„ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით!“ - ბერდიანსკში დახოცილი მოზარდები დღემდე არ დაუკრძალავთ 

ტიგრან ოგანისიანს უყვარდა წიგნების კითხვა, დაინტერესებული იყო ისტორიით, სურდა სწავლის გაგრძელება ლვოვის სამხედრო სასწავლებელში

​​​​​​​ინტერვიუ 2023 წლის 25 ივნისს მოკლული 16 წლის ტიგრან ოგანისიანის დედასთან, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ვერსიის არ სჯერა. 

2023 წლის 25 ივნისს რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში დახოცეს 16 წლის ორი უკრაინელი მოზარდი - ტიგრან ოგანისიანი და ნიკიტა ხანგანოვი. რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა განაცხადა, რომ ქალაქის სანაპიროზე „პროუკრაინულმა ტერორისტმა მოზარდებმა“ ცეცხლი გახსნეს და, რომ მოზარდები საპასუხო სროლის შედეგად ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული. მალე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ოგანისიანის მიერ (როგორც საოკუპაციო რეჟიმი ამტკიცებს) მკვლელობის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც მოზარდს ხელში ავტომატი უჭირავს და ამბობს: „ნამდვილად ორი. ეს სიკვდილია, ბიჭებო. მშვიდობით! დიდება უკრაინას!“ გაურკვეველია გარემოებები, რომლებშიც გადაიღეს ეს ვიდეო, ისევე როგორც ბუნდოვანია, ზუსტად რას გულისხმობდა მოზარდი.

„ტიგრანისა და ნიკიტას მშობლებს მიაჩნიათ, რომ მთელი ეს სროლა და სიკვდილისწინა ვიდეო, ბიჭების მოსაკლავად გაკეთებული დადგმაა“, - ამბობს უფლებადამცველი ოლგა რეშეტილოვა.

ასევე ნახეთ „ეს სიკვდილია, ბიჭებო, მშვიდობით, - ვინ არიან ტიგრანი და ნიკიტა, რომლებიც ბერდიანსკში მოკლეს

უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა რწმუნებულმა დიმიტრი ლუბინეცმა დაწერა, რომ ტიგრან ოგანისიანი, ნიკიტა ხანგანოვი და მათი ოჯახები დევნას განიცდიდნენ ბერდიანსკში ცხოვრებისას. „ტიგრან ოგანისიანი გაიტაცეს სახლიდან და სასტიკად აწამეს ელექტროდენით“, - განაცხადა ლუბინეცმა, რომლის თქმითაც, მოზარდებს არ მისცეს საშუალება გადასულიყვნენ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი მათი დახოცვის ცნობა გაავრცელეს.

ტიგრან ოგანისიანის დედამ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტის „აზოვისპირეთის ამბების“ თანამშრომლებთან ინტერვიუში შვილის დაღუპვის გარემოებებზე ისაუბრა. ოკსანა სტაროვეროვამ დაადასტურა, რომ მის შვილს უკრაინის უშიშროების სამსახურთან (СБУ) თანამშრომლობის აღიარება ელექტროშოკით გამოსძალეს.

„ტიგრანი ამბობდა: "დედა, ეს მტკივნეული არ არის, უბრალოდ, ყველა კუნთი გეკუმშება და ყვირი მთელ ხმაზე. მაიძულებდნენ მეთქვა, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურში ვმუშაობ, მაგრამ მე ხომ იქ არ ვმუშაობ". ხელები ერთიანად დასერილი ჰქონდა ხელბორკილებისგან”, – ამბობს ქალი შვილის წამების შესახებ.

ოკსანას თქმით, ტიგრანის ცხედარი ჯერაც არ გადაუციათ ოჯახისა და ნათესავებისთვის, ხოლო სროლა, რასაც საოკუპაციო ხელისუფლება ამტკიცებს, უბრალოდ არ მომხდარა.

– გვიამბეთ, როგორც ცხოვრობდით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე.

