟისორს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს მათი ფილმები ბერლინში “ოქროს დათვით” აღნიშნეს, კინოს ენა არ გაუმდიდრებია და რაიმე განსაკუთრებული სიახლით არ დაუმახსოვრებია თავი. შეიძლება ამ გადაწყვეტილებით სურდათ დაეფიქსირებინათ რეალობა, რომელშიც აღმოჩნდა კინემატოგრაფი კოვიდის ეპოქაში... პირბადიანი ადამიანი კინოსთვის დამღუპველია. კინო სახის ხელოვნებაა და ადამიანს თუ პირბადე ჩამოაფარე, უნდა აღიარო, რომ, ფაქტობრივად, სიცოცხლე შენიღბე ეკრანზე, ცოცხალი მზერა შენიღბე, მოძრავი მზერა, ანუ ის, რისი წარმოდგენაც კინოს და მხოლოდ კინოს შეუძლია. ამის გარეშე გვრჩება “თოჯინების თეატრი”, როგორც რუმინულ სურათში, რომლის ავტორი, უბრალოდ, გვაძალებს გავიცინოთ იმაზე, რაზეც, სავარაუდოდ, თვითონ ეცინება, მაგრამ რაც ნამდვილად არაა სასაცილო.

რადუ ჟუდეს ფილმის გმირი საშუალო სკოლის მასწავლებელი ქალია, რომელმაც ქმართან ერთად რატომღაც სამოყვარულო პორნოს გადაღება მოინდომა. ვიდეო მალევე გავრცელდა. მასწავლებელი იცნეს და სკოლაში მორალური სასამართლო” მოუწყვეს. მშობელთა კრებაზე ისინი, ვინც მასწავლებლის დასჯას მოითხოვს, დიდი ინტერესით უყურებენ პორნოს. ამ სცენაში უკვე გასაგები ხდება, რომ ჟუდე ცდილობს დახატოს თანამედროვე რუმინული საზოგადოების პორტრეტი, ამხილოს ეს ხალხი პირმოთნეობაში, ფარისევლობაში. მაგრამ როდესაც მაყურებელი კონკრეტულს თითქმის ვერაფერს ხედავს. როდესაც ეკრანზე მხოლოდ პირბადიანი თოჯინები მოქმედებენ, საეჭვოა ფილმმა რამე შეცვალოს მასში, რაღაცით მაინც დააფიქროს. დაგვრჩება მხოლოდ მანიფესტი, პოლიტიკური განაცხადი ტექსტით, რომელიც, შეიძლება ითქვას, “გადაიღეჭა” უკვე.

რადუ ჟუდეს ფილმი კინოს მოყვარულებს, პირველ რიგში, დიდი იუგოსლაველი რეჟისორის, დუშან მაკავეევის, ფილმებს გაახსენებს. მაკავეევი ქმნიდა პაროდიული ხასიათის იუმორისტულ სანახაობებს, ქილიკობდა სისტემაზე, მაგრამ, ჟუდესგან განსხვავებით, თითქმის არასდროს ეხებოდა კონკრეტულად ადამიანებს, ამ სისტემის მსხვერპლთ. სხვათა შორის, მის ერთ ფილმს “მანიფესტი” ჰქვია. ესეც მაკავეევის ირონიაა. იგი არ გამოსცემდა მანიფესტებს. ეს კაცი კინოს იღებდა.

ქართველები

ქართული კინო ბერლინის ფესტივალზე ერთდროულად ორ პროგრამაში მოხვდა: სალომე ჯაშის დოკუმენტური სურათი “მოთვინიერება” - პრესტიჟული “ფორუმის” კონკურსში, ხოლო ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” - ძირითადში. თავისთავად ეს უკვე დიდი გამარჯვებაა. “ფორუმი” დღემდე ითვლება ე.წ. “ალტერნატიული კინოს” ავტორიტეტულ ფესტივალად, ბერლინის ფესტივალის კონკურსში მოხვედრა კი, ფაქტობრივად, უკვე ადგილია კინოს ისტორიაში. 1993 წლის შემდეგ, როცა თემურ ბაბლუანის “უძინართა მზე” “ვერცხლის დათვით” აღინიშნა (უძლიერეს კონკურსში, რომლის მსგავსი, ჩემი აზრით, არ ღირსებია ბერლინის ფესტივალს) ქართული ფილმები ფესტივალის მთავარ სექციაში არასდროს ჩაურთავთ.

ვერასდროს დავივიწყებ “უძინართა მზის” პრემიერას “ცოო-პალაცში”, დასავლეთ ბერლინის კინოთეატრში, სადაც ტარდებოდა ბერლინის ფესტივალი სანამ პოტსტამის მოედანზე კინოცენტრი გაიხსნებოდა და ფესტივალის სასახლე აშენდებოდა. თემურ ბაბლუანს ოვაციები ფილმის მსვლელობის დროს მოუწყვეს. ხალხი იცინოდა და ტიროდა. პუბლიკის ასეთი მოულოდნელი რეაქცია იმასაც კი გადაედებოდა, ვისაც ფილმის მხატვრულ ღირებულებაში ეჭვი ეპარებოდა. ესაა კინოხელოვნების ძალა. ამიტომ უნდა უყუროს ადამიანმა ფილმს კინოთეატრში.

ძალიან მაინტერესებს როგორ აღიქვამდა დარბაზი სალომე ჯაშის ფილმს “მოთვინიერება”, ამ სურათის პრემიერა ბერლინის კინოთეატრში რომ მოწყობილიყო. მაინტერესებს რას გაიგებდა მაყურებელი, რას იტყოდა, რაზეა და ვისზეა ეს ფილმი. დავუშვათ, წაიკითხა სინოფსისი და გაიგო, რომ “ეს არის ოდა, რომელიც ადამიანსა და ბუნების დაპირისპირებას ეძღვნება. ძლევამოსილი ადამიანი ყიდულობს ასწლოვან ხეებს და თავის კერძო ბაღში გადააქვს”… თუ “მოთვინიერება” არის მხოლოდ ზღაპარი ბოროტ და ძლევამოსილ კაცზე, რომელიც ანადგურებს ბუნებას, მიაწვდის თუ არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ფილმი მაყურებელს? უცხოელ მაყურებელს ვგულისხმობ, თორემ ჩვენ კი ვიცით, ვინაა ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ყველა არ მიიჩნევს “ძლევამოსილ ადამიანად, რომელიც ყიდულობს ასწლოვან ხეებს და თავის კერძო ბაღში (!)” გადააქვს. ვფიქრობ, “მოთვინიერებას” თუნდაც შესავალი ტექსტი რომ ახლდეს, სულ მცირე ინფორმაცია მაინც საქართველოს არაფორმალურ მმართველზე (“რომელსაც უყვარს ხეები”), ფილმი ბევრად უფრო მეტს მოიგებდა, მათ შორის ბერლინის “ფორუმის” რომელიმე პრიზსაც.

მაგრამ დავუშვათ ახლა, რომ “მოთვინიერებას” არა აქვს პრეტენზია მიაწოდოს მაყურებელს ინფორმაცია. ანუ ეს ფილმი არაა სატელევიზიო გადაცემა თუ საგამომძიებლო ჟურნალისტიკა. არის მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც სასურველია კინოდარბაზში უყურო, დიდ ეკრანზე. ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ავტორების მიზანი, ამიტომ აირჩიეს შორი და საშუალო ხედები, სურათოვანი სტატიკური კადრები, მე ვიტყოდი, აირჩიეს ანტისატელევიზიო კინო, რომელსაც უნდა წარმოედგინა ნგრევის, ბუნების განადგურების რიტუალი ისე, რომ თავად ავტორი არ ჩარეულიყო სანახაობაში, არ მიემართა აქცენტებისთვის, უარი ეთქვა პედალზე. ვფიქრობ, სწორედ ამ კუთხიდან უნდა განვიხილოთ “მოთვინიერება” და დავიწყოთ დავა იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი დღეს დოკუმენტურ კინოში რეალობის აღბეჭდვა ობიექტური (ცივი) მზერით და, თუ მაინც შესაძლებელია, ვის სჭირდება ეს, რას შეცვლის ასეთი კინო მაყურებელში?