- კარგად ვიყავით. ჯერ ბუღალტერიას ვსწავლობდი, შემდეგ მზარეულის ხელობას. ბოლო დროს არ ვმუშაობდი, ქმარი არჩენდა ოჯახს, ბერდიანსკში მშენებლად მუშაობდა. დედაჩემთან ვცხოვრობდით. ორი შვილი მყავს. ქალიშვილს გულის მანკი აქვს, კიევში ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტში“ ვიდექით აღრიცხვაზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოკუპაცია მოვიდა და გზა ჩაიკეტა, კიევში ვეღარ ვახერხებდით ჩასვლას. ქმარმა გადაწყვიტა გერმანიაში წავსულიყავით ქალიშვილის სამკურნალოდ.

ტიგრანი 15 წლის იყო, როცა წავედით. ვუთხარი, სამ თვეში, 23 აგვისტოს დავბრუნდებით, შენს დაბადების დღეზე-მეთქი. ვთხოვეთ, ჩვენთან ერთად წამოსულიყო, მაგრამ უარი გვითხრა, ბებიასა და მეგობრებთან ერთად დავრჩებიო.

– რას გეუბნებოდათ ტიგრანი, როცა ოკუპაციიდან რეკავდა? როგორ ცხოვრობდა თქვენი წასვლის შემდეგ?

– პირველ თვეებში ყველაფერი კარგად იყო. დაბადების დღე ნათლიასთან ერთად აღნიშნა, ჩვენ ვერ ჩავედით...

ხშირი ურთიერთობა გვქონდა, თავის გეგმებზე გვიყვებოდა. მახსოვს, ვურჩიე, სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე ჩაებარებინა, მასწავლებელი გამხდარიყო – გატაცებული იყო ისტორიით, ისტორიის ოლიმპიადებში მონაწილეობდა, მაგრამ გვითხრა, რომ ოფიცრობა უნდოდა. ამბობდა, ლვოვში წავალ სამხედრო სასწავლებელში ჩასაბარებლადო, თუმცა აპრილში, როცა უკვე დავრეგისტრირდით ონლაინგამოცდებზე, თქვა, რომ ჩემთან გერმანიაში ჩამოვიდოდა, ენას ისწავლიდა და ნიკიტასთან ერთად (ნიკიტა ხანგანოვი ტიგრანთან ერთად დახვრიტეს - რ.თ.) გაემგზავრებოდა საფრანგეთში თავის მამასთან.

ნიკიტა ხანგანოვი (მარცხნივ) და ტიგრან ოგანისიანი

- თუ სცადეთ ბერდიანსკიდან მისი გაყვანა?

– 2023 წლის იანვარში, როცა ტიგრანის წასაყვანად მივედით, ის ძალიან ბედნიერი იყო, რომ ჩვენთან ერთად მოდიოდა. ტაგანროგში გაგვაჩერეს, ხუთი საათით სადღაც ჰყავდათ გაყვანილი. რომ დაბრუნდა, გვითხრა, რომ არ უცემიათ, მაგრამ ქამარი შეხსნეს და ტელეფონი წაართვეს.

მანამდე, 2022 წლის შემოდგომაზეც იყო ჩხრეკები და ტიგრანის დაკავება. მაშინ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, სახლში ჩხრეკა ჩატარდა და ყველაზე ძვირფასი - ტიგრანი წაიყვანესო. ყვიროდა. მეზობლებს დავურეკე. მითხრეს, რომ ორივეს სცემეს - ჩემს 63 წლის დედას და შვილსაც.

20 ადამიანი რვა ჯიპითა და კამაზით მივიდა, თქვენთან სახლში საშიში დამნაშავეაო. ტიგრანს სიცხე ჰქონდა (ქრონიკული ჰაიმორიტი შემოდგომასა და ზამთარში უმწვავდებოდა ხოლმე). სიცხის მიუხედავად, გააღვიძეს, საწოლიდან გადმოათრიეს და სცემეს: თავზე ტომარა ჩამოაცვეს, ავტომატის კონდახი ურტყეს. სახლში ყველაფერი დალეწეს. ბოლოს ბავშვი კამაზში შეაგდეს და წაიყვანეს.

დედაჩემმა მალევე მოიკითხა 77-ე ციხეში, მაგრამ იქ უთხრეს, რომ ასეთი პატიმარი არ ჰყავდათ. მერე კომენდატურაში მივიდა, მაგრამ იქაც იგივე თქვეს. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. არ ამბობდნენ, სად ჰყავდათ ტიგრანი. ხუთი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ქალაქის პოლიციის განყოფილების საერთო საკანში ჰყოლიათ, მერე ცალკე გადაიყვანეს, რადგან დედაჩემმა დაწერა, კორონავირუსი აქვსო.

– ტიგრანმა თუ გიამბოთ, რა ხდებოდა მის თავს მთელი ამ ხნის განმავლობაში?

- მოგვიყვა, რომ ჯერ მინდორში გაიყვანეს, სადაც უთხრეს, გამოემშვიდობე სიცოცხლესო და შემდეგ შესაშინებლად ესროლეს. შემდეგ მოგვიყვა, როგორ აწამეს დენით: თავზე სველი ზეწარი დააფარეს, ხელბორკილები დაადეს, რაღაც მავთულებზე შეაერთეს. ტიგრანი ამბობდა: „დედა, მტკივნეული არაა, უბრალოდ, ყველა კუნთი გეკუმშება და ყვირი. მაიძულებდნენ მეთქვა, რომ ვმუშაობ უკრაინის უშიშროების სამსახურში, მაგრამ მე ხომ იქ არ ვმუშაობ“. ხელები დასერილი ჰქონდა ხელბორკილებისგან.

ბერდიანსკი, 2022 წლის 30 აპრილი

– როგორ მოახერხეთ მისი გათავისუფლება?

- გავასაჯაროვეთ ინტერნეტში, გამოვაქვეყნეთ მისი ფოტო. ტიგრანს უთხრეს, რომ ის მხოლოდ ამ საჯაროობის გამო გაათავისუფლეს. მაგრამ დაავალეს გადაეღო ვიდეო, რომელშიც უნდა ეთქვა, რომ არ უწამებიათ, არ უცემიათ და, რომ აჭმევდნენ და ყველაფერი კარგად იყო. მან ეს ვიდეო მართლა ჩაწერა ტელეფონით და გაუგზავნა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს.

- Რა მოხდა შემდეგ?

– ტიგრანი სახლში იყო. მალე იპოვეს ნიკიტა და მას დაავალეს ჩაეწერა ვიდეო, რომ თითქოსდა ჩაიდინეს დივერსია რკინიგზაზე. არადა, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ბერდიანსკში მატარებლები არ მოძრაობენ, მით უმეტეს ზაპოროჟიედან ბერდიანსკისკენ. არადა, ისინი (რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიებზე) ამტკიცებენ, რომ ბიჭებმა ჩაიდინეს დივერსია - ააფეთქეს რკინიგზის ლიანდაგები.

ამიტომ, როდესაც იანვარში ტიგრანის წასაყვანად გერმანიიდან ბერდიანსკისკენ გავემგზავრეთ, ტიგრანს და ნიკიტას, ფაქტობრივად, უკვე აკრძალული ჰქონდათ საზღვარგარეთ გასვლა - მათ თავზე უკვე ეკიდა დივერსიის შესახებ მუხლი.

– თუ იყო განმეორებითი ჩხრეკები?

– 2022 წლის სექტემბრიდან მუდმივად ჩხრეკდნენ სახლს. ჩემი ძმის ნაქონი ხის საბავშვო ხმლები ნახეს, თქვეს, ცივი იარაღიაო და წაიღეს. სამაგიეროდ მოჰქონდათ საკუთარი ნივთები, თავიანთი იარაღი და ამბობდნენ, ეს ყველაფერი ტიგრანმა მოიტანაო. მაგალითად, ერთხელ დედაჩემი გარეთ იყო, მოვიდნენ რუსი სამხედროები და დააწყვეს სახლში იარაღი. დედაჩემმა უთხრა, ეს ჩვენი არ არისო, მაგრამ მათ თავიანთი მოწმეები ჰყავდათ.

ტიგრან ოგანისიანი

- ვინ არის ეს ხალხი?