თავის დროზე მიხეილ რომს “ჩვეულებრივი ფაშიზმის” პრემიერის შემდეგ მაგრად შეუტიეს პრინციპული, დემონსტრაციული სუბიექტურობის გამო. რომის შედევრის კრიტიკოსები წერდნენ, რომ ავტორს არა აქვს დოკუმენტურ კინოში მუშაობის გამოცდილება და მეტისმეტად თავისუფლად ექცევა ქრონიკას. გახსოვთ, რას აკეთებს იქ რომი? ნაციონალ-სოციალიზმის ისტორიის ამსახველ კადრებს ისე უკეთებს კომენტარს, თითქოს ფეხბურთის მატჩი მიჰყავდეს. რომი ცდილობს დაამყაროს თავისებური ვირტუალური დიალოგი მაყურებელთან, ესაუბროს მას, გამოიწვიოს ის ფიქრის პროცესში. ამისათვის ის არ ერიდება ქრონიკით მანიპულირებას. უფრო მეტიც, ის აღიარებს, რომ ხელოვნება თავადაა მანიპულაცია და ვინც ამას უარყოფს, ის, უბრალოდ, თავს იტყუებს. მთავრდება ფილმი და უამრავი სახე გვამახსოვრდება. ვხვდებით, რომ “ჩვეულებრივი ფაშიზმი” არა მარტო ბოროტების დოკუმენტია, არამედ იმპულსი კათარზისისთვის.

ბოროტების დოკუმენტის შექმნას ცდილობს სალომე ჯაშიც. “მოთვინიერება” ისტორიას დაუტოვებს სიგიჟეს, რომელსაც “ვიღაც მდიდარი კაცი” ავლენს ბუნების მოთვინიერების პროცესში. მაგრამ რას დაუტოვებს ფილმი თანამედროვე მაყურებელს? აი, ეს არ ვიცი. რა დაამახსოვრდება მაყურებელს ფილმის დასრულების შემდეგ? ჭაბურღილები? შავი ზღვის ძალიან ლამაზად გადაღებული პეიზაჟები? შეიძლება. ოღონდ არა ადამიანები. კამერა მათთან ახლოს არ მიდის (შეიძლება ითქვას, “პრინციპულად არ მიდის”), ერთი მხრივ, იმიტომ რომ სურათოვნების განცდა არ წაიშალოს და, მეორეც, ჩემთვის სრულიად გაუგებარი “ეთიკის” გამო, თითქოს კამერამ დოკუმენტურ კინოში მაქსიმალურად უნდა დაიცვას დისტანცია პერსონაჟებთან. ამ შემთხვევაში დისტანცია ავტორის პოზიციაცაა - ის უარს ამბობს შეაფასოს “ძლევამოსილი კაცი”, სრულიად კონკრეტული პიროვნება, ბიძინა ივანიშვილი! “ძლევამოსილი კაცი” თავიდანვე წარმოდგენილია როგორც მეტაფორა, როგორც განსახიერება სისტემისა, იდეოლოგიისა. ასეთ შემთხვევაში ვიღებთ იმას, რაც უნდა მივიღოთ - უფრო იდეოლოგიურ მანიფესტს, ვიდრე კინოს.

მოძრავი მხატვრული გამოსახულების ორბუნებრიობა მუდმივად უქმნის ხოლმე პრობლემას კინემატოგრაფისტებს. ზოგჯერ პროფესიონალებსაც უჭირთ იმის გააზრება, რომ მხატვრული სახე კინოში ერთდროულად კონკრეტულიცაა და პოეტურიც, ყოფითიც და მეტაფორულიც. იდეალური ფილმი ამ წინააღმდეგობათა ჰარმონიას გულისხმობს. კინოს ისტორიაში მსგავსი ჰარმონია ბევრი არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს. გვაქვს შედევრები და ძალიან კარგი ფილმები. თანამედროვე კინოში ორბუნებიანი სახის იდეალური მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ძმებ დარდენებთან, ანდრეი ზვიაგინცევთან, ლი ჩან დონთან. სხვებიც არიან. ბერლინის წლევანდელმა კინოფესტივალმა ამ სიას ახალი სახელი შემატა - ალექსანდრე კობერიძე.

“რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ”, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალ “სკრინის” გამოკითხვით საკონკურსო პროგრამის საუკეთესო სურათებს შორის მოიხსენიეს, ჟიურის პრიზის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ, ქართული ფილმი აღინიშნა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის მთავარი პრემიით, ანუ ალესანდრე კობერიძის სურათი საუკეთესოდ ცნო ხალხმა, ვისთვისაც ფილმი კინოს ისტორიის ნაწილია, მხატვრული ნაწარმოებია და არა, უბრალოდ, მანიფესტი. ეს “სინეფილური ენა”, რომლითაც ახალგაზრდა რეჟისორი მაყურებელთან კონტაქტს ამყარებს, ეს პარალელები და ციტატები (პირველ რიგში, რობერ ბრესონთან, მაგრამ სხვებთანაც, მიხეილ კობახიძესთან, რენე კლერთან, “ახალი ტალღის” ფრანგ რეჟისორებთან) გამაღიზიანებელი იქნებოდა, “pigeon”– ობად, სტუდენტურ მეტიჩრობად აღიქმებოდა, რომ არა იუმორი და თვითირონია, რომლითაც სუნთქავს ამ ფილმის ყოველი კადრი. იმისათვის, რომ ეს იუმორი იგრძნო, გარკვეული დრო გჭირდება, სულ რამდენიმე წუთი ფილმში შესასვლელად. მერე უკვე ყველაფერი ძალდაუტანებლად ხდება - ითავისებ ამ ურბანული ზღაპრის ყველა სახეს, უპრობლემოდ მიჰყვები რეჟისორის უჩვეულო თხრობის მანერას, იზიარებ თამაშის წესებს და ფანტასტიკური ისტორია ახალგაზრდა ქალ-ვაჟზე, რომელთაც ერთმანეთი შეუყვარდათ, მაგრამ ჯადოს მსხვერპლნი აღმოჩნდნენ და სახე შეეცვალათ, სრულიად ბუნებრივ, რეალურ ამბად გეჩვენება.

ესაა მაგიური რეალიზმი კინოში, სხვა კი არაფერი. ესაა ორბუნებრივი კინემატოგრაფიული სახეების “ატრაქციონი”, რომელსაც ერთი რეალობიდან მეორეში გადავყავართ ისე, რომ კონკრეტული ხატები, ქალაქი, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებით, მოხუცებით, ბავშვებით, ქუჩის ძაღლებით, რეალურ სახეს ინარჩუნებენ. პოეზია აქ თავად სიცოცხლეა, რადგან მას ხედავს თავისუფალი კაცი, თავისუფალი იდეოლოგიებისა და მანიფესტების ტყვეობისგან. რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “რას ვხედავთ, როცა ცას უყურებთ”, უბრალოდ, სრულმეტრაჟიანი კლიპია, ქართულ კინოში დაგროვილი “პოეტური კლიშეების” გაერთიანებაა, როგორც ამას ჩემი ზოგიერთი რუსი კოლეგა ამტკიცებდა. არა, ასე არ არის. ქმნის რა ბედნიერებისა და თავისუფლების სახეს, მთლიანობის სახეს, ალექსანდრე კობერიძე ბოროტებაზეც გველაპარაკება... ფილმში ის ახსენებს “ბოროტ ძალას”, რომელიც ყველაფერ ცოცხალს ანადგურებს, თუნდაც უმწეო ცხოველებს. მანდ ხვდები, რომ მოგონილი საფეხბურთო ჩემპიონატით გაერთიანებული ქალაქი ქუთაისი თავისებური ძალაა, რომელმაც ბოროტება და ნგრევა უნდა გააჩეროს, ხოლო ჯადო, რომელმაც ახალგაზრდებს ნამდვილი სახე დააკარგვინა, არსებითად სულაც არაა “ბოროტი”. უფრო პირიქით: სურათის გმირებს დროებით შანსი ეძლევათ “გახდნენ სხვები”, დათმონ თავიანთი იდენტობა და საყვარელი ქალაქი სხვისი თვალით დაინახონ. ეს კი თავისუფლების ფორმულაა, თავისუფლების შეგრძნების ყველაზე მაღალი საფეხურია - სხვა ადამიანად ქცევის უნარი. თუნდაც, დროებით.

ჩემი გამარჯვებული

ჩემს კოლეგებს უკვირთ ხოლმე, როცა ვამბობ, რომ არ ვიცი კარგად, ნაკლებად მიყვარს დოკუმენტური კინო და, შესაბამისად, მიჭირს დოკუმენტური ფილმების შეფასება. არადა, ბოლო დროს რამდენიმე ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი ვნახე. ხოლო საუკეთესოდ ბერლინის წლევანდელი ფესტივალის კონკურსში სწორედ დოკუმენტური ფილმი მიმაჩნია - მარია შპეტის სამსაათნახევრიანი “ბატონი ბახმანი და მისი კლასი”, რომელიც ბერლინში მხოლოდ და მხოლოდ ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა.