- როგორც წესი, თავს არ წარადგენენ ხოლმე, არ ამბობენ არც სახელს და არც არაფერს. რამდენიმე მეტსახელს მოვკარი ყური, როცა ტიგრანთან ერთად მეც აღმოვჩნდი ტყვეობაში.

– თქვენც იყავით ტყვეობაში?

- დიახ. იანვარში, როცა ტიგრანი ბერდიანსკიდან მიგვყავდა, ნოვოაზოვსკიდან როსტოვისკენ მიმავალ გზაზე, ტაგანროგში ხუთი საათის განმავლობაში ჰყავდათ ბავშვი დაკავებული. მოგვიანებით კრასნოდარის მხარის ნოვოპოკროვსკის რაიონში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში გადაგვიყვანეს და იქ გაგვაჩერეს.

მოვიდნენ მაშინ სამხედროები კრასნოდარის მხარიდან და თქვეს, რომ ჩვენ საშიში დამნაშავეები ვიყავით და უკან ბერდიანსკში გვიპირებდნენ დაბრუნებას, მანამდე კი როსტოვში წაგვიყვანდნენ. როსტოვში ყოფნისას მოგვაკითხეს სამხედროებმა დონეცკის ოლქიდან, რომლებმაც მარიუპოლში წაგვიყვანეს. მარიუპოლში უკვე ჩეჩნები იყვნენ იარაღებითა და დანებით. გაგვჩხრიკეს. ჩეჩნებმა სამხედრო მანქანებით წამიყვანეს ბერდიანსკში, სადაც კომისარიატში მიგვიყვანეს და ჩაგვკეტეს რაღაც ოთახში. არავის არაფერი უთქვამს. კარი ხის ფიცრებისგან იყო გაკეთებული, ხვრელიდან საშინელი სუნი გამოდიოდა - რაღაც ტუალეტის მაგვარი იყო. ტელეფონები წაგვართვეს. ტიგრანს ქურთუკში ქამარი ჰქონდა, ისიც წაიღეს.

- როგორ მოახერხეთ ისევ გერმანიაში წასვლა?

- ვთქვი, რომ უმცროს ქალიშვილს გერმანულ კლინიკაში უნდა ჩაეტარებინა გამოკვლევა, ამიტომ მჭირდებოდა წასვლის ნებართვა. მე და ჩემი ქალიშვილი გაგვიშვეს, ქმარმა წაგვიყვანა, ორი კვირის შემდეგ კი ტიგრანთან დაბრუნდა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ გაათავისუფლებდნენ, მაგრამ...

ჩემი ქმარი მელიტოპოლშიც კი ჩავიდა, ვის აღარ მიმართა, რომ წასვლის ნებართვა მიეცათ. ველოდებოდით, როდის მისცემდნენ ტიგრანს წასვლის ნებართვას, მაგრამ შემდეგ შევიტყვეთ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს.

– როგორ ჩატარდა ეს ე.წ. გამოძიება?

- გამომძიებელმა თქვა, რომ ბიჭებს უნდოდათ რკინიგზაზე დივერსიის მოწყობა. დანიშნულმა ადვოკატმაც ურჩია, ეღიარებინათ დანაშაული, ასე უფრო ნაკლებ სასჯელს მიიღებდნენ. მოკლედ, დაიწყეს მათი ტერორისტებად წარმოჩენა.

როცა ტიგრანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ ელ.წერილი მივიღე და როდესაც მათ „იპოვეს“ მძღოლი, რომელიც თითქოსდა შეიძლებოდა ამ „დივერსიის“ გამო დაღუპულიყო, მართალი გითხრათ, შოკში ვიყავი. რა რკინიგზაზეა საუბარი, ჟანგით რომ არის შეჭმული? მატარებლები რომ აღარ დადიან? რა მძღოლი? ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი? რისთვის? ისინი ხომ ბავშვები იყვნენ!

რუსული ჯარები მელიტოპოლში 2022 წლის ივლისში

- ტიგრანის შესახებ ბევრმა მაშინ შეიტყო, როდესაც ნახა ვიდეო, რომელიც მან თითქოსდა სიკვდილის წინ გადაიღო. რა უძღოდა ყოველივე ამას?

- ეს მოხდა 24 ივნისს. 23-ში უთხრეს, რომ ორ კვირაში სასამართლო იქნებოდა. ტელეფონზე ვლაპარაკობდით, როცა ტიგრანმა მითხრა, რომ ნიკიტა იყო მასთან და სასეირნოდ გასვლას აპირებდა. გავიდნენ და სადღაც 19:00 საათისკენ დაბრუნდნენ უკან, მაგრამ ჩვენი სახლის მახლობლად დაინახეს სამხედრო ჯიპი რუსული ნომრებით. ტიგრანი და ნიკიტა სახლში აღარ შევიდნენ. შეშინებულებმა იფიქრეს, უკვე მოგვაკითხეს და სასამართლო პროცესამდე გვიპირებენ „გამოკეტვასო“.

შედეგად მათ ღამე ტიგრანის ნათლიასთან გაათიეს. დილით „გამომძიებელი“ მივიდა. დიდხანს ესაუბრა ტიგრანს, ოღონდ არ ვიცი, რაზე. არავინ იცის ამ საუბრის შინაარსი. როგორც თვითონ ტიგრანმა თქვა, „გამომძიებელი“ აიძულებდა რაღაც საბუთის დაწერას, მაგრამ ტიგრანმა უარი უთხრა.

მერე ბიჭები ისევ ერთად წავიდნენ სასეირნოდ. დაახლოებით 14:00 საათი იყო, დავურეკე და ვკითხე, სად იყო. ისევ სეირნობდნენ. მერე 19:00 საათზე დავურეკე, მითხრა, რომ ქალაქიდან სახლში ვბრუნდებით, რადგან ავტობუსები არ დადიანო. ბევრი ვილაპარაკეთ. ბიჭები იცინოდნენ.

და ამ საუბრიდან ფაქტობრივად ხუთი წუთის შემდეგ ნიკიტას დედამ დამირეკა და შემატყობინა ქალაქში სროლების შესახებ, რომ ისროდნენ ტიგრანი და ნიკიტა. ნიკიტას დედამ ისიც მითხრა, რომ მელიტოპოლელ „გამომძიებელს“ მისთვის უთქვამს, ტიგრანმა დამირეკა და შემატყობინა, დაჭრილი ვარო. მე ეს არ მჯერა. შეუძლებელია, ტიგრანს დაერეკა რუსეთში „გამომძიებლისთვის“, დაჭრილი ვარ და დამეხმარეთო. პირველ რიგში მე დამირეკავდა ან ბებიას დაურეკავდა, მაგრამ არა „გამომძიებელს“.

დავიწყე რეკვა. ვურეკე და ვურეკე ტიგრანს, მაგრამ ზარი გამუდმებით ითიშებოდა. შემდეგ ახალ ამბებში წავიკითხე, რომ „ყავისფერ პერანგში გამოწყობილი ბიჭი, შორტებით და გადახვეული ხელებით ქალაქში დარბოდა და ავტომატს ისროდა“. მაგრამ ტიგრანს შორტები და პერანგი კი არა, შარვალი და მაისური ეცვა. საერთოდ არაფერი ემთხვეოდა!

განვაგრძობდი ტელეფონზე რეკვას, მაგრამ გამუდმებით თიშავდნენ ზარს. ამ დროს ჩნდება ინფორმაცია, რომ მათ მოახდინეს ტიგრან ოგანისიანის ლიკვიდაცია. როგორ შეიტყვეს? არც საბუთები ჰქონდა თან და არც არაფერი.

- საიდან შეიძლებოდა ჰქონოდა ტიგრანს ის იარაღი, რაზეც მედია წერდა?

– ყველაფერი ძალიან ჰგავს იმას, რომ მოუწყვეს. წერენ, რომ ნახეს იარაღი და მიმოწერა ტელეფონში. თქვეს, რომ ტიგრანი ერთი წელი მუშაობდა უკრაინის უშიშროებაზე და, რომ აგროვებდა ფულს, მაგრამ ტიგრანს არ ჰქონდა საბანკო ბარათი, მისი ბარათი დაბლოკილი იყო.