კინოს მოყვარულებს, ალბათ, ახსოვთ კანის კინოფესტივალის “ოქროს პალმით” აღნიშნული ფრანგული სურათი “კლასი” (“კედლებს შორის”), ამბავი ფრანგული ლიტერატური მასწავლებელზე, რომელსაც ძირითადად ემიგრანტებით (მათ შორის არალეგალური ემიგრანტებით) სავსე კლასში მოუხდა შესვლა და საკმაოდ აგრესიულ ახალგაზრდებში ნდობის მოპოვება. ლორან კანტეს ამ სურათს საფუძვლად დაედო ფრანგი ჟურნალისტის, ფრანსუა ბეგოდოს, ამავე სახელწოდების წიგნი (ბეგოდო თავად ასრულებს ფილმში მთავარ როლს), რომელშიც ავტორი გვიამბობს, როგორ გაანაწილეს სორბონის დამთავრების შემდეგ “ძნელ უბანში” მასწავლებლად და როგორ გადაწყვიტა ყმაწვილებისთვის “დემოკრატია ესწავლებინა”. მთელი ეს წვალება დასრულდა ერთი შავკანიანი გოგოს სიტყვებით: “მე ვერაფერი ვისწავლე, მუსიე”.

“კლასი” ერთ-ერთი ყველაზე პესიმისტური ფილმია თანამედროვე კინოში. ერთი წელი იწვალა ფილმის გმირმა - ანა ფრანკის დღიურები აკითხა, პლატონზე უამბო, ვოლტერზე, დიდროზე, ფეხბურთი ეთამაშა... მაგრამ არდადეგების წინ კითხვაზე, რა დაგამახსოვრდათ იმისგან, რაც ვისწავლეთო, ერთმა უპასუხა, სპერმატოზოიდისგან რომ ვიბადებითო, მეორემ კი - ვერაფერიც ვერ ვისწავლეო. “ბატონი ბახმანი” ამ ფილმი ალტერნატივაა, თავისებური დისკუსია ლორან კანტესთან. თანაც, ამ დისკუსიაში გერმანული ფილმი მოგებული რჩება, რადგან მარია შპეტის ფილმი დოკუმენტურია - რეჟისორი 2 წელი იღებდა სკოლას ერთ პატარა გერმანულ სამრეწველო ქალაქში, რომელიც ემიგრანტებითაა დასახლებული, 2 წელი ცხოვრობდა ფილმის გმირებთან ერთად. მას არაფერი მოუგონია, მან აღწერა, როგორ შეიძლება გააღვიძო ადამიანი შეშინებულ, ყველასგან გაუცხოებულ ბავშვში, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს რამხელა სტრესები გადაიტანა თავის ქვეყანაში. “ბატონი ბახმანი და მისი კლასი” არის დოკუმენტური პედაგოგიური პოემა ნდობაზე, ემპათიაზე, “სხვაში შესვლის” უნარის გამომუშავებაზე, ისევ და ისევ თვითუარყოფაზე. ასე ცხოვრობს ფილმის გმირი, 64 წლის მასწავლებელი, რომელსაც სულ მალე პენსია მოუწევს, ბატონი ბახმანი, და ასე ასწავლის ცხოვრებას თავის მოსწავლეებს.

ბახმანის კლასში 12 ბავშვია: ემიგრანტები თურქეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბულგარეთიდან. მასწავლებლის მოვალეობაა ასწავლოს ბავშვებს იმ დონის გერმანული, რომელიც მათ სკოლაში სიარულის უფლებას მისცემს, ანუ გერმანელ თანატოლებთან ერთად დასვამს კლასში. მაგრამ ბახმანი მათ არა მარტო ენებს, არამედ ცხოვრებას ასწავლის, უფრო სწორად, ამზადებს ცხოვრებისთვის. ეს ბავშვები აღზრდის გარკვეული სისტემის, გარკვეული კულტურული დოგმების ტყვეობაში არიან. ბახმანი მათ ბორკილებისგან ათავისუფლებს - ბავშვები იჯერებენ, რომ სიცოცხლე, რომელსაც მათ მასწავლებელი დაანახვებს, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ადვილი, უფრო მეტიც, სასტიკიცაა ზოგჯერ, მაინც უკეთესია დოგმებსა და იდეოლოგიურ კლიშეებზე. იმ კარგი ვიეტნამური ფილმისა არ იყოს, ბახმანი მათ “გემოს”, “სიცოცხლის გემოს” გაასინჯებს.

არა, ეს არაა მხოლოდ პედაგოგიური პოემა კარგ მასწავლებელზე. ესაა ფილმი, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენ, მაყურებელს, დაგვანახვებს “გემრიელ სიცოცხლეს”.

პანდემიის ეპოქაში, როცა ურთიერთობის დეფიციტი ყველგან და ყველაფერში აისახება, ეს “გემო” განსაკუთრებით გვჭირდება. ამ გემოს თუ ვიგრძნობთ, ცაში ახედვაც არ გაგვიჭირდება.