– მაგრამ ტიგრანის ვიდეოში, რომელიც დაღუპვის წინ ჩაწერა, მის გვერდით ჩანს რაღაც იარაღი.

– დიახ, მეც ვნახე რაღაც ავტომატის მსგავსი. მაგრამ მას არასოდეს არაფერი უთქვამს ამ იარაღზე. ჩვენ თვითონ დავიწყეთ სროლის გარემოებების გარკვევა, გამოვკითხეთ უსახლკაროები, რომლებიც ცხოვრობენ „სიცოცხლის სახლთან“, სადაც, თითქოსდა, ბავშვები ჩაცხრილეს. გვითხრეს, რომ სროლა არ ყოფილა, რომ ისროდნენ სხვაგან, რეესტრის ოფისის მახლობლად.

შემდეგ რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ტიგრანის ზოგიერთი საუბრის ვიდეო, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ბევრი რამ არ ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო როდესაც რუსეთმა გამოაქვეყნა ბავშვების ცხედრების ფოტოები (მე არ მინახავს, ჩემმა ქმარმა ნახა), ჩვენ ეს ფოტო გავაგზავნეთ ექსპერტიზაზე სომხეთში მცხოვრები ნათესავების დახმარებით. გვითხრეს, რომ ძალადობის კვალი შეინიშნება.

- რა გიპასუხათ საოკუპაციო ხელისუფლებამ, რა მოხდაო?

- დედაჩემი და ნიკიტას მამა მივიდნენ ქალაქის პოლიციის სამმართველოში, სადაც ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იკითხებოდნენ. ვიდრე დედაჩემი იქ იყო, 40 კაცი ჩვენს სახლს ჩხრეკდა: წაიღეს ტიგრანის ყველა ფოტოსურათი, ყველა საბუთი, მისი საიდენტიფიკაციო კოდი, პასპორტი. წაიღეს მთელი ფული, რაც სახლში იყო. როცა დედაჩემი დაბრუნდა, „გამომძიებელს“ ჰკითხა: „მითხარით, სად არის ბავშვი, ცოცხალია?“ გამომძიებელმა გაიკვირვა: „არაფერი იცით? ისინი მორგში (პროზექტურაში) არიან“.

- რამდენი ხნის განმავლობაში არ გაჩვენეს ცხედრები?

- ნათესავებს მორგში არ უშვებდნენ. ნიკიტას მამამ თქვა, რომ არ დაიჯერებდა შვილის სიკვდილს, ვიდრე მის სხეულს არ ნახავდა. მარტო ის შეიყვანეს. ორივე ბიჭი ამოიცნო.

29 ივნისს დაინიშნა დაკრძალვა, მაგრამ სამხედროებმა ალყა შემოარტყეს მორგს და ცხედრები არ მოგვცეს. ეს იყო და ეს, სხვას არაფერს ამბობენ. გამოძიება გრძელდება. ამიტომ, გაურკვეველია, როდის მოგვცემენ ტიგრანის ცხედარს.

- თქვენი აზრით, რატომ არ გაძლევენ ცხედრებს დასაკრძალად?

- სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი. ჯერ ამბობდნენ, ძალიან დასახიჩრებული არიანო. შემდეგ პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ მოზარდებმა თვითონ მოიკლეს თავიო.

ჩემი პირადი აზრი და არა მარტო ჩემი, არის ის, რომ ბავშვები არასწორ დროს აღმოჩნდნენ არასწორ ადგილას. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ პოლიციელი დაჭრეს დანით. მაგრამ ამ პოლიციელის არც სახელია ცნობილი და არც - გვარი. ბერდიანსკელებმა მომწერეს, რომ მესამე ბიჭიც იყო და ისიც დახვრიტესო. ვიკითხე, როგორ დავამტკიცო-მეთქი. მითხრეს, რომ ვერანაირად ვერ დავამტკიცებ, ვიდრე ქალაქი ოკუპირებული იქნება, ყველას ეშინია ხმის ამოღებისო.